Sunday, January 31, 2021

სიყვარულს ასე სცოდნია (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

 სად არ ვიყავი, ვიარე,

ქვეყანა შემოვიარე,

ზევით ვარსკვლავი დავთვალე,

ქვემოთ - ლურჯთვალა იები,

შენი თვალები მეგონა, 

გამოჩნდა მთელი მილეთი.

ვიხეტიალე იმდენი,

ვეღარ დავბრუნდე, მგონია,

გაგიჟებული დავდივარ, 

სიყვარულს ასე სცოდნია.

ცრემლით სავსე მაქვს უპენი,

ზღვებიც მიდიან, მოდიან,

კლდეები მეღობებიან 

გზებზე, შენკენ რომ მოდიან.

ცას გავუხსენი ეს გული,

შიგნით ელვა და ქარია,

გაგიჟებული დავდივარ,

მთის ამინდივით ამრია,

გულიც კი ყელს ებჯინება,

სიყვარულს ასე სცოდნია.



Saturday, January 30, 2021

სად ხარ(სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

 სად ხარ, სად ხარ, სად ხარ,

ლურჯი ლილის ზღვა ხარ, 

თუ ბეღურა ნაზი, 

ღობის თავს რომ აზის,

თუ  ღრუბელი თეთრი,

სუყველა რომ ეტფის,

თუ ხარ გედი შავი,

თეთრის ტყუპიცალი.

გავივლი ცა- მიწას,

შენს თავს, სულსა ვფიცავ,

რომ გიპოვო ისე,

ვეღარ ჰპოვებ მიზეზს,

რომ გამექცე ისევ.

 სად ხარ, სად ხარ, სად ხარ,

ლურჯი ლილის ზღვა ხარ, 

თუ ბეღურა ნაზი, 

ღობის თავს რომ აზის,

თუ  ღრუბელი თეთრი,

სუყველა რომ ეტფის,

თუ ხარ გედი შავი,

თეთრის ტყუპიცალი.

გადავლახავ მიწას,

შენს თავს, სულსა ვფიცავ,

რომ გიპოვო ისე,

ვეღარ ჰპოვებ მიზეზს,

რომ გამექცე ისევ.



Thursday, January 28, 2021

სანამ სულიც უკვე სიკვდილს წაუღია

 სანამ სულიც უკვე სიკვდილს წაუღია,

სანამ ჩემი თავი ეშაფოტზე გდია,

სანამ სტომაქიდან ამოყრიან ხორცებს,

სანამ იმას ნახავთ, რაც რომ გაგაოცებთ,

გული ჩემი, ძმებო,  ბავშვებს უწყალობეთ,

პატარებს და დიდებს, ფანჯრებიდან მზირებს,

გაყინულებს, თბილებს, ლამაზებს  და ტკბილებს,

შაქარყინულები ჩაუტენეთ ხელში,

არა ნახონ ცუდი თავის ყოფა-დღეში,

არა ჰქონდეთ იმათ წუხილი და სევდა,

ის რაც მაწვალებდა, ის რაც უკან მდევდა,

სანამ იმას ნახავთ, რაც არ გაგაოცებთ,

ყვავილებს და ყინულს ნაოჭიან მკერდზე,

ჩემი სიყვარული გაუყავით მტრედებს. 





მეძებეთ, ავტ. სალომე გოგოლაძე

 მეძებეთ!..

მეძებეთ!..რომელიღაც ლექსის, რომელიღაც სტროფზე...
თვალხილული ვტოვებ სხეულსა და მიწას,
ეს დაიწყო გუშინ ...
12- .სა და 20 - ზე,
როცა მთვარე ცაში კატასავით იწვა,
სხეულიდან გასვლა უცნაურად მოხდა,
მე დავტოვე ბინა,
მე დავტოვე სახლი,
ჩამესმოდა ქარის წუხილი და ოხვრა..
და ვხედავდი ქალაქს მეძავივით გახდილს,
ამ სრულ სიჩუმეში დარაჯობდა მოკვდავთ,
ღამე მობარბაცე ჩაძინებულ ჩრდილებს,
იდგა მათხოვარი მოქანავე თოკთან
როგორც მომაკვდავი ღმერთის მომლოდინე,
მე გეძებდი ყველგან, იმ ნაცნობი სუნით,
გზა - გზა ნაფეხურებს ვზომავდი და ვთვლიდი,
იწვა ვიღაც ბნელში იქვე, დაქანცული,
როგორც ბედისწერის ჩახერგილი ხიდი,
ჩამოწურა ზეცამ წვიმის ყველა ცრემლი,
ვერ იძინებს ვიღაც თმაჭაღარა კაცი,
ის, ვიღაცას უცდის, ის, ვიღაცას ელის,
ხრინწიანი ხველაც შეპარვია ხმაში.
აშრიალებს ქარი ფარღალალა ყუთებს,
დახრა პაპიროსმა ფილტვები და ძვლები,
და დაიწყეს ცვენა ფანტელებმა უცებ,
აჭრიალდა მიწა რაღაც აღტაცებით..
მე მოვედი!.. - ყვირის,
მე მივდივარ!.. - ვამბობ!..
თუ მომძებნით, აქ ვარ, რომელიღაც სტროფზე,
ლექსი?...
მოიცადე!..გაგიყოფდი ამბორს ,
სანამ თოვლად მოვალ 12 სა და 20 ზე.
სალომე გოგოლაძე

მთაში, ავტ, მირზა გელოვანი

მე ვდგავარ მთაში, ცივ ღრუბლებში თავაწეული,
ია და ხავსი ჩავიქსოვე აწეწილ თმაში.
და ზოგჯერ ქარი , ყაჩაღივით შემოსეული,
დალეწავს ხეებს, ნადირების ნაკვალევს წაშლის.
ყვირიან მაშინ მარად მწვანე იორის მთები,
დგანან ამაყნი მთიულურად და დიდებულად ,
მეც მომინდება, ბალახებში გავრიო თმები
კუნძის კიდეზე თავმიდებულმა.
მუხი ქვეშ ძილი, კურდღელივით თვალგაღებული,,,
და თუ უეცრად ღამის ჩიტმა შეიფრთხიალოს,
გამეღვიძება ღამე ფშვინავს ჩაშავებული
ან ბუ მეძახის 'იპოვეო, ადამიანო?'
ავდგები დილით დანამული და ჯანმაგარი,
ავასწრებ არწივს, გადავუვლი ხევებს ხმაურით
და ქვაკაცასთან წყარო რომ ქუხს, მთების ანგალი,
პირდასაბანად მე ჯიხვი ერთად ჩავუვლით.
მირზა გელოვანი

არსად აღარ მეჩქარება

არსად აღარ მეჩქარება,
დროს გავუგე ჭაშნიკი,
თითო წუთიც ძვირად ფასობს,
არ ვთამაშობ ასკინკილს.
ახლა როცა თვალს გავახელ,
მზემ თუ შემომანათა,
გულიანად მეღიმება,
ერთს ვაფასებ ათასად.
სიყვარულში დავიხარჯო,
ამას ვფიქრობ ახლღა,
ნეტავ ადრე თითო დღისთვის
ამეწია თამასა.


