მე და ჩემი ძმა, დათო, ბავშვობიდან, თითქმის დაცოლშვილებამდე, განუყრელი წყვილი ვიყავით, ამაში ეჭვი არავის შეეპარება, რადგან ყველამ ვიცით, რომ ტყუპები უერთმანეთოდ ვერ ძლებენ. მართალია ხშირად ვჩხუბობდით, მე ფიზიკურად მასზე ძლიერი ვიყავი, ბავშვობაში ხანდახან მივბეგვავდი კიდეც, მაგრამ ყოველთვის ძალიან მიყვარდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს უფრო მძაფრად ზრდასრულ ასაკში შევიგრძენი, რომ გავიგე ინფარქტი მიიღო, საავადმყოფომდე ფეხები ძლივს მივათრიე. მახსოვს, ათი-თერთმეტი წლისები ვიქნებოდით, ბაბუამ ქუთაისში წამიყვანა, დათო სახლში დარჩა და დედასთან ერთად ჩამოვიდა ათი დღის შემდეგ, ძალიან მოვიწყინე, დავინახე სადარბაზოში რომ შედიოდნენ, მე ეზოში ვთამაშობდი ამ დროს, გახარებული მივვარდი, დათო ხელში ავიყვანე, მთელი ძალით ჩავეხუტე, ეს მონატრების გრძნობა მას მერე დამრჩა, თუმცა ვცდილობდი არასოდეს გამომემჟღავნებინა, ვფიქრობდი, რომ სისუსტეა და კაცმა ეს არასოდეს არ უნდა აჩვენოს. ცოლი რომ მოვიყვანე, ჩემმა ძმამ ცოტა იეჭვიანა კიდეც, მანამდე არასოდეს დავშორებივართ ერთმანეთს, ერთ ოთახში გვეძინა, ნინო რომ გვეყოლა მე და ნატას, დათო ცას ეწია სიხარულით. თავისი შვილები რომ შეეძინა, მაშინაც კი არ მინახავს ასეთი ბედნიერი. სიგიჟემდე უყვარდა ჩემი გოგო, მოფერებით მგელიკოს ეძახდა, თვითონ მაგრად მოსწონდა საბჭოთა მულტფილმი: "აბა, დამაცადე!". თავის ბავშვებსაც ასეთივე უცნაური სახელები გამოუგონა, ავთოს "კოტს" ან "კოტიკოს" ეძახდა, მულტფილმის "ტომი და ჯერის" პერსონაჟი კატის მიხვრა-მოხვრას ამსგავსებდა მის ქცევებს, ლევანს - ლექვიკოს და სოფოს - ბობუკას. აქედან კარგად ჩანს მისი ბავშვური ხასიათი, ბავშვობის იდეალებით ცხოვრობს ახლაც, რაც ხელს უშლის ცხოვრებისეული სიძნელეების დანახვასა და გადალახვაში.. ჰგონია, რომ სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს, ღმერთმა აუხდინოს თავისი ოცნებები, მაგრამ იდეალებით ცხოვრება დღევანდელ სამყაროში ცოტა სისულელედ მეჩვენება. ახალდაბადებულ ნინოს საბავშვო ეტლით ასეირნებდა გამოფენის ბაღში, როცა მერე თავისი შვილების გარეთ გაყვანა დიდად არ ეხალისებოდა. ნატა რომ სამსახურში გავიდა, ეთამაშებოდა, როცა დრო ჰქონდა, ბავშვმა არ მოიწყინოსო, მას და თავის ავთოს ქოხს აუშენებდა ბალიშებით, მერე ბავშვეთან ერთად შეძვრებოდა შიგნით და მათთან ერთად მხიარულობდა. ძაღლივით ოთხზე დადიოდა, ხან ავთოს შემოისვამდა ზურგზე, ხან - ნინოს, ვითომ ცხენი ვარო. ზამთარში თავისი ხელით დაამზადა ციგა და ბავშვები ამ კუსტარული ციგით თოვლში გაჰყავდა. ერთხელ ავტომატი უყიდა ავთოს, დიდი, თეთრი, წინ მოციმციმე ნათურით, საერთოდ, ყველაფერი საუკეთესოს ყიდვა იცოდა და იცის, თუ რამეს არ შეაპარებენ, ბიჭია, გაეხარდებაო, ნინოს გული არ დაწყდესო, მისთვისაც შეიძინა, მერე დარბოდნენ ბავშვები ავტომატებით ხელში, აკაკანებდნენ, ჩვენ კი ყურები გვქონდა გამოყრუებული. კატეგორიული წინააღმდეგი იყო ბავშვების ბაღში ტარების, ცოდოები არიანო, ამიტომ არც ნინოს, არც ავთოს და ლევანს არ უვლიათ, მაშინ ერთად ვცხოვრობდით. სოფო რომ გაჩნდა, მათი ნაბოლარა შვილი, არც ის მიიყვანეს ბაღში. ბავშვების ტირილს ვერ იტანდა, მოითხოვდა, ყველაფერი შეუსრულეთო და ამით ათამამებდა კიდეც, რაზეც ხშირად ვუბრაზდებოდი, მაგრამ არაფერი ესმოდა, - ბავშვი სიყვარულში უნდა გაიზარდოსო, - გაიმეორებდა მამიდაჩვენის ნათქვამს მე კი ბავშვების გართობით დიდად არ ვიწუხებდი თავს,. ძილი მიყვარდა, მათი ტირილი ნერვებსაც კი მიშლიდა და ქალებისგან მოვითხოვდი დაეწყნარებინათ, რომ ჩემთვის ძილში ხელი არ შეეშალათ. მაია და დათო მოსკოვში დაქორწინდნენ, ძალიან ვინერვიულე, როგორ დავხვდეთ-მეთქი. გვიჭირდა, მამა არ მუშაობდა. ყველაფერს გავყიდიდი, ოღონდ დათოსთვის ხელი შემეწყო. ის იქაც ჩვენზე ფიქრობდა. მშობლებმა 500 მანეთი გაუგზავნეს, ცოლს რაიმე ოქროს ნივთი უყიდეო. მან კი ჩვენ ჩამოგვიტანა საჩუქრები, ნინოს, წლინახევრის იყო მაშინ, - ჩასაჯდომი სკამი, საქანელადაც კეთდებოდა, რომელიც აქ არ იშოვებოდა. ფაქიზი სულის ადამიანი იყო ყოველთვის, თვითონ არ შეჭამდა საჭმელს და სხვას აჭმევდა. რა თქმა უნდა, ამან ბევრი სიკეთე არ მოუტანა, რომ იტყვიან, თუ გინდა მატერიალურად კარგად იყო, "მგელი უნდა იყო და მგელზე უფრო მგელი", რაც მას არასოდეს შეეძლო. მორიდებული კაცი იყო და არის, თავის გამოჩენაც არასოდეს უყვარდა, მაგის განათლების მქონე ადამიანები, პროფესორი და დოქტორია, ბევრს აღწევენ ცხოვრებაში, ის კი ყოველთვის უკან იხევდა. ახალგაზრდობაში მეტი პერსპექტივა ჰქონდა, სულ ელოდებოდა, აი, ესენი შეამჩნევენ ჩემს პოტენციალს, აი, ესენიო, იცვლებოდა მთავრობები, მას კი არავინ არსად არ ეძახდა,
პატიოსანი კაცი არც ერთ მთავრობას არ ჭირდება, როგორც ვხედავთ.. თუმცა, ვინც მას იცნობს, ყველა პატივს სცემს, როგორც უწესიერეს ადამიანს. სტუდენტებსაც ძალიან უყვართ. ცდილობდა ყოველთვის დამხმარებოდა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მეც და სხვებსაც, ახლობელს თუ ნათესავს, შვიდი წელი ჩემი და დათოს ოჯახი ერთად ვცხოვრობდით, ძნელი იყო ერთ ბინაში 7 კაცის ურთიერთობა, აქედან 4 ბავშვი, წარმოიდგინეთ, რა ორომტრიალი იყო. მერე დათომ ცოტა ფული შეაგროვა, დიდი ვალიც აიღო და ბინა გვიყიდა. ასე დავცალცავკევდით. ამის გამო მატერიალური პრობლემებიც შეექმნა. ხელფასით გაჰქონდა თავი და ოჯახს ვერ აუდიოდა. თვითონ სამი შვილი ჰყავდა, დედაჩემიც მასთან ცხოვრობდა, მამიდაც მათ მიეკედლა, ჩემი