გოგონა დილის ნიავივით ნაზი იყო. დიდი მწვანე თვალები ჰქონდა, ქერა თმები,
სუსტი, გრძელი მკლავები, მაღალი ფეხები, სწორედ რომ იდეალური ქალი იყო, ნორჩი, მიმზიდველი. თაყვანისმცემლებიც არ აკლდა, მაგრამ მათ შორის ერთი ყმაწვილი გამოირჩეოდა, ჭკვიანი იყო, გოგონას კი სწორედ გონიერ ბიჭები მოსწონდა, ამიტომაც მეგობრობდნენ. გოგონაც ძალიან ნიჭიერი იყო, უნივერსიტეტში კარგად სწავლობდა, ფრიადოსნის სტიპენდიას იღებდა.დრო გადიოდა, მისი გულის დაპყრობა კი ვერავინ შესძლო, გიორგი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, აქტიურობდა, მუდმივად სიყვარულს და პატივისცემას უმტკიცებდა, თუმცა გოგონას მხოლოდ, როგორც მეგობარი ისე მოსწონდა.ბიჭი სოფლიდან იყო ჩამოსული, დიდი შრომისუნარიანობით გამოირჩეოდა, იუმორიც ჰქონდა, ცოტა კარიერისტიც იყო, ნანას რამდენჯერმე სთხოვა კიდეც ცოლობა, მაგრამ გოგონამ ეს ყველაფერი არასერიოზულად აღიქვა.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მათი გზები გაიყარა. ნანამ, როგორც წითელდიპლომიანმა, კვლევით ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, გიორგი იქაც აკითხავდა ხილმე, ხანდახან, თავის მობეზრებაც არ უნდოდა ქალისთვის. ამასობაში ნანამ ერთი ბიჭი გამოარჩია თაყვანისმცემლებს შორის და გათხოვდა. გულდაწყვეტილმა ყმაწვილმა, რომელიც რვა წლის განმავლობაში ცდილობდა ქალის გულის მოგებას, მიულოცა გაბედნიერება და უთხრა:- თუ როდისმე გაგიჭირდა, დამირეკე, აუცილებლად დაგეხმარებიო.- ქალს ესიამოვნა კიდეც ყოფილი თაყვანისმცემლის ასეთი ყურადღება, თითქოს გულიც დაწყდა, მას რომ არ გაჰყვა ცოლად.
ცუდი დრო დადგა საქართველოში. ყველას ახსოვს 90-იანი წლები, შიმშილი, ომი, გაჭირვება. გიორგის კარიერა წარმატებული გამოდგა. სულ უფრო წინ მიიწევდა თანამდებობრივ საფეხურებზე. ნანას უჭირდა, ორი ბავშვი ეყოლა, მეუღლეს ბევრი სული ჰყავდა სარჩენი: ცოლ-შვილი, დედ-მამა, ნათესავებიც დახმარებას სთხოვდნენ, ვერ აუღო ალღო ცხოვრებას, ოჯახის რჩენას ვერ ერეოდა, ნანამ გადაწყვიტა სამუშაო ეშოვა და რაღაცით მაინც შეხიდებოდა მეუღლეს. ბევრი ეძება, მაგრამ ვერაფერი იპოვნა. ნაცნობობა იყო საჭირო. გაახსენდა გიორგი და მისი ბოლო სიტყვები, ძალა მოიკრიბა და დაურეკა, გული უფანცქალებდა, იმედებით იყო სავსე. მაღალი თანამდებობის პირის სიტყვები ასეთი აღმოჩნდა-- რა დროს შენი მუშაობაა, შვილებს მოუარე.-. ქალი გაოგნებული დასცქეროდა ტელეფონის ყურმილს, თვალებში ცრემლი მოაწვა, ეს იყო სასოწარკვეთის ცრემლი, რომლის დანახვა და გაგება ძალიან ცოტას შეუძლია..თვითონვე შერცხვა, იმედი რომ გაუცრუვდა. ასე წაიშალა მისი ცხოვრების ისტორიაში ერთი სიყვარულის ფურცელი,. იყო კი ეს სიყვარული, ზრუნვა საყვარელ ადამიანზე თუ შურისძიება ერთ დროს მის უარმყოფელ ქალზე?!, პასუხი ვერ გაეცა ამ კითხვაზე, ბოლოს მიხვდა, რომ სიყვარული ნამდვილად არ არის ასეთი, ის ხომ ათბობს და არ აცივებს, ის ხომ ნათელია და არა ბნელი, ის ხომ უსასრულოა, დაუსაბამო და არა ჩაკეტილი დროასა და სივრცეში!
No comments:
Post a Comment