Friday, December 2, 2016
ანდროს ისტორიებიდან (ჩემი შვილიშვილი - ანდრიუში)
მთელ ქვეყანაში ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემი შვილიშვილი, პატარა ანდრო. მიკვირს, რით დავიმსახურე ასეთი ბედნიერება?! მიხარია, ჩემი სახელი რომ დაარქვეს, თუმცა ცოტა სახეშეცლილი - ანდრია! ცხონებულ ბაბუაჩემსაც ანდრო ერქვა, ანდრეი დიმიტრიჩს ეძახოდნენ, ჩვენი პატარა ანდროც ანდრეი დიმიტრიჩია. მამიდაჩემი, იდა, მე და ჩემს ტყუპისცალ ძმას, დათოს გვეძახდა ჩემი მზე, მთვარე და ვარსკვლავებიო! მაშინ მიკვირდა ასეთი მეტაფორებით მეტყველება, მაგრამ ახლა მეც ასევე ვუწოდებ ჩემს შვილიშვილს: ჩემი მზე, მთვარე და ვარსკვლავები და ნამდვილად არ ვამეტებ. დედაჩემი, ქეთევან სევერიანეს ასული, ჭკუას კარგავდა შვილიშვილებზე, იშვიათად გაუჯავრდებოდა, რაც არ უნდა გაეკეთებინათ, ჩვენთან, შვილებთან, შედარებით მკაცრი იყო, მაგრამ ალბათ არასაკმარისად, მე რომ ასეთი უნიათი გავიზარდე, შვილიშვილისთვის საჩუქარიც ვერ მიყიდია, ის ამბობდა, არ ვიცი ვისი სიტყვებია, შვილი მშობლის გულია, შვილიშვილი - გულის გულიო. ნამდვილად ასე ყოფილა! დიდხანს ველოდით შვილიშვილის გაჩენას მე და ნატა, თავიდან დიმიტრი და მისი მეუღლე, თამუნა თითქოს არ ჩქარობდნენ ამ საკითხის გადაწყვეტას და როცა გავიგე, ჩვენი რძალი ფეხმძიმედ იყო, ცას ვეწიე სიხარულით, ყოველ დღე ღმერთს მადლობას ვუხდიდი ასეთი საჩუქარისთვის.არ ვიმჩნევდი, მაგრამ თამუნას მშობიარობაზეც ძალიან ვიღელვე და ვინერვიულე, რომ დაქორწინდნენ, დედაჩემი მეუბნებოდა, ეს პატარა გოგო ბავშვს როგორ გააჩენსო?! მაგრამ ყველას აჯობა, 3 კილოგრამი და 700 გრამი დაიბადა ჩვენი ბიჭი, თანაც 2 კვირით ადრე ამშობიარეს, კლინიკის მთავარ ექიმს, გაგუასაც კი შეეშინდა, ეს ბავშვი ისე სწრაფად იზრდება, მერე მართლა გაუჭირდება გაჩენაო. თამუნა ფეხმძიმობის ბოლო დღემდე მანქანას ატარებდა, ისეთი ყოჩაღია, მე კი შიშისგან ჩემი მემართებოდა ხოლმე, მაგრამ ახალგაზრდებს ჩვენი სატკივარი არ ესმით და ჩვენ - მათი, ასე დაუწესებია ბუნებას, თითქმის ყოველდღე დავდივარ დიღომში ბავშვის სანახავად. ძირითადად, ფეხით, შორი გზა არ არის, ბიჭი ძალიან მომწონს, რომ იტყვიან, - კაი ტიპია! მეუბნებიან, შენ და შენს ძმას გგავთო პატარაობაში, მაგრამ მე ამ მსგავსებას ვერ ვხედავ, უფრო თამუნას ჰგავს. ნატა რძალთან გადასახლდა, მოხმარება ჭირდება. მეც მჭირდება მოვლა და ქალის ხელი, მიჭირს ნატას გარეშე ცხოვრება, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებ, ის ხომ ჩემთვის ყველაზე ძვირფას არსებას უვლის, ჩვენს ანდრიუშის, როგორც თვითონ ეძახის. მეც ასე მეძახის, ამიტომ ეს ამბავი კიდევ უფრო მსიამოვნებს. ვმღერი, ვცეკვავ ჩვენს პატარა ბიჭთან, თავიდან გაკვირვებული მიყურებდა ხოლმე, მაკვირდებოდა, ალბათ ფიქრობდა, ვინ არის ეს მომღიმარი თავმოტვლეპილი კაციო, ახლა გულიანად იცინის, მეც ვიცინი მის სიცილზე, მგონია, სიცოცხლე მემატება, აღარ მინდა სიკვდილი, მაგრამ თუ მაინც გარდავიცვალე, მეცოდინება, რომ ჩემი ნაწილი დარჩა ამ ქვეყანაზე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment