Sunday, July 28, 2024

უფალო, ახლა გვჭირდება შველა! (რელიგიური)

უფალო!
ჩვენივე თავებს ჭირად ვექმენით,
უფალო, ცოდვებს ვამატებთ ცოდვებს,
შენ სიყვარულის ნიჭით შეგვქმენი,
ჩვენ კი ვემსგავსეთ ქაჯებს და მონსტრებს.
თუ დედამიწა არის ედემი,
მაშინ რატომ სძულთ შვილებს დედები,
რად ააშენეს ყრუ, ბრმა კედელი,
რად გვატირებენ ცხარე ცრემლებით.
ან დედა რატომ დაცლილა სულით,
ათასწლიანი ამფორის მსგავსად,
რატომ დამდგარა განდგომა სრული,
ვეღარ ვსვამთ დედა - შვილობის შარბათს..
უფალო, ახლა გვჭირდება შველა,
დამძიმდა სული მუდმივი იჭვით,
ჯოჯოხეთივით თუკი შიგ ბნელა,
რომ გავინათოთ, მოგვეცი ნიჭი.
მაია დიაკონიძე
28.07.2024 წელი

ერთმანეთს გუნდრუკს უკმევენ,

ერთმანეთს გუნდრუკს უკმევენ,
დაწვეს ჩვენ შორის ხიდები,
ჩვენ პატარები ვყოფილვართ,
ისინი ჩვენზე დიდები...
თუ მართლა დიდნი არიან,
რატომ გადაწვეს ხიდები?!
მაია დიაკონიძე
27.07.2024 წელი

Saturday, July 27, 2024

 როცა თაფლივით  ჩამადნა 

პირში რძე,  - თეთრი შროშანი,

მიხვდი, მე ვიყავ ამქვეყნის

კირითხურო და მგოსანი.


 სიყვარული სიგიჟეა, ხშირად წერენ,

და მეც ვფიქრობ, ჭეშმარიტთან არის ახლოს,

სიყვარულით ააყვავებ თუნდაც ეწერს,

ოქროს ყანად გადააქცევ მტკაველ ახოს.


 ამბობენ, რომ დედამიწას ატრიალებს,

მის გარეშე არ ექნება სუნი ვარდსაც,

უკან რჩება გზები ცრუ და სატიალე,

თუკი გულით ვინმე ძლიერ შეგიყვარდა.


და სიყვარულს რომ არა აქვს დასასრული,

ვინაც ამბობს, განა ცრუა, მართალია,

უბედობაც ის იყო იმ მებადურის,

რომ დედაბრის სიყვარულში გადარია..


სათხოვარი ერთი ჰქონდა ოქროს თევზთან,

მის სასურველს დედოფლად რომ ეგრძნო თავი,

ამაგისთვის იმ უბედურს ასე ეზღა,

დამსხვრეული სიყვარულის შერჩა ნავი.



Friday, July 26, 2024

მინიმა

 ვაცილებ ქვეყნად წასულთ, მოცელილთ, 

თვით ვიცელები, როგორც ბალახი,

და რაც შევძელი და ვერ შევძელი,

ის გამოჩნდება ეპიგრამაში.

19.10.2022 წელი

Thursday, July 25, 2024

არავის ენდოთ!

 არავის ენდოთ!

არავის ენდოთ, არ დაგინდობთ
არავინ ქვეყნად,
ჰაერის ყლუპსაც წაგართმევენ,
რომლითაც სუნთქავთ,
არავის ენდოთ, არც ვარსკვლავთა
ზეცაში შეყრას,
არ დაიჯეროთ, რაც სიმღერით,
გალობით უთქვამთ.
არავის ენდოთ, არც მეგობარს,
არც თუნდაც მიჯნურს,
თქვენი თავისაც არ გჯეროდეთ,
სულ ერთი წამით,
ნურც დიდ სიყვარულს მიენდობით
ზეციურს, გიჟურს,
რადგან ღიმილით მოგკვეთავენ
თავს დიდი წალდით.
მაია დიაკონიძე
24.07.2024 წელი

როგორ მიყვარხარ!

 როგორ მიყვარხარ!

