Tuesday, December 6, 2016
ანდროს ისტორიებიდან (ჩემი ცოლის დაქალები)
მებუკეზე მინდა მოგიყვეთ. ის ჩემი ერთ-ერთი უახლოვესი მეგობარია. ალბათ ოცი წლისა ვიქნებოდი, რომ გავიცანი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ორივე ვსწავლობდით. მან გამაცნო ჩემი მეუღლე ნატალიაც და ამის შემდეგ 35-36 წელია, რაც ერთმანეთთან ვახლობლობთ. ხანდახან კამათიც მოგვსვლია, უკმაყოფილებაც, მაგრამ ია ისეთი ღვთისნიერი და მომთმენი ადამიანია, მე თვითონ მიკვირს, როგორ მიტანს. ძალიან უყვარს ცხოველები, მათი აქტიური დამცველია, თავის სადარბაზოში მცხოვრებ ყველა კატას ის აჭმევს და ასაზრდოებს ხორციელადაც და სულიერადაც,. ხანდახან ხუმრობით ამბობს, ალბათ წარსულ ცხოვრებაში ძაღლი ან კატა ვიყავიო, იმდენად უყვარს ცხოველები. მათ დანახვაზე ცრემლები ადგება თვალზე. არ შეუძლია არ მოეფეროს და ორიოდე ტკბილი სიტყვა არ უთხრას. ჩვენი კატა ფეფო ჩვენს სახლში რომ აღმოჩნდა, მისი დამსახურებაცაა. წარმოიდგინეთ ასეთ ადამიანს როგორ უყვარს თვითონ ადამიანები, არავისზე ცუდს არ იტყვის, არავის გაკიცხავს, არავის გააკრიტიკებს, მოკლედ ასეთ კეთილშობილ ადამიანს ჩვენს დროში იშვიათად შეხვდებით, მუდამ ოპტიმიზმითაა სავსე და ღვთის დიდი იმედი აქვს. ია და ნატა ბავშვობის მეგობრები არიან, კლასელები. უერთმანეთოდ არ ჭამდნენ, არ იძინებდნენ, ნატას სახლშიც ხშირი სტუმარი იყო და ნადეჟდა ივანოვნა თავის ქალიშვილს და მას ერთმანეთისგან არ არჩევდა. ერთმანეთის ყველა საიდუმლო იცოდნენ. ჩემს მიმართ დიდი სიმპათია დაებადა, როგორც კი გამიცნო. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა?!ახალგაზრდობაში ძალიან გალანტური და ზრდილობიანი ვიყავი, განსაკუთრებით ქალებთან. შესაბამისად დიდ მოწონებასაც ვიმსახურებდი. მისი დაქალი მაკოვკინა იმასაც კი ამბობდა, ბედნიერი იქნება ის ქალი, ანდროს რომ ცოლად გაყვებაო. ამიტომაც დროს ხომ არ დაკარგავდა ჩვენი ია და გადაწყვიტა ჩემთვის ნატა გაეცნო, მისთვის ხომ ყველაფერი საუკეთესო უნდოდა, ყველაფერი უკუღმა კი დატრიალდა და ჩემნაირი მოუსვენარი, ამბიციური და ბობოქარი ადამიანი შეახვედრა თავის მეგობარს. მე მგონი აქამდე ნანობს ამ ამბავს, რა შარში გავყავი თავიო. ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარია, მეც ნატასთან ერთად დიდი სიხარულით ველოდები ხოლმე მის გამოჩენას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემთან ხელცარიელი არ მოდის, აუცილებლად ტკბილეული მოაქვს, უფრო კეთილი რომ გავხდე და რამე ცუდი არ ვთქვა ვინმეს მისამართით. მწყინს როცა იგვიანებს მოსვლას, იმასაც თავისი საქმეები აქვს, ისიც დაკავებულია. მხატვარია, უჭკვიანესი და უნიჭიერესი გოგოა, თავის ხელით იკერავს და იქსოვს ტანსაცმელს, კარგი გემოვნება აქვს. ჩემს შვილებთანაც მეგობრობს, ძალიან უყვარს ნინოსაც და დიმიტრისაც. დიმიტრის ნათლიაც ის არის. ბავშვები პატარები რომ ჰყავდათ, დაქალები ხშირად ერთად დადიოდნენ ხოლმე დასასვენებლად, ხან თეთრიწყაროში, ხან ცხვარიჭამიაში, ხან შოვში და ა. შ. ხანდახან ჩემი რძალი, მაიაც, შეუერთდებოდა მათ. ისინიც დამეგობრდნენ. იას ბიჭი - ივიკო ჩემი ძმისშილის, სოფიკოს, ნათლიაა, მოკლედ, დიდი ნათლი-მირონი გვაკავშირებს ამ ადამიანთან მთელ ჩვენს ოჯახს. სანამ შვილი ეყოლებოდა, განსაკუთრებულად უყვარდა პატარა ნინო, მსუქანი და თბილი. ნატა მოფერებით იაკოშას ეძახის, ერთმანეთს ხშირად ურეკავენ და ელაპარაკებიან. ხდება, ერთმანეთზე განაწყენდებიან კიდევაც, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს. აუცილებლად შერიგდებიან, მათ უკან ხომ ბევრი ტკბილი და საოცარი მოგონება დგას თუ ჩემს თავს არ ჩავთვლი, იმიტომ რომ არც თბილი ვარ და არც ტკბილი, ხანდახან მწარეც ვარ და ყელზეც ვადგები ხოლმე ზოგ-ზოგიერთს. ძალიან მიყვარს, როცა ნატა სუფრას შლის თავის დაბადების დღეზე, მე მგონი არც ერთი არ გამომიტოვებია. არასოდეს ვაკლდები ამ ზეიმს, ამ დღეს ხომ ჩემი საყვარელი ქალი დაიბადა, ზოგჯერ ნატა მეტყვის, - დაგვანებე თავი, ქალები ჩვენთვის დავსხდებით, ვილაპარაკებთო, - მაგრამ მე არ ვნებდები, ყურადღების ცენტრში მიყვარს ყოფნა და ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებ, თან, მით უმეტეს, ამდენ ლამაზ ქალს როცა ვხედავ ერთად, ნატა, ჩემი დედოფალია, რა თქმა უნდა, კონკურსის გარეშეა, ია, ჩემი რძალი მაია, იას და ნატას კლასელი, ინა რამიშვილი, ულამაზესი მწვანეთვალება ქალბატონი, მათი დაქალი, იანა, ინას მეგობარი, თეთრი თაფლისფერთვალება ბესტია და ასე შემდეგ. ვარდივით ვიფურჩქნები მათ შორის და განა შემიძლია ასეთი სიამოვნება მოვიკლო?! ვიფრქვევი ბგერებად, სიტყვებად, ისტორიებად, ანეგდოტებად, ზოგი მოსწონთ, ზოგიც ალბათ არა, მაგრამ მე ვარ თამადა და პირველი სიტყვა მე მეთქმის. ყველაზე მეტად ჩემი რძალი მაია მეპაექრება და მეკამათება ხოლმე, გულში ვბრაზდები, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო, მინდა დავამტკიცო, რომ მე ვარ კაცი და მე უფრო ჭკვიანი ვარ, მაგრამ ზოგჯერ უკანდახევაც მიწევს, რაც სულაც არ მომწონს. ჩემი ცოლის დაქალებს ვეძახი ამ გოგოებს, ჩემთვის მარად ახალგაზრდებს და ღმერთმა არ მომიშალოს მათი ფეხი ჩემს ოჯახში!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment