სამარშრუტო ტაქსში ვმგზავრობდი. სულ ბოლოში რომ სკამებია, იქ მომიწია დაჯდომა. სხვაგან ადგილი არ იყო. ფანჯარასთან მივყუჩდი გზას მაინც შევათვალიერებ-მეთქი. დიდი ხნის მგზავრობა მელოდა, სადღაც 35-40 წუთი, შეიძლება მეტიც, თბილისური საცობების გამო. დავჯექი თუ არა, სუნამოს სურნელი მეცა ცხვირში, ვერ ვიტყვი, ცუდი იყო, მაგრამ გამაღიზიანა. ჩემს წინ ახალგაზრდა ქალი იჯდა, ეტყობა მას არ დანანებოდა სუნამო და კარგა გვარიანად ეპკურებინა. ვათვალიერებ ქუჩებს, გამვლელებს, მიყვარს თბილისის ხედების ყურება, მეტროში ჩასვლას ნამდვილად სჯობს მიწის ზედაპირზე მოძრაობა, მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჰაერი არ მყოფნის, სული მეხუთება, ვცდილობ მოვდუნდე, ამაზე არ ვიფიქრო, კვლავ ქუჩას გავხედე, აი, გოგონა დგას, მგონი ფეხმძიმეა, მანტოს იკრავს მუცელზე, მერე ხელები ზედ შემოიწყო, მგონი ვიღაცას ელოდება, მერე ფიქრებში ჩავიძირე, ჩემი ფეხმძიმობა გამახსენდა, ახალგაზრდობა, - ნეტავ, იმ დროს! - წავიბუტბუტე ლოცვასავით, უცებ ჩემს გვერდზე მჯდომმა კაცმა ტუჩები დააწკლაპუნა, - ესღა მაკლდა, - ვფიქრობ, ისედაც სულს ძლივს ვიბრუნებ, აი, ისევ დააწკლაპუნა ტუჩები, ღრმად დაიწყო სუნთქვა, თითქოს ჰაერი არ ყოფნის, ეტყობა ესეც შეაწუხა წიმ მჯდომი გოგონას სურნელმა, მოულოდნელად მომიტრიალდა და მკითხა,- ამ სამარშრუტო ტაქსის ბოლო გაჩერება სად არისო? - არ მოველოდი შეკითხვას, გაოცებულმა ვუპასუხე, - არ ვიცი-მეთქი. - ისევ განაგრძო ტუჩების წკლაპუნი, ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვები, თანაც მთქნარებას აყოლებს ზედ.
ჩემი დამემართა, მე აქეთ ვღაფავ სულს, ეს კაცი - იქით. ვფიქრობ, ხომ არ ჩავიდე?, სამარშრუტო გაჭედელია, წინ ძნელად თუ გაძვრები, კარგი, მოვითმენ, ჩემს თავს ველაპარაკები, - ცოტაც კიდევ, ცოტაც, - ის ჩვენი მწამებელი და სულთამხუთავი ქალიშვილი როგორც იქნა, ჩავიდა, მისი ადგილი სხვამ დაიკავა, გაუჩერებლად ლაპარაკობს სომხურად, ახლა ჩემს გვედზე მჯდომს ურეკავენ, - მალე ვიქნებიო, - ჰპირდება და ხვნეშას და კვნესას აგრძელებს. მოკლედ საგიჟეთია,- ვფიქრობ. მივუახლოვდი ჩემს გაჩერებას, ჩასასვლელად ვემზადები, გვერდზე მჯდომი ჩემზე სულ ცოტა ადრე ჩადის, მერე მე ჩავდივარ, მიწაზე ვდგამ ფეხს, თავისუფლად ამოვისუნთქე.
No comments:
Post a Comment