Thursday, July 18, 2024

ხელს ნუ გამიშვებ! (სატრფიალო), კომენტარებით: ავთანდილ ჟღერია, ამირან გოდერძიშვილი

 ამ სატრფიალო ლექსს მერე შაირობა მოჰყვა:

ხელს ნუ გამიშვებ!

ხელს ნუ გამიშვებ, ნუ დამტოვებ
უკუნ ღამეში,
არ შემეყაროს სადმე ველზე
ავი როშაქი,
მწედ და მსახურად მომევლინოს
ცრუ გილგამეში
ანდა მეგზური ჩემი გახდეს
ქარი ხორშაკი.
ხელს ნუ გამიშვებ, მომეც სულის
მცირე საგზალი,
დამაპურე და წყალი მასვი
უკვდავებისა,
შენ გარდა ამას ქვეყნად იზამს,
ჩემო, არავინ, –
მე მოვდიოდი ზღვის ქაფიდან,
ზამბახებიდან.
ნუ მკითხავ, რატომ მინდა მხოლოდ
შენი შეწევნა,
ნუ მკითხავ, ჩემს სულს რად სწადია
შენგან დანდობა,
ნესტან-დარეჯნის ბედი თუ კი
მე დამეწერა,
მაშ, ეს სამყარო გიწვევს ისევ
ბნელთან საომრად.
მაია დიაკონიძე
5.05.2022 წელი

კომენტარი, ავთანდილ ჟღერია მაია დიაკონიძეს:

მოვკვდები,
ცოდვად დაგრჩები
მაგ უკარება გულშია,
შამიყვარ-შამისისხლხორცე,
ხინჯი არ დაგრჩეს სულშია.
ო როგორ მიყვარს ფერდობზე,
სათიბად მწიფე ველია,
შენი თვალები ზღვისფერი,
და სახე ხორბლისფერია.

მაია დიაკონიძე ავთანდილ ჟღერიას:

ვაჟო, მერედა ვინ გიჭერს,
სულში თუ ალი გინთია,
ბოლო მოუღე მაგ იჭვებს,
იყავ ბრძენი, ვით მინდია.
მოდი და შემომეღობე,
როგორც განწირულს მაშველი,
ყანაში ყაყაჩოდ მოვალ,
მწყურვალს სათიბზე დაგხვდები.
მაია დიაკონიძე
5.07.2024 წელი

ამირან გოდერძიშვილი
თქვენთან შაირში შემოჭრა,
არ ვიცი, ვისგან მებიძგა,
ბევრჯერ გადავრჩი გაკოჭვას
ლამაზ ცოლების ქმრებისგან,
გეტყოდი ლამაზ შაირებს,
სახალისოს და საცინარს,
გულს პირზე ხელებს ვაფარებ,
.... მე უკვე ბერიკაცი ვარ!....
17.07.2024 წელი
თქვენი შაირები, ჩვენს თვალწინ აელვარებულები, მართლა შედევრია!!!

No comments:

Post a Comment