Thursday, February 7, 2019
მოჩვენება (მინიატურა)
ჰო, ყანაში ცხოვრობდა, ბევრი ამბობდა, ყანაში დავინახეთო, კი ცდილობდა, არავის მოეკრა თვალი, მაგრამ ზოგჯერ რაღაცა ეშლებოდა, რაღაცა არ გამოსდიოდა. დილით ყანაში გამოსულ ქმარს შორიახლოს დაუჯდებოდა, უყურებდა, როგორ უვლიდა ჯეჯილს, თოხნიდა, მარგლავდა, მერე გათიბავდა, ისიც შორიდან უცქეროდა, თვალს ვერ აცილებდა, ეცოდებოდა, უპატრონოდ დარჩაო, რძალს, სადილს რომ მოუტანდა მამამთილს, ალმაცერად გადახედავდა- ქა, ეს რა მოუტანია, მეტი ვერაფერი გაიმეტაო?! მერე სიყვარულით შეაცქერდებოდა ქმარს თვალებში, კმაყოფილია თუ არა საკვებით, მოეწონა თუ არაო. მართალია, კაცი რძლის თანდასწრებით მაინც არ შეიმჩნევდა, უკმაყოფილოც რომ დარჩენილიყო, ყოველთვის უღიმოდა და ლოცავდა: შენმა ხელებმა გაიხაროს, რა კარგი საჭმელი მოგიმზადებია, შვილოო და კიდევ ათასგზის ეტყოდა: - შენი გამზრდელი დალოცოს ღმერთმაო.- ცოტა კი გაპილპილდებოდა ხოლმე, ერთხელ მაინც უსაყვედუროს რამეზეო, მაგრამ მაინც უხაროდა, ჩემი ვანოს ცოლს სხვანაირად როგორ უნდა მოექცესო. ერთ დღესაც სადილი მარიამმა მოიტანა, მეზობლის ქალმა, უქმარშვილოდ გადავარდნილმა, გაუღიმა კაცმა, ხელზე ხელი გადაუსვა მზრუნველს, თვალებგაშტერებული უყურებდა ქალი ხელების მოძრაობას, დაფრთხა, შეშინებული იქვე ჩამოჯდა თავჩაქინდრული, მიწას მიშტერებოდა. - ახლა რაღა ვქნა? - ათასჯერ უსვამდა თავისთავს ამ შეკითხვას. - ვიცი, აქა ხარ, - მოესმა ხმა, მიიხედ-მოიხედა, ქმარი მას ელაპარაკებიდა და პირდაპირ დიდ თვალებში უყურებდა, თითქოს ხედავდა, სუფრას გახედა, მარიამი წასულიყო, - მაპატიე, - ისევ მოესმა. ხმაამოუღებლივ შეერია ყვავილების ბაღს, გრძნობდა, როგორ მოყვებოდა კაცი უკან, ის იყო, ხელი შეახო მხარზე, სასოწარკვეთილმა იყვირა და გაქრა. მას მერე მოჩვენება აღარავის დაუნახავს...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment