Wednesday, July 15, 2015

ანდროს ისტორიებიდან (ქორწილში)

  ერთხელ კლასელ გოგონებთან ერთად ქორწილში წავედი, ვიქნებოდი 19-20 წლის ბიჭი,
80-იანი წლები იდგა და მოგეხსენებათ, მაშინ საბჭოთა საქართველოში რა გრანდიოზული ქორწილები იმართებოდა. ნეფის ქორწილში ვიყავით დაპატიჟებული და დაახლოებით 500 კაციან სუფრაზე მოგვიწია დასხდომა. ქაღალდგადაკრულ ხის ფიცრებზე ვისხედით. პურმარილის ქვეშ იზნიქებოდა მაგიდები. იცოცხლე, მოვულხინეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, მაგრამ მაინც მთავარი აქცენტი სმაზე მქონდა გადატანილი. ახალგაზრდა ვიყავი და გოგოებს თავს ვაწონებდი. ყანწების ტრიალი და გადასვლა-გადმოსვლა მაშინ მაგარ მოდაში იყო. არც ერთი სასმისი არ გამომიტოვებია, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ამ ღვთაებრივმა სითხემ მუცელში ნამეტანი შემაწუხა. გადავწყვიტე ტუალეტისთვის მიმეკითხა, გავიხედ-გამოვიხედე, მაგრამ მაგიდიდან ადგომა და გამოსვლა 100 კაცის ფეხზე წამოყენებას ნიშნავდა, - რა ქართველი ხარ, თუ ეს ვერ მოითმინე!!! - შემოვუძახე თავს და სმა განვაგრძე იმ იმედით, რომ დღის სამ საათზე დამსხდარი მექორწილეები ღამის ცხრა-ათ საათზე მაინც დაიშლებოდნენ, მაგრამ შენც არ მომიკვდე, გახდა  ღამის თორმეტი, პირველი, სამი, და აი, როგორც იქნა დამთავრდა პურობა თუ ღრეობა, ზუსტ განმარტებას ახლა ვეღარც მივცემ სმა-ჭამის ამ პროცესს. წელში ოთხად მოკეცილი გამოვცოცდი მაგიდიდან, საპირფარეშოს მივაშურე, მაგრამ რას შეხვალ შიგნით, უზარმაზარ რიგში მეორასე აღმოვჩნდი. - ჩემს დღეში სხვაც ბევრი ყოფილა. - გავიფიქრე და შენობიდან ბარბაცით გამოვედი. ახლა მეგობრის სახლამდე გაცილება გახდა საჭირო, გოგონას ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი შუაღამეზე, გავაცილე, კიდევ კარგი, იქვე ახლოს ცხოვრობდა, სახლში შემიპატიჟა, მიხვდა რა დღეშიც ვიყავი, მაგრამ სასტიკად ვიუარე და როგორც კი სადარბაზოში შევიდა და თვალს მიეფარა, იქვე ქუჩაში ბნელი ადგილი მოვძებნე და ის იყო უნდა გავთავისუფლებულიყავი  ზედმეტი ტვირთისგან, რომ  მოულოდნელად, თავზე ერთი ვედრო ცივი წყალი გადმომასხეს, მაშინვე გამოვფხიზლდი, - რას მერჩით, თქვე ოჯახაშენებულებო, - ავყვირდი სასოწარკვეთით, გინებაც არ დავაკელი ჩემს დამსჯელს,
    ასე სველი, გალუმპული წამოვედი სახლში, თან ჩემს თავს ველაპარაკებოდი: - ახია შენზე, ამის მერე გეცოდინება, რამდენი უნდა დალიო, მუცელი კი არ უნდა გაიხეთქო! ნამდვილად ქალი იქნებოდა ის ინკვიზიტორი, თორემ კაცი გამიგებდა, ან რა იცოდა იმ ადამიანმა, რა დღეში ვიყავი... აი, ასეთი აღელვებული დავბრუნდი სახლში. ამ ამბის შემდეგ კარგა ხანი აღარ დამილევია,
.

No comments:

Post a Comment