Sunday, January 24, 2021
წვიმა ( ასი სიტყვა) მოგონებებიდან
ბებია დილაადრიან შეუდგა საქმეს, დედას დიდი სათლი გამოართვა და საწვიმარ მილს შეუდგა, არ შეეპუა კორპუსის მეზობლების გაოცებულ და დამცინავ მზერას. ორი დღე ელოდა მის გავსებას, გაზაფხული და წვიმების სეზონი ხელს უწყობდა! სახლში შემოიტანა, ცოტას შევათბობ და ბავშვს თავს გადავბან, თმები აღარ დასცვივდება, ბებიაჩემი სულ ნაწვიმარი წყლით მბანდა თავს, ვერა მქონდაო დალალებიო?! სათვალეებიც გაიკეთა, რამე ჭუჭყი არ შემიყვეს წყალსაო და თვალებს არ დაუჯერა, ჭურჭელი ტალახიანი წყლით იყო სავსე. ოინი მომიწყვესო და მეორე დღეს ექსპერიმენტი გაიმეორა. შედეგი იგივე აღმოჩნდა. ოჯახის წევრებს გაკვირვებული მზერა მოგვატარა, - ამ ქალაქში წვიმაც ტალახიანი მოდის, ნეტავ აქ როგორ ცხოვრობთო?! - წაილუღლუღა და გულდაწყვეტით გადმომხედა. მეორე დღეს სოფლის გზას დავადექით მე და ბებია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment