Sunday, March 21, 2021

ოთხყურა (საბავშვო მოთხრობა)

                                ოთხყურა

 ნელიკო ძალიან პატარაა და მინდორში უფროს დას - ნიაკოს მიჰყავს ხოლმე, იქ ყვავილებს კრეფენ, მაგრამ ამჯერად დები სამყურების სანახავად წავიდნენ, ბებიამ უთხრა, თუ ოთხყურას იპოვით ამდენ სამყურებში, რაც ძალიან იშვიათია, მოწყვიტეთ და სურვილი ჩაუთქვით, აუცილებლად შეგისრულდბათო. დადიან დები მინდორში, შორს მთები მოჩანს, მწვერვალებით დაფარული, აღტაცებით შესცქერიან, ნეტავ, ერთხელ იქ მოგვახვედრა, თოვლის პაპას ვნახავდითო. ყურადღება ეფანტებათ, ხან პეპლები სტაცებთ თვალს, რა ლამაზი ფერები აქვთო, გაიძახიან, ხან - ფუტკრების ბზუილს უგდებენ ყურს, ჭია-მაიებიც არ ავიწყდებათ, შემოისვამენ ხელზე და გაიძახიან: "ჭია, ჭია, მაია, ხვალ როგორი დარია?!", ზოგი ჭია-მაია შორს მიფრინავს, ზოგიც- იქვე ახლო ყვავილზე ჩამოსკუპდება, ზოგი გოგონების ხელს თავს არ ანებებს და ზმორებით მიდი-მოდის თითებზე. ამასობაში  მზეც დასავლეთისკენ ეშვება, დიდებულად მიგოგავს ქვვით-ქვევით, გოგონებს ახლაღა ახსენდებათ სამყურები, გაფაციცებით ეძებენ, პატარა ხელებით ეფერებიან ბალახს, უცებ ნელიკო ყვირის, ვიპოვე, ვიპოვეო, შურით უყურებს ნიაკო დას, მოწყვეტილ ოთყურას ხელიდან ართმევს, კარგად აკვირდება და ამოწმებს, ნამდვილად ოთხყურაა, თუ არაო, მერე  უბრუნებს და აჩქარებს, ჩაიფიქრე სურვილიო. ნელიკო ისევ დას აძლევს თავის ოთყურას, შენ ჩაიფიქრეო, ბოლოს დებს ბებიასთვის მიაქვთ ბალახი, ის უფრო კარგ სურვილს ჩაიფიქრებსო. ხელიხელჩაკიდებულნი თითქოს მიფრინავენ ყვავილებით მოჩითულ ველზე, თან მიარბენინებენ თავიანთ ოცნებებს და სურვილებს, რომლებიც, იციან, აუცილებლად ასრულდებათ.

No comments:

Post a Comment