ჯერ თუ არ მიცნობ, როდი ნიშნავს, არ მომისმინო,
იქნებ მწყურია ვიღაცასთან ენის ტრიალი,
იქნება ვკვდები და ამჯერად მინდა გადავრჩე,
ისევ ავყვავდე, კვლავ გამიჩნდეს თვალში ციალი.
იქნებ, შენა ხარ, ვისაც ვეტრფი ასე შორიდან,
შენს ფანჯარასთან ტოტებში ვარ ვარდი გაჩრილი,
გთხოვ, მომისმინო, მიხარია, რომ მე დღეიდან
შენი ექო ვარ, შენი ლანდი, შენი აჩრდილი,
ქარი რომ არწევს და ძალუმად ხრის ამ ლიანებს,
ქედმოდრეკილი ეს მე ვდგავარ კვლავ შენს წინაშე,
ქედზე დავიდე სიყვარულის მძიმე ბორკილი,
გთხოვ, მომისმინო ყურადღებით, თუნდაც დილამდე.
ჯერ თუ არ მიცნობ, როდი ნიშნავს, არ მომისმინო.
No comments:
Post a Comment