პიესა ავტ. მარიამ რევიშვილი

 

- სად დაკრიფე ლუკაია ამდენი ბალი? ქურდობა არ გქონდეს ნაკადრები თუარა ხო იცი, გაგაბრტყელებ დარისპანის ლავაშივით!

- გეკადრება?! ალიოშასთან.

- შენი ალიოშაა, ამხელა კაცი?! მოგცა ნება თუ?! ჩიტიც ვერ ჩაფრენილა მაგის ეზოში, ციხე-გალავანივით აქვს მზერა. იმ ბლებს ისე ევლება გეგონება დედოფალი ეჯდეს ტახტზე. რანაირად მოახერხე?

- როგორც კი ჩევედი, ჩრდილიდან დამიძახა ბალისთვის ხარ მოსულიო?! არა, სხვა საქმისთვისთქო - მივუგე. მოიწიეო, მივიწიე. ისე კი მითხრა რა საქმე უნდა ჰქონდეს 80 წლის ბებერთან 10 წლის ბარტყსო, მაგრამ რომ დევიწყე მოყოლა, გეიტრუნა მაშინვე...

- რა მოუყევი ამისთანა?

- ვერ გეტყვი!

- კიმაგრამ შენს გამზრდელ დიდ ბებიას ვერ ეუბნები და იმას უთხარი აბა?

- მაშინ დამპირდი, რომ არ გამიბრაზდები და გეტყვი.

- ფიცი მტკიცი, სამარე ვარ!

- ვუთხარი რომ ბებიაჩემს მთელი ცხოვრება შენ უყვარხართქო ...

- რაიო?! უიმე ჩემი სიკვდილიი... ჩემი კაი დავითის სული ნუ წარმიწყდებაა ... დედა, ღმერთო მომკალი ახლა, ამ წამს, ამ ჭერში. რა თქვი ბიჭოო? ვის უყვარხაროოო?

- დამანებე თავი! უფ... ხო დამპირდი არ გაგიბრაზდებიო?!

- შეხედე ამას, ორიოდე კონწიალა ბალისთვის სიყვარულობანაში მხვევ 76 წლის კუზიან ქალს და გადარევა თალხში დავმალო?! არ გრცხვენია, ცალი ფეხი სამარეში მაქვს. კაი, ბაბუაშენი ვერ გეიგებს მიწაშია, მარა მამაშენმა რომ გეიგოს... ბიძაშენმა... მამიდაშენმა... იქეთ დედაშენმა, კიდე იმისიანებმა, იმისიანის იმისიანებმა ... მეზობლებმააა... დიდუუ, დევიღუპე დუნიაზე. გაფიქრებაც მკლავს... გაგვატყავებენ რწყილივით... თავს სადღა გამოვყოფ ...

- ვერ გეიგებენ! არ ვუთხრათ! მაგი ჩვენ სამს გვეხება და ისინი რა შუაში არიან.

- ვაი მე და ვუი ჩვენთვის ავის მომასწავებელს. სუუუ! მეიწიე აქეთ, არ გეიოცა იმ ბებერმა?

- ყმაწვილობაში მიყვარდაო, მაგრამ არც მაგი იყო გულგრილი ჩემს მიმართო.

- ისემც, მაგის პირს მდუღარე! ბოვშს გეუბნება ამნაირ სისულელეს?! მთლად გამოჩერჩეტებულა.

- ეს რა არის, ერთი საათი მაყოლებდა ამბებს...

- რა გქონდა ამდენი მოსაყოლი?! არ გადამრიო ახლა.

- გადეირიე თუ გინდა, ვუთხარი ბებიაჩემს შენი ბიჭობის სურათი აქვს შენახულითქო. მარტო დაგულავდება თუარა გადმოიღებს სკივრიდან, ფუთაში გახვეულ სიძველეებს, მათ შორის შენს სურათსაცთქო და დასჩერებია, ცხარე ცრემლით დასტირისთქო...

- ახლა კი მართლა ცხარე ცრემლით დევიტირებ გაჩენას! გოდოურევია კაცი. წნევამ რო დაარტყას იცოდე ხელად გამომჟღავნდება ყორფერი.

- არაფერიც! რაც ეს ამბავი ვუამბე, პირიქით წელში გასწორებულმა გეიარა.

- არა, ვამბობ და ვის ეყურება, ე ბაღანა რიგიანი მეზღაპრე გამოვათქვა. ა, ბატონო ფაქტი, სად წოუხვალ, ერთ წამში ამომაგდო ქალი ღირსებიდან. რაიო იმან, დაგიჯერა თუ?

- არ ვიცი დამიჯერა თუ არა მარა, პირამდე კი გამივსო თასი ბალით, გამომატანა და ასე მითხრა: ,,წადი! ბებიაშენს ხელები უკოცნე შენი გაზრდისთვის, მომაკვდავი მომაბრუნეო".

მარიამ რევიშვილი

Monday, January 25, 2021

სიყვარულს ასე სცოდნია

 სად არ ვიყავი, ვიარე,

ქვეყანა შემოვიარე,

ზევით ვარსკვლავი დავთვალე,

დამციმციმებდნენ მილევით,

შენი თვალები მეგონა,

მოჩანდა მთელი მილეთი,

ვიხეტიალე იმდენი,

ვეღარ დავბრუნდე, მგონია,

გაგიჟებული დავდივარ, 

სიყვარულს ასე სცოდნია.

ცრემლით სავსე მაქვს უპენი,

ზღვებიც მიდი და მოდიან,

კლდეები მეღობებიან

გზებზე, შენკენ რომ მოდიან.

ცას გავუხსენი ეს გული,

შიგნით ელავს და ქარია,

გაგიჟებული დავდივარ, 

მთის ამინდივით ამრია,

სულიც კი ყელს მებჯინება,

კლდეებს შევბმივარ აბჯრიანს,

თუ ვეღარ მნახე, იცოდე,

დაგრჩება ჩემი ჯავრია..

.




"დებილი ხარ, უსაქმური"

 "დებილი ხარ, უსაქმური"

ასე ამკობს შუადღეს
მეზობლის ქალს ქმარი, შვილი,
არც თვით არის უარზეა,
ოღონდ იმათ არ ეჩხუბონ,
საჭმელი აქვს ქურაზე,
ეს ამბავი დღეს დილიდან
ჩიტუნებმა მიამბეს.

"დებილი ხარ, უსაქმური,
ნოლის ტოლიც არა ხარ,
შენ თუ გარდაიცვლები,
არ დააკლდე ქალაქსაც,
შენნაირი, ვიცოდე,
მიწას ნეტავ რად დააქვს?!"
ეუბნება ქმარ-შვილი
მეზობლის ქალ სანათას,
ამბავია ნამდვილი,
კი ჰგავს ტყუილს და არაკსაც.


