მე მჯეროდა სიყვარულის, შენ კი არა გჯეროდა,
ყვავილები კიდევ დამრჩა მოტანილი მდელოდან,
ზღვის ფერებიც წამოვიღე, ციდან წვიმის წვეთებიც,
ანარეკლი მაგ თვალების, გამინათოს ბნელეთი.
მე მჯეროდა სიყვარულის, შენ კი არა გჯეროდა,
დიდი ხნის წინ დამივიწყე, გული არ გიმღეროდა,
მე კი სულში შევინახე შენი ხმა და ფიქრები,
კვლავ მიყვარხარ, როგორც უწინ, ქვეყანას გეფიცები.
რომ მჯეროდა სიყვარულის, არასდროს მინანია,
სულში ისევ სიყვარულის გრიგალი და ქარია,
გაცდება ამ საუკუნეს და ღრუბლებში წამიღებს,
ვერა ვგრძნობ ვერც დაბერებას, ვერც უჟამურ ამინდებს.
მე მჯეროდა სიყვარულის, შენ კი არა გჯეროდა,
გუშინ დღისით დაგინახე ალუბლების ჩეროსთან,
მიყურებდი, თვალს ვერ მწყვეტდი, აღამებდი ქუჩაში,
თურმე შენც ვერ დამივიწყე, აღარა თქვა უარი.
No comments:
Post a Comment