სანამ ჰაინრიხ ბიოლის ნაწარმოებზე "ჩემი ნაღვლიანი სახე" გადავიდოდე, მინდა, ერთი ისტორია მოგიყვეთ გოგონაზე, რომელიც ზღვაზე გავიცანი. ის ზღვის ნაპირზე ყოველთვის დედასთან ხელჩაკიდებული დადიოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ყურადღება უფრო დედამისმა მიიქცია. ქალბატონს მუდმივად ერთნაირი სახე ჰქონდა, არასოდეს მინახავს მოწყენილი ან მხიარული. ბეღურასავით მოჟღურტულე შვილთან შედარებით ყოველთვის უემოციო და მდუმარე იყო. როგორც დედაჩემმა მიამბო (ისინი ერთი სოფლიდან იყვნენ), ის ყრუ და ბრმაა. თუმცა დაბადებიდან ასეთი არ ყოფილა, 5-6 წლისა იქნებოდა, მდინარის პირას ნაღმი აფეთქებულა, მსხვერპლიც ის გამხდარა, ვერც გაიგეს, ვისი ნამოქმედარი იყო ეს ბოროტება, სავარაუდოდ, ვიღაცა მაღალჩინოსნები თევზაობდნენ იმ ადგილებში, გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა, ბებიაჩემიც ემოწმებოდა ამ ამბავს, საბჭოთა დროში ტყუილ-მართალის გარჩევა ძნელი იყო. ისეთი პროპაგანდისტული მანქანა მოქმედებდაო. ეს ამბავი მიიჩქმალა, გოგონა ცოტა ხანი ატარეს ექიმებთან, მაგრამ არაფერი ეშველა, დედ-მამას შვილის სარჩენად პენსია დაუნიშნეს და მორჩნენო ყველაფერს. ამ ამბავმა გამაოცა, ადამიანს სახე წაართვეს და, არა მარტო, ისე, რომ პასუხიც არავის უგია. გოგონა და დედამისი ერთმანეთს თითების შეხებით ესაუბრობდნენ, ვერ ვხვდებოდი, როგორ? ინტერესით ვადევნებდი თვალს ზღვის ქაფში მსხდომარე დედა-შვილს. ქალი ძალიან ლამაზი იყო, ღვთიშობელს ჰგავდა. არც იყო გასაკვირი, რომ ახალგაზრდობაში ერთ თანასოფლელს უგონოდ შეყვარებია. მის მშობლებთან სათხოვნელად რომ მისულა, ისინი ატირებულან, - ბიჭო, შენ ამას როგორ მოუვლი, იცი, რამდენი რამე სჭირდება, რა ძნელია მისი მოვლაო?! - არაფერია, ჩემს ხელში ბედნიერი იქნებაო, - და წამოუყვანია. ქალი ახალ სახლს მალე შესჩვევია, შვილის ყოლაც ძალიან გახარებია, ესეც, რა თქმა უნდა, თავის ენაზე უთქვამს ქმრისთვის, რომელმაც ყველა მისი ჟესტი ზეპირად იცოდა. ბავშვს ხელს უსვამდა თურმე სახეზე, სწავლობდა, როგორი ცხვირი აქვსო, ტუჩები. თვალებზე ეფერებოდა, თუ სისველე მოხვდებოდა თითებზე, ხვდებოდა, ბავშვს რაღაცა აწუხებს ან სტკივაო. ახლა მისი ქალიშვილი დიდია და თვითონ ზრუნავს დედაზე. მამა აღარ ჰყავს. ერთი მეზობლის ქალი ეხმარება, ლიანა დეიდა, ისიც დედაჩემის ხნისა იქნება, ქერა და ფუმფულა, დედა-შვილთან ერთად იყო ზღვაზე წამოსული. ყველა ნიუანსს მათი ცხოვრებიდან ის გვიყვებოდა. როგორც შევატყვე, მას გოგონაც ძალიან ეცოდება და დედამისიც, თურმე როცა გოგონა სკოლაში მიდის, დედას საპატრონოდ მას უტოვებს ხოლმე, ხანდახან მაინც შეიხედეთო, ისიც აუცილებლად ასრულებს მის თხოვნას. ქალბატონი ლიანა, სახედატუჩებშეღებილი, ცოტა ვულგარულადაც გამოიყურებოდა ჩემს თვალში, მუდმივად კისკისებდა და კაცების ყურადღების ცენტრში უყვარდა ყოფნა. როგორც გოგონამ სიცილით მიამბო, როცა სკოლიდან სახლში მიდის ხოლმე, მეზობელი ქალი წითელპომადიან ტუჩებს მიაწებებს ლოყაზე, ასე კოცნის, მერე დადის გოგონა, სახეალეწილი, როცა დრო არ აქვს, ნაპომადარი მოიცილოს.