Sunday, January 24, 2021

წვიმა ( ასი სიტყვა) მოგონებებიდან

   ბებია დილაადრიან შეუდგა საქმეს, დედას დიდი სათლი გამოართვა და საწვიმარ მილს შეუდგა, არ შეეპუა კორპუსის მეზობლების გაოცებულ და დამცინავ მზერას. ორი დღე ელოდა მის გავსებას, გაზაფხული და წვიმების სეზონი ხელს უწყობდა! სახლში შემოიტანა, ცოტას შევათბობ და ბავშვს თავს გადავბან, თმები აღარ დასცვივდება, ბებიაჩემი სულ ნაწვიმარი წყლით მბანდა თავს, ვერა მქონდაო დალალებიო?! სათვალეებიც გაიკეთა, რამე ჭუჭყი არ შემიყვეს წყალსაო და თვალებს არ დაუჯერა, ჭურჭელი ტალახიანი წყლით იყო სავსე. ოინი მომიწყვესო და მეორე დღეს ექსპერიმენტი გაიმეორა. შედეგი იგივე აღმოჩნდა. ოჯახის წევრებს გაკვირვებული მზერა მოგვატარა, - ამ ქალაქში წვიმაც ტალახიანი მოდის, ნეტავ აქ როგორ ცხოვრობთო?! - წაილუღლუღა და გულდაწყვეტით გადმომხედა. მეორე დღეს სოფლის გზას დავადექით მე და ბებია.

ლალების მზეო!(სიმღერა)

 ო, ლალის მზეო,

როგორ ვწუხვარ,
ვერ შემოგიშვი
ჩემს სასულეთში,
თუ ვერ მოვესწარ
დღის გათენებას,
სხვამ იბანაოს
ლალების ტევრში.

ო, როგორ ვწუხვარ,
ო, როგორ ვწუხვარ,
რომ ვერ შეგიშვი
ჩემს სასულეთში,
ერთადერთი ხარ
ლალების მზეო,
რომ მეძახოდი
შენს სამოთხეში.
თუ ვერ მოვესწარ
დღის გათენებას,
სხვამ იბანაოს
ლალების ტევრში,
სხვამ იბანაოს
ლალების ტევრში.
მე კი უნდობი
ღამის ასული
გავიფანტები
ქარსა და მტვერში,
გავიფანტები
ქარსა და მტვერში.
სულის ცხონება
თუ კი მეღირა
მაშინ შევხვდებით
ლალების ტევრში,
ლალების მზეო,
ლალების მზეო,
დავრჩებით ერთად,
შუქსა და ფერში.





ავტ. ირმა კვაშილავა

გაყინული სული ფიფქებს ეფერება,

თვალში ციმციმებენ სევდის ლოლუები,

მთვარე მოფარფატე ღრუბელს ჩაეხუტა,

მე კი ჩემს სატკივარს ღამეს მოვუყვები...

ბორგავს ხევის პირას დიდი ნაკადული, შენგან ნაწამები. ფიქრებს ვეფერები გზები მომენატრა ტყეში გაკვალული, დილის გარიჟრაჟის შორი ყრუ ბგერები... შენი სიყვარულიც ვეღარ გადამარჩენს, ქარი გაიყოლებს სულის რაფსოდიას, ყველას ვეხვეწები, ნუ დაიძინებენ თუკი გულის კარებს დატოვებენ ღიას... სულის გასაღები შენშიც ვერ ვიპოვე, ვრჩები კვლავ ეული, ძალა მილეული, ზღაპრის ბოლო გვერდი უკვე დაიწერა, ქარმაც მომაყარა სუსხი მისეული... / ი. კვაში/

ერთსტროფიანი

 სიყვარულის ფეიერვერკი დამიყენეს დილიდან,

ეს ვარდები გამოგზავნეს, როგორც ჯადო, თილისმა,
გამომგზავნი ვინღა არის, ალბათ, ყველა იკითხავთ,'
მე თვითონაც რომ არ ვიცი?! არ დავიწყებ კირკიტსაც.

Saturday, January 23, 2021

დათოს! ავტ. ლელა პავლიაშვილი

 გავიგე რომ აქ აღარ ხარ,

გავიგე რომ წახვედი,
თან წაიღე ბავშვობა და
შენი დიდი სახელი.
ან შენ, ან მე რა ვიცოდით
მთელის, ანდა ნახევრის,
გულის გულის კუნჭულები
გადავაბი სახვევით.
შენ – უჩემოდ, მე – უშენოდ,
დროს გავყევით გათელილს,
გზა-სავალი გაგინათოს
ზეციერმა სანთელით.
28,12,2020
გქონდეს ჩემგან

Friday, January 22, 2021

შევიფეროთ ასაკი (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ

  დრო მიდის, დრო მიდის, დრო მიდის,

დრო ულმობელი მიდის, 

დრო მიდის, დრო მიდის, დრო მიდის, მიდის,  მიდის...

წარმოდგენა შეჰქმნიათ თავზე ძალზე დიდი,

ზოგიერთებს ჰგონიათ თავი ნორჩი კვიცი,

დრო კი ულმობელია, მიდის, მიდის, მიდის, 

მოვიხედავთ, გამოგვრჩა თურმე რაღაც დიდი.

დრო მიდის, დრო მიდის, დრო მიდის,

დრო ულმობელი მიდის, 

დრო მიდის, დრო მიდის, დრო მიდის, მიდის, მიდის...

მიდის როგორც სახადი, აღარ განმეორდება,

მხოლოდ მაჯის საათის წიკწიკი მეორდება, 

სანამ მთვარე ანათებს, სანამ სული ცხონდება,

შევიფეროთ ასაკი, ისიც არ მეორდება.

დრო მიდის, დრო მიდის, დრო მიდის,

დრო ულმობელი მიდის, 

დრო მიდის, დრო მიდის, დრო მიდის, მიდის, მიდის...




Thursday, January 21, 2021

ასე რატომ დავისაჯე?!

ჯერ და, მერე ძმა წამართვა,
გაისარჯა, იცოცხლე,
როგორც მელამ, ქურდბაცაცამ,
მოუსწრაფა სიცოცხლე,
წუთისოფელს, ვერაგს, უნდილს,
როგორ ვენდე ვიწროზე,
ასე რატომ დავისაჯე, 
ღმერთო, ნეტავ, ვიცოდე!










Wednesday, January 20, 2021

ესსე - "აგონიაა, თუ მართლა ჰგონია ვიღაცას, რომ ბედნიერი ვარ?!"(ავტ. სოფიო ჭელიძე)

     სანამ ჰაინრიხ ბიოლის ნაწარმოებზე "ჩემი ნაღვლიანი სახე" გადავიდოდე, მინდა, ერთი ისტორია მოგიყვეთ გოგონაზე, რომელიც ზღვაზე გავიცანი. ის ზღვის ნაპირზე ყოველთვის დედასთან ხელჩაკიდებული დადიოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ყურადღება უფრო დედამისმა მიიქცია.  ქალბატონს მუდმივად ერთნაირი სახე ჰქონდა, არასოდეს მინახავს  მოწყენილი ან  მხიარული. ბეღურასავით მოჟღურტულე შვილთან შედარებით  ყოველთვის უემოციო და მდუმარე იყო.  როგორც დედაჩემმა მიამბო (ისინი ერთი სოფლიდან იყვნენ), ის ყრუ და ბრმაა. თუმცა დაბადებიდან ასეთი არ ყოფილა, 5-6 წლისა იქნებოდა, მდინარის პირას ნაღმი აფეთქებულა, მსხვერპლიც ის გამხდარა, ვერც გაიგეს, ვისი ნამოქმედარი იყო ეს ბოროტება, სავარაუდოდ, ვიღაცა მაღალჩინოსნები თევზაობდნენ იმ ადგილებში, გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა, ბებიაჩემიც ემოწმებოდა ამ ამბავს, საბჭოთა დროში ტყუილ-მართალის გარჩევა ძნელი იყო. ისეთი პროპაგანდისტული მანქანა მოქმედებდაო. ეს ამბავი მიიჩქმალა, გოგონა ცოტა ხანი ატარეს ექიმებთან, მაგრამ არაფერი ეშველა, დედ-მამას შვილის სარჩენად პენსია დაუნიშნეს და მორჩნენო ყველაფერს. ამ ამბავმა გამაოცა, ადამიანს სახე წაართვეს და, არა მარტო,  ისე, რომ პასუხიც არავის უგია. გოგონა და დედამისი ერთმანეთს თითების შეხებით ესაუბრობდნენ, ვერ ვხვდებოდი, როგორ? ინტერესით ვადევნებდი თვალს ზღვის ქაფში მსხდომარე დედა-შვილს. ქალი  ძალიან ლამაზი იყო, ღვთიშობელს ჰგავდა. არც იყო გასაკვირი, რომ ახალგაზრდობაში ერთ თანასოფლელს უგონოდ შეყვარებია. მის მშობლებთან სათხოვნელად რომ მისულა, ისინი ატირებულან, - ბიჭო, შენ ამას როგორ მოუვლი, იცი, რამდენი რამე სჭირდება, რა ძნელია მისი მოვლაო?! - არაფერია, ჩემს ხელში ბედნიერი იქნებაო, - და წამოუყვანია. ქალი  ახალ სახლს მალე შესჩვევია, შვილის ყოლაც ძალიან გახარებია, ესეც, რა თქმა უნდა, თავის ენაზე უთქვამს ქმრისთვის, რომელმაც ყველა მისი ჟესტი ზეპირად იცოდა. ბავშვს ხელს უსვამდა თურმე სახეზე, სწავლობდა, როგორი ცხვირი აქვსო, ტუჩები.  თვალებზე ეფერებოდა, თუ სისველე მოხვდებოდა თითებზე, ხვდებოდა, ბავშვს რაღაცა აწუხებს ან სტკივაო. ახლა მისი ქალიშვილი დიდია და თვითონ ზრუნავს დედაზე. მამა აღარ ჰყავს. ერთი მეზობლის ქალი ეხმარება, ლიანა დეიდა, ისიც დედაჩემის ხნისა იქნება, ქერა და ფუმფულა, დედა-შვილთან ერთად იყო ზღვაზე წამოსული. ყველა ნიუანსს მათი ცხოვრებიდან ის გვიყვებოდა. როგორც შევატყვე, მას გოგონაც ძალიან ეცოდება და დედამისიც, თურმე როცა გოგონა სკოლაში მიდის, დედას საპატრონოდ მას უტოვებს ხოლმე, ხანდახან მაინც შეიხედეთო, ისიც აუცილებლად ასრულებს მის თხოვნას. ქალბატონი ლიანა, სახედატუჩებშეღებილი, ცოტა ვულგარულადაც გამოიყურებოდა ჩემს თვალში, მუდმივად კისკისებდა და კაცების ყურადღების ცენტრში უყვარდა ყოფნა. როგორც გოგონამ სიცილით მიამბო, როცა სკოლიდან სახლში მიდის ხოლმე, მეზობელი ქალი წითელპომადიან ტუჩებს მიაწებებს ლოყაზე, ასე კოცნის, მერე დადის გოგონა, სახეალეწილი, როცა დრო არ აქვს, ნაპომადარი მოიცილოს.
   როცა ჰაინრიხ ბიოლის მოთხრობა "ჩემი ნაღვლიანი სახე" წავიკითხე, მაშინვე დედა-შვილი გამახსენდა, ის ქალიც ხომ ტუსაღია ამ ქვეყნის, მასაც ხომ უფლება წაართვეს, ჰქონდეს სახე, მოწყენილი თუ ბედნიერი! ზოგიერთი მეტყვის, ერთი და იგივე არ არის, ეს ქალი უბედური შემთხვევის მსხვერპლია, ის კაცი კი ტოტალიტარული სახელმწიფოსიო, აქ კი ნამდვილად შევედავები, ნაღმის დამტოვებელი უადგილო ადგილას არ იყო ტოტალიტარული სახელმწიფოს მოქალაქე?! რატომ არ დაისაჯა იგი?! დამნაშავის არპოვნისთვის რა პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფომ დაშავებულ ადამიანზე? განა აქაც არ ჩაირთო ტოტალიტარული სახელმწიფოს ყველა მექანიზმი? პოლიცია, რომელმაც დამნაშავე ვითომდა ვერ იპოვა, უბრალო მოქალაქეები, თავიანთი გულგრილობით, თუ მათ არ ეხებათ პრობლემა, ცდილობენ შორს დაიჭირონ თავი ან კვერი დაუკრან პოლიციელებს და სახელმწიფო მოხელეებს, აქაოდა რა სწორი ბრძანდებითო. ეს ქალი იმ თოლიას მაგონებს, რომელიც ზღვასთან ახლოს დაფრინავს, სხვებზე მეტად აქვს ალღო განვითარებული, გაავდრებას გრძნობს, ის სხვებისგან განსხვავდება, განსაკუთრებულია, მხოლოდ ხანდახან თუ ბედავს შეუერთდეს ზემოთ მფრენ მეგობრებს და ეს დღე ალბათ არჩევნების დღეა. წარმოვიდგენ... ლამაზი ქალბატონი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში იღებს მონაწილეობას, არჩევნებზე საარჩევნო ყუთი მასთან მოაქვთ და არჩევანს აკეთებს,  ალბათ, ყოველთვის ჰპირდებიან, რომ დაეხმარებიან. დახმარება კი არ ჩანს. .ახლა ვხვდები, რომ სწორედ ასეთი ადამიანების მანიპულირებაა ყველაზე ადვილი ხელისუფლებისთვის, ყრუ და ბრმა, რატომაც არა?! ალბათ, ფიქრობენ, ღმერთმა გვიმრავლოს ასეთებიო...
           ჰაინრიხ ბიოლის  მოთხრობის მთავარი გმირი  მშიერი და დაქანცულია, მაგრამ ბედნიერი, რადგან მშობლიურ ცას შეყურებს, რომელიც მისი დატუსაღების დღიდან არ შეცვლილა, ის ბედნიერია, თუმცა სახე ნაღვლიანი აქვს, რადგან მასზე აღბეჭდილა პატიმრობის ხუთი და ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრების დანარჩენი წლები,  ზოგჯერ თავის ნაღველსა და სამყაროში ჩაძირული ადამიანი უფრო ბედნიერია, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და ვერ ვხვდებით. სახელმწიფო მანქანა მოითხოვს იყო ბედნიერი და მაძღარი, სუფთა, და არა მარტო სახელმწიფო მანქანა, ადამიანებიც ჩვენ გარშემო. არავის არ მოსწონს ჭუჭყიანი, უსახლკარო მათხოვარი, მათ ყველა ერიდება, ისინი ყველას სძულს. წელს აღდგომის დღესასწაულზე სასაფლაოზე ვიყავი, პაპას საფლავზე, ძონძებში გახვეული ადამიანი დავინახე, ცალი ფეხი გაეშიშვლებინა, ტერფზე ხორცი თითქმის აღარ ჰქონდა, ძვლები უჩანდა, მოწყალებას ითხოვდა, დავჯექი და ტირილი დავიწყე, ვფიქრობდი, ვინ უნდა უპატრონოს ამ ადამიანს, თუ ახლობლები არ ჰყავს? ჩემი უსუსურობის გამო სასოწარკვეთილებაში ვიყავი. იმ წუთშივე ის ქალბატონი გამახსენდა, შემეშინდა, შვილის გარეშე რომ დარჩეს, რა ეშველება-მეთქი! თუმცა ხომ არიან ლიანა დეიდასნაირი ადამიანებიც?!
    ყველაზე საინტერესოდ მოთხრობაში ის ადგილი მეჩვენა, როცა ყოფილი ტუსაღი ფიქრობს, დააპუროს ცაში მონავარდე თოლიები და მიზანი მისცეს მათ ფრენას, ერთი აზრით გააერთიანოს ისინი, თუმცა როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს შვილი, ვერც ის გადაურჩება ცდუნებას, მასაც სურს უხილავი თასმები მოქაჩოს და ერთ მიზანს დაუქვემდებაროს ცაში უაზროდ მფრენი და მყვირალი ჩიტები. ასეთივე იდიას ემსახურება ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხიაში" სეთური , რომელიც ასევე ცდილობს ერთ მიზნისკენ მიმართოს  გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანების ძალისხმევა, მათი ფიზიკური თუ გონებრივი ინვალიდობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.დაბეზღება და ერთმანეთის ჩაწიხლვა ამ ინდივიდების ცხოვრების წესია, მათი მამა და მარჩენალი კი მათ ადამიანებადაც არ მიიჩნევს. ნახევარკაცები, აი, ვინ არიან ისინი მისთვის, რომლებიც მას ძალაუფლების განმტკიცებაში ეხმარებიან, ისევე როგორც ნაღვლიანი სახის პატრონ კაცზე ძალადობა პოლიციელებს აძლევს საშულებას, მთელ ქვეყანას აჩვენონ, რა ძლიერები და ყოვლიშემძლენი არიან ისინი, საყოველთაო შიში და მორიდება კი, რაც იქ გამეფებულა, ამის დასტურია. ხელზე ძეწკვის გაკეთებაც კი პოლიციელის მიერ, იმის ტოლფასი იყო, რომ ადამიანი განწირულია, მას დახრჩობა ურჩევნია სატუსაღოში ყოფნას ან სადმე პოლიციელის ტყვიით ჩაძაღლებას, ყველაზე საშინელება კი ისაა ჩემთვის, რომ სადამსჯელო ღონისძიებაში პედაგოგიცაა ჩართული, რომელმაც ჩვენ უნდა ჩაგვინერგოს სწრაფვა თავისუფლების იდეალებისკენ, ამ მოთხრობაში კი იგი ყველაზე ღირსებაშელახულ და საცოდავ ადამიანადაა წარმოდგენილი, როცა იგი პოლიციელის დანახვაზე სამჯერ მოირტყამს თავში ხელს, რითაც მისადმი უსიტყვო მორჩილებას გამოხატავს, ხოლო შემდგომ წესისამებრ სამჯერ შეაფურთხებს ყოფილ მოსწავლეს, რომელიც სინამდვილეში  უნდა დაიცვას და რომელსაც უნდა გამოესარჩლოს. ფუმფულა ქერა ქალი კი, ე. წ. მეძავი, ერთადერთი ადამიანია, რომელიც თანაგრძნობას ამჟღავნებს დაპატიმრებულის მიმართ და საჰაერო კოცნას უგზავნის, ამ მოთხრობაში თითქოსდა მხოლოდ მას შეუნარჩუნებია ადამიანობა, თვითონ ცოდვების ჩამდენს აღარ უკვირს სხვისი ცოდვა.
    ერთია, როცა მშრომელი ადამიანები მიისწრაფვიან რაღაცა მიზნისკენ, ეს იქნება კომუნიზმი, გვირაბის ბოლოში გასვლა და  ზებოს მიერ ზარების ჩამოკვრა, თუ კიდევ სხვა რაღაცა, იგი ჭაპანს სწევს, ოფლში იწურება, ყოველგვარ გაჭირვებას ითმენს, მაგრამ ძნელია ნიღბით სიარული, ბედნიერი სახე გქონდეს, როცა არ ხარ ბედნიერი, როცა იცი, რომ არავის ჭირდები, შენზე არავინ ზრუნავს, შენ არავინ ხარ, მხოლოდ არჩევნების დროს ერთი ხმა. მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ზოგჯერ ნაღვლიანი თუ ბედნიერი სახის ქონა პრეროგატივაა. ერთი პოეტის სიტყვით ვამთავრებ ჩემს ესსეს:
                                     
                             "ჩამომდნარ ხელებში ჩავბღუჯე
                             მე ჩემი ოცნება, ჰაერში ვკიდივარ,
                             ვერც ზეცას მივწვდი და
                             ვერც დაბლა დავეშვი, -
                             ქვეყნისთვის ტვირთი ვარ!
                             აგონიაა, თუ მართლა ჰგონია ვიღაცას,
                             რომ ბედნიერი ვარ?!"

Sunday, January 17, 2021

ერთსტროფიანი

 ვხედავ, უკვე ფინალისკენ მივდივარ,

ვერ ვეღირსე დამშვიდებულ ცხოვრებას,
რაც ვიწვალე, ისიც წყალში ტივტივებს,
დამრჩა ერთი - ბავშვობის მოგონება.

ჯერ თუ არ მიცნობ

 ჯერ თუ არ მიცნობ, როდი ნიშნავს, არ მომისმინო,

იქნებ მწყურია ვიღაცასთან ენის ტრიალი,

იქნება ვკვდები და ამჯერად მინდა გადავრჩე,

ისევ ავყვავდე, კვლავ გამიჩნდეს თვალში ციალი.

იქნებ, შენა ხარ, ვისაც ვეტრფი ასე შორიდან,

შენს ფანჯარასთან ტოტებში ვარ ვარდი გაჩრილი,

გთხოვ, მომისმინო, მიხარია, რომ მე დღეიდან

შენი ექო ვარ, შენი ლანდი, შენი აჩრდილი,

ქარი რომ არწევს და ძალუმად ხრის ამ ლიანებს,

ქედმოდრეკილი ეს მე ვდგავარ კვლავ შენს წინაშე,

ქედზე დავიდე სიყვარულის მძიმე ბორკილი, 

გთხოვ, მომისმინო ყურადღებით, თუნდაც დილამდე.

 ჯერ თუ არ მიცნობ, როდი ნიშნავს, არ მომისმინო.