ბავშვებიც მათი ხშირი სტუმრები იყვნენ. არც ციხეში მივუტოვებივარ, არც საავადმყოფოში, არც გაჭირვებაში. შეუძლებელს აკეთებდა, ჩემი გულისთვის შეეძლო მთელი ქალაქი ფეხზე დაეყენებინა, ერთხელ მახსოვს, ახალი წელი მოდიოდა, თვითონ ძალიან უყვარს ცოცხალი ნაძვის ხე, ყოველ წელს ყიდულობს თავისი შვილებისათვის, საუკეთესოს არჩევს, იმ წელს თბილისში არ ვიყავი, რომ გაიგო ჩემს ბავშვებს ცოცხალი ნაძვის ხე არ ჰქონდათ და თან ძალიან უნდოდათ, გადაუწყვეტია რადაც არ უნდა დასჯდომოდა ეშოვა, 31 დეკემბრის საღამო იყო, ვერსად ვერ ნახა გასაყიდი, დაღამებულზე ასულა ერთ ნაძვზე და კენწერო მოუხერხია, - თან იმას ვდარდობდი, ნაძვის ხის კენწეროს რომ ვჭრიდი და ხეს ვღუპავდი, თან იმას, რომ ეს დოქტორი კაცი ხერხით ხელში რომ დავეჭირე ვინმეს ხის კენწეროზე, რას იტყოდნენ ჩემი სტუდენტებიო. - იძახდა შეწუხებული. მაშინ 90-იანი წლები იდგა, საყოველთაო გაჭირვება, შიმშილი, ამიტომ, ალბათ, უნდა ვაპატიოთ ჩემს ძმას ეს საქციელი, თუმცა ჩემთვის დღეს აბსოლუტურად მიუღებელია ტყეებისადმი ის უდიერი დამოკიდებულება, რასაც აქვს ადგილი საქართველოში. ისევ დათოს დავუბრუნდები. ასე მგონია, დედამიწის ზურგზე მე ვუყვარვარ ყველაზე ძალიან. ახლა დავაფასე მისი ჩემდამი სიყვარული და ერთგულება. დღეში ასჯერ მირეკავს, მკითხულობს, როგორ ხარო, მე კი ხანდახან ვბრაზდები, რა გამიწყალა-მეთქი გული. მახსოვს, ზოგჯერ ისე უდიერად ვეპყრობოდი, ვატერორებდი მასაც და მის ოჯახსაც, დახმარების ნაცვლად. ახლა საშინლად მწყდება გული, მინდა ჩემი შეცდომები გამოვასწორო, მაგრამ აღარ მაქვს შესაძლებლობები. მინდა მის შვილებს მაინც რამე გავუკეთო. სოფო კარგად ხატავს, სურვილი მაქვს მამუკა ცეცხლაძესთან, რომელიც ჩემი და დათოს კლასელია და ცნობილი მხატვარი, მივიყვანო, იქნებ წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. მიხარია მათთან მისვლა, სანამ დედა ცოცხალი იყო, უფრო ხშირად დავდიოდი, მოხუცს ვნახულობდი, ვსაუბრობდით, ახლა ძირითადად კვირაობით მივდივარ, დათო რომ ვნახო, მხოლოდ ამ დღეს ისვენებს, დანარჩენ დღეებში ყველა სხვაც დაკავებულია, სოფო სკოლაში დადის, სამხატვრო სასწავლებელშიც. ხანდახან მაიას თუ გამოვიჭერ ხოლმე სახლში. ძალიან მიყვარს დათოს შვილებიც. კარგები არიან. ავთო რომ დაიბადა, ცას ვეწიე სიხარულით, პირველი ბიჭი იყო ჩვენს ოჯახში, ძალიან თბილი და კარგი ბავშვი იყო, უაღრესად ჭკვიანი, მაგის ტირილი არ მახსოვს, სულ იღიმებოდა. წლინახევრისამ დაიწყო ლაპარაკი, ოცი ლექსი ისწავლა ზეპირად, თუმცა "რ" ვერ ამბობდა და ვაბრაზებდი, თქვი- მეთქი - "არარატი", - "ადადატი", ამბობდა, ვკვდებოდი სიცილით. ორი წლის უკვე გამართულად საუბრობდა, როგორც ბრძენი კაცი. ერთხელ თურმე ის და დედამისი ავტობუსში მსხდარან, პლეხანოვზე რომ გაუვლიათ, ერთ ადგილას წამოუძახებია, აქ "პოლიომელიტს" აწვეთებენო, ცოტა ხნის წინ სწორედ პოლიომელიტის აცრა გაუკეთეს, მართლაც პირში ჩააწვეთეს რაღაცა წითელი სითხე, დაუმახსოვრებია, სულ ორი წლის იყო, მთელი ავტობუსი ხარხარებდა, ამ ციცქნამ ასეთი რთული სახელი როგორ დაიმახსოვრაო.