როცა ჰაინრიხ ბიოლის მოთხრობა "ჩემი ნაღვლიანი სახე" წავიკითხე, მაშინვე დედა-შვილი გამახსენდა, ის ქალიც ხომ ტუსაღია ამ ქვეყნის, მასაც ხომ უფლება წაართვეს, ჰქონდეს სახე, მოწყენილი თუ ბედნიერი! ზოგიერთი მეტყვის, ერთი და იგივე არ არის, ეს ქალი უბედური შემთხვევის მსხვერპლია, ის კაცი კი ტოტალიტარული სახელმწიფოსიო, აქ კი ნამდვილად შევედავები, ნაღმის დამტოვებელი უადგილო ადგილას არ იყო ტოტალიტარული სახელმწიფოს მოქალაქე?! რატომ არ დაისაჯა იგი?! დამნაშავის არპოვნისთვის რა პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფომ დაშავებულ ადამიანზე? განა აქაც არ ჩაირთო ტოტალიტარული სახელმწიფოს ყველა მექანიზმი? პოლიცია, რომელმაც დამნაშავე ვითომდა ვერ იპოვა, უბრალო მოქალაქეები, თავიანთი გულგრილობით, თუ მათ არ ეხებათ პრობლემა, ცდილობენ შორს დაიჭირონ თავი ან კვერი დაუკრან პოლიციელებს და სახელმწიფო მოხელეებს, აქაოდა რა სწორი ბრძანდებითო. ეს ქალი იმ თოლიას მაგონებს, რომელიც ზღვასთან ახლოს დაფრინავს, სხვებზე მეტად აქვს ალღო განვითარებული, გაავდრებას გრძნობს, ის სხვებისგან განსხვავდება, განსაკუთრებულია, მხოლოდ ხანდახან თუ ბედავს შეუერთდეს ზემოთ მფრენ მეგობრებს და ეს დღე ალბათ არჩევნების დღეა. წარმოვიდგენ... ლამაზი ქალბატონი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში იღებს მონაწილეობას, არჩევნებზე საარჩევნო ყუთი მასთან მოაქვთ და არჩევანს აკეთებს, ალბათ, ყოველთვის ჰპირდებიან, რომ დაეხმარებიან. დახმარება კი არ ჩანს. .ახლა ვხვდები, რომ სწორედ ასეთი ადამიანების მანიპულირებაა ყველაზე ადვილი ხელისუფლებისთვის, ყრუ და ბრმა, რატომაც არა?! ალბათ, ფიქრობენ, ღმერთმა გვიმრავლოს ასეთებიო...
ჰაინრიხ ბიოლის მოთხრობის მთავარი გმირი მშიერი და დაქანცულია, მაგრამ ბედნიერი, რადგან მშობლიურ ცას შეყურებს, რომელიც მისი დატუსაღების დღიდან არ შეცვლილა, ის ბედნიერია, თუმცა სახე ნაღვლიანი აქვს, რადგან მასზე აღბეჭდილა პატიმრობის ხუთი და ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრების დანარჩენი წლები, ზოგჯერ თავის ნაღველსა და სამყაროში ჩაძირული ადამიანი უფრო ბედნიერია, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და ვერ ვხვდებით. სახელმწიფო მანქანა მოითხოვს იყო ბედნიერი და მაძღარი, სუფთა, და არა მარტო სახელმწიფო მანქანა, ადამიანებიც ჩვენ გარშემო. არავის არ მოსწონს ჭუჭყიანი, უსახლკარო მათხოვარი, მათ ყველა ერიდება, ისინი ყველას სძულს. წელს აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოზე ვიყავი, პაპას საფლავზე, ძონძებში გახვეული ადამიანი დავინახე, ცალი ფეხი გაეშიშვლებინა, ტერფზე ხორცი თითქმის აღარ ჰქონდა, ძვლები უჩანდა, მოწყალებას ითხოვდა, დავჯექი და ტირილი დავიწყე, ვფიქრობდი, ვინ უნდა უპატრონოს ამ ადამიანს, თუ ახლობლები არ ჰყავს? ჩემი უსუსურობის გამო სასოწარკვეთილებაში ვიყავი. იმ წუთშივე ის ქალბატონი გამახსენდა, შემეშინდა, შვილის გარეშე რომ დარჩეს, რა ეშველება-მეთქი! თუმცა ხომ არიან ლიანა დეიდასნაირი ადამიანებიც?!
ყველაზე საინტერესოდ მოთხრობაში ის ადგილი მეჩვენა, როცა ყოფილი ტუსაღი ფიქრობს, დააპუროს ცაში მონავარდე თოლიები და მიზანი მისცეს მათ ფრენას, ერთი აზრით გააერთიანოს ისინი, თუმცა როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს შვილი, ვერც ის გადაურჩება ცდუნებას, მასაც სურს უხილავი თასმები მოქაჩოს და ერთ მიზანს დაუქვემდებაროს ცაში უაზროდ მფრენი და მყვირალი ჩიტები. ასეთივე იდიას ემსახურება ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიაში" სეთური , რომელიც ასევე ცდილობს ერთ მიზნისკენ მიმართოს გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანების ძალისხმევა, მათი ფიზიკური თუ გონებრივი ინვალიდობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.დაბეზღება და ერთმანეთის ჩაწიხლვა ამ ინდივიდების ცხოვრების წესია, მათი მამა და მარჩენალი კი მათ ადამიანებადაც არ მიიჩნევს. ნახევარკაცები, აი, ვინ არიან ისინი მისთვის, რომლებიც მას ძალაუფლების განმტკიცებაში ეხმარებიან, ისევე როგორც ნაღვლიანი სახის პატრონ კაცზე ძალადობა პოლიციელებს აძლევს საშულებას, მთელ ქვეყანას აჩვენონ, რა ძლიერები და ყოვლიშემძლენი არიან ისინი, საყოველთაო შიში და მორიდება კი, რაც იქ გამეფებულა, ამის დასტურია. ხელზე ძეწკვის გაკეთებაც კი პოლიციელის მიერ, იმის ტოლფასი იყო, რომ ადამიანი განწირულია, მას დახრჩობა ურჩევნია სატუსაღოში ყოფნას ან სადმე პოლიციელის ტყვიით ჩაძაღლებას, ყველაზე საშინელება კი ისაა ჩემთვის, რომ სადამსჯელო ღონისძიებაში პედაგოგიცაა ჩართული, რომელმაც ჩვენ უნდა ჩაგვინერგოს სწრაფვა თავისუფლების იდეალებისკენ, ამ მოთხრობაში კი იგი ყველაზე ღირსებაშელახულ და საცოდავ ადამიანადაა წარმოდგენილი, როცა იგი პოლიციელის დანახვაზე სამჯერ მოირტყამს თავში ხელს, რითაც მისადმი უსიტყვო მორჩილებას გამოხატავს, ხოლო შემდგომ წესისამებრ სამჯერ შეაფურთხებს ყოფილ მოსწავლეს, რომელიც სინამდვილეში უნდა დაიცვას და რომელსაც უნდა გამოესარჩლოს. ფუმფულა ქერა ქალი კი, ე. წ. მეძავი, ერთადერთი ადამიანია, რომელიც თანაგრძნობას ამჟღავნებს დაპატიმრებულის მიმართ და საჰაერო კოცნას უგზავნის, ამ მოთხრობაში თითქოსდა მხოლოდ მას შეუნარჩუნებია ადამიანობა, თვითონ ცოდვების ჩამდენს აღარ უკვირს სხვისი ცოდვა.
ერთია, როცა მშრომელი ადამიანები მიისწრაფვიან რაღაცა მიზნისკენ, ეს იქნება კომუნიზმი, გვირაბის ბოლოში გასვლა და ზებოს მიერ ზარების ჩამოკვრა, თუ კიდევ სხვა რაღაცა, იგი ჭაპანს სწევს, ოფლში იწურება, ყოველგვარ გაჭირვებას ითმენს, მაგრამ ძნელია ნიღბით სიარული, ბედნიერი სახე გქონდეს, როცა არ ხარ ბედნიერი, როცა იცი, რომ არავის ჭირდები, შენზე არავინ ზრუნავს, შენ არავინ ხარ, მხოლოდ არჩევნების დროს ერთი ხმა. მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ზოგჯერ ნაღვლიანი თუ ბედნიერი სახის ქონა პრეროგატივაა. ერთი პოეტის სიტყვით ვამთავრებ ჩემს ესსეს:
"ჩამომდნარ ხელებში ჩავბღუჯე
მე ჩემი ოცნება, ჰაერში ვკიდივარ,
ვერც ზეცას მივწვდი და
ვერც დაბლა დავეშვი, -
ქვეყნისთვის ტვირთი ვარ!
აგონიაა, თუ მართლა ჰგონია ვიღაცას,
რომ ბედნიერი ვარ?!"
No comments:
Post a Comment