Thursday, December 8, 2016
ანდროს ისტორიებიდან (სასტუმრო "ივერიაში")
როგორც არაერთხელ აღვნიშნე, დიდი შარისთავი ვიყავი. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ პრობლემა თავიდან აიცილონ, მე კი ვცდილობდი, პრობლემაში გავხვეულიყავი და ჩემი ახლობლებიც გამეხვია. მეგონა ყველაზე ძლიერი ვიყავი ამ ქვეყნაზე და ვერავინ და ვერაფერი დამამარცხებდა. მერე ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ ასე არ არის და არც უნდა იყოს. ჩვენ ღვთის განგების ქვეშ ვიმყოფებით და ჩვენი უწესო საქციელით თავს ვიმძიმებთ ცოდვებით, მაგრამ ახალგაზრდას ეს არ ესმის, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა - ქალამნად. ჩემი აზრით, ბავშვების რელიგიური აღზრდა აუცილებელია, რათა ისინი და ჩვენი თავიც დავიცვათ გარემოს უარყოფითი გავლენისგან, მაგრამ ჩვენს ახალგაზრდობაში ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, ათესტურ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, მართალია ყველა ოჯახში იღებებოდა კვერცხები, ვინათლებოდით, ღვთის შეწევნით, სულიწმინდის ნათელი კი გვაკლდა გულებში თითოეულ ჩვენგანს. არ ვიცი, რისი ბრალი იყო, დალევა და გამოთრობა გვეამაყებოდა და გვქონდა გაჩაღებული სმა -ჭამა, შევიკრიბებოდით ბიჭები, დავდებდით, ვისაც რისი საშუალება გვქონდა მატერიალურად და ვგულაობდით ბარ-რესტორნებში. მშობლებიც გვათამამებდნენ, ფულის გარეშე სახლიდან როგორ გამოგვიშვებდნენ?! რამე დაგვაკლდებოდა და სასწრაფოდ სახლში ვრეკავდით, - ფული გაგვიმზადეთ, ამდენი და ამდენი არ გვყოფნისო. - მოკლედ დიდ ტერორში გვყავდა ჩვენი ახლობლები. მახსოვს ერთხელ მე და ჩემი ძმა ბიჭებთან ერთად სასტუმრო "ივერიას" ვესტუმრეთ, რესტორანში კარგად ვიქეიფეთ თუმცა ფული დაგვაკლდა, იცით ალბათ, მაშინ როგორ ანგარიშობდნენ ნაჭამ-ნასმის ღირებულებას, ბევრი ვიკამათეთ კიდეც ოფოციანტებთან, ამდენი არ გვიჭამია და არ დაგვილევიაო, მაგრამ ჩვენ მთვრალებს ვინ დაგვიჯერებდა და "ზალოგში" რაღაცა დაგვატოვებინეს, ისე იქიდან არ გამოგვიშვეს, რომელიც მერე ერთ-ერთი ჩვენგანის მშობელმა გამოისყიდა. სმა ჯერ შამპანიურით დავიწყეთ, მერე არაყზე გადავედით, გვინდოდა დავმთვრალიყავით და მართლაც, საშინლად გამომტყვრალები გამოვბორიალდით გარეთ. ასეთი რა ნაზავი ჩავისხით პირში, არ მახსოვს, მაგრამ გამოვედით თუ არა, ერთი მეგობარი გადაგვერია, გაახსენდა რომ მშობლები ერთმანეთთან გაცილებული ჰყავდა, რას ჰქვია, მამაჩემმა დედაჩემი მიატოვაო, გაიხადა მამამისის ნაყიდი ძვირფასი ტყავის "პლაშჩი", როგორც მაშინ უწოდებდნენ, ჯერ კბილებით ლამის დაღრღნა, მერე ერთი ფეხი ბორტს დააბიჯა, ხელებით დაეჯაჯგურა და დიდი ბრძოლის შემდეგ შუაზე გადახია. ესეც არ აკმარა, შუაზე გადახეულს იქვე, სასტუმროს უკან რომ ხრამია, იქ გადაუძახა. როგორ არ ვაკავებდით, ვერაფერს გავხდით, ისეთი ღონე მისცემოდა. საშინლად შევწუხდით და გადავწყვიტეთ პლაშჩის ეს დიდებული ნაშთები ხრამიდან ამოგვეტანა, რომ დათოს, ასე ერქვა ჩვენს მეგობარს, დედა არ გაბრაზებოდა. ინიციატივა თავის თავზე აიღო ჩემმა ძმამ და ზაზამ, ჩვენმა კიდევ ერთმა იქ მყოფმა მეგობარმა, საშინელ სიბნელეში ცოცვა-ცოცვით ჩავიდნენ დაბლა, როგორც იქნა იპოვეს, რასაც ეძებდნენ ასანთის და "ზაჟიგალკის" დახმარებით და ალაფით ხელდამშვენებულნი ტრიუმფატორებივით წარსდგნენ ჩვენ წინაშე. - ეს ისევ ამოიტანეთო?! და ისევ გადასაყრელად იქაჩებოდა დათო, მაგრამ აღარ დავანებეთ დანაშაულის ჩადენა. (დედამისს რომ არ ენახა, ნაგლეჯები მეორე დღესვე მკერავთან წავიღეთ, მაგრამ მისი სრული აღდგენა ვეღარ მოხერხდა და ორბორტიანი ერთ ბორტიანად გადაკეთდა.) ამის მერე, არც რესტორანში შეხლა-შემოხლამ, არც მეგობრის უსაქციელობამ არ გაგვიფუჭა გუნება-განწყობა, სიმღერ-სიმღერით გამოვუყევით გზას პლეხანოვისაკენ, ვხუმრობდით, ვღლაბუცობდით, მოკლედ მშვენივრად ვერთობოდით, გზაზე შემოგვხვდა ერთი ნაცნობი, გვარად, ვალიევი, სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ მახსოვს, რაზე დავიწყე ჩხუბი და ეს საწყალი კაცი ფეხქვეშ გავიგდე, მეცნენ მეგობრები, ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან, მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ პლეხანოველი ნაცნობების, მათ შორის, აწ განსვენებული გია ჯიბლაძის, რომელიც ვალიევის მეზობელი იყო, გამოძახებაც გახდა საჭირო ჩვენს შესარიგებლად და დასაშოშმინებლად. გალეწილებმა გზა განვაგრძეთ, ნელ-ნელა დავიფანტეთ, ყველამ თავის სახლს მიაშურა, ამასობაში ზაზას კიდევ უფრო მოეკიდა სასმელი და მისი სახლში მიყვანის პატივი მე და ჩემს ძმას გვერგო, მივედით, ზარი დავრეკეთ და ზაზა კარებზე მივაყუდეთ, ფეხზე ვეღარ დგებოდა, ჩვენ თვითონ სიცილით გამოვიქეცით, მისიანებს შენიშვნა რომ არ მოეცათ. ახლა მიკვირს, რა გასართობს ვნახულობდით ამ ყოველივეში. ბათუმში მივდიოდით, ბაკურიანში ლენინგრადსა თუ მოსკოვში, ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, სასტუმროდანაც არ გამოვდიოდით, ან ნომერში ვსვამდით, ან იქვე რესტორანში. რა პლიაჟი, რა თოვლი, რა ერმიტაჟი, არაფერი არ გვაინტერესებდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment