Thursday, November 10, 2016

ანდროს ისტორიებიდან (სამხედრო კათედრაზე)

   მეათე კლასში რომ ვიყავით, მე და ჩემს ძმას რეპეტიტორები აგვიყვანეს, უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდებისთვის გვამზადებდნენ, ისე როგორც ყველა სკოლადამთავრებულს ან თითქმის ყველას.  ჩემს ტოლებს და ჩემზე უფროსებს გეხსომებათ, ალბათ, რომ უმაღლესში უნდა ესწავლა ყველა თავმოყვარე ოჯახის შვილს და იხარჯებოდა შვილების მოწყობაზე მამების ფულები, ამბობდნენ, სამედიცინოზე მოწყობა ასი ათასი მანეთი ღირდაო, თუმცა რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, არ ვიცი.  თუ პატრონს იმდენი არ ჰქონდა, რომ თავისი უსწავლელი შვილი უგამოცდოდ დაესვა უმაღლესში, საგნებში მაინც უნდა მოემზადებინა, რომ თავისი ცოდნით მოწყობილიყო. ბაბუაჩემმა, ანდრეი დიმიტრიჩმა, თავის თავზე აიღო ჩვენი მომზადების ფულის გადახდა, მამიდაჩემმა ჩვენი მეთვალყურეობა ითავა და დატრიალდა კარუსელი, ხან ერთ პედაგოგთან მივდიოდით მე და ჩემი ძმა, ხან მეორესთან. ის კი მეცადინე და მშრომელი გამოდგა, მაგრამ მე წიგნის გადაფურცვლას სიგარეტის გაბოლება და გართობა მერჩივნა, შედეგიც სახეზე იყო. პირველივე გამოცდაზე ჩავიჭერი. დათო, ჩემი ძმა წარმატებით აბარებდა გამოცდებს, შეშინებულმა ოჯახის წევრებმა ძმაზე ცუდი გავლენა არ მოახდინოსო, სასწრაფოდ ბათუმში გადამისროლეს დასასვენებლად, ვითომ დიდად დაღლილი ვიყავი. ჩემი ძმა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის სტუდენტი გახდა ოჯახის და მთელი ნათესაობის გასახარად, ახლა ჩემი ჯერი დადგა, რა ვუყოთ ამ კაცსო, ამოიგმინა ბაბუაჩემმა. მაშინ კაი დედის შვილი იყავი და არ გემუშავა, თუ არ სწავლობდი, მაშინვე მილიცია აგიყვანდა მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ მამაჩემმა სასწრაფოდ თბილისის პარფიუმერიის ქარხანაში "ივერია" გამაფორმა მუშად. ისეთი სიამაყით ავივსე! ამით პროტესტი გამოვუცხადე უმაღლესში სასწავლებლად მოწყობილებს, თქვენზე ნაკლები არა ვარ- მეთქი. ერთმა ჩემმა კლასელმა, ჩემსავით ბედოვლათმა,  რომ გაიგო, მუშა ვიყავი, ისე შეშურდა, მამამისს (ისიც მაღალი თანამდებობის პირი იყო) სთხოვა, მეც მინდა ანდროსთან ერთად მუშაობაო და აი, ასე დაიწყო ჩვენი შრომითი საქმიანობა, თუ კი მას ასე შეიძლება ვუწოდოთ. მხოლოდ ხელფასის დღეებში მივაკითხავდით ხოლმე იქაურობას. განაგრძეს ჩემი მომზადებაც. მაგრამ მოგეხსენებათ ჩემი დიდი სიყვარული სწავლის მიმართ და მეორე წელსაც ჩავაფლავე მისაღები გამოცდები. როგორ გაუძლო ამ ამბავს ანდრეი დიმიტრიჩის გულმა, არ ვიცი, ყველამ ძალიან ინერვიულა, ბავშვი დაგვეჩაგრაო და სასწრაფოდ იქნა შემუშავებული მოქმედების სტრატეგიული გეგმა, როგორ ჩამებარებინა უმაღლესში მისაღები გამოცდების გვერდის ავლით. ვინაიდან, პარფიუმერიის ქარხნის დირექტორი და პროფკავშირების  თავმჯდომარე მამაჩემის ახლო ნაცნობები იყვნენ, მე უეცრად მოწინავე მუშათა სიაში აღმოვჩნდი. ბაბუაჩემმა ხელში დაიჭირა ეს საბუთი და განათლების მინისტრის მოადგილეს კარს მიადგა თავზე შლიაპითა და ხელში ჯოხით, ვინ არ მიიღებდა ასეთ დარბაისელ კაცს. კი გაუკვირდა განათლების მინისტრის მოადგილეს, ასეთი რა გააკეთა თქვენმა შვილიშვილმა, ამ პატარა ბიჭმა, რომ ასეთი დაფასება მიიღოო, ანდრეი დიმიტრიჩმა (აბა ჩემს ქებაში ვინ აჯობებდა), მოყვა როგორი ჭკვიანი და ნიჭიერი ვიყავი, მშრომელი და