Wednesday, December 28, 2016

ელოდება ვირი პატრონს

სუნთქვა უჭირს, სასო ეკვრის,
დამნახავსა ამა ქვეყნის,
როგორც ვირი, ოჩი, გზაზე,
დგას და ელის ფიანდაზებს,
ფეხს ხან წინ დგამს, ხანაც უკან,
თან იძახის: - შენ დაუკარ!
- ელოდება ისიც პატრონს,
ამა სოფელს მეტსაც არ სთხოვს,
ჩაუდებენ პირში ჩალას,
სიხარულსაც ვეღარ მალავს
და ყროყინით უვლის დავლას.

სიყვარულის სამეფოში

სიყვარულის სამეფოში გავემზადე დედოფლად,
მაგრამ ღმერთმა არ ინება და მონობა მიბოძა,
მაგრამ მაინც არა ვნანობ, -  ბაღში ვრწყავდი ყვავილებს,
ჩემს გაზრდილებს გაუმართლებთ, მაღლა ღმერთი ადიდებს!

Sunday, December 25, 2016

ღვინის სმა და ქცევის წესი

-მაჭარივით ტკბილი ღვინო
ძმრად გინდა რომ დამადინო?!
-იყურება მუშტზე კინტო,
თავს გაუდის დიპლიპიტო,
-ღვინის სმა და ქცევის წესი
რომ არ იცი, მოგხვდა მიტომ!



ჩაგქრობია ჩინი თვალში!

დასტეხია მერცხალს ფრთები,
ვეღარ გვამცნობს წასვლას ზამთრის,
გუნდ-გუნდად და თითო-თითოდ -
ყვავი ღვიძლის ნაწილს გვაცლის,
კვლავ შემოჰკრეს გლოვის მარში,
აღარ ისმის ისიც ქარში,
-ბედდამწვარო, საქართველოვ,
ჩაგქრობია ჩინი თვალში!

Monday, December 19, 2016

ნიკოლოზობას გილოცავთ!

ნიკოლოზობას გილოცავთ,
წმინდანთან დავდოთ პირობა, -
ვანთოთ ჩვენს გულში სანთელი,
რომ არ მოგვაკლდეს ნათელი.
საშველიც მოვა ზეციდან,
ცეცხლს ნუ გავაქრობთ კერიდან,
ქვეყანა გვირგვინს დაიდგამს
მბრჭყვინავს ათასი ფერითა!

Sunday, December 18, 2016

ღალატი (სიმღერა შეასრულა მაია სიჭინავამ)

უსინდისოდ მკარი ხელი, არ დამინდე,
დამატეხე თავზე რისხვის ქარტეხილი,
შევალეწე ჩემი გული ამ ამინდებს,
სიყვარულით გამთბარი და გაბერილი.
ახლა აღარც გაზაფხულის ელვა მაკრთობს,
აღარც მზეს აქვს ის სითბო და ის მარილი,
გაბრაზდი და მიმატოვე,,, ნეტავ, რატომ?!
დღე და ღამე ბანქოსა ვშლი მისანივით...
ისიც ვიცი, ყვავილებით ხელში მოხვალ,
ჩაიმუხლებ ჩემ წინ მორცხვად ალეწილი,
მიტევება გაგეგება მწვანე ნოხად,
ღალატით და უპირობით დამეწყრილი.

Saturday, December 17, 2016

ანდროს ისტორიებიდან ( დათო და მისი ოჯახი)

