აუდიტორიაში ბუღი იდგა, ცხელოდა, საჯარო მოხელეთა დახელოვნების კურსებს ბევრი ადამიანი მოეზიდა, ამერიკული პროგრამის ნაწილი იყო. ნანა უკვე 35 წლისა გამხდარიყო, - რა თავში ვიხლი ამ კურსებს, სამუშაო მაინც არა მაქვსო, - ეუბნებოდა ქმარს, მაგრამ ქმრის მეგობარმა, რომელიც კურირებდა სწავლების პროცესს, მაინც ჩაწერა, იქნებ გამოგადგეს და ამ გაჭირვების დროს, ოთხმოცდაათიანების ბოლო იყო, სამუშაოს შოვნაშიც დაგეხმაროსო, რაც მთავარია, ფული არ იყო გადასახდელი და ნანამაც გადაწყვიტა ცოტა გახალისებულიყო, თუმცა შვილებს ყურადღება ცოტა კი მოაკლდებოდათ, ქმარსაც ხათრი ვერ გაუტეხა, ძალიან უყვარდა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები მრავლად იყვნენ, ერთმანეთის წინაშე თავს იწონებდნენ, ყელყელაობდნენ, მისი ტოლი კი მხოლოდ ერთი ქალბატონი აღმოჩნდა, ქმრის თანამშრომელი, გაუთხოვარი, შავგრემანი ქალი, მაღალი, ხმელი, დიდი კიდურებით, შეუმჩნეველი გარეგნობის, რატომღაც "ნაცრისფერი თაგვი" ახსენდებოდა მის დანახვაზე, ისე ჩუმად და ფრთხილად მოძრაობდა, ამავე დროს დიდ სიმპათიას გრძნობდა ქალის მიმართ, ინტელიგენტი ადამიანი იყო, ქმარიც ძალიან აქებდა, სამსახურში ძალიან მეხმარება და მპატრონობსო, მეგობრად და ოჯახის ახლობლად მიაჩნდა. ლექციებზე ერთად ისხდნენ ხოლმე, ხმას იშვიათად იღებდა, წყნარი და თავმდაბალი იყო. ნანას ეჭვი ეპარებოდა თავის შესაძლებლობებში, - როგორც "ვირი ხბორებში", ისე ვარ აქო, - ეტყოდა გვერდზე მჯდომ ეკას, ის დაამშვიდებდა, - რას აქცევ ყურადღებას, ახალგაზრდებზე ნაკლებად როდი აითვისებ მასალას, წითელ დიპლომზე ხომ დაამთავრე უნივერსიტეტიო, - ისინი ერთ ფაკულტეტზე სწავლობდნენ. ნანაც მშვიდდებოდა, თუმცა კომპიუტერული პროგრამების შესწავლა ცოტა უჭირდა. სამაგიეროდ ლოგიკურ აზროვნებაზე რომ მიდგებოდა საქმე, ერთ-ერთი პირველიც იყო, თავისდა გასაოცრად, სხვებზე უკეთესად ხსნიდა ამოცანებს. ულამაზესი ქალი იყო ნანა. ქერა თმებით, დიდი მწვანე თვალებით, ტან-ფეხიც იდეალური ჰქონდა, მაგრამ, რაც გათხოვდა, სადად იცმევდა, ღარიბულად, ადრე გაჭაღარავდა, ალბათ, იმდროინდელი მძიმე ცხოვრების გამო. ლექციებზე ჭაღარა ხომ ვერ ვივლიო, თმები შეიღება, კარადიდან ძველი ძვირფასი, თუმცა კარგად შენახული სამოსი გამოაძვრინა, მოდურად გადააკეთ-გადმოაკეთა, არ უნდოდა, ვინმეს შეემჩნია, რომ მატერიალურ უჭირდა. იმ დღესაც რეკლამების გაკეთების საიდუმლოებას აცნობდა ლექტორი, ბოლოს კონკურსიც გამოცხადდა, ვინ გააკეთებდა ყველაზე კარგ რეკლამას, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოეზიდა, აღმოჩნდა, რომ ჯგუფში ერთმა ბიჭმა იცოდა ხატვა, ლექტორი ოთახიდან გავიდა თუ არა, რიგი დადგა მასთან, ისიც ხატავდა და ხატავდა, ახალგაზრდა გოგონები ჩადგნენ რიგში, ნანამაც სთხოვა, მეც დამიხატეო, მაგრამ რიგმა არა და არ მოუწია, ეწყინა, რადგან მაგათი ტოლი არა ვარ, ყურადღებას არ მაქცევსო, ქალურმა თავმოყვარეობამ გაიღვიძა მასში, გადაწყვიტა თვითონ გამოეღო ხელი, დაჯდა და ქაღალდის ფორმატი ნაირ-ნაირი ფერებით ააჭრელა, გაახსენდა, სკოლაში საორგანიზაციო კუთხისთვის გაზეთს რომ აფორმებდა ხოლმე, ულამაზესი რეკლამა გამოვიდა, ახალგაზრდებმა პირი დააღეს, ყველა გაიტრუნა, შერცხვა ბიჭსაც თავისი საქციელის, კონკურსშიც პირველი ადგილი დაიკავა, თითქოს ძალები მოემატა, შემძლებია, არავისზე ნაკლები არ ვყოფილვარო, ფიქრობდა. გახარებულმა მეუღლეს დაურეკა. მთვრალი მოვიდა ლექციების ბოლოს, მაგიდაზე შემოჯდა და - რას გავხარ, თმები რა ფრად შეგიღებიაო, - დაცინვით უთხრა ყველას თანდასწრებით, გაოგნდა, ამას არ მოელოდა ქმრისგან, არ შეიმჩნია, მაგრამ თვალებში ცრემლი ჩაუდგა. სახლში ერთად წამოვიდნენ, გზად გამვლელები თვალს ვერ აცილებდნენ ატმისფერ კაბაში გამოწყობილ ნანას და მის გვერდზე მიმავალ ულამაზო მამაკაცს, რა უცნაური წყვილიაო, ფიქრობდნენ. რა იცოდა მაშინ ქალმა, რომ მისი ქმარი იმ დღეს სხვა ქალის - შავგრემანი ეკას სანახავად სანახავად იყო მოსული.
No comments:
Post a Comment