ქალისადმი პატივისცემის გამოხატვა ჩვენს ოჯახში წესად იყო ქცეული. ჩემი დიდი ბაბუა, დიმიტრი ჭელიძე, სტუმრად მიიწვიეს აზნაურის ოჯახში, რომელსაც მეუღლესთან ერთად ეწვია. ასეთი თავშეყრის ადგილებზე ცოლის გარეშე არ დადიოდა. მართალია, თვითონ გლეხი იყო, მაგრამ რჩეული. როცა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი საქართველოში ჩამოვიდა, მას გამოჩენილი ქართველები დაახვედრეს, მათ შორის, გლეხებიც. იმ სიაში მოხვდა ბაბუაჩემიც, ჰოდა, მიიწვიეს სტუმრები სუფრასთან, ბაბუაჩემი საპატიო ადგილას დასვეს, ქალბატონ ნადიას კი სხვაგან მიუჩინეს ადგილი, ამაზე დიმიტრი ძალიან გაბრაზებულა, ეს ფაქტი დიდ შეურცხყოფად მიუჩნევია და სუფრა დაუტოვებია. ცოლს დიდ პატივს სცემდა, ბატონობით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და როცა ახალგაზრდა რძალი შემოსულა მათ ოჯახში, თვრამეტიოდე წლის ულამაზესი გოგონა, ხიდისთაველი ზინა ლომთათიძე, არც მაშინ უღალატია თავისი პრინციპებისთვის, თავზე ევლებოდა რძალს, სხვის შვილს რამე არ ეწყინოსო და როცა მისი მეუღლე დედამთილობას გამოიჩენდა ხოლმე და გოგონას გაუბრაზდებოდა, თვითონ მოეფერებოდა, დაამშვიდებდა, თანაც ხუმრობით ეტყოდა, - დაბერდა და ახლა ხომ ვერ გავშვებ სახლიდანო?! - მინდა მის სხვა დადებით თვისებებზეც გავამახვილო ყურადღება. განათლებული კაცი გახლდათ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეც. კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი პეტრე ჟღენტი პირადად იცნობდა ჩემს დიდ ბაბუას, ხშირად იტყოდა ხოლმე მის შესახებ, - მეფედ დასასმელი კაცი იყოო - ამით, რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო ნათქვამი. გამოირჩეოდა კარგი შესახედაობით, ვაჟკაცური თვისებებით და რაც მთავარია, ჭკუითა და აღზრდით. როგორც მისი რძალი, ზინა, მე და ჩემი ძმაც ზინას ვეძახით, იმდენად ახლობელი ადამიანია ჩვენთვის, იტყოდა, - დიდებული კაცი იყო, ნაკლს ვერ უნახავდიო. - გერმანლებთან მუშაობდა ბათუმში. რამდენიმე უცხო ენა იცოდა, კარგი მეურნე იყო, იმ დროისათვის კარგად გამართული სახლ-კარი ჰქონდა, ბევრი ვერ დაიკვეხნიდა ამით, მისი აშენებული ას წელზე მეტი ხნის სახლი დღესაც დგას სოფელ ბახვში, თუმცა შემდეგმა თაობებმა ვეღარ გავუწიეთ მოვლა-პატრონობა და ახალიც ვერაფერი შევმატეთ მის გაკეთებულს. მახსოვს ბავშვობაში, როცა იქ ჩავდიოდით, ანტიკვარული ნივთები მხვდებოდა თვალში, უძველესი სარკე, გერმანული ლამფები, ძველი ზანდუკები, ხალიჩები, გერმანული ჭურჭელი. ჩემმა რძალმა, მაიამ, ერთხელ გაოცებით წარმოთქვა, ქათმებსაც კი გერმანული თეფშები უდგათ წყლის დასალევადო, რა თქმა უნდა, უკვე გაბზარული ან კიდემოტეხილი, კომუნისტების დროს სოფელში მათი ფასი არავინ იცოდა. ბაბუაჩემიც, ანდრეი დიმიტრიჩი, დიდი სისათუთით ექცეოდა თავის გარშემო ქალებს, თავის დებს, მარუსას და გალინას, რძალს- ზინაიდას, მეუღლეს, ნინა სოლომონოვნას, რომელსაც დაშორდა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ მისდამი პატივისცემა არასოდეს დაუკარგავს. კვირა-დღე მასთან ერთად ეწვეოდა ხოლმე კინო-თეატრებს, ყველა საქმეში ცდილობდა დახმარებოდა. მამაც მუდმივად იმსახურებდა ქალების ყურადღებას თავისი გალანტურობითა და ჯენტლმენური საქციელით. ახლა იტყვით, კარგი, ეს შენი წინაპრები და შენ რას გვეტყვი შენს თავზეო და მართალიც იქნებით. რომ იტყვიან, ბუნება შვილებზე ისვენებსო, მართალი ყოფილა. მე ისეთი ნამდვილად ვერ გამოვედი, როგორც ისინი. ცოტა კი არა შეიძლება ძალიანაც ფეთქებადი და აღგზნებული ხასიათი გამომყვა, რის გამოც, ხშირად მიწყენინებია გარშემო მყოფი ქალებისათვის, ცოლისთვის, დედისთვის, შვილისთვის, რძლისთვის თუ სხვათათვის, რისთვისაც მინდა ყველა ქალს ბოდიში მოვუხადო, მაგრამ სხვებს ნამდვილად არ ვპატიობდი ქალის მიმართ უდიერ და უპატივცემულო საქციელს საზოგადოებაში. შენს სახლში რაც გინდა ის აკეთე, რა თქმა უნდა, არ ვლაპარაკობ ძალადობაზე, ეს ჩემთვის მიუღებელია სახლშიც და გარეთაც, თუმცა ზოგჯერ ადამიანი აფექტის მდგომარეობაში რას არ ჩაიდენს, მე კი ეს აფექტი ხშირადაც მემართებოდა, მაგრამ სხვების თანდასწრებით, კეთილი ინებე და ეთიკა დაიცავი! აი, ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი მთელი ჩემი ცხოვრება.
ერთხელ მახსოვს, ნატასთან, მაშინ ჩემი მეუღლე არ იყო, და მეგობარ ბიჭებთან ერთად ქუჩაში მივდიოდი, ქუჩის მეორე მხარეს ნატას დაქალი ია მიეშურებოდა გეპეისკენ ჯგუფელ გოგონასთან ერთად. გვერდზე ბიჭებმა ჩაუარეს, ორნი იყვნენ.
უცებ გოგოებმა ტირილით გადმოირბინეს ქუჩა და ჩვენ მოგვადგნენ საშველად. თურმე იმ ახალგაზრდა ყმაწვილებს შეურაცხყოფა მიუყენებინათ მათთვის, უწმაწური სიტყვებით გამასპინძლებოდნენ. საშინლად გავბრაზდი, ერთი იმ ყმაწვილთაგანი ისედაც არ მეპიტნავებოდა, ადრეც მქონდა მასთან შეხლა-შემოხლა, გავიქეცით ბიჭები, დავეწიეთ და შავი დღე ვაყარეთ ამ უსაქციელობის გამო, ვთხოვეთ გოგონებისთვის ბოდიში მოეხადათ, უარი განაცხადეს, ატყდა ჩხუბი და აყალმაყალი. მეორე დღესაც გაგრძელდა გარჩევები. იმ ყმაწვილმა თავისი მეგობრები მოგვიყვანა, შეხლა-შემოხლის დროს ერთმა მათგანმა დანა დამარტყა სახეში, ლოყაში მომხვდა და ჭრილობა გადამეხსნა. სისხლმა იფეთქა, საავადმყოფოში გამიკერეს. პოლიციაც ჩაერია საქმეში, მაგრამ მე სასტიკი უარი განვაცხადე იმ ბიჭების დასმენაზე და საქმე მიჩქმალეს, ამისთვის მამას თავისი მაღალჩინოსანი მეგობრების გამოყენებაც კი დასჭირდა, აბა, "ჩამშვები" ხომ არ გავხდებოდი, მაშინდელი მენტალიტეტი სულ სხვა იყო. ის ყმაწვილი კი, როგორც მოგვიანებით გავიგე, რაღაცა დანაშაულის გამო სიკვდილით დაესაჯათ, დახვრიტეს, - ნეტა, რა ჩაიდინა ასეთი?! - ხშირად ვფიქრობ.
არც ერთი ქალი არ იმსახურებს ცუდ მოპყრობას, ჩემი აზრით, უნდა გავუგოთ მათ და გავუფრთხილდეთ. ჩემი მეგობრის, ლევანის, დედა - ლია დეიდა, ჩემი დიდი მეგობარია, ავად არის, მაგრამ მთელ ოჯახს მაინც ის უვლის, ოჯახის ყველა წევრის დარდი, მისი დარდია. ხშირად დავდივარ მის სანახავად, ის თავის სატკივარს მიზიარებს, მე - ჩემსას, თუ ვერ ვნახე, ტელეფონით ვეკონტაქტებით ერთმანეთს. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, სხვისი დარდის თანაზიარი და გულშემატკივარი რომ ხარ!
ქალები ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ, დედა, მამიდა, ნინა ბებია და მარუსა -ბაბუდა, ზინა - უსაყვარლესი და თბილი ადამიანი, ბახვი ჩემთვის ყოველთვის მასთან ასოცირდება, დიანა, მამაჩემის ბიძაშვილი, მასთანაც ვმეგობრობ, ერთად გაზრდილები ვართ, ვაჟკაცი ქალია, ჭეშმარიტი წარმომადგენელი ჩვენი გვარის, ჩემი რძალი, მაია, და რაც მთავარია, ჩემი ნატა და ჩემი ქალიშვილი - ნინო. ვერ ვიტან, როცა ნატა სადმე სხვაგან არის წასული, მინდა სულ ჩემს გვერდზე იჯდეს და თვალებში მიყუროს, ხანდახან კია არა, ხშირად ვურეკავ, ვეკითხები, სად ხარ-მეთქი - ბრაზდება, მაგრამ რას იზამს, ცოტა უნდა მომითმინოს. ორი კვირა იყო წასული ეგვიპტეში სამსახურის გამო, გამიჭირდა მის გარეშე, მისი ჩამოსვლის დღისთვის ტრანსპარანტები დავამზადე, წარწერებით, -ურა, ვაშა, ნატაშას! ან კიდევ, - დიდება, ნატაშას!- ამ ტრანსპარანტებითა და ბუშტებით მოვრთე მთელი სახლი, მინდოდა გამეხარებინა, სიტყვებიც შეცდომებით დავწერე, უფრო სასაცილო რომ ყოფილიყო. მე მგონი გავახარე კიდევაც, ფოტოზეც აღვბეჭდე მისი ბედნიერი სახე. მინდა ყველა ქალი გახარებული და ბედნიერი იყოს!
No comments:
Post a Comment