 მე და ჩემი ძმა, დათო, ბავშვობიდან, თითქმის დაცოლშვილებამდე, განუყრელი წყვილი ვიყავით, ამაში ეჭვი არავის შეეპარება, რადგან ყველამ ვიცით, რომ ტყუპები უერთმანეთოდ ვერ ძლებენ. მართალია ხშირად ვჩხუბობდით, მე ფიზიკურად მასზე ძლიერი ვიყავი, ბავშვობაში ხანდახან მივბეგვავდი კიდეც, მაგრამ ყოველთვის ძალიან მიყვარდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს უფრო მძაფრად ზრდასრულ ასაკში შევიგრძენი, რომ გავიგე ინფარქტი მიიღო, საავადმყოფომდე ფეხები ძლივს მივათრიე. მახსოვს, ათი-თერთმეტი წლისები ვიქნებოდით, ბაბუამ ქუთაისში წამიყვანა, დათო სახლში დარჩა და დედასთან ერთად ჩამოვიდა ათი დღის შემდეგ, ძალიან მოვიწყინე, დავინახე სადარბაზოში რომ შედიოდნენ, მე ეზოში ვთამაშობდი ამ დროს, გახარებული მივვარდი, დათო ხელში ავიყვანე, მთელი ძალით ჩავეხუტე, ეს მონატრების გრძნობა მას მერე დამრჩა, თუმცა ვცდილობდი არასოდეს გამომემჟღავნებინა, ვფიქრობდი, რომ სისუსტეა და კაცმა ეს არასოდეს არ უნდა აჩვენოს. ცოლი რომ მოვიყვანე, ჩემმა ძმამ ცოტა იეჭვიანა კიდეც, მანამდე არასოდეს დავშორებივართ ერთმანეთს, ერთ ოთახში გვეძინა, ნინო რომ გვეყოლა მე და ნატას, დათო ცას ეწია სიხარულით. თავისი შვილები რომ შეეძინა, მაშინაც კი არ მინახავს ასეთი ბედნიერი. სიგიჟემდე უყვარდა ჩემი გოგო, მოფერებით მგელიკოს ეძახდა, თვითონ მაგრად მოსწონდა საბჭოთა მულტფილმი: "აბა, დამაცადე!".  თავის ბავშვებსაც ასეთივე უცნაური სახელები გამოუგონა, ავთოს "კოტს" ან "კოტიკოს" ეძახდა, მულტფილმის "ტომი და ჯერის" პერსონაჟი კატის მიხვრა-მოხვრას ამსგავსებდა მის ქცევებს, ლევანს - ლექვიკოს და სოფოს - ბობუკას. აქედან კარგად ჩანს მისი ბავშვური ხასიათი, ბავშვობის იდეალებით ცხოვრობს ახლაც, რაც ხელს უშლის ცხოვრებისეული სიძნელეების დანახვასა და გადალახვაში.. ჰგონია, რომ სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს, ღმერთმა აუხდინოს თავისი ოცნებები, მაგრამ იდეალებით ცხოვრება დღევანდელ სამყაროში ცოტა სისულელედ მეჩვენება. ახალდაბადებულ ნინოს საბავშვო ეტლით ასეირნებდა გამოფენის ბაღში, როცა მერე თავისი შვილების გარეთ გაყვანა დიდად არ ეხალისებოდა. ნატა რომ სამსახურში გავიდა, ეთამაშებოდა, როცა დრო ჰქონდა, ბავშვმა არ მოიწყინოსო,  მას და თავის ავთოს ქოხს აუშენებდა ბალიშებით, მერე ბავშვეთან ერთად შეძვრებოდა შიგნით და მათთან ერთად მხიარულობდა.  ძაღლივით ოთხზე დადიოდა, ხან ავთოს შემოისვამდა ზურგზე, ხან - ნინოს, ვითომ ცხენი ვარო. ზამთარში თავისი ხელით დაამზადა ციგა და ბავშვები ამ კუსტარული ციგით თოვლში გაჰყავდა. ერთხელ ავტომატი უყიდა ავთოს, დიდი, თეთრი, წინ მოციმციმე ნათურით, საერთოდ, ყველაფერი საუკეთესოს ყიდვა იცოდა და იცის, თუ რამეს არ შეაპარებენ, ბიჭია, გაეხარდებაო,  ნინოს გული არ დაწყდესო, მისთვისაც შეიძინა, მერე დარბოდნენ ბავშვები ავტომატებით ხელში, აკაკანებდნენ, ჩვენ კი ყურები გვქონდა გამოყრუებული. კატეგორიული წინააღმდეგი იყო ბავშვების ბაღში ტარების, ცოდოები არიანო, ამიტომ არც ნინოს, არც ავთოს და ლევანს არ უვლიათ, მაშინ ერთად ვცხოვრობდით. სოფო რომ გაჩნდა, მათი ნაბოლარა შვილი, არც ის მიიყვანეს ბაღში. ბავშვების ტირილს ვერ იტანდა, მოითხოვდა, ყველაფერი შეუსრულეთო და ამით ათამამებდა კიდეც, რაზეც ხშირად ვუბრაზდებოდი, მაგრამ არაფერი ესმოდა, -  ბავშვი სიყვარულში უნდა გაიზარდოსო, - გაიმეორებდა მამიდაჩვენის ნათქვამს  მე კი ბავშვების გართობით დიდად არ ვიწუხებდი თავს,. ძილი მიყვარდა, მათი ტირილი ნერვებსაც კი მიშლიდა და ქალებისგან მოვითხოვდი დაეწყნარებინათ, რომ ჩემთვის ძილში ხელი არ შეეშალათ.  