Monday, December 5, 2016
ანდროს ისტორიებიდან (ჩემი ქალიშვილი ნინო)
ნინო ჩვენს ოჯახში პირველი შვილიშვილი იყო, პირველი გამონათება, პირველი სიხარული. ალბათ იმას ახსნა არაა საჭირო, რას ნიშნავს ადამიანისთვის პირველი შვილის დაბადება. მაშინ ექოსკოპია არ იყო, ბავშვის სქესს ვერ იგებდნენ და დიდი ამბით ველოდით, გოგო დაიბადებოდა თუ ბიჭი, მართალია ჩემთვის სულერთი იყო, მთავარია, ჯანმრთელი ყოფილიყო. ბავშვი რომ დაიბადა, მამაჩემს ნერვიულობისგან ცხვირიდან სისხლი წასკდა, წნევიანი კაცი იყო, კარგად მენიშნა, ჯიგარი გოგო დაიბადა-მეთქი. მართლაც, ვაჟკაცური ხასიათის ქალიშვილი მყავს, ბიჭებს ტოლს არ უდებს. დედაჩემი ცას ეწია სიხარულით, გოგოს მონატრებული იყო, ქალიშვილი არ ჰყავდა, ამიტომ თავისი სინაზე და სიყვარული ნინოზე გადაიტანა და მთელი ცხოვრება არ განელებია. ნინო ბებიაჩემის, ნინა სოლომონოვნას, საპატივცემულოდ დავარქვით. ბავშვობიდან თბილი და მოსიყვარულე გოგო იყო. ახლა უფრო მკაცრი ხასიათი გაუხდა, ალბათ ცხოვრებისეული სირთულეების გამო. ჩემი ნინუცა ბუთხუზა გოგო იყო, ჭამა ძალიან უყვარდა, სტუმრად სადაც არ უნდა წაეყვანათ, აუცილებლად საჭმელს მოითხოვდა. მე თვითონ მოფერებით რატომღაც "ბასურა" შევარქვი. ძალიან უყვარდა "მაკაკუ", მაკარონს ასე ეძახდა, ხელით ჭამაც მალე ისწავლა, სულ რამდენიმე თვისამ, თავის თავს თვითონ ანებივრებდა ნაირ-ნაირი საჭმელებით, განსაკუთრებით ჩიჩია უყვარდა და ისე მადიანად მიირთმევდა, ნერწყვი წამოგივიდოდა პირიდან. ძალიან ენერგიული და ხალისიანი იყო. ჩიკორივით ბზრიალ-ტრიალა.ისე ჩქარა დარბოდა ხოლმე ეს მსუქანი ბავშვი, გვეშინოდა ცხვირპირი არ დაემტვრია, ველოსიპედის ტარებაც მალე ისწავლა, რატომღაც "მოკოკოს" ეძახდა, ალბათ მოტოციკლეტს თუ ამსგავსებდა, საერთოდ თავისი ლექსიკონი ჰქონდა და ყველა საგანს თავის სახელს არქმევდა. წლინახევრამდე ძუძუს ჭამდა, ნატამ ძლივს გადააჩვია, დეკრეტიდან სამსახურში უნდა გასულიყო და სხვა გზა არ ჰქონდა. ამისთვის ნადეჟდა ივანოვნას მიაბარა ერთი დღით, რადგან დედაჩემმა უარი განაცხადა მის დატოვებაზე, მის ტანჯვას ვერ ვუყურებო. ქალბატონმა ნადიამ შვილის ხათრით გაუძლო წამებას, მაგრამ საწყალს თვითონაც ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა თურმე შვილიშვილთან ერთად. დაძინება არ უყვარდა, ბებიამისს, ქეთოს, ამის გამო ძალიან აწვალებდა და სისხლს უშრობდა სანამ ბავშვს დააძინებდა, თვითონ ჩაეძინებოდა ხოლმე. რამდენჯერმე შევესწარით, ნინო არხეინად თამაშობდა თავის საწოლში, ბებიამისს კი გულიანად ეძინა გვერდზე ლოგინში. ბავშვობაში მწარე ენისა იყო ჩემი გოგო. ამის გამო მახსოვს ბიცოლამისმა, მაიამ, ხუმრობით უთხრა, -ეგეთი ენის პატრონს, რომ გაიზრდები, ცოლად ვინ წაგიყვანსო?!", ამან უპასუხა, -შენ როგორსაც გაყევი, ისეთს