მიზანდასახული და ასეთ ახალგაზრდას აუცილებლად უნდა ესწავლა უმაღლეს სასწავლებელში, რომ საბჭოეთის მზე კიდევ უფრო გაენათებინა. დანებდა განათლების მინისტრის მოადგილე, დათანხმდა, მე ჩავერიცხე უმაღლეს სასწავლებელში ჩამბარებელთა ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ, ლიმიტიანთა მოსამზადებელ ჯგუფში, სადაც მხოლოდ შრომისა და საბჭოთა არმიის გმირებს ღებულობდნენ ან შრომითი საქმიანობის ორწლიანი სტაჟის მქონეთ, მე კი მხოლოდ ერთი გამომდიოდა. გავიარე ეს დასაწვავი კურსები, იქ ცალკე ბარდებოდა გამოცდები და ისეთი მკაცრი არ იყო, როგორც უმაღლესში მისაღები ჩვეულებრივი გამოცდები, შეღავათებს უწევდნენ გმირებს. მეც ამ დაფასებული ადამიანების რიგებში აღმოვჩნდი და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტს ჩემი ჩარიცხვით ნათელი მოვფინე. დაიწყო დედაჩემის ტანჯვა-წამება, ფაკულტეტის მდივანს დაუმეგობრდა და ვაი-ვაგლახით, ერთიანი ძალისხმევით მაბარებინებდნენ გამოცდებს, გადავდიოდი კურსიდან კურსზე. მოგეხსენებათ, სამხედრო კათედრაზე,  ძირითადად რუსი სამხედრო მოსამსახურეები მუშაობდნენ,  საქმეების ჩაწყობა მეტად რთული იყო და ოჯახმა მომიწოდა პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ამეღო, ეს საგანი მაინც ჩააბარე ჩვენ გარეშეო. გავიტრუნე, კარგით-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ ავჭალაში, სადაც სამხედრო კათედრა იყო, სიარული ჭირის დღესავით მეზარებოდა. მაშინ მატარებლით უნდა გევლო იქ. იმდენი გაცდენები მქონდა, გამომიცხადეს, ან ვივლიდი ავჭალაში კათედრაზე და გამოვიწრთობოდი ფოლადივით, ან ჯარში უნდა წავსულიყავი. ჩემი ცხოვრების ჯარში გაგრძელების პერსპექტივამ დიდად არ მომხიბლა და როგორც იქნა ავჭალის გზას დავადექი. მივაღწიე დანიშნულების ადგილს. ჭიშკრამდე დიდი გზა იყო, გადავწყვიტე კედელზე გადავმძვრალიყავი და გზა შემემოკლებინა, გადავედი, მაგრამ ვაი, შენს ანდროს,  ტალახის უზარმაზარ გუბეში აღმოვჩნდი, ჩავეფალი, გზას ძლივს მივიკვლევდი, ნელ-ნელა მივიწევდი წინ, თან ჩემს თავს ვლანძღავდი და ვაგინებდი, რა გინდოდა, აქ რომ ჩამოხტი, ადამიანურად ვერ მიხვედი-მეთქი შენობასთან?! ასეთ წამებაში რომ ვარ, ვიღაცა კაცი დავინახე, შენობიდან მიმზერს, თვალს არ მაშორებს. - ერთი შენიც, - შევუკურთხე, ჩემი ტანჯვის ყურებით ერთობა-მეთქი და როგორც იქნა, შარვალდასვრილმა და ფეხსაცმელზე ტალახაკრულმა მივაღწიე შენობასთან. უფრო სწორად მივფორთხდი. შესასვლელში ოდნავ მოვწესრიგდი, როგორც შევძელი და პედაგოგს მივაშურე. ვხედავ, მასთან ერთად დგას ის ფანჯრიდან მომზირალი კაცი, პოლკოვნიკის ჩინით, დავიბენი, გავსწორდი, სამხედრო ხალხს ახლაც პატივს ვცემ და მაშინაც ასე იყო. ჩემს პედაგოგს, ჩინით მაიორს, ჰკითხა რუსულად, ვინ არისო, იმან უპასუხა, სტუდენტია, ჩათვლაზე მოვიდაო. გაგიჟდა და გადაირია კაცი, აი, ეს არის ვაჟკაცი, აქ რომ მოსულიყო, რა დაბრკოლებები გამოიარა, რა ტალახები და გუბეები გადალახა, მაგრამ არ შეუშინდა და მაინც მოვიდაო, თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა, გაშტერებული ვუყურებდი. რა იცოდა რა შიშმა მომიყვანა აქ, - ამ ახალგაზრდას ახლავე ჩათვლა დაუწერეთ და გაუშვითო.- ჩემი პედაგოგი აღარც შეპასუხებია, თავი არ აუწევია, დამიწერა ჩათვლა და გამომიშვა. ასე გადავრჩი ინსტიტუტიდან გარიცხვას და ჯარში წასვლას.

No comments:

Post a Comment