ძველ დროში ფანქარი მარტო იმას ჰქონდა, ვისაც ხატვა უყვარდა, მაგრამ ფანქრის გათლა თვითონ არ იცოდნენ და ამისთვის ფანქრის მთლელთან მიდიოდნენ, აი, როგორც ქვისმთლელთან ან მეწუღესთან. ამიტომაც იმ ქალაქში ფანქრის მთლელი დიდად ცნობილი კაცი იყო. ყველა ბავშვს უყვარდა ხატვა და მშობლები მას ხშირ-ხშირად აკითხავდნენ. პატარა გოგონას მოუნდებოდა მამლის ან წიწილის დახატვა და დედა მაშინვე გარბოდა ფანქრების მაღაზიაში ფანქრის საყიდლად, მერე კი ფანქრების მთლელს მიაკითხავდა ან პატარა ბიჭუნა ატირდებოდა, ფანქარი ვეღარ ხატავსო და ახლა პატარა ბიჭუნას მამა გარბოდა ფანქრის მთლელთან, ფანქარს წვერი წაუთალეო. ფანქრებიც ისეთი პატარა კი არ იყო, როგორც დღეს, უფრო დიდი, ხშირად რომ არ ევლოთ მშობლებს ფანქრის მთლელთან, იმიტომ რომ მათ სხვა საქმეებიც ჰქონდათ. ერთ პატარა ბიჭუნას, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობდა, არც დედა ჰყავდა და არც მამა, ამიტომ ფანქრების მთლელთან მარტო დადიოდა, ხატვა ძალიან უყვარდა და რა ექნა. ბებია მოხუცი იყო, სიარული უჭირდა და იმას ხომ არ შეაწუხებდა?! დაჯდებოდა ბიჭუნა ფანქრის მთლელის ოთახში და ელოდებოდა თავის რიგს. ბზრიალებდნენ და ტრიალებდნენ ფანქრები ოსტატის ხელში, მაგრამ, თქვენ წაროიდგინეთ, მაშინ ყველა ფანქარი შავი იყო, გარედან ზოგი ყვითელი იყო, ზოგი წითელი, ზოგიც მწვანე, ზოგს ყვავილებიც კი ეხატა, მაგრამ გული ყველას ნახშირისა ედო ან უფრო სწორად გრაფიტის. ზოგჯერ საათობით იჯდა ბიჭუნა ფანქრების მთლელთან და აკვირდებოდა მის საქმიანობას, ხანდახან კაცი დახმარებას სთხოვდა ხოლმე, თუ ძალიან დიდი დიდი ფანქარი უნდა წაეთალა, დაუჭერდა ბიჭი ფანქრის ბოლოს, მხარს შეუდგამდა. მაშინ ფანქრის მთლელი ეტყოდა, იცი, რამდენი მხატვრის ფანქარს გაუვლია ჩემს ხელში?! თავიდანვე ემჩნევა ბავშვს, კარგი მხატვარი დადგება თუ არაო. როგორაო, ჰკითხავდა კონტი, ასე ერქვა ბიჭს, როგორაო და გულმოდგინე ბავშვის ფანქრები კვირაში ორჯერ მაინც მოაქვთ წასათლელად, ზარმაცების კი - თვეში ერთხელო. გავიდა წლები და ოსტატი დაბერდა, შვილი არ ჰყავდა, რომ მისთვის ესწავლებინა თავისი ხელობის საიდუმლოებანი, ამიტომ კონტის გადაულოცა თავისი საქმე. ახალგაზრდა კონტი გულმოდგინედ შეუდგა თავისი სამუშაოს შესრულებას. მოდიოდნენ მშობლები, ზოგჯერ ბავშვებიც მოყვებოდნენ დედ-მამას, ძალიან უყვარდა ახალგაზრდა ოსტატს ბავშვები, უნდოდა რამეთი გაეხარებინა, გოგონების ფანქარს ბაფთას გაუკეთებდა, ბიჭების ფანქრებს პატარა გემის ღუზას ან ცხენს დაჰკიდებდა. აღდგომის დღესასწაული მოდიოდა. ქალაქის მთავარ მოედანზე ენდრო იხარშებოდა და წითლად იღებებოდა კვერცხები. მაშინ იფიქრა კონტიმ, ნუთუ არ შეიძლება ფანქრებიც სხვადასხვაფერი იყოს და სააღდგომოდ დავურიგო ბავშვებსო. მას ოსტატმა ფანქრების დამზადების საიდუმლოც გაანდო, ამიტომაც გრაფიტის ფხვნილს წითელი თიხა დაუმატა, აზილა, ბრწინვალებისთვის ქოქოსის ზეთიც შეურია, ბავშვებს გაუხარდებათო და ჰოი, საოცრებავ, ღუმელიდან გამოღებული ფანქრის გული წითლად ალაპლაპდა და ქაღალდზე წითელი ხაზები გაავლო. გული მიეცა კონტის, ახლა თეთრი, ყვითელი თიხა დაუმატა გრაფიტს და თეთრი და ყვითელი ფანქრები მიიღო, გულმიცემულმა ნატურალური საღებავები - პიგმენტები ჩაამატა ფანქრის ფხვნილში, ზედ პარაფინი - სანთელიც ჩაადნო, ღმერთმა დალოცოსო ჩემი საქმეო და მისი ოთახის ხის თაროები ფერად-ფერადი ფანქრებით აივსო. იმ აღდგომას ქალაქის ყველა ბავშვმა მიიღო საჩუქრად ფერადი ფანქარი, ფურცლები ფერად-ფერადი ნახატებით აჭრელდა. ზოგმა, ძირითადად გოგონებმა, ნაირ-ნაირი ყვავილები დახატეს, ბიჭებმა - გემები და ნავები, იმიტომ რომ მაშინ მანქანები ჯერ კიდევ არ არსებობდა. ეს ამბავი 300-400 წლის წინ მოხდა. მას მერე ყველა აღდგომას იმ ქალაქის ყველა ბავშვი საჩუქრად ღებულობს ფერად ფანქრებს, მათ კონტის საჩუქარი ეწოდება.
No comments:
Post a Comment