Monday, February 18, 2019
შიში (ასი სიტყვა)
შიში
არ იცოდა, ვის გაურბოდა: დედას, რომელმაც პატარა და-ძმა და სკლეროზიანი ბებია დაუტოვა მოსავლელად, თვითონ - სამსახურში შეაგვიანდა, მამას, რომელიც რამდენიმე წლის წინ რუსეთში გადაიკარგა, მდგმურებს - ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, გამუდმებით რომ ჩხუბობდნენ და არ ასვენებდნენ, თუ საკუთარ თავს...
გარბოდა... ქარი სახეში სცემდა, ღამე ფეხებში ებლანდებოდა.... ჭაობს მიაღწია.... არ შეჩერებულა.... ყურებში ისევ ნაჯახით დაჩეხილი კარის ღრჭიალი ესმოდა, ყმაწვილი ქალი (მეზობლის ცოლი) მაჯაზე ჩასჭიდებოდა, თვალები შეშლილივით უბრწყინავდა, შველას სთხოვდა.... ბებია მარტოობაში გარინდულიყო, კუთხეში ბავშვები ღნაოდნენ...
ნაჯახიანი კაცის დანახვამ ფეხქვეშ მიწა გამოაცალა, მომხდურს გვერდი აუქცია და გაიქცა.
ჭაობის ცივი წყალი გველივით შემოეხვია ჯერ ფეხებზე, მერე - ტანზე... დედის ყვირილმა გამოაფხიზლა. თვალები გაახილა... ღრუბლებიდან მთვარე გამოსულიყო, - ალერსით დასცქეროდა.
ასე არასოდეს გახარებია მისი დანახვა!..
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment