Saturday, December 3, 2016
ანდროს ისტორიებიდან (სისხლის ყივილი)
წელს 14 ივლისს 56 წლის გავხდი, ძალიან ვამაყობ, რომ ამ დღეს დაიბადა ორი დიდი ქართველი მწერალი, ვაჟა-ფშაველა და ნოდარ დუმბაძე. მაინცდამაინც იმ დღეს კბილი ამომვარდა, სისხლით ამევსო პირი. ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "სისხლის ყივილი" გამახსენდა. მეც ვიგრძენი სისხლის ყივილი, მშობლების სახეები წარმოვიდგინე. ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც წინაპართა საფლავებზე არ უნდა დაიმარხოს, ბევრჯერ გამიგონია, ნეტა, დედაჩემის გულზე დამასაფლავა, ან ნეტა, მამაჩემის გულზე დამასაფლავაო. ამას მაინც ძირითადად ასაკოვანი ხალხისგან გაიგონებ, თორემ ახალგაზრდისთვის სულერთია სად დაასაფლავებენ, რაც ასაკში შედიხარ უფრო ხშირად იხსენებ მშობლებს და გულიც წინაპართა საფლავებისკენ მიგიწევს, კარგი იყო ხალხი ერთ სოფელში რომ ცხოვრობდა, საგვარეულო სასაფლაოები იყო და წინაპართა ენერგიით გაჟღენთილი მიწა კვებავდა მომავალ თაობებს, ძალას მატებდა. თაობები იზრდებოდა იმ მიწაზე, იბადებოდნენ, კვდებოდნენ, ისევ იქ იმარხებოდნენ, მამა-პაპათა გვერდზე. დღეს ყველაფერი შეიცვალა, ხალხი სოფლებიდან დაიძრა. ზოგი სად გადაიკარგა, ზოგი სად. დარჩა უპატრონო საფლავები, ბალახმა გადაუარა მიწას. მოგვტირიან, მაგრამ ჩვენ არ გვესმის მათი ტკივილი, გული გაგვხევებია და გაგვქვავებია. დროის უქონლობის თუ გულგრილობის გამო წელიწადში რამდენჯერმე თუ ვეწვევთ სასაფლაოებს, ძირითადად, აღდგომას და გვგონია ჩვენი ვალი მოვიხადეთ. მიცვალებულ მშობლებს ჩვენს საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს ვმარხავთ, შორს წასვლა რომ არ დაგვჭირდეს, არც არის გასაკვირი, სულ სხვა ცხოვრება დადგა, დუხჭირი და არაფრისმთქმელი. მამაჩემი 66 წლის გარდაიცვალა, დიდებული ადამიანი იყო, რჩეულთა შორის რჩეული, არ არსებობს კაცი, რომელიც მას იცნობდა და დიდი სიყვარულით არ გაეხსენებინოს, სიკეთით სავსე იყო, ნამდვილი რაინდი, სერვანტესის დო კიხოტს მაგონებდა, მახსოვს, ტირილის გარეშე ვერ უყურებდა მელოდრამას. ჩემს რძალს, მაიასაც ასეთი მგრძნობიარე ხასიათი აქვს, ერთი-ორჯერ შევამჩნიე, რაიმე ფილმს უყურებდნენ და ორივეს ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდათ ცრემლები. მაიასგან არ გამკვირვებია, ქალია, მამაჩემისა კი გამიკვირდა, ეს ვაჟკაცი კაცი, რა მგრძნობიარე ყოფილა-მეთქი., დედაჩემი 87 წლის ხდებოდა, რომ გარდაიცვალა, უაღრესად ენერგიული და თავისებური პიროვნება გახლდათ. რამდენი წლისაც არ უნდა იყოს მშობელი, ყოველთვის გული გწყდება, მათ გახსენებაზე ძარღვებში ჟრუანტელი გივლის, სისხლის ჩქროლას გრძნობ, რომელსაც ახსნას ვერ მოუძებნი.. დიღმის სასფლაოზე დავასაფლავეთ ორივე, მამაჩემი დედამისის გვერდზე წევს, ალბათ ბედნიერია. მამაიდაჩემიც იქ არის დასაფლავებული, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. ბაბუაჩემი, ანდრეი დიმიტრიჩი, თავის მშობლებთან დავასაფლავეთ ბახვში, ასე უნდოდა, მათ გახსენებაზე ნაღველი შემომაწვა, ცუდად მენიშნა კბილის ამოვარდნა, ვიფიქრე, ნეტავ ჩემი მშობლები თავისთან ხომ არ მეძახიან-მეთქი. წელს თუ გადავრჩი, მერე მალე აღარ მოვკვდები , გავიფიქრე და ღმერთს პატიება შევთხოვე ჩემ მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment