ყანების დარაჯად მთვარე დაკიდულა,
სხივები დაურთავს ვერხვების მახლობლად,
ჩრდილებში წარსულის ლანდები კრთებიან, -
ბებოს ჭრელ თავსაფარს ვიტოვებ სახსოვრად.
მიწიდან სიცივეს შეიგრძნობს სხეული,
ფოთლების საბანი მას ვეღარ გაათბობს,
თოვლს ელის ქვეყანა, მე არ მეჩქარება, -
სიმინდის მოსავალს ყანებში ვდარაჯობ.
საზრდელი კაცისა შრიალებს ნიავზე,
ჩემს გულს რომ სალბუნად, მალამოდ ედება,
წინაპრის მიწაზე აყრილი ტოტებით, -
დაკოჟრილ ხელებით ბაბუ მეფერება.
No comments:
Post a Comment