ახლაც ასეთია. მახარებს ხოლმე, ხან ტელევიზორში გამოჩნდება, ხან დიპლომებს იღებს, როგორც სამაგალითო მუშაკი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. სულ მუშაობს თავაუღებლივ, ალბათ ასეთი ადამიანები რომ არ არსებობდნენ, დაიქცეოდა ჩვენი ქვეყანა. პატარა სულ მემუქრებოდა, "ბოპომპოლო" უნდა გაგიკეთოო, დღემდე ვერ მივხვდი, რა არის ეს "ბოპომპოლო", დღესაც ვეკითხები, იცინის, პასუხი არ აქვს. ხშირად გვაქვს შეხლა-შემოხლა მე და მას ამა თუ იმ საკითხზე, სხვადასხვანაირი წარმოდგენები გვაქვს ამ ცხოვრებაზე, ის ახალგაზრდაა, მე ასაკოვანი კაცი ვარ, არ მიკვირს, ხანდახან ვბრაზდები, რომ მეკამათება, მინდა ყველამ ყველაფერზე თავი დამიქნიოს, მაგრამ ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე, - თუ რამე გწყინს, ცივი წყალი დალიე-მეთქი, - იმას კი გაკვირვებული ვეუბნები, - ბიჯოს, რა ყველაფერი შენ იცი-მეთქი. - ძალიან მომწონს მისი გადაღებული ფოტოები, ალბათ გამოფენას გააკეთებს. საერთოდ ჩემს ძმიშვილებს შემოქმედებითი ნიჭი აღმოაჩნდათ, რა გასაკვირია, ბიძა და დეიდა მხატვრები ჰყავთ. თვითონ მაია მწერალი და პოეტია. - ლევანიც ძალიან კარგი ბიჭია, მასაც აქვს მხატვრობის ნიჭი, მაგრამ ხატვა ეზარება. ის მამაჩემს განსაკუთრებულად უყვარდა, აიჩემა, მე მგავსო და როცა იდა მამიდამ გამოაცხადა, ჩემს ერთ ოთახიან ბინას ლევანს ვუტოვებო, ცას ეწია სიხარულით, ყველაფერი მისთვის უნდოდა, დილით სამსახურში ისე არ წავიდოდა, ბავშვს თუ არ ნახავდა, კვირაში ორჯერ დიღმის ბაზარში მიდიოდა ავადმყოფი კაცი, მისთვის ნატურალური რძე რომ მოეტანა სამ-ლიტრიანი ბალონით. ძალიან კარგი ხასიათი აქვს, რბილი და დამთმობი, რაც არ უნდა ვუთხრა, არაფერზე მეკამათება, მხოლოდ ულვაშებში ეღიმება და ყველაფერზე მეთანხმება, არ უნდა მაწყენინოს. თუ რამე მჭირდება, რაც არ უნდა იყოს, მაშინვე აქ გაჩნდება ხოლმე. განსაკუთრებით კომპიუტერთან დაკავშირებით ვაწუხებ, სოფო ხომ მზეა, რომ დავინახავ, შინაგანად ვნათდები, ლამაზი და ჭკვიანია. მოთხრობებს ბავშვობიდან წერს, რამდენიმე ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა კიდეც, კარგად ხატავს, სკოლაშიც კარგი მოსწავლეა. ვამაყობ ჩემი ძმიშვილებით, ღმერთმა ბედნიერი ცხოვრება მისცეს მათ, სულ ამას ვეხვეწები უფალს! არ იფიქროთ რომ ჩემი რძალი მაია დამავიწყდა, მასზე სხვა დროს გესაუბრებით.
No comments:
Post a Comment