Friday, December 2, 2016
ანდროს ისტორიებიდან (მე და ჩემი ძმა დათო)
მე და ჩემი ძმა დათო ტყუპები ვართ, მე ათი წუთით ადრე დავიბადე, მაგრამ იმ ათ წუთში მოვასწარი წონის აკრეფაც და ხმისაც, მაგრამ ჭკუით კი ნამდვილად ჩემმა ძმამ მაჯობა. ის პროფესორი და დოქტორია, მე კი ინსტიტუტიც ძლივს დავამთავრე. თურმე ისე ომახიანად ვყვიროდი და ვტიროდი, მშობლებს სულ ხელში ვეჭირე, ერთხელ მამაჩემს, რომ გავეჩერებინე, აკვანი ზურგზე შემოუდგამს და ისე დარბოდა სახლის გარშემო. ძუძუსაც გამეტებით ვჭამდი, აბა, ერთი არ მოეცათ! საწყალ დათოს თურმე აღარ ყოფნიდა რძე და ოთხი თვიდან ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეს, იწვა თავის ლოგინში წყნარად და აბა ვინ მიაქცევდა ყურადღებას?! სამაგიეროდ მე დიდ პატივში ვიყავი, ერთს დავიღრიალებდი და მთლი ოჯახი ფეხზე იდგა: მამაჩემი, დედაჩემი, იდა მამიდა, ნინა ბებია, ანდრო ბაბუა, მარუსა ბებია - მამაჩემის მამიდა და კიდევ სხვა ნათესავები. ყველა ჩვენს სამსახურში იყო, ჩვენი ავად გახდომის ძალიან ეშინოდათ, რადგან მანამდე ჩვენს მშობლებს შვილი, ბიჭი, დაეღუპათ ფილტვების ანთებით, 4-5 თვის ასაკში, იმ ღამეს მამაჩემს ღმერთისთვის უთხოვია, ტყუპი შვილები მომეციო და აუხდა კიდეც სურვილი,ჰოდა წარმოიდგინეთ, ჩვენზე რა დაფეთებულები იქნებოდნენ, აგვიყვანეს ძიძები, გადიები, ექიმები ყოველ დღე გვაკითხავდნენ და ჩვენს ჯანმრთელობას ამოწმებდნენ. წელიწადში ორ-სამ აგარაკს გვიცვლიდნენ, აუცილებლად მივდიოდით მთაშიც, ზღვაზეც. ჩვენს გადასაყვანად შავ ვოლგას ქირაობდა ბაბუაჩემი, უკანა სკამებზე ჩემთვის აწყობდნენ ლოგინს, ანდრო მგზავრობას ვერ იტანს, გული არ აერიოსო და ასე დაწოლილი კომფორტულად ვმგზავრობდი. ჭამა იცოცხლე მიყვარდა და დათოზე ბევრად დიდი ვიყავი ტანად, ამიტომ ყოველთვის ვჩაგრავდი, დათვივით დავტორავდი ხოლმე, აბა, პატარას რა მესმოდა?! მაგრამ მერე ჩვევაში გადამივიდა და არც დიდობაში ვაკლებდი ხელს. მარტო არასოდეს გვტოვებდნენ, ამ დიდმა ბელმა ამ თაგვივით ბავშვს არაფერი ატკინოსო. ნინა ბებიას, რატომღაც მე უფრო ვუყვარდი და რაც არ უნდა დამეშავებინა, არაფერს მეტყოდა, დათოს კი - პირიქით, სჯიდა ხოლმე. დედას ეს ძალიან სწყინდა, მაგრამ დედამთილს საყვედურს როგორ ეტყოდა?! მარუსა ბებიასაც ჩემკენ უფრო ჰქონდა გული, ამიტომ მამიდამ და ანდრო ბაბუამ დათოზე აიღეს შეფობა, არ დაგვეჩაგროსო. სწავლისკენ სწრაფვა რომ შეამჩნიეს, მთლად გადაირივნენ, ორივე სწავლული ადამიანი იყო, ამიტომ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ კარგი განათლება მიგვეღო. რა თქმა უნდა, არფერში გვარჩევდნენ, ერთად მიგვიყვანეს ინგლისურზე, შვიდი წელი ვიარეთ, მაგრამ შემმოწმებელი არავინ გვყავდა და სამი თუ ოთხი სიტყვა, რაც იქ ვისწავლე იყო:, "ჰუ იზ ჯონს მაზერ?" დათო უფრო მოწადინებული ბავშვი იყო, გიტარაზეც დაიწყო სიარული, გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ მე დავცინოდი, ამიტომაც ცოტა ხანში თავი დაანება. მამიდა ხშირად გვატარებდა თეატრში სპექტაკლებზე, ოპერისა და ბალეტის თეატრსაც ხშირად ვსტუმრობდით ხოლმე, მაგრამ "არა შეჯდა მწყერი ხესა" და რომ გავიზარდეთ, ქუდს თუ შეგვიგდებდნენ, ალბათ გამოსატანად შევიდოდით. მამამ გერმანული პიანინოც გვიყიდა, იქნებ დაკვრა ისწავლოთო, მაგრამ ყურიც არ შეგვიბარტყუნებია, საათობით პიანინოზე ხელების ტყაპუნს ნამდვილად არ ვაპირებდით, სამაგიეროდ მოწევა ცხრა წლის ასაკში დავიწყე. ვიღაცამ დედაჩემს ამბავი მიუტანა, შენი ბუთხუზა ბიჭი სიგარეტს ეწეოდაო, დედაჩემმა ვერ დაიჯერა, მაგრამ ერთხელ თვითონ გამომიჭირა და საშინლად მცემა, რაზეც ბაბუასგან საყვედური მიიღო, ეგ აღზრდის მეთოდი არ არისო. დათოს სიგარეტის მოწევა 19 წლამდე არ დაუწყია, მშობლების და ბაბუასი ერიდებოდა, განსაკუთრებით ბაბუასი, ანდრეი დიმიტრიჩი რას იტყვისო და ამ ამბავს დიდხანს საგულდაგულოდ მალავდა. ბაბუა ისე გარდაიცვალა, რომ ვერც გაიგო ამის შესახებ. მაგრამ რომ დაიწყო, სანამ ინფარქტი არ მიიღო 56 წლის ასაკში არ მოეშვა, დღე და ღამე უწკლაპუნებდა, როგორც დედაჩემი იტყოდა, ორი "პაჩკა" არ ყოფნიდა დღეში. მე და ჩემს ძმას მუდმივად რთული და დაძაბული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. მე მისი ქცევა და ხასიათი არ მომწონდა და იმას ჩემი, ძალიან განსვავებული ადამიანები ვიყავით და ვართ. სკოლაში და სტუდენტობის პერიოდში სულ უკან დამდევდა, რამე შარში არ გაყოს თავიო, თავის ჭკუით მაკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინსტიტუტებში ვსწავლობდით. ახლა ვხვდები რომ ჩემი სიყვარულით აკეთებდა ამას, მე კი არ ვაფასებდი მის ჩემდამი ერთგულებას და თავდადებას. ყოველთვის ერთ ოთახში გვეძინა ხოლმე ძმებს, მაგრამ იმას ღამით მუსიკის მოსმენა უყვარდა, მაშინ მოგეხსენებათ ყურსასმენები არ იყო, მამამ იაპონური მაგნიტოფონი გვიყიდა, რადიოსთან ერთად. ასეთი ძალიან ცოტას თუ ჰქონდა თბილისში. ჰოდა, ტვინი მქონდა წაღებული "ამერიკის ხმითა" და "აბბათი", მე ძილი მიყვარდა და ვინც ძილში ხელს შემიშლიდა, ჩემი პირველი მტერი იყო. წავკინკლავდებოდით, დავწვებოდით ცალ-ცალკე ოთახებში, მაგრამ უერთმანეთოდ მაინც ვერ ვძლებდით და ისევ იწყებოდა ჩემი ტანჯვა. მართალია, ხანდახან ტყუილუბრალოდაც ხვდებოდა ჩემგან ჩემს ძმას, მაგრამ სამაგიეროდ ჩემი შიშით უბატონოდ ხმას არავინ სცემდა. მაგის პრეროგატივა მხოლოდ მე მქონდა. მართალია, ცოლები რომ მოვიყვანეთ, დედაჩვენი და მამიდაჩვენი ჩვენს ჩხუბს რძლებს აბრალებდნენ ხოლმე, მანამდე არასოდეს ჩხუბობდნენო, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ იყო. მერე ჩვენმა ცოლებმა ამის ამსახველი დოკუმენტური მასალაც ჩაიგდეს ხელში. რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მამა ჩვენს იტალიურ ეზოში ცხოვრობდა, ფოტო და კინომოყვარული იყო, იმ დროს ჩვენს ეზოში ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა ხასიათის ადამიანები გვერდიგვერდ ვცხოვრობდით სიამტკბილობაში, ერთმანეთის გასაჭირი ვიცოდით და ერთმანეთს ვეხმარებოდით კიდეც. ამის შესახებ ფილმიც გადაიღო, ჩვენი ოჯახის ცხოვრების კადრებიც მოხვდა შიგ. ჩვენ, მე და დათო, პატარები ვართ დაფიქსირებული. სახლში რომ მოვიტანეთ ეს კასეტა, მთელი ოჯახი დავსხედით და მოვემზადეთ მის საყურებლად, მაშინ მამიდაჩემიც ცოცხალი იყო, დედაჩემიც. დაიწყო ფილმი, ჩანს მე როგორ ვუბათქუნებ დათოს, მოკლედ ერთი-ორი ჩავაზილე, ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო, რაც ფილმის ნახვის შემდეგ თქვა დედაჩემმა, - ხედავთ, ერთმანეთი როგორ უყვარდათ, სულ არ ჩხუბობდნენო! როცა ნატამ და მაიამ გაოცებულებმა კითხვით მომზირალი თვალებით გადახედეს, უპასუხა, ეგ ჩხუბი სიყვარულით იყოო.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment