დღეს კიდევ ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. იტალიაში ერთი ქართველი ქალბატონი, და ალბათ ერთი არა, ბევრი იქნება ასეთი, ბინას ქირაობს და მერე ქართველ ქალბატონებზე აქირავებს, რომლებიც სამუშაოს ელოდებიან. ზოგჯერ ოთახში თხუთმეტი ქალიც იყრის ხოლმე თავს და იმათაც გარკვეული წესების დაცვა სჭირდებათ, რომ იქიდან არ გაასახლონ. პირველ რიგში კი, სიჩუმე უნდა იყოს სახლში, რა თქმა უნდა, ბინის გაქირავება არალეგალურია და სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია, ყველა მდგმური ერთად არ უნდა გამოჩნდეს, ზოგი ლიფტში ჯდება, ზოგი - არა, ფეხით ჩადის კიბეებზე, ხშირად არც გამოდიან ბინიდან, თვალში რომ არავის შეეჩხირონ, ზოგჯერ ქალბატონებს ჩურჩულით ლაპარაკიც კი უხდებათ, მაგრამ დღეების წინ ჩვენი ემიგრანტები შეზარხოშებულან, რაღაცა დღეობასთან დაკავშირებით და "ჰარალალე - ჰარულალო" შემოუძახიათ კიდეც. შეწუხებულა ერთი მეზობელი, უცხო ენაზე ხმამაღალი სიმღერა რომ გაუგია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და პოლიცია გამოუძახებია. დაადგნენ თავზე მომღერლებს, კარგია ქვეყანა არ დაატოვებინეს და მხოლოდ სამი ათასი ევროთი დააჯარიმეს. კიდევ კარგი, გურული კრიმანჭული არ შემოსძახეს, თორემ ათი ათასიან ჯარიმას ვერ გადაურჩებოდნენ, მგონი იქ ხმაურის დონე ფასდება ხოლმე და ამის მიხედვით აწესებენ ჯარიმასაც, ახლა ბინის ქირასთან ერთად, ის ჯარიმაც უნდა გადაიხადონ. მე კი ისღა დამრჩენია, თანავუგრძნო იმ ადამიანებს და ვთქვა, ასეთია ემიგრანტის ბედი, ნურავის შეშურდება მათი. არავინ იცის, რა გაჭირვება გადააქვთ მათ თავიანთი ოჯახების, შვილების გულისთვის.
Monday, May 31, 2021
მოგონებებიდან (გურია)
დღეს ერთ სასაცილო ამბავს მოგიყვებით: ვართ გურიაში, დილაა ადრიანი, გვძინავს მე და სოფოს ერთ ოთახში, ცხელა, ზაფხულია, ფანჯრები ღია გვაქვს. საშინელმა ყვირილმა გაგვაღვიძა, ისმის: - მოგკლავ, ყელს გამოგჭრი ამ ნაჯახით. არის გინება, უბედურება. შეშინებულებმა გავიხედეთ ფანჯრიდან, მეზობლის კაცი ნაჯახით ხელში მორბის, ვიღაცას მისდევს, ლამისაა დუჟები გადმოსდის პირიდან, ოთახში გავიტრუნეთ შიშისგან, ემანდ ჩვენც არ შემოგვივარდესო, ვსხედვართ, ვკანკალებთ. იმედი გვაქვს, რომ რომელიმე მეზობელი შეაჩერებს, უკვე მერამდენე წრეს არტყავს და უეცრად, ფანჯრიდან გადაჭყეტილები, რას ვხედავთ, მის წინ მოზვერი გარბის, თურმე მას მისდევს, ვერაფრით დაუჭერია, ცოტა ნაბახუსევიც ბრძანდებოდა ჩვენი დამწიოკებელი. რა თქმა უნდა, მოზვერისთვის ცუდად არ დამთავრებულა ეს ამბავი, მალე ყველაფერი მიწყნარდა. ჩვენ კი შემოვტრიალდით, იმდენი ვიცინეთ, ლამის გავიგუდეთ, დღემდე ღიმილს მგვრის ეს ამბავი. მოკლედ, გურულების ხელში არ მოიწყენ. ჩემი გოგოც ხომ გურულია.
ერთსტროფიანი
რომ დავიბადე, მზემ დამბანა სხივებით პირი
და დიდ თვალებში უსიერი ზღვები ჩამიდგა,
და როცა ზეცით გადამივლის ქუხილი გრგვინვით,
ვფიქრობ, ცოდვისათვის არსთ გამრიგე მკიცხავს მაღლიდან. .
სოფელში (მოგონებებიდან)
სოფელში ყოფნას და დასვენებას არაფერი მირჩევნია, ისეთ სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ, თითქოს სამოთხეში ვიმყოფები. გურიაში მეუღლის ნათესავებთან ჩავდივართ ხოლმე, ისეთი სითბო და სიყვარული, რაც იქ მხვდება, არასოდეს მიგრძვნია სხვაგან, არის ჩემი ქება-დიდება, თან მყვებიან, მეზობლებიც შემოგვესევიან ხოლმე, ტორტებით და ნამცხვრებით, თბილისელი ქალი ჩამოვიდაო, რამდენიმეჯერ ნაბეღლავში წამიყვანეს, დავიტვირთეთ წყლებით, კალმახებიც დამიჭირეს, გემრიელად მივირთვით, წყლები გრილად შევინახეთ და რაც იქ ვიყავით, ვსვით და ვსვით, გამოჯანსაღებული ვბრუნდებით ხოლმე თბილისში. თითქმის ყველას, გურულებს, საქანელა სკამები აქვთ, დასვენების ფასი იციან, საღამოობით ჩავჯდები ხოლმე და მზის ჩასვლას გავცქერი, წინ დიდი ბლის ხეა, სწორედ მას სტუმრობს ხოლმე, რომ დაღამდება, თეთრი ბუ, ულამაზესი, სხვა დროს ზოოპარკში თუ მინახავს, გაიძახის: -უ-უ-უ, ყოველთვის ბუებზე ზღაპრები მახსენდება, თითქოს მართლა იძახის: - იპოვეო, ადამიანო?! - მეც ვპასუხობ: - ვიპოვე, ვიპოვე, სამოთხეა ჩემი მიწა, უბრალოდ ვერ ვხვდებით ამას, ვერ ვაცნობიერებთ და ვერ თუ არ ვაფასებთ.
Saturday, May 29, 2021
გზად უცხოეთისაკენ (ნოველა)
Friday, May 28, 2021
ირინა ხურციძე, მაია დიაკონიძე (ერთსტროფიანები)
ირინა ხურციძე:
არ აშინებს ამინდი
Wednesday, May 26, 2021
ოჯახი (ნოველა)
ქალმა ჭურჭელი მირეცხ-მორეცხა, სახლი მოასუფთავა. სწრაფად აკეთებდა ყველაფერს, ქმრის მოსვლამდე უნდოდა მოესწრო. საჭმელიც გაამზადა. ქმარიც დაბრუნდა სამსახურიდან, ღამის ცვლაში მუშაობდა. საჭმელი გაუწყო, იქვე ჩამოჯდა მაგიდასთან და უყურებდა, როგორ მადიანად მიირთმევდა მეუღლე მის გამზადებულ საჭმელს, სადღაც სიამოვნებდა კიდეც. ჭამის მერე ქმარი ტახტზე წამოწვა, ტელევიზორი ჩართო, ხანდახან მეუღლეს გამოხედავდა ხოლმე, მაგიდას რომ ალაგებდა. ქალმა ისევ ამორეცხა ჭურჭელი, საჭმლის ნარჩენები მაცივარში შეინახა, თვითონაც დასასვენებლად წამოწვა, ხუმრობა ხომ არაა, უკვე შვილიშვილების პატრონია, ასაკიც წამოეწია. საწოლთან თაროზე შემოდებული ალბომი გადმოიღო, ახალგაზრდობას გავიხსენებო, ხელში ორმოცი წლის წინანდელი ფოტო მოხვდა, რომელზეც ის და ახალგაზრდა ყმაწვილი, ცისფერთვალებიანი, იყურებოდნენ. თვითონაც ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. გაახსენდა ყოფილი თანამშრომელი, უზომოდ იყო მასზე შეყვარებული, იმან კი არაფერი იცოდა ამის შესახებ. გაეცინა, ნეტავ, რა იქნებოდა, ამას რომ გავყოლოდი ცოლადო, გაიფიქრა, მეყვარებოდა მაინცო. ფოტოს ფოტო გადაუღო მობილური ტელეფონით მეგობრებს დაუგზავნა მესენჯერში, გავახალისებო, თვითონაც გახალისდა, პასუხებიც მხიარული მიიღო, ზოგმა ვერც იცნო, ვინ არის ეს ბიჭიო, რომ გაიგეს, გაიხსენეს ძველი ამბავი, რა ლამაზები იყავითო, ზოგმა, ვინც არ იცნობდა, ეს რა კარგი ბიჭი ყოფილა და ჩვენ რატომ არ ვიცნობდითო, მხოლოდ შვილებისგან იყო ჩუმი პროტესტი, გოგოები ჰყავდა, ეს ვინღა არისო, იკითხეს. ადგა ლოგინიდან, ისევ გააგრძელა სახლის დალაგება, ქმარს უჩუმრად გადახედა და გაიფიქრა, იქნებ, ესეც სხვა ვინმეზე ფიქრობს და ნანობს, მე რომ მომიყვანა ცოლადო, მზე ნელ-ნელა მიიწევდა ზევით, ზენიტამდე კიდევ ბევრი აკლდა, ნელ-ნელა ანათებდა სახლს, მშობლების ნაფუძარ-ნაამგარს, რომელსაც ზოგჯერ უსიყვარულობის ჩრდილებიც სდევდა, მაგრამ მაინც მაგრად იდგა, იმიტომ რომ, ორივემ, ქალმაც და კაცმაც იცოდა ოჯახის ფასი და მნიშვნელობა და არასოდეს ავიწყდებოდათ თავიანთი მოვალეობანი. ქალი მივიდა მეუღლესთან, დაადო თავი ხელზე, იმან მეორე ხელი მოჰხვია და ნაზად გადაუსვა თმაზე, - ერთი ქალის ფასი თმა გაქვსო, - უთხრა, როგორც ახალგაზრდობაში, კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა ქალს სახეზე, იქნებ, არც შევმცდარვარ, გაიფიქრა, ღმერთმა იცის.
Tuesday, May 25, 2021
დღევანდელი მაქციები (მოგონებებიდან)
სიმართლე გითხრათ, ზღაპრები ძალიან მიყვარს და დღესაც სიამოვნებით ვკითხულობ. მიყვარს არამარტო დადებითი გმირები, არამედ უარყოფითიც. ის დევიც კი მეცოდება, რომელსაც ნაცარქექია თავისი მოხერხებულობით ამარცხებს და ცხრა მთასა და ზღვის იქით გადაკარგავს. ერთადერთი მეშინია იმ პერსონაჟების, ვინც ადამიანებს ხოცავს, დაუნდობლად უსწორდება, თუმცა ასეთ გმირებს მაინც ნაკლებად ვხვდებით ზღაპრებში, ისინი ხომ ძირითადად ბავშვებისთვის იწერება და სიკეთით და სიყვარულით უნდა იყოს სავსე. რატომღაც ბავშვობიდან ერთი ზღაპარი დამამახსოვრდა, მაქციაზე.: მზეთუნახავი ერთ მდიდარ ყმაწვილს მიყვება ცოლად, სასახლეში ცხოვრობენ და ვაჟი აფრთხილებს, ყველა ოთახში შევიდეს ერთის გარდა და გასაღებების აცმას გადასცემს, გოგონას ცნობისმოყვარეობა არ ასვენებს და მაინც და მაინც იმ ოთახისაკენ მიუწევს გული, რატომღაც მასზე ვბრაზდებოდი, ხიფათისკენ რომ მიილტვოდა, ერთხელაც გააღებს კარს და იქ უამრავ ჩონჩხს აღმოაჩენს, ესენი ყველა სახლის პატრონის ყოფილი ცოლებია, რომლებიც ასევე ცნობისმოყვარეობამ არ მოასვენა და იმსხვერპლა კიდეც, ამ დროს კარებში ვაჟი შემოდის, ბრაზისაგან იცვლება, ცოლი რომ იმ ოთახში დაინახა და ის ცოტა ხანში მონსტრად იქცევა, დაუგრძელდება ფრჩხილები, კბილები, ფერიც ეცვლება, გოგონა გარბის და სასწაულებრივად უსხლტება ხელიდან ამ კაციჭამიას. დღესაც, როცა ფილმებს ვნახულობ მანიაკებზე, ან მესმის ვიღაცის საშინელ ქმედებებზე, ის მაქცია მახსენდება, იმდენად ღრმა კვალი დატოვა ჩემს ბავშვურ მეხსიერებაში. გუშინ ტელევიზორში მოვუსმინე, ზუგდიდის რაიონის რომელიღაც სოფელში პენსიონერი ქალი აწამეს, მგონი, 80 ლარის გულისთვის, თითიც მოაჭრეს, ნუთუ, დღეს, 21-ე საუკუნეში კიდევ დადიან ასეთი ავადმყოფები?! თანამედროვე მაქციები, პირში რომ გიცინიან, სახეზე ნიღაბაფარებულს კი ყველაფერი უბედურება შეუძლია ჩაიდინონ. გაოგნებული ვარ!
Monday, May 24, 2021
მოკლე ბიოგრაფია
მაია დიაკონიძე დაიბადა 1962 წლის 11 დეკემბერს ქ. თბილისში. განათლებით ეკონომისტია, ოცამდე სამეცნიერი შრომისა და სტატიის ავტორი. მისი ლექსები და პროზაული ნაწარმოებები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: "ლიტერატურული საქართველო", "მწერლის გაზეთი", "დილა", "ლიტერატურული მესხეთი". არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის: "შოთაობა" (ორგზის მეორე პრემია), "ემიგრანტის წერილი", "წმინდა ნინოს ფესტივალის" ორგზის ნომინანტი, "ივერია-ბრილიანტის" პრემია "საუკეთესო ნოველისთვის", საბავშვო პროზა "ბუკნაჭოს" მესამე პრემია და სხ. არის ოთხი წიგნის ავტორი, მათგან ერთი ლირიკული ლექსების კრებულია.
Sunday, May 23, 2021
წმინდა დავით აღმაშენებელს!
მე ისევ ვხედავ გმირის მხარ-მკლავს, შუბლს ნაოჭიანს,
ეს მიწა-წყალი შენს ბაგეთგან დანალოცია,
ძლევამოსილი გამარჯვების მეოხი შენ ხარ,
მაგრამ შენს მამულს, კურთხეულო, კვლავ უნდა შველა.
უმანკო შველის გამოხედვა გულს ლოცვით ბანგავს,
მზე გვეურჩება, მძლეთამძლეო, უშენოდ კვლავაც,
ამოშანთე და დაამარცხე მოშურნე ერის,
წმინდანო, ზეცით გადმოგვხედე ფრთიანი მზერით.
გაგვიცხოველე სიყვარული ერთურთის მიმართ,
რომ კვლავ დავიცვათ ბაგრატიონთ ძირძველი მიწა.
რომ სამშობლოსთვის გავსალკლდევდეთ, ფიქრებშიც ერთნი,
გველეშაპივით აღიგავოს ვერაგი მტერი,
გაგვიდიდგორე ბრძოლის ველი ყველგან და მარად,
რომ ატლანტივით შევეხიდოთ მორღვეულ კარავს,
დიდო მეფეო, დღის ნათელს თუ შენეულ მზერას
ვგრძნობთ ალიონზე, უსასრულოს, მშობლიურს ჯერაც.
მოგვახდევინე ღვთის და ერის წინაშე ვალი,
წინ გაგვიძეხი, გამჭრიახი მოგვავლე თვალი,
ძლევამოსილს და ერთს თუ ხედავ, ქვეყანას მთლიანს,
გაგვითენდება მონანიეთ მზიანი დილა!
.
დგანან ისინი...(შოთაობის კონკურსისთვის)
ვარდის სურნელს არა მიჯობს (სიმღერა დაწერა და შეასრულა ნატალია ჭელიძემ)
ვარდის სურნელს არა მიჯობს,
Saturday, May 22, 2021
მინდა მეცვას ფერიების კაბა (შაირ-კაფიაობა, ელგუჯა ციგროშვილი, თინიკო ჭეჟია, მაია დიაკონიძე)
მინდა მეცვას ფერიების კაბა,
თინიკო ჭეჟია:
შენ რა დევები ირჩიე,
რა გზა-ხიდები ჩაგიტყდა,
სულელ დევს ვერ მიგათხოვებ,
რა სიყვარული აგიტყდა?
22.05. 2021წელი
მაია დიაკონიძის პასუხი თინიკოს:
რომელ გზასაც დავადექი,
ყველგან ბაყბაყდევი დამხვდა,
საგმირეთი, როგორც ვატყობ,
იმ ქვეყანას გადასახლდა.
22. 05. 2021წ.
მიდის, მიდის გაზაფხული... (სიმღერა დაწერა და შეასრულა ნატალია ჭელიძემ)
მიდის მიდის გაზაფხული,
მიდის ტრფობის, ვნების ცეცხლი,
უბრალო დღეს შეერევა
დღე ერთი და დღენი ბევრი.
გაგიხსენებ, გამიხსენებ,
შეგვეწევა ცაში ღმერთი,
კვლავ იფეთქებს გაზაფხული,
ისევ დაგვწვავს ტრფობის ცეცხლი.
აყვავდება ნუში, ია,
ვარდის კოკორს დილა ეტრფის,
ხელს ჩავჭიდებთ ჩვენ ერთმანეთს,
გავფრინდებით ცაში ზევით.
Friday, May 21, 2021
ჭადრაკის თამაში (მოგონებებიდან)
ისევ მოგონებებიდან: ჩვენს ოჯახში ჭადრაკის კულტი იყო, ის ფიგურებიც კი მახსოვს, რომლითაც ჭადრაკს ვთამაშობდით პატარაობიდან: ნამდვილი ხის, მოთეთრო, ლაკგადასმული, ჭადრაკის დაფაც რატომღაც მოყვითალო, მოყავისფრო ფერებში იყო. მამას თვითონ ძალიან უყვარდა ეს თამაში და ჩვენც, ხუთივე და-ძმას გვასწავლიდა. ყოველ დღე აუცილებლად უნდა გვევარჯიშა, სხვადასხვა ცნობილი მოჭადრაკეების პარტიებს ვარჩევდით, ვსწავლობდით,ასე რომ, საკმაოდ დახელოვნებული ვიყავით. მახსოვს, ჩემმა დამ, მედეამ ერთ ტურნირში გაიმარჯვა კიდეც. მამას ხშირად დავყავდი ჭადრაკის სასახლეში, იქ გავიცანი ნანა ალექსანდრია, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ ჩემზე ამ შეხვედრამ, მამა სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა სხვადასხვა გაზეთებში, ამიტომ სპორტთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, მე ჭადრაკის თამაში დიდად არ მიზიდავდა, მამაზე ვბრაზდებოდი კიდეც, რა გაგვიწყალა-მეთქი გული, მაგრამ მერე არაერთხელ გამომდგომია, თამაშში ბიჭებისთვისაც ხშირად მომიგია ხოლმე, უკვირდათ, საიდან იცი ასე კარგად ჭადრაკიო.
ზღვა ვარ, ზღვა ვარ (სიმღერა დაწერა და შეასრულა ნატალია ჭელიძემ)
ზღვა ვარ, ზღვა ვარ საფირონის,
როცა ვტირი, ტალღებია,
არც არავის ვყვარებივარ,
არც არავინ მყვარებია.
გამოგზავნის ზეცა სხივებს,
გულზე ნაზად მადნებიან,
მეგონა, რომ მას ვუყვარდი,
თურმე, არც მას ვყვარებივარ.
განრისხებით შფოთვას ვიწყებ,
ქარები რომ ატყდებიან,
დავმშვიდდები, როცა მზის ქვეშ
სანეტარო დარებია,
გული ბაგაბუგით მიცემს,
სუნთქვა გაუნაზებია,
მინდა, შემიყვაროს ვინმემ,
არ მხედავდნენ თვალცრემლიანს,
მივანდობდი ლამაზ ფიქრებს,
საფირონის თვალებიანს,
წელი წელიწადებს მისდევს,
ჩემთვის მხოლოდ წამებია.
ზღვა ვარ, ზღვა ვარ ეგეოსის,
როცა ვტირი, ტალღებია,
არც არავის ვყვარებივარ,
არც არავინ მყვარებია.
Wednesday, May 19, 2021
არ შესცივდეს იებს! (სიმღერა დაწერა და შეასრულა ნატალია ჭელიძემ)
გაავდრდება და წამოვა წვიმა,
დასველდება იეგვლივ მთა და ველი,
დამეცემა წვეთი ორი წინა,
შენ დანარჩენს შეუშვირე ხელი,
ქოლგებივით დავეფაროთ იებს,
არ შეეხოს ფოთლებს წვიმის წვეთი,
თორემ იის დასველებულ კაბას,
ხომ მოჰყვება დედამიწის ცრემლი,
დავეფაროთ, დავეფაროთ იებს,
მასზე კარგი, რა უნდა ვქნათ მეტი,
არ შესცივდეთ, არ შესცივდეთ იებს,
მიწას მათი არ შეეხოს ცრემლი.
ქალღმერთი ვარ სიყვარულის (სიმღერა დაწერა და შეასრულა ნატალია ჭელიძემ)
ქალღმერთი ვარ სიყვარულის,