Sunday, July 7, 2024

გელა ციგროშვილის ლექსები, ,,ხორნაბუჯში" გაგზავნილი

 

 

 

                                  

 

შირაქის ველზე დაბრძანდება უფალი ღამე,

უკიდეგანო მინდორს ტურის კივილით ზარავს..

ელამი თვალით გადმოსცქერის ნამგალა მთვარე

სახელდახელოდ მოქოხებულ ტოტების კარავს..

გუთნეულები შებმულია ელის ალიონს,

გველეშაპივით იკლაკნება კოცონის ალი..

პაპა ღიმილით დინჯად ქაჩავს კაკლის ყალიონს,

არ მოუხუჭავთ ყოჩაღ ბავშვებს მთელ ღამეს თვალი..

მორიგეობით ამატებენ ცეცხლს ტოტებს ღვიის

წიწვი ბრიალებს,მწარე ბოლი კოღოებს აფრთხობს..

შემოვერცხლილან ვაჟკაცები,--მღეჭავნი ტყვიის,

მათ ფეხებთან კი ისევ მათი ბავშვობა ანცობს..

ჩაჰხუტებიან,მოჰხვევიან მუხლებზე პაპებს,

ღამეც მშვიდია,შესაფერი მინდვრის და ველის..

თვალანთებულნი ყურს უგდებენ ლეგენდა-ზღაპრებს

და ყველა ერთად შირაქის ცის ალიონს ელის..

ბერი კოპალა ლახტის ქნევით მოჰკივის დევებს,

ავის გორისკენ   იახსარი მოუძღვის ლაშქარს..

ღვთისშვილთ ყიჟინა შემოურბენს ფხოვის მთა--ხევებს

და ნიშანს აძლევს,მათ საშველად მომქროლავ ლაშარს..

სად ქრება მითი,ისტორია ან სად იწყება?!--

არ უკვირს ქართველთ ბრძოლისა და ყიჟინის ხმები..

არ დადგეს ეჭვქვეშ არაგველთა რწმენა-- ღირსება,

ფიცვერცხლნაჭამნი კრწანისისკენ მოქრიან ძმები..

შესწებებია ჯაჭვ--ჯავშანი სისხლიან სხეულს,

მარტო სიკვდილი თუ დაიხსნის კარგ ყმებს  ფიცისგან,,

ექვსი ათასი შეილეწეს ლეგენდად ქცეულთ,

სხვას რას ელოდნენ არაგველთა მოდგმა--ჯიშისგან?!

გველეშაპივით იკლაკნება კოცონის ალი,

ცისკრის ვარსკვლავმაც გაიბრწყინა მზისკენ მავალმა..

ტოროლამ ცაში საგალობლის გაავლო კვალი

უკვე მესამედ დაიყივლა სოფლად მამალმა..

პაპა ადგება,შეუძახებს ღამის მათევრებს,

ნაბდის კალთებზე ყველა თავის საგზალს გააწყობს..

წაიხემსებენ,მოირგებენ წელზე სატევრებს

და გუთნის დედა მეხრეებსაც რიგზე დააწყობს..

ანთებულ სანთლებს ხარებს მშვიდად მიაკრავს რქებზე,

ცა--ქვეყნის გამჩენს  მოზვრის მომცრო ყანწით დალოცავს..

აღმოსავლეთით დაძრულ ნათელს გაჰხედავს მთებზე,

წყალობას შესთხოვს ოთხივ კუთხივ წმინდა სალოცავს..

გადაჰკრავს სახრეს მომლოდინე ნიშებს და შვინდებს

და ალიონზე გაიბნევა წკრიალა ხმები..

დღეს აქ ხარებით არვინ ებრძვის საწუთროს ბინდებს,

წარსულო,--ერთგულ წიქარასთან ერთადა კვდები..

პაპები წვრთნიდნენ ცოტა ხნის წინ  ,,ალგეთის ლეკვებს'',

სხვა დრო მოსულა, მომავალი მძიმე ექნებათ..

აღარვინ ებრძვის ათას მომხდურს;-თურქს,სპარსს თუ ლეკებს

ბავშვებიც მიყავთ,სექტემბრიდან სწავლა ეწყებათ..

ყოველ საღამოს მობრძანდება უფალი ღამე,

უკიდეგანო მინდორს ტურის კივილით ზარავს..

გულისტკივილით გადმოსცქერის ჭაღარა მთვარე

შირაქის ველზე მიტოვებულ ტოტების კარავს!!..

გელა ციგროშვილი

2.09.13

 

სიზმარი

 

 

მესიზმრა, წარსულში, იქ სადაც

უსაზღვრო ქაოსი მძვინვარებს,

რძისფერი ნისლები ჰფარავდა,

შანდლებად ანთებულ მყინვარებს.

