Sunday, December 4, 2016
ანდროს ისტორიებიდან ( ჩემი სიდედრი - ნადეჟდა ივანოვნა)
ერთადერთი ქალის სურათი, რომელიც თან დამქონდა, ჩემი სიდედრი იყო. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ყველას გაეგო, არსებობს კარგი სიდედრებიც, თორემ ისეთი იმიჯი აქვთ მთელ მსოფლიოში, თითქოს კაციჭამიები იყვნენ. წარმოიდგინეთ ხალხის სახეები, ჩემი სიდედრის ფოტოს რომ დავაძრობდი ხოლმე გულის ჯიბიდან. ნადეჟდა ივანოვნა, ასე ვეძახდი მას, 19-20 წლისამ გავიცანი, მანამდე, ვიდრე მე და ნატა შევუღლდებოდით. თავიდანვე მოვიხიბლე ამ ქალის დადებითი თვისებებით. ეს უნაზესი რუსი ქალბატონი მალაკანი რუსების ოჯახიდან იყო. დედამისი ნიუ-იორკში, ამერიკაში, იყო დაბადებული, 16 წლამდე იქ ცხოვრობდა, მერე ოჯახი თურქეთში გადმოსახლდა, რაღაცა კომერციას აწარმოებდა, იქიდან საქართველოში ჩამოსულან, ამ დროს ის დასაქცევი ოქტომბრის რევოლუციაც მომხდარა, საქართველოშიც ყველაფერი აირია, რამდენიმე წელში აქაც შემოსულან წითელარმიელები და მათი ოჯახი უკან ვეღარ დაბრუნებულა. მამამისი საქართველოში გადმოსახლებული მალაკნების შთამომავალი იყო. წყვილი შეუღლდა და შეუდგა ოჯახურ ცხოვრებას. შესანიშნავი ადამიანები იყვნენ, თბილი, უბოროტო, მშრომელი. ნატას ბაბუას თავისი დასასაფლავებელი ფული და კუბოც, თვითონ გამოთალა თავის ხელით, ჰქონდა გამზადებული, არავინ შევაწუხოო. მძიმე ცხოვრება გადაიტანეს, მტვირთავ მუშებადაც კი უხდებოდათ ცხოვრება, თავი რომ გაეტანთ. ბატონ ივანეს მკაცრი ხასიათი ჰქონდა, თავის ქალიშვილებს, ნადიას და ანიჩკას და ვაჟს, ვასიას, ასე ეძახოდა, არ ანებივრებდა. შვილებიც უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მამას, ერთადერთი რამ, რაშიც ქალბატონი ნადეჟდა მამას არ დაემორჩილა, მისი არჩევანი იყო გათხოვების საქმეში. მაშინ ისინი ახლანდელი სამტრედიის ქუჩის ბოლოში ცხოვრობდნენ ბარაკებში, ახლა იქ თექვსმეტსართულიანი სახლები დგას. მეზობლად ცხოვრობდა ჩერქეზი ყმაწვილი კაცი, საიდ მურადინოვიჩი, ერთმანეთი უგონოდ შეუყვარდათ. ბატონი საიდი ულამაზესი ჭაბუკი გახლდათ, კაცებზე ასე არ ამბობენ, მაგრამ ვაჟკაცური სილამაზე ჰქონდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა მარლონ ბრანდოს თუ ჟან მარეს, ჰოდა, 16 წლის გოგონა ამ სილამაზის და ვაჟკაცობის წინაშე როგორ არ დაიხევდა უკან?! ნადიას ქალაქ თბილისის 116-ე სკოლა ოქროს მედალზე ჰქონდა დამთავრებული, წინ დიდი მომავალი ელოდა, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა, მიატოვა მშობლები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, ჩერქეზ კაცს გაჰყოლოდა ცოლად და შეიქმნა ერთი ტკბილი თბილისური ოჯახი, სტუმართმოყვარე და სიყვარულით სავსე. ნადიას დედამთილი ბელორუსი იყო, მისმა მეუღლემ საქართველოში ვერ გაძლო და კავკასიის მთებს დაუბრუნდა. ქალბატონი სტახანოველი მუშა იყო, მედალი გმირობისთვის თვით საჭოთა კავშირის ცეკას პირველმა მდივანმა მოსკოვში პირადად გადასცა. შრომაში გამობრძმედილ ქალს მკაცრი და მძიმე ხასიათი ჰქონდა. ნადიას მასთან შეგუებამაც მოუწია, მაგრამ რომ იტყვიან, სიყვარული მთებს აბრუნებს, და ვერაფერმა დააშორა წყვილი. ორი შვილი შეეძინათ, ტყუპები, ჩემი ნატალია და თემური, მოფერებით ტიმას ეძახიან. ნატას ნამდვილი სახელი კი მარიამია, ბებიას საპატივცემულად დაარქვეს, მაგრამ რატომღაც არ მოსწონებია ეს სახელი და ნატალი შეირქვა. ნატას სწავლა უყვარდა, ტიმა ცოტა ზარმაცი გამოდგა, თუმცა და-ძმას დიდი მუსიკალური ნიჭი ჰქონდა, ნატა შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე, მუსიკალური ათწლედიც დაამთავრა, ტიმა კი -გიტარაზე, ამიტომ მათ ოჯახში მუდმივად მხიარულება იყო, ჯერ მათი კლასელებით იყო სავსე სახლი, მერე ნატას ინსტიტუტის მეგობრებით. საბჭოთა პერიოდში ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა, ქალბატონ ნადიას კარგი ანაზღაურება ჰქონდა, მართალია, საიდ მურადინოვიჩი ახალგაზრდობიდან ავადმყოფობდა, რის გამოც ფიზიკური შრომა უჭირდა, მეუღლე არასოდეს აგრძნობინებდა თავს დამნაშავედ ამის გამო. ასეთ შეხმატკილებულ ცოლ-ქმარს იშვიათად ნახავდა ადამიანი და ეს დიდი სიყვარული მათ სიცოცხლისის ბოლომდე შეინარჩუნეს. მშურდა კიდეც ჩემი სიმამრის, რომ ასე უშურველად, უნაზესად უყვარდა ის მეუღლეს. სულ ვფიქრობდი, ნეტა ნატასაც ასე თუ ვეყვარები-მეთქი სიკვდილამდე?! თვითონ ავადმყოფი სიცოცხლის ბოლო წლებშიც თავდადებით უვლიდა თავის მეუღლეს, ხანდახან მხოლოდ ჩემს ვაჟს, დიმიტრის მოიხმარდა ხოლმე. დიმიტრის ბაბუა განსაკუთრებით უყვარდა, დიდი მეგობრები იყვნენ. უდიდესი სიყვარული დატოვეს ამ ადამიანებმა ჩემს გულში. საიდ მურადინოვიჩს ცოტა მძიმე ხასიათი ჰქონდა, მაინც ჩერქეზი კაცი იყო, მაგრამ ნატას ხათრით ცდილობდა ჩემთან თავისი ხასიათი არ გამოემჟღავნებინა. საუკეთესო მოსაუბრე იყო, ბევრს კითხულობდა, კარგად იცოდა ისტორია, არაფერი ერჩივნა ელაპარაკა ჩერქეზი ხალხის ბედზე. ქალბატონი ნადია ჩემი მეორე დედა გახდა ჩემი და ნატას ქორწინების მერე. იშვიათად მინახავს სიძე ვინმეს ასე ყვარებოდა, ჩემი ნათესავებიც ძალიან უყვარდა, ყველას პატივს სცემდა, მისგან საჩუქარი და ტკბილი სიტყვა არავის აკლდა, დედაჩემთან დაქალობდა კიდეც. მე და ისიც კარგი მეგობრები ვიყავით, საერთოდ ძალიან მიყვარს ასაკოვან ადამიანებთან, განსაკუთრებით ქალებთან, ურთიერთობა. ისინი ხომ ფაქიზი სულის ადამიანები არიან. ჩხუბი და კამათი ქალბატონ ნადიას არ უყვარდა, ყოველთვის მომრიგებელ-მოსამართლის როლში გამოდიოდა. ნამდვილი სიყვარულის ბუშტი ჰქონდა მკერდში გულის მაგივრად და ამ დიად გრძნობას უშურველად გასცემდა გარშემო. ნატას მეგობრებიც ხშირად სტუმრობდნენ ჩვენთან, უხაროდათ მისი დანახვა. ბევრი წელი ერთად მოგვიწია ცხოვრება, ის ჩემი ცოლის მარჯვენა ხელი და დამხმარე იყო, ჩემი შვილების გამზრდელი, განსაკუთრებით დიდი ამაგი ჰქონდა დიმიტრიზე. გაჭირვების პერიოდში, 90- იან წლებში მისი დახმარებით გაგვქონდა თავი. მახსოვს, მერვე სართულზე ვცხოვრობდით, სამსახურიდან დაღლილ-დაქანცული მოასკდებოდა კიბეებს, ლიფტი ხშირად არ მუშაობდა და ჩემს შვილებს საჭმელს მოუტანდა. განა შეიძლება არ დააფასო მისი ამაგი და ერთგულება?! იმ პერიოდში საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო მთელი მისი ნათესაობა რუსეთში გადაიხვეწა, მან კი ნატა ვერ მიატოვა. ერთი პერიოდი ნატას ძმა - თემურიც წასული იყო რუსეთში, მაგრამ ჩერქეზმა კაცმა ვერ გაძლო იქ, ისევ საქართველოს დაუბრუნდა და ამ დუხჭირ ცხოვრებას უძლებს. როცა ჩემი სიდედრი გარდაიცვალა, ძალიან გამიჭირდა მის გარეშე ცხოვრება, სითბო მომაკლდა, ყურადღება. რაც გინდა ავად ყოფილიყო, სუფრას მაინც გამიწყობდა და დამაპურებდა ბარტყივით, ნატა მთელი დღე მუშაობდა. მისი გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ მეც ავად გავხდი, საავადმყოფოში თვე-ნახევარი ვებრძოდი სიკვდილს, გულში ვფიქრობდი, რა სალაპარაკო მიეცემა-მეთქი ხალხს, სიდედრს გადაყვაო?! გადავრჩი, იმისთვის, რომ მისი და ყველა წასულების სულები მოვიხსენიო სანამ ცოცხალი ვარ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment