Monday, July 1, 2024

დედაჩემს, კომენტარი ამირან გოდერძიშვილის

დედაჩემს!
აბლაბუდები ეყარა ნისლის
და ღამეს უფრო მთვარიანს ხდიდა,
რა აწუხებდა მცხუნვარე ივლისს,
საბანს პატარა ბავშვივით მხდიდა.
ბაბუაწვერა ბალიშად მერგო,
თეთრი გვირილა მეყარა ტანზე,
მწვანე ბალახი ქვეშაგად მეგო,
თვალები ჩემი ეკერა ცაზე.
ვხედავდი კოსმოსს, ვხედავდი დედას,
თავსასთუმალთან თეთრკაბა მეჯდა
და დედაჩემის უზღვავი სევდა,
გადამქცეოდა სინდისის ქენჯნად.
მაია დიაკონიძე
30.06.2024 წელი

კომენტარი ამირან გოდერძიშვილის:

ეს პატარა სამსტროფიანი ლექსი ზომიერად იტევს ავტორის ფიზიკური გარემოს ლამაზი, პოეტური სახეებით დახატვას ,

ივლისის მთვარიანი ღამე, ბაბუაწვერას ფაფუკი ბალიში, გვირილების საბანი და მწვანე ბალახის ქვეშაგი, ამის შემდეგ კი უსაზღვრო კოსმოსი და საყვარელი დედის გამოცხადება.
ეს იყო მოსამზადებელი ფონი, მთავარი სათქმელისგახმოვანებისათვის, რომელიც ორ სტროფშია ჩატეული, ,,და დედაჩემის უზღვავი სევდა,
გადამქცეოდა სინდისის ქენჯნად”
ეს ზოგადადამიანური განცდა , ყველა შვილს ეწვევა და მთელი ცხოვრება ეყოლება თანამგზავრად,
როგორც გინდა ღირსეული შვილი იყო, მაინც გვიჩნდება უკმარისობის გრძნობა მშობლის მიმართ, რაღაც ვაწყენინე, რაღაც დავაკელი, რაღაც დავუგვიანე,
და ეს რაღაცეები უკვე სინდისის ქენჯნად დაგვდევს მთელი ცხოვრება!!!
სწორედ ეს ორი სტრიქონია ამ ლექსის მთავარი დედააზრი და მთავარი მშვენება, რომელიც შეგვახსენებს, რომ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ყურადღებიანი და მზრუნველნი მშობლების მიმართ,რომ ნაკლები ,,სინდისის ქენჯნა” ვატაროთ მთელი ცხოვრება!!!
ქალბატონ მაიას კი მადლობა გადავუხადოთ ამ მოვალეობის შეხსენებისათვის!!!

No comments:

Post a Comment