Thursday, October 3, 2013

ჩვენ დავიცლებით, როგორც ვენები


ჩვენ დავიცლებით, როგორც ვენები,
სხეულს უსუსურს წაიღებს მიწა,
შენ მთხოვ, არ მინდა გარდაცვალება, -
ბუნება წესრიგს თავისას იცავს.
შენ მეუბნები, არ დადგა ჟამი,
ცხოვრებით ტკბობა არ არის რთული,
თუ კი იხსენებ ბედნიერ წამებს,
თუკი გიყვარდა მხურვალე გულით...
მაგრამ სიკვდილი არ მაცლის ფიქრებს,
სასთუმალთან ზის, მიჭერს სამკლავეს,
თვალს თვალში მიყრის, როგორც მიჯნური
და უსათუოდ დამასამარებს...
შენ ალბათ გინდა, რომ მოვიარო
 ტყე შემოდგომის, მძიფე ვენახი,
ალბათ, ყურძენი ჩამოდნა მზეზე,
ქარვას და ზურმუხტს ერთურთს უნაცვლებს, 
ალბათ ვაშლები, წითელ-ყვითელი
მწვანე ფოთლებში ვარსკვლავებს ჰგვანან
და ზეცა, რომლის ფერებაც მიყვარს,
ჩემთვის იქცევა სამოთხის ბაღად. 

No comments:

Post a Comment