Monday, July 22, 2024

მართალი არის!

მართალი არის, ვერაფერს შეცვლი,

ბედით დაწერილ დადიხარ გზაზე,

ერთ დღეს რომ გული დარდებით გეწვის,

სხვა დღეს გიბრწყინავს უმეტეს ცვარზე.


და რაც გაცოცხლებს, ეს იმედია,

თუმცა ხანდახან კვარივით ბჟუტავს,

ნესტან-დარეჯანს ჰგავხარ სევდიანს,

ანდა შორენას, რომ ელის უტას.


ერთს გაუმართლა, მეორეს - არა,

ეს დამარცხებაც ღვთისაგან არის,

შეეძლო ან კი დიდოსტატს განა,

რომ არ აეგო ღმრთისათვის სახლი.


მართალი არის, რთულია ნდობა,

არც სიყვარული არის ადვილი...

ერთგულებაც ხომ ფიცია ორთა,

კეისარსაც ხომ ჩასცეს მახვილი.


არც სიცრუეა უცხო კაცთათვის,

მაგრამ ჩახედე უძირო თვალებს,

მსხვერპლი ყოფილხარ მაშინ სატანის

თუკიღა აქაც არ გაგიმართლებს.


მართალი არის, იცვლება არე,

ღვინოც კი იცვლის ხანდახან ფერს და,

ყველაზე მეტად ის არის მწეარე,

ზოგჯერ ოქროდ რომ მიიჩნევ მტვერსაც.


ეპოტინება მავანი დაფნას,

მაგრამ ლექსი თუ არ წერე სისხლით,

შენ ვერ აუშვებ ლურჯ ზღვაში აფრას,

წინ ვერ წაიწევ ვერასდროს მისხლით.


ჩემო მუზებო, მომეცით არფა,

მომმადლეთ ძალა ლექსების წერის,

სულ სხვების იყოს ოქრო და დაფნა,

არ დამიჩლუგდეს კალამის წვერი..








No comments:

Post a Comment