 

მივყევი, ზღაპარს თუ რეალურს,

მითიურ პრომეთეს მოვგავდი..

და კავკასიონზე მიჯაჭვულ

ამირანივითა ვბორგავდი.

 

ტანთ მეცვა, ხალიბთა ნაჭედი,

რვალზე უმტკიცესი ჯავშანი,

გორგასლის მუზარადი მეხურა,

მგელ-ლომის ზუჩით და ჩაჩქანით.

 

მივყევი, მზისა და მთვარის შუქს,

მთლად მოვვლე წყალი და ხმელეთი,

ქვესკნელში შევბოჭე ცერბერი,

მზის სხივით გავკვეთე ბნელეთი..

 

ათასჯერ გმირულად მოვკვდი და

სიცოცხლე დავიწყე თავიდან...

ეს მე მომიტანა ვაშლები,

ტიტანმა ატლასმა ბაღიდან.

 

ჰელიოსს ვეთხოვე რაშები,

მზის ეტლი ცარგვალზე ვაჭენე,

პირველმა დავუჩოქე ცაბაოთს,

იესოც პირველმა ვახსენე..

 

კენტავრებს, ციკლოპებს, ტიტანებს,

ვინ იცის,რამდენჯერ შევები,.

ღვთისშვილთა მხარდამხარ ვიბრძოდი,_

ლახტით ამოვხოცე დევები.

 

მე ვეხმარებოდი ჰერაკლეს,

ლერნეში, ჰიდრას რომ შეება...

აიეტს მოვტაცე მედეა,

ცოდვა ჩავიდინე ვეება..

 

ალპებში გზა ვაჩვენე ჰანიბალს,

საბრძოლო ეტლები ვაგორეთ,

ტირანებს ვურყიეთ ტახტები,

იმპერატორები დავტორეთ.

 

გალებში გავყევი კეისარს,

გალერით ვუწიეთ ეგვიპტეს,

დაფნის გვირგვინები დაგვადგეს,

რომში ტრიუმფებიც მოგვიწყვეს.

 

ბაბილონს ვაშენე გოდოლი,

როდოსში კოლოსი ზვიადი,

ალექსანდრიიდან, შუქურით,

გავკვეთე უსაზღვრო წყვდიადი.

 

ავთანდილს, ფრიდონს და ტარიელს,

ქაჯეთის ციხესთან ველოდი...

ნინოს გზას მოვყევი მცხეთამდის,

ქართლის მოქცევაში ვშველოდი.

 

წყლები შადრევნებად ავზიდე,

ვრწყე სემირამიდის ბაღები,

მე ავაშენე და მოვხატე,

მცხეთის სვეტიცხოვლის თაღები..

 

დავითის დროშასთან შევყარე,

ლაშქარი იმერთა--ამერთა...

ცოცხალი ვიქეცი ლეგენდად,--

აღმაშენებელი დამერქვა!

 

დიდგორთან დავლეწე თურქობა,

ხმალი სისხლში ვფერე,ვადამდე...

გავშალე ივერთა საზღვარი,

ნიკოფსით, შორს, დარუბანდამდე!

 

თამარის დროშის ქვეშ ვიომე,

შამქორთან, ყარსში თუ ბასიანს...

ვუცხონე დედ--მამის საფლავი,

დემეტრეს და ცოტნე დადიანს!

 

გმირი გამოვზარდე ნოსტეში,

აზიის პირველი მხედარი...

ჩვენ ერთად ვიგლოვეთ,მარტყოფთან,

პაატას უთავო ცხედარი.

 

მე თვითონ ვიყავი ალუდა,

ვარიგე მტერი და მოკეთე,

ადათს გადვუდექი თემისას,--

მოკლულ ქისტს, მკლავი არ მოვკვეთე!!!

 

ვეომე,ირანს თუ ოსმალეთს,

ასპინძის ხიდი მე ჩავტეხე,

ლეკების ლეგენდა ბელადი,--

ერეკლეს მახვილით გავკვეთე!

 

როდესაც შევებით აღა-ხანს, --

(კრწანისთან გვებრძოდა წყეული...)

მე ჩამოვეშველე ერეკლეს,

სამას არაგველად ქცეული!

 

თუმც გაქრა,გაფრინდა სიზმარი,

მზადა ვარ,თუნდაც ამ წამიდან,

კვლავ ათას ლეგენდად ვიქცე და

სიცოცხლე დავიწყო თავიდან!

 

გელა ციგროშვილი.

ქ. თელავი. 2002 წელი, ოქტომბერი

 

რაც შევძელ, ცხოვრებას ვეჭიდე!

 

რაც შევძელ, ცხოვრებას ვეჭიდე,

ფიქრს კი, - ზოგს ვერ ვძლიე წარმართულს…

მოყვრისთვის უფსკრულებს ვეხიდე,

მთა--კლდეებს ზეცამდის აღმართულს…

ვისწავლე ტკივილის მოთმენა,

ჭიდილი ვნებების წყურვილთან…

გულით დანახვა და მოსმენა, -

ვერ მშველის, ვმარცხდები სურვილთან…

წმინდანი, ხმელეთის მორიგე

მპატიობს, მაბრუნებს ფარაში…

ვერ ვმგლობ, ვერც ცხვრის ქურქი მოვირგე, -

უფალო გჭირდები მა, - რაში?!.

ვმერყეობ, ერთგული ფიცისა, -

ვისთვის სეირია, არაკი…

არც ცის ვარ და აღარც მიწისა, -

როგორაც სახატე ზვარაკი…

სირცხვილი მტანჯავს და მაწვალებს,

ალბათ გაქვს ციური მიზანი..

ღმერთო, დამიფარე ცოდვილი...

მიწიერ ვნებათა ხიზანი!!!..

 

ძილში შენს ორეულს მოველი

 

ძილში შენ ორეულს მოველი,

ათასჯერ სიზმრებში ნაფერებს..

მოხვალ. შეიცვლება ყოველი,

სულზე დამიკოცნი ნაკერებს..

ჩაჟანგულ გულის კარს გამიხსნი,

გაუშვებ ტკივილებს ნაგუბარს..

კვლავდაკვლავ სიყვარულს აგიხსნი,

უწმინდეს გრძნობებში ნადუღარს..

მთვარესაც შავ ღრუბლებს მოვახვევთ,

შიშველი არავინ გვიხილოს..

გრძელ ღამეს ვნებებში მოვათევთ,

დალალში ჩაგიწნავ ღიღილოს..

დაგტოვებ სიზმარში შეფარულს,

მამალმა თუნდ ასჯერ იყივლოს..

გაღმერთებ ჩემს გულში შეპარულს,

გონებამ ცაშიც რომ მიჩივლოს..

გელა ციგროშვილი

22.12.13 წ.

 

ორბელის ციხესთან

/ციხის ჩივილი/

 

უვიცო მგზავრო, არც მომხედე, გამცდი, წახვედი..

აღმიქვამ ისე, როგორც  გლახას, ბინძურ მათხოვარს…

გაუაზრებლად აიყოლე ფიქრი თავხედი,

ისევ შეცდი და ჩამოშორდი უფალ მაცხოვარს…

ერთ უსახელო კლდის ქიმზე ვარ ცრემლით ნაშენი…

ქვეყნის წარსულის გადამრჩენი, - ჭირში საფარი…

ბევრჯერ ყოფილა ურდოს ძვლები ხევში ნაფენი,

ეს ყველაფერი ალბათ შენთვის არის ზღაპარი…

ვერას მაკლებდნენ შინ და გარეთ ვერაფერს მტრები..

ვიდექი სალად ხეობაში გამორჩეული…

უშენოდ წლები ვეღარ ვზიდე,მატკინა მხრები,

საუკუნეებს ვეღარ ებრძვის ბერი სხეული!!!..

შეჩერდი მგზავრო, ნუ მიყურებ, როგორც მათხოვარს…

რაც ბრწყინავს, მასზე რატომ გრჩება მარტოდენ თვალი?!

ყველა გლახაში გულისხმობდე უნდა მაცხოვარს,

ამ ცისქვეშეთში მარტო ასე დაგრჩება კვალი…

შეჩერდი, მოდი, შეისვენე, ლუკმა გატეხე…

აპკურე ღვინო საძვალეთა დაშაშრულ ლოდებს…

გმირთა სავანეს მოდებული შამბი აჩეხე,

დაუგდე ყური, ქარი ციხის აწმყოსა გოდებს…

შეჩერდი, ერთხელ საძირკვლის ლოდს შეუდექ მხრებით…

ლიბომოთხრილი კოშკი ლამის შეერთოს ხევებს…

შეგიგრძნო ისევ, ძველებურად დამიდექ გვერდით

და მერე ერთად დავეჭიდოთ ქაჯებს და დევებს !!!

გელა ციგროშვილი

25.10.13.ლეჩხუმი

 

მომდევს წარსული

 

გოლგოთას მთაზე ბილიკს ვეძებ სვენებ-სვენებით,

არსად ნიშანი, არსად წყარო ან მცირე ჩრდილი…

მომდევს წარსული ჯოხის ცხენის ჭენებ-ჭენებით

და ხის ხმლის ქნევით მოკიჟინებს ბავშვის აჩრდილი…

ნაცნობ ზმანებას გავუღიმებ მიუსაფარი,

ყრმა გამეტებით ყუას ურტყამს მერანს გავაზე…

მერე რა, თუ ცხენს არც ფეხი აქვს და არც ფაფარი?!