ავტ. ირმა კვაშილავა

 სადღეგრძელო საქართველოზე

მინდა შევსვა სადღეგრძელო ჩემი კუთხის, ჩემი მხარის, ჩემი დედა - საქართველოს, ღვინო შევსვა სავსე თასით. ვადღეგრძელო ჩვენი ბგერა, იაკობის "დედა-ენა", შოთას "ვეფხისტყაოსანი" და ილიას სიტყვა ზენა. ვაჟას ია, თუ წიფელი, ჩემი სულის ქნარზე უკრავს, ვადღეგრძელო ის ბუნება, რასაც მისი ენა უდგას.. ვადღეგრძელო ყველა ის, ვინც მამულისთვის თავს გაწირავს, ვინც მტერს მტრულად დაუხვდება, ვინც სამშობლოს მიწას იცავს, ვინც სიკეთის მთესველია, ვინც მოყვარის მძებნელია და სხვა ქვეყნის მიწა- წყალზეც უდრეკელი ქართველია! ჩვენი დედა - საქართველო, სალოცავი, საფიცარი, იყოს ყველა ქართველისთვის უკვდავების წყაროს თვალი.! / ი.კვაში/

ეს იანვარიც გაივლის (ერთსტროფიანი)

 ეს იანვარიც გაივლის, როგორც თეთრქუდა ზამთარი,

ის ვნება, ის სიხარული, რაც იყო, უკვე არ არის,
გაზაფხულს არ ველოდები, არც ზაფხულია წამალი,
შემოდგომური მზე მიყვარს, როგორც ჭრელკუდა მამალი.

ერთსტროფიანი

 დაფანტული ვარ ათას ნაწილად, 

თითო მათგანში მზეა პაწია, 

დღე დაგელოცოთ ყველას ასწილად.

ერთსტროფიანი

 ვეღარ გიცვნივარ, სიცოცხლევ,

მზე ვიყავ, მაღლა მნათია,

უფსკრულის პირას დავმგარვარ,

წაიღე, რაც მაბადია.



Saturday, January 16, 2021

ბუხარში ისევ გიზგიზებს ცეცხლი

 ბუხარში ისევ გიზგიზებს ცეცხლი, 

გიზგიზებს ცეცხლი და მეპარება,

შენს ტუჩებს ვუმზერ ორად გაპობილს

და მემატება აღფრთოვანება.

მომჩერებიხარ ველური გზნებით,

თვალებში გიჩანს ცეცხლის ენები,

თითებს გაწოდებ ასჯერ დაკოცნილს,

ნაკვერჩხალივით მეწვის ტერფები.

მეც მინდა კიდევ შემახო ბაგე,

რომ კიდევ ერთხელ დავიწვა ცეცხლით,

ამოუხსნელი ჩემთვის ხარ საგა,

თვით დორიანის მზერით და ეშხით. 

.



წარმოდგენა

 წარმოდგენა შეჰქმნიათ თავზე ძალზე დიდი,

ზოგიერთებს ჰგონიათ თავი ურა კვიცი,

დრო კი ულმობელია, მიდის, მიდის, მიდის,

მოვიხედავთ, გამოგვრჩა თურმე რაღაც დიდი.

მიდის როგორც სახადი, აღარ განმეორდება,

მხოლოდ მაჯის საათის წიკწიკი მეორდება,

სანამ მთვარე ანათებს, სანამ სული ცხონდება,

შევიფეროთ ასაკი, ისიც არ მეორდება.

Friday, January 15, 2021

ერთსტროფიანი

 ტკბილ მოგონებად შემომრჩა

ბებოს ნათქვამი ზღაპარი,
მინდა, მანამდე მოგიყვეთ, 
სანამ დამდგარა ზამთარი.

ავტ. მირზა გელოვანი

მსუბუქი ბინდი, თითქოს ჩურჩული,
ფრთხილი ნაბიჯით მომყვა კარამდის.
ბაღიდან ლურჯი, როგორც ურჩხული,
მხრებს მიჩვენებდა მე მასკარადი.
კართან სისველეს და შრიალს შორის,
შეხვედრას ჩვენსას იცრიდა ბაღი,
მე - აქილევსის ნიღაბით შავით,
შენ - უთეთრესი ლედის ნიღაბით.
ო, ეს შეხვედრა სხივს უარილოს
ვედრებასავით სულში შეიტანს.
თითქოს საარი, თითქოს ალილო,
დაგვღუღუნებდა მხრებთან ფლეიტა.
სცემდა მუსიკა ლამაზ კოსტუმებს,
გიჟ ცეკვებს, მკლავებს, გაღეღას ღილის,
მე მაგიჟებდა შენი დასტური,
მაგრამ ნიღაბი მიშლიდა ღიმილს.
ბოლოს დავშორდით... დათენთილს, დაღლილს,
დამრჩა სევდა და მხრებით დამჩრდილა,
და აქილევსმა დავტოვე ბაღი -
ქუსლში კი არა, გულში დაჭრილმა.
შენ კი სად წახველ? გულისნადები
ვის გავუმხილო, როგორც ვედრება,
ყოველდღიური მასკარადები
მიჰქრიან უხმოდ, შეუხვედრებლად.
მიჰქრიან, როგორც ირმის ფეხები
სტეხენ ღამეს და ისმის დგანდგარი.
დღეს ფერს და ხალისს დავესესხები
და მზესთან ერთად მთაზე ამდგარი
ვიყვირებ, რომ გზა გაწვა პირიქით,
რომ დღე შეხვედრის ჩვენიდან გარბის,
რომ დამეკარგა შენი ბილიკი
და მწამებელი წარაფი-წარბი.
ოცნების რხევა იმედებს შველის,
დავივლი ბაღებს, როგორც კულისებს.
არსად შემხვედება ნიღაბი შენი -
და უშენობა გამაგულისებს.
არსად შემხვდები... მაღალ პროფილებს
ქარი არხევს და ხეებს ანებებს,
არც შენზე ფიქრი მაკმაყოფილებს,
არც დღენი მოაქვთ შემოღამებებს.
მხოლოდ სურვილი შორით იალებს
და შეხვედრისთვის იმედს მიქეზებს
და ვამბობ: ზიზღი ყველა ნიღაბებს,
როგორც გათიშვის პირველ მიზეზებს.

მირზა გელოვანი 

ერთსტროფიანი

 ფანები ვერ გავიჩინე,

რომ გამეშვა ფრანები,

კუდი შემრჩა ბოლოკის 

გველთან მინამგვანები.

გამონათქვამებიდან

 არავინ იცის, ვის რა დღე ადგას,

დარდობს და მერე დარდს ქარებს ატანს,
ჩვენ კი ვეძახით უდარდელს, ამტანს.

მოგონებებიდან

 მხოლოდ ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ ჩემები იმერეთში ჩემს პატარაობაში, სულ მიკვირდა, - რატომ? - ვეკითხებოდი ბებიას, ნამდვილი ახალი წელი ახლა არისო,

მეტყოდა და ჩემს საყვარელ პიტნის კანფეტებს ჩამიყრიდა მუჭში, ორივეს გვიყვარდა, შოკოლადზე არასოდეს ვეფეთებოდი, ერთადერთი, გრილიაჟზე არასოდეს ვამბობდი უარს, მგონი ციყვი ეხატა, მშობლები სპეციალურად ყიდულობდნენ ჩემთვის საახალწლოდ, დათუნიებით, ყარაყუმით, წითელქუდებით გაივსებოდა სახლი, ნახატები უფრო მომწონდა, ვიდრე შიგთავსი, ბებია დამიბრაწავდა წიწილს, ხაჭაპურებს დამიცხობდა, მათი გემო ახლაც მახსოვს, მერე კარალიოკებს ჩამომიკრეფდა პირდაპირ ხიდან, ამ დროს იმერეთში ყოველთვის თოვლი იდო, გავიდოდით გარეთ, სიცივესაც ვერ ვგრძნობდი, ჭყეტელა ფერის კარალიოკების ყურებას და ჭამას არაფერი სჯობდა. მეტყოდა, ახალი წლის ღამეს რასაც ნახავ, აუცილებლად აგიხდებაო. მართლაც ასეც იყო და არის, სწორედ ამ დღეებში ვნახულობ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, რომლებიც ზოგჯერ წლების მერეც კი მიხდება. დღეს ღამით სირინოზები ვნახე სიზმარში, სახლში მესტუმრნენ, ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს?! გილოცავთ, მეგობრებო, კალანდას! ხვავი და ბარაქა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს!

Wednesday, January 13, 2021

სატრფიალო (სიმღერა) შეასრულა მაია სიჭინავამ, მეც დავწერე მზა კომპოზიციაზე

 ფერმიხდილი თუ შემოგხვდი სადმე გზაზე,

მინდა მიხვდე, შენზე ფიქრმა გამათეთრა,

რაც წახვედი, არ მეღირსა ტკბილი ძილი,

ნეტავ, რატომ გადამეცი ანათემას.

შენ წამართვი სილაღე და ფრთაგაშლილმა

ვეღარაფრით გადავლახე სახლის ზღუდე,

გელოდები, კვლავ აქედან გაუსვლელად

იმედები დავიტოვე, თურმე ფუყე.

სად ხარ, სად ხარ, იქნებ ხმა ხარ არ მოსული,

ან არწივი, ლურჯ ღრუბლებში აფრენილი,

იქნებ გედი, აქვე ტბაზე მოცურავე,

იქნებ სვეტი, მზის სხივისგან არეკლილი.

თუ შემომხვდი, დამინახე ფერმიხდილი,

მიხვდი, შენმა სიყვარულმა გამათეთრა,

არაფერი არ ყოფილა დრო,  მანძილი,

დაგინახო, იმას ვნატრობ, ჩემო ერთავ.






ავტ. მაია წიკლაური

 გალოთებას თუ დავიწყებ, გამაჩერე,

სიყვარული მტკივა როგორც ნაკეთრალი,
ჭრილობაზე მომეფერე და მაჩვენე,
სხვა ლოთები, სიყვარულის სუნთქვით მთვრალი,
თავის მოკვლას თუ ვაპირებ, გამომტაცე
ფიქრებს,
თითქოს ეს გზა წაშლის ყველა ცოდვას ,
გადახტომას დავაპირებ, ხელი მტაცე,
მითხარი რომ
დროა მოვრჩე შენზე ბოდვას,
დამაწყნარე, იქნებ ჩემით მივხვდე რამეს,
იქნებ შიშებს დავემალო მზის სხივებში,
შევურიგდე იქნებ მთვარეს და ბნელ ღამეს,
ისევ ჩავწნა გვირილები შენს ღილებში,
იქნებ ისევ შეგიყვარდე, როგორც მაშინ,
ჩემთან ერთად ზღვის კენჭებს რომ აგროვებდი,
ისე ნაზად გამიყარე თვალი თვალში,
რა ვიცოდი, თუ როდისმე დამტოვებდი,
წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ
ვეღარ ვდგები,
თითქოს მიწამ შეიწოვა ჩემი ძალა,
ასე სუსტი ნეტავ რაში გამოვდგები,
უცებ ჩემი სიბეჩავე შემეზარა,
წამოვდექი, მხრები ფართოდ გადავშალე,
მთელი მკერდით ჩავისუნთქე ღმერთის მადლი,
შენს ღალატში მე არა ვარ დამნაშავე...
ყველა გრძნობას დაგიბრუნებ
და ნურაფერს დამამადლი.
მაია წიკლაური

ავტ, კავალი შანავა, ფეისბუქზე მომწერა

 Kavali Shanava

გული ამიჩუყა თქვენმა ლექსებმა. 
გაზაფხული მოვიდაო 
გუშინ ჩიტმა მახარა 
ქალბატონო გოგონებო 
მე გავხსენი დახურული სიყვარულის ფანჯარა 
აბა ჩქარა აბა ჩქარა ჩქარა ჩქარა ჩქარა. 
კ. შ.

ცოტა გადაკეთებული ჩემ მიერ

გაზაფხული მოვიდაო,
გუშინ ჩიტმა მახარა,
ქალბატონო, გოგონებო,
გამოვხსენი ფანჯარა
სიყვარულის, აბა, ჩქარა,
გელოდებით, ჩქარ-ჩქარა,
მე, კავალი შანავა.

როგორ მინდა მალე გნახო 
სიყვარულის ყველა ზღვარი გადავლახო 
და თუ მეტყვი ჩუმად რად ხარ ! 
შენ გგონია არ მიყვარხარ?

ღმერთო ეს ცხოვრება ხომ რულეტკაა 
და ის ერთადერთი შავი ტყვია 
ნეტა ჩემთვის ვინ გაიმეტა.

შავი თვალები შავი თვალები 
შავი თვალები ეშხის მგვრელია 
შავი თვალები ბევრის მთქმელია 
მინდა რომ გითხრა სიტყვა ფერია ფერია 
ფერია ფერია ყველაფერია.

ცისარტყელას ფერებით მოხატულო თვალჟუჟუნა ფერია 
ამდენი ხნის უნახავსა გული გადამერია 
გაზაფხულდა ჩიტუნები სიყვარულზე მღერიან, 
აყვავილდა ფშატი, ნუში, ტყე და მინდორ-ველები, 
როცა გნახავ, ჩემო კარგო, ოხ, როგორ მოგეფერები, 
დაგავიწყო იქნება ცრუ სიტყვების ბრახაბრუხი -სხვისგან გამოგზავნილის, 
შენ ღირსი ხარ, რომ ატარო სიყვარულის მანდილი, ჩემგან გამოგზავნილი, 
ეს გულიდან მოწყვეტილი სიყვარულის სიტყვები
მე პოეტმა ,,შაკა" ლაკადელმა შენ მოგიძღვენი !