მაინც გავყვებიო. -მაშინ ბევრი ვიცინეთ. დათომ რომ ცოლი მოიყვანა, ნინო წლინახევრისა იქნებოდა, დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ ბიცოლამისს და ჩვენს გოგოს, სულ მაია, მაიას გაიძახოდა. უიმისოდ საჭმელსაც არ ჭამდა, მითუმეტეს, რომ იმ დროს ნატა სამსახურში გავიდა და რომ იტყვიან, ბავშვი მაიას, ჩემს რძალს, მიეკედლა. ფეხმძიმე ქალს სულ მუცელზე ეჯდა ხოლმე. დედაჩემი რძალს ეტყოდა, ნუ ათამამებ, თორემ ბავშვი რომ გეყოლება, იეჭვიანებსო, ასეც მოხდა, ათუკა რომ დაიბადა, ხან თითს ტაკებდა თვალში, ხან ქოჩრით ითრევდა, მაგრამ ბავშვის გაბრაზების უფლება მაიას არ ჰქონდა, ჩემს მშობლებს ძალიან სწყინდათ, ნინო ხომ ღმერთი იყო მათთვის. გარეგნობით, მე მგავდა და მგავს, რომ დაინახავდნენ ჩემი ნაცნობები, მის გვერდზე რომც არ ვმგარიყავი, მაშინვე ხვდებოდნენ, ჩემი ქალიშვილი რომ იყო, თუმცა ჩემგან განსხვავებით მალე ჩამოუყალიბდა პასუხისმგებლობის გრძნობა. როცა დიმიტრი გაჩნდა, მალევე აიღო მასზე შეფობა, რადგან ჩვენ ძირითად ოჯახს გამოვეყავით და სხვაგან გადავედით საცხოვრებლად. ნატას ბავშვზე დამხმარე აღარ ჰყავდა, ბიჭი უკვე წლინახევრისა იყო, მართალია დედაჩემი მოდიოდა ხოლმე ჩვენთან, ხან ბავშვები თავისთან მიჰყავდა, მაგრამ ნინოს პასუხისმგებლობა მაინც გაიზარდა ძმის მიმართ და დღემდე არ კლებულობს. მახსოვს ერთხელ მაიამ წაიყვანა ოთხივე ბავშვი გამოფენაზე, თავისი ორი და ჩემი ორი. გამოფენის ბაღში აუზია, სწორედ მასთან თამაშობდნენ თურმე ბიჭები, დიმიტრის რატომღაც თავმა სძლია და გადავარდა წყალში, სანამ ბიჭები ამას შეამჩნევდნენ, ავთო გვერდზე ედგა, მაგრამ სხვაგან იყურებოდა და მაიამაც სანამ იქ მიირბინა, ნინო შორიდან გამოქანდა, ყველას დაასწრო, ბავშვს თმებში ხელი სტაცა და აუზიდან ამოიყვანა, ვერავინ ვერ მოასწრო გონს მოსვლა, ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. სკოლაშიც თავისზე უმცროსი ბიძაშვილების და ძმის დიდი დამცველი და ქომაგი იყო, მისი შიშით იმათ ხმას ვინ გასცემდა?! როცა მუშაობა დაიწყო, სულ 21 წლისა იყო, მუდამ ცდილობდა ძმას დახმარებოდა, გული არ დაწყდესო, კალათბურთიდან თურქეთში ე. წ. "ზბორებზეც" გაუშვა, დიმიტრი მაშინ ალბათ 15 წლისა იქნებოდა. ცდილობდა სწავლაშიც ხელი შეეწყო, მაგრამ ვაჟბატონმა სწავლა არ ისურვა, თუმცა დღეს თავისთვის სასურველ პროფესიას მოჰკიდა ხელი, ბავშვებს ავარჯიშებს ფაჩულიას საკალათბურთო სკოლაში, მიხარია მისი წარმატებები. სწავლას რა თავში იხლის ადამიანი, თუ თავისი სამუშაო არ უყვარს?! ნინოს დედამისი, დიმიტრი და მისი ოჯახი მთელ ქვეყანას ურჩევნია, ამიტომ მათი გულისთვის ნებისმიერ ადამიანს დაუპირისპირდება. დედაჩემსაც, თავის გამზრდელ ბებიასაც, კი არ ანებებდა რძალზე საყვედური ეთქვა. ჩემთანაც ხშირად ამის გამო შემოდის დაპირისპირებაში. ყოველთვის დედამისის მხარეს იჭერს. რის გამოც მისი ხასიათით ხანდახან უკმაყოფილოც ვრჩები, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ მე მგავს, მეც დედაჩემის გულისთვის ყველას გავუწევდი წინააღმდეგობას, თვით ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი. ზოგჯერ ჩემს წარსულ უსაქციელობას შემახსენებს ხოლმე და გულს მტკენს, მაგრამ მისიც მესმის. პატარა გოგოს ავკიდე ოჯახის რჩენის ტვირთი, ვალებითაა გავსებული მათ შორის, ჩემთვის აღებული ვალებითაც. მე კი რაღაც წვრილმანებზე ვბუზღუნებ და რაღაცას მოვითხოვ. მართალია მეც ძალიან მათამამებს და მიფრთხილდება, იცის, ტკბილეული მიყვარს და სახლში მის გარეშე არ შემოვა, ყოველთვის მირეკავს, რამე ხომ არ მოგიტანოო, ამას ძალიან ვაფასებ, ასევე მის თავდადებას თავისი ძმის და მისი შვილის, პატარა ანდრიუშას, მიმართ. მახსენდება ჩემი დაპირისპირება მშობლებთან, ძმასთან, მუდმივად რაღაცას ვთხოვდი, მეტიც, კი არ ვთხოვდი, მოვითხოვდი! რა უნდა გაეკეთებინათ ჩემს ხანში შესულ მშობლებს ან სამშვილიან ძმას? მიხმარების ნაცვლად, აქეთ ველოდი დახმარებას. ნინო ამაზეც მიმითითებს ხოლმე, მკაცრია და შეუვალი. მომწონს, რომ თავს არავის დააჩაგვრინებს, ყველას საკადრის პასუხს გასცემს, მაგრამ ეს დიდი შინაგანი ძალისხმევის ფასად უჯდება. მერე გული ამოუჯდება ხოლმე და სხვებმა რომ არ დაინახონ, პატარა ბავშვივით ტირის ცხარე ცრემლებით. ოჯახში შემომტანიც ეგ არის და ყველაფრის მომწესრიგებელიც. რამე თუ გაფუჭდა, სასწრაფოდ ხელოსნებს იძახებს და აკეთებინებს, სხვის იმედზე არასოდეს არ არის. კაცი ვერ გააკეთებს ამდენს, რამდენსაც ის აკეთებს. ცხოვრებამ გამობრძმიდა. ამაში, რა თქმა უნდა, სამსახურმაც შეუწყო ხელი. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, ესე იგი ძალიან უყვართ ჩემი ხითხითა და კისკისა გოგო, ყველას გამგებია და გვერდში მდგომი, ამიტომაც სხვებიც ყოველთვის გვერდში უდგანან, ინგა, ნინო, ელენე და სხვები. ბავშვობიდან ერთად არიან, მე ყველა ძალიან მიყვარს, მისი ძველი მეგობრებიც და ახალშეძენილებიც, მომწონს მათთან საუბარი, ანეგდოტებს ვუყვები, ჩემს ისტორიებს, ვახალისებ და მეც ვხალისობ. ახალგაზრდული ენერგიით ვივსები. ნინოს სამსახურშიც ძალიან დიდ პატივს სცემენ, რაც ძალიან მიხარია. ჩემი გოგო ამაყობს კიდევაც თავისი ხასიათით, ამბობს: - მამა გურული მყავს, დედა - ჩერქეზი, ბებია - ვანელიო და რა გასაკვირია, ასეთი რომ ვარო, - ღმერთმა დიდხანს კარგად მიმყოფოს მისი თავი ჩვენი ოჯახის იმედად და ქვეყნის გასახარად! გული მწყდება, რომ ჯერ თავისი ბუდე ვერ გაიკეთა, მაგრამ ღმერთს ხშირად ვთხოვ კარგი ბედ-იღბალი მისცეს, იმედია შეისმენს ჩემს ლოცვას!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment