Wednesday, December 7, 2016
სამშობლოს ჯარისკაცი (მოთხრობა, ავტორი: სოფიო ჭელიძე)
პატარა გოგონას ია ჰქვია. დედაც ჰყავს, მამაც, ბებიაც და ბაბუაც. ბებიას ყოველთვის ნამცხვრები მოაქვს გოგონასათვის, ნამცხვრებს დათუნიების ფორმა აქვს, ძალიან მოსწონს, ტორტიც მოსწონს, ბებიას გამომცხვარი, ყვავილებითა და პეპლებით მორთული, დაბადების დღეზე მოართმევს ხოლმე. ბაბუასთან ერთად ზოოპარკში დადის, იქ გაიცნო გარეული ცხოველები. განსაკუთრებით ერთ მარტორქას დაუმეგობრდა. ლიზი ჰქვია. მოსწონს, იმიტომ რომ არავის უყვარს, - უშნოაო, - ყველა იძახის, - რა საშინელი და საზიზღარიაო, რა სლიპინა კანი აქვსო, - იას კი ეცოდება, ასე რომ ლაპარაკობენ მასზე, თორემ შესაცოდი რა აქვს?! განსაკუთრებით იმიტომ მოსწონს, რომ მტაცებელი არ არის! როცა ზოოპარკში მიდის, ყოველთვის მიაქვს მისთვის რამდენიმე ვაშლი, ისიც მირთმეულს სიამოვნებით ატკბარუნებს, თან კეთილი თვალებით შესცქერის გოგონას, თითქოს მადლობას ეუბნება. ლიზის მამა ჯარისკაცია. ავღანეთში მსახურობს, ნამდვილი ვაჟკაცია. ლიზი ყოველ დღე სწერს მამას წერილებს, დედა ერთ დიდ წერილს დაწერს ხოლმე, მაგრამ იმდენს წერს, იმდენს... რამდენიმე თვის წინ მამა ავღანეთიდან ჩამოვიდა, ოჰ, როგორ უხაროდა იას მამასთან ყოფნა, მამამ ბევრი საჩუქრები ჩამოუტანა და ქუდი აჩუქა, ნამდვილი ჯარისკაცის ქუდი, უბრალო კი არა, ქართული დროშით. მამა ისევ შორეულ ქვეყანაში დაბრუნდა, დედამ უთხრა, - შვებულება ჰქონდაო. - ძალიან დაწყდა გული იას. ღამ-ღამობით, როცა დაწვება თავის ქუნქულა ლოგინში, ღმერთს სთხოვს, კარგად უმყოფოს მამა, დედა, ბებია, ბაბუა. იცის, რომ ასეა საჭირო, ბებია სულ ამას ეუბნება, დედა კი ხშირად ტირის და მამაზე არ ლაპარაკობს. როცა ბინდი გადაეკვრება ხოლმე გოგონას თვალებს, სიზმრების ფერია ესტუმრება, ეკითხება,- რა გინდა დაგესიზმროსო, - ისიც ეუბნება - მამაო, - მამა ენატრება ყველაზე ძალიან, მართლაც ხშირად ესიზმრება მამა, მინდორში დგანან ერთად და ტრიალებენ, მათ გარშემო ბევრი-ბევრი პეპელაა. ხანდახან მარტორქაც ესიზმრება ხოლმე. კეთილად უღიმის. იმ ღამესაც, მამა რომ ჩამოვიდა, მარტორქა დაესიზმრა. ერთ ღამეს სიზმარი ნახა, მამა წყვდიადიდან უწვდის ხელს, ეპოტინება, ვერ ჩასჭიდა. იამ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა. იმ დღეს ოჯახში მამის გარდაცვალების ამბავი მოვიდა. იმ ღამის მერე სიზმრების ფერიას სთხოვა, სიზმარი აღარ მანახოო. ასეც იყო, სანამ ერთ ღამეს, მისდა გასაკვირად, ისევ მარტორქა არ დაესიზმრა, კეთილი თვალებით უყურებდა. დილით, ადრე, გაჩნდა პატარა გიორგი, დედას მუცლიდან საკეისროთი ამოიყვანეს. უყურებს ია პატარა ძმას და უკვირს, - როგორ ჰგავსო მამას? - მისი შვილია და აბა ვის უნდა ჰგავდესო?! - ცრემლნარევი ღიმილით ეუბნება დედა. ახლა ბაბუა, ია და გიორგი ერთად დადიან ზოოპარკში. მამასავით ვაჟკაცი ბიჭია გიორგი, დააბოტებს გალიებს შორის, მასაც იასავით ძალიან მოსწონს ცხოველები, განსაკუთრებით მარტორქა. ვაშლის ნაჭერს გადაუგდებს ხოლმე პატარა ხელებით. იამ ძმას მამას ნაჩუქარი ქუდიც აჩუქა, უნდა მამასავით სამშობლოს ჯარისკაცი გაიზარდოს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment