Friday, January 15, 2021

მოგონებებიდან

 მხოლოდ ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ ჩემები იმერეთში ჩემს პატარაობაში, სულ მიკვირდა, - რატომ? - ვეკითხებოდი ბებიას, ნამდვილი ახალი წელი ახლა არისო,

მეტყოდა და ჩემს საყვარელ პიტნის კანფეტებს ჩამიყრიდა მუჭში, ორივეს გვიყვარდა, შოკოლადზე არასოდეს ვეფეთებოდი, ერთადერთი, გრილიაჟზე არასოდეს ვამბობდი უარს, მგონი ციყვი ეხატა, მშობლები სპეციალურად ყიდულობდნენ ჩემთვის საახალწლოდ, დათუნიებით, ყარაყუმით, წითელქუდებით გაივსებოდა სახლი, ნახატები უფრო მომწონდა, ვიდრე შიგთავსი, ბებია დამიბრაწავდა წიწილს, ხაჭაპურებს დამიცხობდა, მათი გემო ახლაც მახსოვს, მერე კარალიოკებს ჩამომიკრეფდა პირდაპირ ხიდან, ამ დროს იმერეთში ყოველთვის თოვლი იდო, გავიდოდით გარეთ, სიცივესაც ვერ ვგრძნობდი, ჭყეტელა ფერის კარალიოკების ყურებას და ჭამას არაფერი სჯობდა. მეტყოდა, ახალი წლის ღამეს რასაც ნახავ, აუცილებლად აგიხდებაო. მართლაც ასეც იყო და არის, სწორედ ამ დღეებში ვნახულობ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, რომლებიც ზოგჯერ წლების მერეც კი მიხდება. დღეს ღამით სირინოზები ვნახე სიზმარში, სახლში მესტუმრნენ, ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს?! გილოცავთ, მეგობრებო, კალანდას! ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს!

No comments:

Post a Comment