გოგონას ყვავილები უყვარდა, მაგრამ რომელ გოგონას არ უყვარს ყვავილები?! ზაფხულში მინდორში გასული ეალერსებოდა და ეფერებოდა მათ. აგერ ყაყაჩოს მოწყვეტდა, გვირილებს შეაგროვებდა, ვარდკაჭაჭას ცისფერ ყვავილებს დაამატებდა და დედასთან შესანიშნავი თაიგულით ბრუნდებოდა. შემოდგომიდან დაწყებული ლამისაა ზამთრის ბოლომდე მოიწყენდა ხოლმე: ველ-მინდვრებს ფერი აკლდებოდა, დასევდიანებული გაშავებული მდელოები აღარ ასაჩუქრებდნენ გოგონას ყვავილებით, ცივი ქარი უბერავდა, ღრუბლები კი ისე ავისმომასწავებლად მუქდებოდნენ, თვითონაც უკვირდათ თავიანთი სიშავე და გოგონასთან შერცხვენილები ხანდახან წითლდებოდნენ, აი მაშინ, როცა მზე ჩადიოდა. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ მეორე დღეს ქარი ამოვარდებოდა. ასე ამბობდა გოგონას ბებია, მისი ნათქვამი კი ყოველთვის მართლდებოდა. აი, იმ დღესაც დაუბერა შემოდგომის ქარმა, ატრიალა და აბზრიალა ერთი მცენარის თესლი და გოგონას სახლის აივანზე ქოთანში ჩააგდო. გაზაფხულზე, ქოთანში, რომელიც მიწით იყო სავსე, მაგრამ შიგნით გახარებული ბალბა რატომღაც გახმა, პატარა ყლორტი ამოიწვერა. ალბათ, რომელიმე ყვავილიაო, იფიქრა გოგონამ და მოვლა-მზრუნველობას არ აკლებდა. მიწას უფხვიერებდა, წყალს უსხამდა. წყალი განსაკუთრებით უყვარდა მცენარეს. როგორც კი მიწა გაშრებოდა ქოთანში, მაშინვე მოიწყენდა, ფოთლებს დაბლა დაუშვებდა, რომ იტყვიან, ყურებს ჩამოყრიდა ხოლმე. ვერა და ვერ ხვდებოდა გოგონა, რა ყვავილი უნდა ყოფილიყო მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი, იზრდებოდა და სარეველა ბალახს ემსგავსებოდა, უზარმაზარმა ღერომ მრავალი მოგრძო ფორმის დიდი ფოთოლი დაისხა, აიტოტა და ამაღლდა, ლამის პატრონს დაეწია სიმაღლეში. ის იყო, გოგონას გული უნდა აცრუებოდა მცენარეზე, რომ ერთ დღესაც მან თეთრი პატარა ყვავილები გამოისხა. გული შემოუბრუნდა, მაინც ყვავილებია, თუმცა არა დიდად შესამჩნევი და ლამაზიო. ცოტა ხანში კი ნახევრადბუჩქს ყველა მხრიდან გრძელი მწვანე წიწაკები ჩამოეკიდა, რა თქმა უნდა, ყველა მათგანი თავიდან თეთრ ყვავილებში გამოიფსკვნა, მერე დაგრძელდა, დაგრძელდა და შემოდგომისთვის უხვი მოსავალი მისცა პატრონს. მწვანე წიწაკები თანდათან გაწითლდა. ყველა მეზობელი, ვისაც ყვავილები უყვარდა, შურის თვალით შესცქეოდა აივანზე წითლად მოკვასკვასე მცენარეს, ის კი არ იცოდნენ, რომ ეს ყვავილები კი არა, წიწაკა იყო.
ბევრი იცინეს შინაურებმა, ყვავილის ნაცვლად წიწაკა გაგიზრდიაო, - ჰეიდა, შემოდგომის ქარი, რა ნობათი მოგართვაო! - იძახოდა ბებია და წითელ ღრუბლებს შეჰხაროდა, სხვა ბებიებისგან განსხვავებით (ყველამ ვიცით, რომ ბებიებს ქარი არ უყვართ, ბავშვი არ გაცივდეს ან რაიმე ვირუსული ინფექცია არ შეხვდესო!), - რა იცი, ხვალ კიდევ რა საჩუქარს გისახსოვრებსო! - აიმედებდა გოგონას, რომელსაც ისე მოეწონა წიწაკა, რომ თავისი ეზოს ბაღშიც მოაშენა სხვადასხვა ჯიშის და ფერის, მექსიკური, ტკბილი და მწარე, ბულგარული, ასევე ტკბილი და მწარე. ყვავილები ზოგს თეთრი ჰქონდა, ზოგს - მოიასამნისფრო, ზოგსაც - მუქი იასამნისფერი, შესაბამისად - ნაყოფიც ზოგის მწვანე იყო, ზოგის - იასამნისფერი ლაქებით, ზოგისაც - სულ მთლად წითელი. ისიც წაიკითხა წიგნში, რომ წიწაკის სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, ხოლო ევროპაში მისი თესლი ცნობილმა მოგზაურმა კოლუმბმა შემოიტანა. მშრომელმა გოგონამ რამდენიმე წიწაკა სახლის პირობებშიც გაზარდა, რის გამოც მათი ნაყოფი აღარ იყო ისეთი გრძელი და დიდი, ვინაიდან მათ მიწა და ჰაერი აკლდათ. ისინი დეკორატიულ მცენარეებად იქცნენ. დღეს ბევრ სახლში იწონებენ თავს თავიანთი პატარა წითელი ნაყოფით. მეზობლებმა და მეგობრებმა კი გოგონას წიწაკის დედოფალი შეარქვეს.

No comments:
Post a Comment