როგორ მიყვარხარ, თვითონ არ იცი,
შენი შვილი ვარ, შენი ბადიში,
შენს ჩქერალებში მზის სხივად ვიშვი,
ჩემთან ხარ მუდამ, ცხადში თუ ფიქრში...
ვინ და ან რა ხარ, სამშობლოვ, ჩემთვის?!
მე ერთი ტოტი, შენ ნათლის სვეტი,
ჩემი სამღერი ,,შენ ხარ ვენახი!",
ამონაკვნესი ერთი მეარღნის.
შენ ხარ გუთანი და რკინის კევრი,
მიწა ხარ ჩემი, ცოტა თუ ბევრი,
ჭალა ხარ, კლდე და ნახტომი ჯიხვის,
ნეტავ კი ვიყო მე შენი ღირსი.
შენ მედეა ხარ, მკურნალი ქალი,
დალალდაყრილი ქალღმერთი დალი,
სვეტიცხოველიც შენ ხარ და ბანაც,
მაინც მკლავმოჭრილ დიდოსტატს ჰგავხარ.
მაია დიაკონიძე
4.05.2022 წელი

მინიმა (კიდევ ერთხელ)

 **********

კიდევ ერთხელ ჩამოვარდა ელვა ციდან,
კიდევ ერთხელ გავხდი მსხვერპლი დიდი სეტყვის,
ამქვეყანად არაფერი აღარ მინდა,
ან რა მინდა ამ სამგლეთში, ვინმე მეტყვის?!.
მაია დიაკონიძე
24.07.2024 წელი

ბრძნული გამონათქვამი

 მხოლოდ დიდ სიყვარულს: სამშობლოსადმი, საქმისადმი, პროფესიისადმი, ადამიანისადმი, შეუძლია შექმნას რაღაცა დიდი, სხვა ყველაფერი ყალბია.

მეგონა, მზე ხელში მეჭირა

.მეგონა, მზე ხელში მეჭირა,

მის სხივებს ვკრეფდი მუჭებით,

სულ თან დამქონდა მეტწილად,

მზით სავსე  იყო ქუჩები,

მაგრამ უეცრად დაბნელდა,

მზემ თუ დახუჭა თვალები,
თუ სიყვარული განელდა,

ხელიხელ საგოგმანები.



გორგალი და ცინტალი (საბავშვო ლექსი)

 გორგალი და ცინტალი

აირია ერთმანეთში
გორგალი და ცინტალი,
რომელია ზევით, ქვევით,
ბებო, აბა, მითხარი?!
ჩემმა ტკბილმა ბებიკონამ,
არც აცხელა, აცია,
და წითელი გორგლის ძაფი
ქუდად გადააქცია.
მაია დიაკონიძე
25.07.2024 წელი
ცინტალი - კატის კნუტი

თანამედროვე პოეტიკა (განმარტება)

 მთავარია, რაღაც გაურკვეველი, ჩახვეული, ჩახლართული, გაუგებარი, ზღვარგადასული წერო და ეგაა, მოდაშიც ხარ!

Wednesday, July 24, 2024

ღამე შემოდის...

 

****
ღამე შემოდის მთვარის მარხილით,
ვარსკვლავებია შებმული ეტლში,
და არსად მოჩანს ერთი სამხილიც,
რომ ყველაფერმა დაკარგა ეშხი...
მიტოვებული ჯვარ-ხატი მოთქვამს,
ნათელ-მირონით ჩამოსდის ცრემლი,
ავეკიდები ქარს გზაზედ მბორგალს,
რომ სალოცავებს შევახო ხელი.
მაია დიაკონიძე
24.07.2024 წელი






სიყვარული მე მეგონა არაკი

 სიყვარული მე მეგონა არაკი,

ვეფხის ტყავზე დაწერილი ზღაპარი,

ყველა ამბავს ხომ სჭირდება ზვარაკი

და ფერია მანათობელ  ლამპარით.

კონკია ხომ სხვისგან ითხოვს არაფერს,

მხოლოდ თავის წილ-არჩივს ელოდება,

მეც უფლისგან ველოდები განაჩენს,

რაც ჩემია, ვიცი, კართან მოდგება.


