პირველად დავინახე, რომ ბაბუა ტიროდა, მოხუცს მხრები უცახცახებდა, ცრემლი ედინებოდა გაყვითლებულ თმა-წვერზე, თითქმის მოთქმით. თავზარი დამცა ამ ამბავმა, ვერაფერი ვკითხე, ბებიას მივადექი, რა მოხდა-მეთქი, ცხენმა უკბინაო თითზე, დავაკვირდი, თითი მართლაც შეხვეული ჰქონდა. არ ვიცი, ასე ძალიან სტკიოდა, თუ ნაწყენი იყო თავის გაზრდილზე, დაბერებულიყო უკვე მის ხელში, ბალანი გაყვითლებოდა. ბაბუას ძალიან უყვარდა თავისი თეთრი ცხენი, სულ იმას უტრიალებდა, უვლიდა, ბანდა, ასუფთავებდა, ჩუმად ელაპარაკებოდა კიდეც, ჩვენ, ბავშვებს, რომ არ გაგვეგო. დაგვაჯენდა "ტაჩკაზე" შაბათობით, ბაზრობა იმართებოდა ჩვენს სოფელში, მთელი იმერეთიდან ჩამოჰქონდათ თიხის ჭურჭელი, წაგვიყვანდა. ჩამოვურბენდით უზარმაზარ ქვევრებს, დოქებს, დიდსა და პატარებს, ჭინჭილებს, აუცილებლად გვიყიდიდა თითო-თითოს, თვითონ რას ყიდულობდა, არც მახსოვს, მაგრამ ჩვენი სიხარულით რომ კმაყოფილი იყო, ვიცოდი, ულვაშებში ჩაიღიმებდა, ეზოში ჭინჭილებით და დოქებით ხელში რომ შევცვივდებოდით ხოლმე. თავის ცხენს გამოხსნიდა "ტაჩკიდან",მოეფერებოდა, სახეზე ხელს მოუთათუნებდა, თვალებში ჩახედავდა, ისიც შეხედავდა წყნარი, მშვიდი თვალებით, უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. ცხენის მიმართ ასეთი სიყვარული არც მინახავს მას მერე. ალბათ, იმიტომ ეწყინა-მეთქი ცხენის ასეთი საქციელი, გავიფიქრე. იმ ღამეს ბაბუას საუბარი მოვისმინე, ნამდვილად ავადაა, რაღაც სტკივა, თორემ ასე არ მოიქცეოდაო, ბებიას ეუბნებოდა. ახდა ბაბუას წინასწარმეტყველება, მალე მოკვდა ჩვენი ცხენი. ბაბუაც ავად გახდა, ერთ თვეში ისიც გარდაიცვალა. ვერ გადაიტანა მეგობრის სიკვდილიო, ამბობდა ბებია, მე კი დღესაც წინ მიდგას ჩემი თეთრი ბაბუა, მომღიმარი, გვერდზე თავისი ხურჯინგადაკიდებული თეთრი ცხენით, ასე მგონია, იმ ქვეყანასაც ერთად არიან.
ბაბუ, ჩემო ტკბილო ბაბუ,
რა ხანია ღამეა,
შენთვის ვერცხლის უზანგებილურჯას მოუტანია.
ვეღარ ხედავ ნაცნობ შუკას,
ვეღარც სოფლის საჩეხებს...
იქ ლურჯა დგას, შენი ლურჯა,
ღამეს თეთრად ათენებს.
მაგრამ წყვდიადს ვერ ერევა, -
თვალებს ტყუილად აცეცებს,
შენ ნათელში, ის კი - ბნელში,
სულ ერთმანეთს დაეძებთ.
No comments:
Post a Comment