Saturday, July 27, 2024

 სიყვარული სიგიჟეა, ხშირად წერენ,

და მეც ვფიქრობ, ჭეშმარიტთან არის ახლოს,

სიყვარულით ააყვავებ თუნდაც ეწერს,

ოქროს ყანად გადააქცევ მტკაველ ახოს.


 ამბობენ, რომ დედამიწას ატრიალებს,

მის გარეშე არ ექნება სუნი ვარდსაც,

უკან რჩება გზები ცრუ და სატიალე,

თუკი გულით ვინმე ძლიერ შეგიყვარდა.


და სიყვარულს რომ არა აქვს დასასრული,

ვინაც ამბობს, განა ცრუა, მართალია,

უბედობაც ის იყო იმ მებადურის,

რომ დედაბრის სიყვარულში გადარია..


სათხოვარი ერთი ჰქონდა ოქროს თევზთან,

მის სასურველს დედოფლად რომ ეგრძნო თავი,

ამაგისთვის იმ უბედურს ასე ეზღა,

დამსხვრეული სიყვარულის შერჩა ნავი.



No comments:

Post a Comment