ესსე, შეუძლებელია

 მახსოვს ერთხელ ილია მეორეს ქადაგებას მოვუსმინე და მან ასეთი ამბავი მოყვა: ბიჭს საშინელი მამა ჰყავდა, შფოთი, ლოთი, სცემდა ოჯახის წევრებს. ახალგაზრდა იმ დონემდე მოვიდა, რომ მამა სასკვდილოდ გაიმეტა. სთხოვდა კაცი, ვიცი, უვარგისი ვარ, არ ვიქცევი კარგად, მაგრამ არ მომკლა, ხალხი მოგიძულებს, მამის მკვლელს დაგიძახებს. არ დაიჯერა ბიჭმა მამის ნათქვამი და განზრახვა სისრულეში მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ კაცი არ უყვარდათ სოფელში, ბიჭი მართლაც შეიძულეს, ხელსაც კი არავინ ართმევდა, არავინ ელაპარაკებოდა.

შეუძლებელია, ადამიანი, რომელიც მშობელს ლანძღავს, დედა იქნება თუ მამა, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით, მოეწონოთ, თუმცა დღეს ისეთი ტენდენციები შეინიშნება ხელოვნებაში, არც ეს გამიკვირდება. დავინდოთ ქართული სიტყვა და აზრი, რომ ჩვენი მშობლები ჩვენთვის წმინდანებად დარჩნენ, როგორებიც არ უნდა იყვნენ.
ლანძღვით წმინდანად გამოცხადება ადამიანის აღარ გამიგია.
წარმოიდგინეთ, მალე მკვლელი მამა, ლოთი მამა, ბოზი დედა და ასე შემდეგ ნახატები ვიხილოთ.

Tuesday, July 23, 2024

ნეტავი ვისთვის ვეწამები?!

 ნეტავი, ვისთვის ვეწამები,

წამება თუ არა, აბა რაა,
რამდენი წუთები და წამები,
როგორც ჭაში წყალი, ჩაიცალა,

ვზივარ ჭადრებთან გარინდებით,
დგანან მოწყენილნი, ორნი ცალად,
მტერმა შინაურმა, გარეულმა,
ჩემი სამშობლოსთვის მოიცალა.
მაია დიაკონიძე
21.07.2024 წელი

Monday, July 22, 2024

  სუნთქვასაც კი ვწყვეტ, არაფერი


გავიგო ცუდი,

მინდა ყოველთვის შენი ხატი

მეკიდოს გულზე,

და სულ მესმოდეს შენს ხელთაგან

შრიალი ფურცლის,

შენმა ღიმილმა, როცა მიჭირს,

მომისწროს სულზე.

სუნტქვასაც კი ვწყვეტ, არაფერი

გავიგო ცუდი...

სუნთქვასაც კი ვწყვეტ...

 სუნთქვასაც კი ვწყვეტ,  არაფერი 

გავიგო ცუდი,

მინდა ყოველთვის შენი ხატი 

მეკიდოს გულზე,

და სულ მესმოდეს შენს ხელთაგან 

შრიალი ფურცლის,

შენმა ღიმილმა, როცა მიჭირს, 

მომისწროს სულზე.

სუნტქვასაც კი ვწყვეტ, არაფერი 

გავიგო ცუდი...




მართალი არის!

მართალი არის, ვერაფერს შეცვლი,

ბედით დაწერილ დადიხარ გზაზე,

ერთ დღეს რომ გული დარდებით გეწვის,

სხვა დღეს გიბრწყინავს უმეტეს ცვარზე.


და რაც გაცოცხლებს, ეს იმედია,

თუმცა ხანდახან კვარივით ბჟუტავს,

ნესტან-დარეჯანს ჰგავხარ სევდიანს,

ანდა შორენას, რომ ელის უტას.


ერთს გაუმართლა, მეორეს - არა,

ეს დამარცხებაც ღვთისაგან არის,

შეეძლო ან კი დიდოსტატს განა,

რომ არ აეგო ღმრთისათვის სახლი.


მართალი არის, რთულია ნდობა,

არც სიყვარული არის ადვილი...

ერთგულებაც ხომ ფიცია ორთა,

კეისარსაც ხომ ჩასცეს მახვილი.


არც სიცრუეა უცხო კაცთათვის,

მაგრამ ჩახედე უძირო თვალებს,

მსხვერპლი ყოფილხარ მაშინ სატანის

თუკიღა აქაც არ გაგიმართლებს.


მართალი არის, იცვლება არე,

ღვინოც კი იცვლის ხანდახან ფერს და,

ყველაზე მეტად ის არის მწეარე,

ზოგჯერ ოქროდ რომ მიიჩნევ მტვერსაც.


ეპოტინება მავანი დაფნას,

მაგრამ ლექსი თუ არ წერე სისხლით,

შენ ვერ აუშვებ ლურჯ ზღვაში აფრას,

წინ ვერ წაიწევ ვერასდროს მისხლით.


ჩემო მუზებო, მომეცით არფა,

მომმადლეთ ძალა ლექსების წერის,

სულ სხვების იყოს ოქრო და დაფნა,

არ დამიჩლუგდეს კალამის წვერი..








Sunday, July 21, 2024

ცხოვრება

 ცხოვრების უდაბნო

(ძველი ლექსებიდან)
ალიკაპს ამოვდებ დღეებს და წავათრევ,
ძაღლივით ერთგულად მომყვება ყოველი,
ზოგი ჩემს ცხოვრებას დაამჩნევს ქარაგმებს,
ზოგს ახალ იმედად, ოცნებად მოველი.
მზეობას ვთამაშობ დაწურულ ღრუბლებში,
ღამეშიც დავეძებ სხივსა და ათინათს,
წვიმიან ამინდში ფასდება ყოველი,
და ვეღარ ვიმეტებ ამ დღეებს სატირლად.
ზღვის ქვიშა მახსენებს ცხოვრების უდაბნოს,
ზედ ყველა ნაბიჯი ტოვებდა ნაკვალევს,
მოვა ხვალ სიკვდილი გამხმარი, უწყალო
და უმოძრაობის შედეგსაც დამამჩნევს.
ბუნების შვილი ვარ, თუმცა ვარ წერტილი,
და მაინც დიდი ვარ, როგორც ეს სამყარო,
თვალებში ვაძინებ მზესაც და მთვარესაც,
მიწის და ჰაერის ვატარებ ავგაროზს.
მაია დიაკონიძე
5.08.2016 წელი

Saturday, July 20, 2024

განა სულია ისე მახინჯი

 განა სულია ისე მახინჯი,

აღზრდა დედებმა დაუგვიანეს

და ცეცხლით წერდნენ ვიღაცის ზურგზე

ქვეყნის ბედსა და მის მატიანეს.

ბორგავდნენ, ფლეთდნენ, ხანდახან დუმდნენ,

ვიღაცას ჰკვეთდნენ ცისხელა ხელებს,

და ახლა ჩვენ კი სიამით ვუმზერთ

სვეტიცხოველის მზითნაბან კედლებს.


Friday, July 19, 2024

ცხოვრება ზოგჯერ ტკივილი არის

ცხოვრება ზოგჯერ ტკივილი არის,

ხან დამარცხება, ხან გამარჯვება,

ცხოველმყოფელი თუ გიცავს ჯვარი,

ცად დაენთები მზისფერ მარჯნებად.


იმედით ცხოვრობ, იმედით კვდები,

დროსაც აჩერებს ზოგჯერ  იმედი,

და სიკვდილის წინ მარტოდენ ხვდები,

ღირდა სიცოცხლე, თუნდაც მცირედი.




.









ავტ. ეკა ჯავახიშვილი

 ........

ვერაფერს შეცვლი, ბედი ბედია,
ვერც წინ წაუხვალ, ვერც უკან რჩები,
რაც გაძლიერებს ეს - იმედია,
ხან მოგკლავენ და ხან გადარჩები!
ვიდრე ხარ, ცეცხლის ქარი არ ცხრება,
ცასაც გამხობს და მიწასაც გაცლის,
შენი არ არის ის დამარცხება,
ვიღაც ოცდაათ ვერცხლში თუ გაგცვლის!
მოუფენიათ ვარსკვლავებს ერდო,
ცა ხასიათებს მალიმალ იცვლის,
კაცმა არ უწყის ვის უნდა ენდო,
დღეს უკვე , ეს არც ეშმაკმა იცის!
აგორებ დარდებს სიზიფეს ლოდად,
შეეპარები ხან ტრფობის ბურანს,
გეგონა, შენს მზედ ამოდიოდა,
სინამდვილეში ჰკოცნიდი ურანს!
რაც წინ ვერ მიდის ეცვლება ფერი,
და ნელანელა ხუნდება არე....
სხვა რომ გატყუებს, -ეგ არაფერი,
თავს რომ იტყუებ, ეგაა მწარე.
ბევრმა მოირგო გვირგვინი დაფნის
ზარი დიდების მიწიდან რეკავს,
რა ეშველებათ მეფეებს დაფის,
ნამდვილი მეფე ატარებს ეკალს!
დაგვუფლებია ქაოსი სრული.
(ბრალი ყველას გვაქვს, ვერ ვამხელთ აქ ერთს)
ისე წაუხდა ზოგიერთს სული
იმათ ეშმაკი აფურთხებთ აქეთ.
ეკა ჯავახიშვილი
16.09.2023 წელიყველა

Thursday, July 18, 2024

ხელს ნუ გამიშვებ! (სატრფიალო), კომენტარებით: ავთანდილ ჟღერია, ამირან გოდერძიშვილი

 ამ სატრფიალო ლექსს მერე შაირობა მოჰყვა:

ხელს ნუ გამიშვებ!

ხელს ნუ გამიშვებ, ნუ დამტოვებ
უკუნ ღამეში,
არ შემეყაროს სადმე ველზე
ავი როშაქი,
მწედ და მსახურად მომევლინოს
ცრუ გილგამეში
ანდა მეგზური ჩემი გახდეს
ქარი ხორშაკი.
ხელს ნუ გამიშვებ, მომეც სულის
მცირე საგზალი,
დამაპურე და წყალი მასვი
უკვდავებისა,
შენ გარდა ამას ქვეყნად იზამს,
ჩემო, არავინ, –
მე მოვდიოდი ზღვის ქაფიდან,
ზამბახებიდან.
ნუ მკითხავ, რატომ მინდა მხოლოდ
შენი შეწევნა,
ნუ მკითხავ, ჩემს სულს რად სწადია
შენგან დანდობა,
ნესტან-დარეჯნის ბედი თუ კი
მე დამეწერა,
მაშ, ეს სამყარო გიწვევს ისევ
ბნელთან საომრად.
მაია დიაკონიძე
5.05.2022 წელი

კომენტარი, ავთანდილ ჟღერია მაია დიაკონიძეს:

მოვკვდები,
ცოდვად დაგრჩები
მაგ უკარება გულშია,
შამიყვარ-შამისისხლხორცე,
ხინჯი არ დაგრჩეს სულშია.
ო როგორ მიყვარს ფერდობზე,
სათიბად მწიფე ველია,
შენი თვალები ზღვისფერი,
და სახე ხორბლისფერია.

მაია დიაკონიძე ავთანდილ ჟღერიას:

ვაჟო, მერედა ვინ გიჭერს,
სულში თუ ალი გინთია,
ბოლო მოუღე მაგ იჭვებს,
იყავ ბრძენი, ვით მინდია.
მოდი და შემომეღობე,
როგორც განწირულს მაშველი,
ყანაში ყაყაჩოდ მოვალ,
მწყურვალს სათიბზე დაგხვდები.
მაია დიაკონიძე
5.07.2024 წელი

ამირან გოდერძიშვილი
თქვენთან შაირში შემოჭრა,
არ ვიცი, ვისგან მებიძგა,
ბევრჯერ გადავრჩი გაკოჭვას
ლამაზ ცოლების ქმრებისგან,
გეტყოდი ლამაზ შაირებს,
სახალისოს და საცინარს,
გულს პირზე ხელებს ვაფარებ,
.... მე უკვე ბერიკაცი ვარ!....
17.07.2024 წელი
თქვენი შაირები, ჩვენს თვალწინ აელვარებულები, მართლა შედევრია!!!

Wednesday, July 17, 2024

შენი სიმშვიდე მაოცებს! ამირან გოდერძიშვილის კომენტარით

 

საინტერესოა ამ ლექსის შექმნის ისტორია: ეს ლექსის პირველი ვარიანტია, ჯერ ეს დავწერე, შემდგომ - მეორე, გთავაზობთ ორივეს, რომელი ჯობია წიგნისთვის?!
შენი სიმშვიდე მაოცებს!
შენი სიმშვიდე მაოცებს,
შენ კი - სიგიჟე ჩემი,
ვეწვევი ზეცის სარეცელს,
გამომესხმევა ფრთები.
შენ მეკითხები: - სადა ხარ,
მე გეუბნები - ცაში,
მერანი ჩემი ქათქათა
ღრუბელთა ტევრში დაჰქრის,
თავბუდამხვევი სისწრაფით,
ჩამოვეშვები დაბლა,
ჩემი სიცოცხლის წამების
ხელახლა ვიწყებ ათვლას.
მაია დიაკონიძე
15.05. 2024 წელი
შენი სიმშვიდე მაოცებს!
ჩემთვის არ გაიამინდა ,
გაბზარული ხმით ვმღერი
და ვეღარ ვიგებ რა მინდა,
ყველა თუ... არაფერი.
შენი სიმშვიდე მაოცებს,
მე წარამარა ვკრთები ...
ვეწვევი ღრუბლის სარეცელს,
გამომესხმება ფრთები.
შენ მეკითხები: - სადა ხარ?
მე კი გპასუხობ: — ცაში;
ღრუბელთა ტევრში მაქროლებს
ოცნების თეთრი რაში.
ჩემთვისაც გაიამინდა,
იადონის ხმით ვმღერი,
ახლაღა ვხვდები, რა მინდა,
ზეცა, — ლაჟვარდის ფერი.
ღაწვები შემეფაკლება,
დავემსგავსები აისს,
მზეს ნეტა რა დააკლდება,
თუ მეც ავანთებ მაისს.
შევერთო ღრუბლის ზეფირებს,
და ავირიო მათში,
განგებავ, შემაძლებინე,
ყაყაჩოდ ვიქცე მთაში.
მაია დიაკონიძე
15.05.2024 წელი

ამირან გოდერძიშვილი

პირველი —- მშვენიერი და ლამაზი,
მეორე—- საოცრება და განუმეორებელი!!!
,,მზეს ნეტა რა დააკლდება,
თუ მეც ავანთებ მაისს”
ქალბატონო მაია,
მზეს სინათლე და სითბო უფრო მოემატა თქვენით და თქვენი მშვენიერი პოეზიით, და საერთოდ თქვენი შემოქმედებით!!!
ეს ლექსი კი ძალიან საყვარელია!!!

თუ არ გჭირდები!

 თუ არ გჭირდები, შენზე ფიქრებს 

მოვუღებ ბოლოს,

გადაძახილსაც, ხიდან ხეზე 

ჩიტებს რომ დააქვთ,

ნურაფერს მეტყვი, დამაცადე,  

ბედ-იღბალს ვგლოვობ,

ჩემს  სიყვარულზე მოვუყვები 

რიონს და არაგვს.

ბაბუაწვერას თუ არ მისცეს 

ფრენის უფლება,

თუ კი სიხარულს არ მიუტანს, 

ვისთვისაც ცოცხლობს,

დაიფანტება ამქვეყანად 

ფაფუკ გულებად

თავისას არა, სხვის სატკივარს 

უწამლებს მხოლოდ.

თუ არ გჭირდები, შავი ყვავი 

იქნება მაცნე,

ან ყურს დავუგდებ ჩემს ეზოში 

მყეფარე ქოფაკს,

დაე, ეგ გული სიხარულით 

შენ გქონდეს სავსე,

მე შემოვიხვევ მწუხარების 

ძოწისფერ ქობას..


Monday, July 15, 2024

 ძარღვებში სისხლი რომ იყინება

და საგულედან რომ ხტება გული,

საით მივყევართ ჟამთა დინებას,

ან რას გვიქადის სიცოცხლე კრული.

იქნებ თევზივით დაგვხშვია ბაგე,

და სიყვარული გვესაკლისება,

ქრიზანთემების ვნებიან თვალებს

დავკონებივართ სოველ ნისლებად.



ყანებში ციცრის კრიახი ისმის....

***
ყანებში ციცრის კრიახი ისმის,
გადმოწანწკარებს წყარო ღარებად,
და გადმოჰყურებს დღისით და მზისით
ამ წალკოტს ქალი ნისლისთვალება.
ამა სოფლისა ბრუნვა-ტრიალი,
როგორც ჩიკორი, ცოტათი ართობს,
მთის წყარო უნდა შესვას ფიალით,
გაცრას ცხოვრება ფქვილად და ქატოდ.
ყანებში ციცრის კრიახი ისმის,
გადმოწანწკარებს წყარო ღარებად,
და გადმოჰყურებს დღისით და მზისით
ამ წალკოტს ქალი ნისლისთვალება.
მაია დიაკონიძე
15.07.2024 წელი

მინიმა

ჩემს გულის დარდს ვერა ვშველი,

ვერა ვშველი ჩემს სამშობლოს,

ხელს ვუწოდებ ყველა შეშლილს,

იქნებ, იმან უპატრონოს.