Tuesday, January 12, 2021

Невозможно, ВЛАДИМИР МАЯКОВСКИЙ, ИЗ ПОЕМЫ "ЛЮБЛЮ" შეუძლებელია, ვლადიმერ მაიაკოვსკი, (თარგმანი რუსულიდან)


    Невозможно

Один не смогу —
не снесу рояля
(тем более —
несгораемый шкаф).
А если не шкаф,
не рояль,
то я ли
сердце снес бы, обратно взяв.
Банкиры знают:
«Богаты без края мы.
Карманов не хватит —
кладем в несгораемый».
Любовь
в тебя —
богатством в железо —
запрятал,
хожу
и радуюсь Крезом.
И разве,
если захочется очень,
улыбку возьму,
пол-улыбки
и мельче,
с другими кутя,
протрачу в полночи
рублей пятнадцать лирической мелочи.


   
             შეუძლებელია, ვლადიმერ მაიაკოვსკი (თარგმანი ლევან ჭელიძის)









მარტო ვერ შევძლებ, 
გავიტანო მე როიალი
(და, მით უმეტეს, ეს კარადა, 
რკინის, ცეცხლგამძლე),
თუ კი კარადას 
და როიალს 
მე ვერ გავიტან,
როგორ გავიტან 
დაბრუნებულ გულს, შენ რომ მომანდე.
ამ ბანკირებმა ბევრი რამე იციან ჩვენზე,
"ჩვენ მდიდრები ვართ, უსაზღვროდ და უკიდეგანოდ,
და თუ ჯიბენი ჩვენს სიმდიდრეს ვეღარ დაიტევს,
რკინის კარადას, ცეცხლის გამძლეს, უნდა მივანდოთ".
შენი სიყვარული, 
სიმდიდრედ რკინაში,
დავმალე, 
დავდივარ კრეზივით მდიდარი
და თუკი, 
ძალიან მომინდა ღიმილი,
ნახევარღიმილი
და კიდევ სხვა რამე...
ნახევარ ღამეში მივიღებ სხვათაგან
თხუთმეტი მანეთის ლირიკულ ხურდაში.





Monday, January 11, 2021

თოვლის ქალი, ავტ. ალექსანდრე საჯაია

 თოვლის ქალი

- -
(ეთერ სვანიძეს)
ჩემი და თეთრი თოვლის ქალია
და უყვარს მარტო თოვლი და თოვა.
იგი ლაჟვარდის ერთი თვალია
და გაზაფხულზე ენძელად მოვა.
ჩემი და თეთრი თოვლის ქალია.
მან იცის ჩემთვის სიმღერა ერთი,
და რომ მიმღეროს, თურმე, რცხვენია,
მან შეინახა ცრემლები ჩემთვის,
მაგრამ არასდროს არ უცრემლია.
ჩვენი ამბავი ულამაზესი
ერთხელ ნიავმა თურმე გალექსა,
დას ნიავივით სურდა ალერსი,
მაგრამ შედრკა და არ მიალერსა.
და განა მისთვის ვწუხდი ძალიან,
და განა მუდამ იქნება თოვა?
ჩემი და თეთრი თოვლის ქალია
და გაზაფხულზე ენძელად მოვა.
1937

Friday, January 8, 2021

შობის დილა თენდებაო, ავტ. ირმა კვაშილავა

 აციმციმდნენ ვარსკვლავები,

შობის დილა თენდებაო ზარებს რეკენ, უხარიათ ქრისტე იშვა ბეთლემსაო! ღმერთმა ყველას ოჯახები ქრისტეს ძალით გაახაროს, გამრავლება, გახარება ჯანმრთელობა არ მოგაკლოთ.!

აციმციმდნენ ვარსკვლავები,
აციმცომდა ზევით მთვარეც,
ყველაფერი ჩვენს გარშემო
შეიმოსa მბრწყინავ ნათლით.


Thursday, January 7, 2021

ქარი ქრის და...

ქარი ქრის და ქარი ქრის და, აღარაფრით ცხრება,

აღმოსავლეთ - დასავლეთით წითლად ღუის ზეცა,

სისხლთან ერთად აგემოვნებს ალუბლების წვენსაც,

ქვევით ლამაზ ტახტრევანზე საქართველო კვდება

და არავის არ აქვს საქმე, ვინ როგორი ფუნჯით,

თავის სახლ-კარს ალამაზებს, ლაქლაქა თუ მუნჯი,

ყველა ცდილობს ააწაპნოს მომაკვდავს თუნდ ქუდი,

მე წავალ და სხვა დარჩება ნაცვლად ჭირისუფლის.

 ქარი ქრის და ქარი ქრის და წითლად ღუის ზეცა,

მუქი ლურჯი ყვავილები ეშვებიან ფეხთან

მომაკვდავის, რომლისაც შურს მოყვარეს და მტერსაც,

რომ ყველაზე ახლოს არის ყოვლისმყოფელ ღმერთთან,

სისხლიანი ცრემლ-წვეთებით იბურება ზეცა,

თავის კალთას ღვთიშობელი დააფარებს ნეტავ?!.




Tuesday, January 5, 2021

ველოდები თოვას (ერთსტროფიანი, მე-2 ვარიანტი)

 ველოდები თოვას, 

როგორც ხსნას და აპრილს,

თეთრი ყვავილებით 
გაივსება სახლი,
მე და შენ კი მალე 
დაფიფქულ ფრთებს გავშლით.

ველოდები თოვას (სიმღერა)

 ველოდები თოვას!

ველოდები თოვას, როგორც ხსნას და აპრილს,

თეთრი ყვავილებით გაივსება სახლი,
დაფიფქული ფრთებით წავიცეკვებ ტანგოს,
შენ თუ არა, ზეცას ყველაფერი ახსოვს.
ახსოვს ჩემი ცრემლი, ბევრი სიხარულიც,
სიგიჟე და ვნება ველურ სიყვარულის,
დაფიფქული ფრთებით წავიცეკვებ ტანგოს,
მოვფრინდები შენთან, რომ არ იყო მარტო.
გავიხსენოთ ძველი, ნაზი სიყვარული,
გავიხსენოთ როგორ ფანცქალებდა გული,
ჩვენს ირგვლივ კი ყველგან თეთრი თოვლი დათოვს,
ჩვენს ხელებსაც, მხრებსაც, თმებსაც ათოვს, ათოვს.
მაია დიაკონიძე
5. 01. 2021წელი

Monday, January 4, 2021

თუ არ დამიბრუნდები გაზაფხული იტირებს ავტ. ლია გაბუჩია

--- ლურჯთვალება ია ვარ,

გაზაფხულის ყვავილი

.სოხუმის დასაბრუნებლად

ეკლიან გზებს გავივლი.

--- გვირილები მინდვრებს ქარგავს,

ენძელები ველებსა,

ჩემი სული შენს სიყვარულს,

სიხარულის დღეებსა.

--გული დარდს რომ მიეცემა

ცაზე ვითვლი ვარსკვლავებს,

მთელს ზეციურ სილამაზეს

მე ჩემს სოხუმს ვადარებ. -

-- ასე ძლიერ რომ მიყვარხარ,

ნუთუ არ გენატრები,

დამიბრუნდი სიყვარულო,

გავახაროთ ვარდები-- ---

მოვეფეროთ ალუბლის ხეს,

ოქროსგულა გვირილებს,

თუ არ დამიბრუნდები-

გაზაფხული იტირებს

გაგზავნილია ლია-(ი)ს მიერ 27 დეკემბერი, 2020, 19:44-ზე










Aa

241