Monday, December 5, 2016
ანდროს ისტორიებიდან (დიმიტრი)
მას მერე რაც შვილი შეეძინა, ჩემ ბიჭს, დიმიტრის ვეღარ ვცნობ, ანათებს შიგნიდანაც და გარედანაც. მის გულში მზე დაინთო, ასე ვიყავი მეც, როცა თვითონ დიმიტრი გამიჩნდა. ჩემს გულშიც უზარმაზარი მზე დაინთო, რომელიც შიგნიდანაც მათბობდა და გარედანაც. არეული დრო იყო. 90-იანი წლები, საყოველთაო გაჭირვებას მოეცვა ჩვენი ქვეყანა. მეშინოდა ბავშვის გაზრდის პასუხისმგებლობა ამეღო თავზე, ერთი ხომ უკვე გვყავდა მე და ჩემს მეუღლეს. მაგრამ დედაჩემმა კატეგორიული უარი განაცხადა, ნატას ბავშვი მოეცილებინა. ასე გაჩნდა ჩვენი დიმიტრი, რითვისაც ძალიან მადლობელი ვარ ღმერთისაც და დედაჩემისაც. ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან პატარებთან მეგობრობა მიჭირს, გამონაკლისი ჩემი შვილიშვილი ანდრიაა. მე და ის ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და თითქოს ერთმანეთის გვესმის, იმიტომ რომ ერთი ჯიშის და ერთი გენისა ვართ. პატარა დიმიტრი ყველას აოცებდა თავისი ჭკუა-გონებით. 5 თვისა იყო, ნატას ბავშვი მაიასთვის, ჩემი რძლისთვის, დაეტოვებინა, სკოლიდან ნინოს წამოსაყვანად წასულიყო, მაშინ ჩვენ კიდევ დედაჩემთან და ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ვცხოვრობდით, საკმაოდ დაეგვიანებინა სახლში მოსვლა, როცა გამოცხადდა, დიმიტრის ზედ აღარც შეუხედავს დედამისისთვის, ისეთი ნაწყენი დარჩენილა, ძლივს შეირიგა ეს პატარა ბიჭი. გაგვიკვირდა, ასეთ ციცქნას რამდენი ესმოდა. ბიცოლამისი განსაკუთრებით უყვარდა, მის კალთაში მხოლოდ მისი ადგილი იყო, შვილებსაც კი არ აკარებდა, ხანდახან ცოტა ჩაიჩოჩებდა, ლევანსაც მისცემდა დაჯდომის უფლებას, ისიც ხომ პატარა იყო, მასზე წლით და ხუთი თვით უფროსი. ბიცოლამისიც ყოველთვის აღნიშნავდა, ბევრ ბავშვთან მქონია საქმე, მაგრამ ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი იშვიათად მინახავსო, პატარა მოაზროვნე იყო, გონებამახვილი და იუმორით სავსე. ცოტა ენას უკიდებდა, მისი საუბარი სასაცილო და საინტერესოც იყო. ბიცოლამისს ეძხდა: - ბისსს! ც-ს მაგივრად ს-ს ამბობდა.ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი, სულ დარბოდა, მარტო მისი ყურება დაღლიდა ადამიანს. სიცელქისგან ხან იქით გადახტებოდა, ხან - აქეთ, ამის გამო ხან რას იტკენდა, ხან - რას. ერთხელ ვედროს წამოსდო ფეხი და მდუღარე წყალი გადაივლო, ამის მერე ბევრი მკურნალობა დასჭირდა საწყალ ბავშვს, ტკივილებსაც ვაჟკაცურად ებრძოდა, მაინც ჩერქეზის სისხლი ურევია. ბაბუამისი, საიდ მურადინოვიჩი, ხომ მისი ყველაზე დიდი მეგობარი და სულიერი მამა იყო. წამოიზარდა დიმიტრი და ძალიან დავუახლოვდი, სკოლაში ხშირად მიბარებდნენ, ცუდი მოსწრება და დასწრება აქვსო, არ ვუბრაზდებოდი, ჩემი თავი მახსენდებოდა. შენიშვნებსაც იშვიათად ვაძლევდი, არ იმსახურებდა, ჩემზე ბევრად წესიერი და ჭკვიანი ბავშვი იყო, ძალიან ნიჭიერიც.თავის ბიძაშვილებთან ინგლისური ლაპარაკიც ისწავლა, სულ ერთი წელი ემზადებოდა და უნივერსიტეტში ჯავახიშვილში მოხვდა, იურიდიულზე, 70 პროცენტიანი გრანტიც აიღო, სხვა ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, მაგრამ დიმიტრი დიმიტრია და მას ვერ შეცვლი. სწავლა ეზარებოდა და თავი დაანება. ამის გამო ბევრს ვნერვიულობდი, მაგრამ ვიფიქრე, გაუშვი, ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს-მეთქი. "ჟილკიანი" გამოდგა, ბავშვობიდან კალათბურთი უყვარდა, ყველა კალათბურთელის ბიოგრაფია ლამისაა ზეპირად იცის, უნდოდა კალათბურთელი გამხდარიყო, ფიზიკურმა მომზადებამ უმტყუნა, ხერხემალი, მუხლები ასტკივდა, თუმცა მაღალი კი იყო, თამაში ვერ შეძლო. არ მოეშვა, არ დანებდა და ახლა, ჩემი გულის გასახარად, კალათბურთს ასწავლის ბავშვებს ფაჩულიას საკალათბურთო სკოლაში. ბავშვობიდან უყვარდა პატარები, სულ ამბობდა, რომ გავიზრდები, ბევრი შვილები მეყოლებაო. თავისი შვილიც განსაკუთრებულად უყვარს, მკერდზე დაიწვენს და არიან ასე გაყუჩებული მამა-შვილი. მშურს მისი, ახლა ვფიქრობ, ნეტა მეც მკერდთან ახლოს მყოლოდა-მეთქი ჩემი პატარები, ნინო და დიმიტრი. მუდმივად არეული ვიყავი, დაძაბული, ბავშვებისთვის თითქოს დრო არ მქონდა, როცა ამაზე დიდი საქმე ქვეყნად არ არსებობს, ისუნთქო შენს შვილებთან ერთად, დაიღალო მათი სიყვარულით, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს გვიან მივხვდი და ეს ყველაფერი ჩემმა დიმიტრიმ დამანახა. მშრომელი გამოდგა. წინსვლის გხებს ეძებს, უნდა რომ გამახაროს, პირველ რიგში მე მიყვება ხოლმე ყველაფერს ახალსა და პერსპექტიულს, მე კი ზოგჯერ სულ ტყუილუბრალოდ ვუჯავრდები, მასაც და ნინოსაც, მერე ვნანობ, მაგრამ ისეთი ბავშვები არიან, ადვილად მპატიობენ. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები, ვიმსახურებ კი ასეთ შვილებს?! ქართული ანდაზაა, შვილი მტრულად გაზარდე, მოყვარედ გამოგადგებაო. მეც ამ პრინციპს მივსდევდი და მივსდევ, მაგრამ როცა მათზე ვსაყვედურობ, ჩემი რძალი მაია მეკითხება, - შენ მაგ პრინციპით ხომ არ გზრდიდნენ, სიყვარულში და ფერებაში ხარ გაზრდილი და შვილების მიმართ ასეთი მომთხოვნი რაზე ხარო?! - ვიბნევი ხოლმე. - მინდა უკეთესები იყვნენ-მეთქი, ეს ხომ ყველა მშობლის ოცნებაა. - მაგაზე კარგები რაღა უნდა გაზრდილიყვნენო, - მეუბნება ჩემი რძალი, მეც გავყუჩდები ხოლმე, მიხარია ჩემს შვილებს რომ აქებენ. გიხარია როცა შენი გაზრდილი ხე დაფესვიანდება, ნაყოფს გამოიღებს. დიმიტრი ალბათ კალათბურთელთა მრავალ თაობას გაზრდის, იმიტომ რომ ამის უნარი და სურვილი აქვს, მათ შორის წარმატებულებიც იქნებიან და დიმიტრი თავისი გაზრდილებით იამაყებს, ისინი - თავიანთი მასწავლებლით. პატარა ანდრიაც ძალიან დიდი ადამიანი გაიზრდება, კოჭებში ეტყობა, იმიტომ რომ ისიც პატარა მზეა, გარშემომყოფებს ისიც უთბობს გულს და სულს. რუსული საბავშვო სიმღერა გამახსენდა: - დაე, მუდამ იყოს მზე! დაე, მუდამ იყოს ცა! დაე, მუდამ იყოს დედა! დაე, მუდამ ვიყო მე! დავამატებდი, დაე, მუდამ იყოს ზღვა! ღელვის და მოძრაობის გარეშე ხომ ცხოვრება არ არის, მეც ხომ მუდამ ზღვასავით ვღელავ, მაგრამ უნდა მაპატიოთ, ჩემო მეგობრებო, ხანდახან ზღვაც ნებდება და ჩუმდება!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment