გუშინ ღამით ფილმს ვუყურე, თიანეთის სოფლების აღწერა იყო, გული გამისკდა, სოფლების დიდი ნაწილი დაცლილია, ზოგან მხოლოდ ზაფხულობით ადიან, ფოტომასალაც თან ერთო ფილმს, რა სილამაზეა ქართული ბუნების, სამოთხე. ნაჩვენები იყო ნიშები, სალოცავები, კოშკების ფრაგმენტები, რაც შემორჩა. სად გარბის ეს ხალხი უკეთეს ადგილას? იახსარი და კოპალა დევებთან მებრძოლი გმირებიც ახსენეს. ღამით ლექსიც ჩავწერე:
მონატრებავთვლი, წყალობა არის ღვთისო,
შენკენ მთები ვაბილიკე,
თან გულს ვტუქსავ, რა მოგდისო,
ჩემივ თავი ვაქილიკე.
მთების ფერდობს შემოვყევი,
მოვიტოვე უკან ბარი,
რომ შემომხვდეს ახლა დევი,
მწამს, დამიცავს იახსარი.
კოპალაც ხმას მოაშველებს,
რომ დააფრთხონ ავსულები,
მათ იმედად ლაღად ვლიან
მთებში ტურფა ასულები.
გზად ყვავილებს ვეფერები,
ჩემს თმებში კი ცელქობს სიო,
მთა მაბრუებს, თუ მართლაა?!
ყველაფერი ლამაზიო!
მონატრება მემატება,
მეც ვამატებ ახლებს ძველებს,
თითქოს უკვე ცხადადა ვგრძნობ,
როგორა მხვევ წელზე ხელებს...
მაია დიაკონიძე
3.07.2024 წელი
No comments:
Post a Comment