ზიგზაგ კვალს ტოვებს ჯოხის ბოლო მტვრიან შარაზე…

ჩაირბენს გვერდზე შიშველ ტერფთა მწყობრი ტყაპუნით,

მიეჭრება და ჭინჭრის ბარდებს კაფვას დაუწყებს…

ფშას გადატოპავს ყიჟინით და ტალღის შხაპუნით,

გავიმარჯვეო, - სიამაყით ტოლებს აუწყებს…

მოუწონებენ, აქ არ მეფობს მტრობა და შური,

ჯილდოდ აძლევენ ნაკვერჩხლებზე დაბრაწულ ტაროს…

ეს სიყვარული ხალასი და წმინდა, ბავშვური,

ოო, ღმერთო, როგორ დაჰკლებია დღეს მთელ სამყაროს…

ბჟანტიანებში კამეჩების ჯოგი ფრუტუნებს,

სიმინდის ყანა შრიალებს და ნიავზე ღელავს…

შორეულ მთებში საავდრო ცა ავად გრუხუნებს,

ჟამიდან -ჟამზე ცისკიდური გრგვინავს და ელავს…

სულ არ ადარდებს მობანავე პატარა ბიჭებს,

თუ კავკასიონს შავი ღრუბლის ქუდი ახურავს..

ხან წინაპრებზე მოჰყვებიან ლეგენდა - მითებს,

ხან შეჯიბრი აქვთ, ნაპირიდან ვინ შორს გაცურავს…

ავთანდილობენ, ზოგი ცდილობს გავდეს ტარიელს,

სილაზე რჩება კოშკები და გზა - ბილიკები…

მოიკიდებენ საღამოზე აბგებს ცარიელს

და მეც ფიქრებით მათთან ერთად ნახირს მივყვები..

მონატრებული ქალის ლანდი გვერდზე ჩამივლის

და ისე, როგორც ცხადში დედას შეეფერება…

შეუცნობელი ჟრუანტელი ტანში დამივლის,

ამაყ პატარას ნაკაწრებზე რომ ეფერება..

მიჰქრიან წლები, მოგონებებს ხშირად ვეხებით,

მივდევთ ბილიკებს მწვერვალისკენ სვენებ-სვენებით..

დღეს ვეღარ ნახავთ ბავშვებს მტვერში შიშველ ფეხებით,

ჯოხის ცხენებს რომ მოარბენდნენ ჭენებ-ჭენებით..

გელა ციგროშვილი

31.08.13..

 

ძველი რვეულიდან

 

/როგორც ყოველთვის არც ამ წერილს გამოგიგზავნი,

არცერთი ლოცვა ცამდის არ  ადის../

                           /მირზა/

ღმერთო, რას მერჩი, ნეტავ ვიცოდე

გამხელასაც რომ ვერა ვბედავდე..

ჩემი ფიქრების უთქმელო  დარდო

მომნატრებიხარ ტკივილებამდე..

როგორც ფარვანა კოცონისაკენ

მოვილტვი, ვიცი  დამწვავ ალივით ..

ამ მოლოდინში ვქრები, ვილევი

გზააბნეული ნაპერწკალივით..

ღამე შემომრჩა მესაიდუმლედ,

დიდი იმედი, ჩუმი დამხმარე..

მეც შენთან ვარო..შენზე ფიქრობსო,

ენატრებიო, მიღიმის მთვარე..

და  მაშინ, როცა ცელქი ღიმილით

შემომანათებს შენი ხატება..

დევგმირულ ძალას ვიგრძნობ სხეულში,

ქვეყანა ჩემად დამესახება..

მზად ვარ შევაკვდე, ყველას  ჩვენს შორის,

ვთხოვო სალოცავს  ძალა ფხოველთა..

გადარეული არაგვის დარად

მტკვარიც  მივლეწო სვეტიცხოველთან..

როგორც ფარვანა კოცონისაკენ

მოვილტვი შენსკენ, თუმც მწვავ ალივით..

ცოტაც და ალბათ მართლა ვიფეთქებ

დენთს მიდებული ნაპერწკალივით..

p.s.

,, როგორც ყოველთვის,არც ამ წერილს გამოგიგზავნი,

არცერთი ლოცვა ცამდის არ ადის"..

მე სიყვარულის ტაძარს ვქურუმობ,

მსხვერპლად ვეწირვი აწ და მარადის..

გელა ციგროშვილი

No comments:

Post a Comment