მაია და დათო მოსკოვში დაქორწინდნენ, ძალიან ვინერვიულე, როგორ დავხვდეთ-მეთქი. გვიჭირდა, მამა არ მუშაობდა. ყველაფერს გავყიდიდი, ოღონდ დათოსთვის ხელი შემეწყო. ის იქაც ჩვენზე ფიქრობდა. მშობლებმა 500 მანეთი გაუგზავნეს, ცოლს რაიმე ოქროს ნივთი უყიდეო. მან კი ჩვენ ჩამოგვიტანა საჩუქრები, ნინოს, წლინახევრის იყო მაშინ,  - ჩასაჯდომი სკამი, საქანელადაც კეთდებოდა, რომელიც აქ არ იშოვებოდა. ფაქიზი სულის ადამიანი იყო ყოველთვის, თვითონ არ შეჭამდა საჭმელს და სხვას აჭმევდა. რა თქმა უნდა, ამან ბევრი სიკეთე არ მოუტანა, რომ იტყვიან, თუ გინდა მატერიალურად კარგად იყო, "მგელი უნდა იყო და მგელზე უფრო მგელი", რაც მას არასოდეს შეეძლო. მორიდებული კაცი იყო და არის, თავის გამოჩენაც არასოდეს უყვარდა, მაგის განათლების მქონე ადამიანები, პროფესორი და დოქტორია, ბევრს აღწევენ ცხოვრებაში, ის კი ყოველთვის უკან იხევდა. ახალგაზრდობაში მეტი პერსპექტივა ჰქონდა, სულ ელოდებოდა, აი, ესენი შეამჩნევენ ჩემს პოტენციალს, აი, ესენიო, იცვლებოდა მთავრობები, მას კი არავინ არსად არ ეძახდა,
პატიოსანი კაცი არც ერთ მთავრობას არ ჭირდება, როგორც ვხედავთ.. თუმცა, ვინც მას იცნობს, ყველა პატივს სცემს, როგორც უწესიერეს ადამიანს. სტუდენტებსაც ძალიან უყვართ. ცდილობდა ყოველთვის დამხმარებოდა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მეც და სხვებსაც, ახლობელს თუ ნათესავს,  შვიდი წელი ჩემი და დათოს ოჯახი ერთად ვცხოვრობდით, ძნელი იყო ერთ ბინაში 7 კაცის ურთიერთობა, აქედან 4 ბავშვი, წარმოიდგინეთ, რა ორომტრიალი იყო. მერე დათომ ცოტა ფული შეაგროვა, დიდი ვალიც აიღო და ბინა გვიყიდა. ასე დავცალცავკევდით. ამის გამო მატერიალური პრობლემებიც შეექმნა. ხელფასით გაჰქონდა თავი და ოჯახს ვერ აუდიოდა. თვითონ სამი შვილი ჰყავდა, დედაჩემიც მასთან ცხოვრობდა, მამიდაც მათ მიეკედლა, ჩემი ბავშვებიც მათი ხშირი სტუმრები იყვნენ. არც ციხეში მივუტოვებივარ, არც საავადმყოფოში, არც გაჭირვებაში. შეუძლებელს აკეთებდა, ჩემი გულისთვის შეეძლო მთელი ქალაქი ფეხზე დაეყენებინა, ერთხელ მახსოვს, ახალი წელი მოდიოდა, თვითონ ძალიან უყვარს ცოცხალი ნაძვის ხე, ყოველ წელს ყიდულობს თავისი შვილებისათვის, საუკეთესოს არჩევს, იმ წელს თბილისში არ ვიყავი, რომ გაიგო ჩემს ბავშვებს ცოცხალი ნაძვის ხე არ ჰქონდათ და თან ძალიან უნდოდათ, გადაუწყვეტია რადაც არ უნდა დასჯდომოდა ეშოვა, 31 დეკემბრის საღამო იყო, ვერსად ვერ ნახა გასაყიდი, დაღამებულზე ასულა ერთ ნაძვზე და კენწერო მოუხერხია, -  თან იმას ვდარდობდი, ნაძვის ხის კენწეროს რომ ვჭრიდი და ხეს ვღუპავდი, თან იმას, რომ ეს დოქტორი კაცი ხერხით ხელში  რომ დავეჭირე ვინმეს ხის კენწეროზე, რას იტყოდნენ ჩემი სტუდენტებიო. - იძახდა შეწუხებული. მაშინ 90-იანი წლები იდგა, საყოველთაო გაჭირვება, შიმშილი, ამიტომ, ალბათ, უნდა ვაპატიოთ ჩემს ძმას ეს საქციელი, თუმცა ჩემთვის დღეს აბსოლუტურად მიუღებელია ტყეებისადმი ის უდიერი დამოკიდებულება, რასაც აქვს ადგილი საქართველოში. ისევ დათოს დავუბრუნდები. ასე მგონია, დედამიწის ზურგზე მე ვუყვარვარ ყველაზე ძალიან. ახლა დავაფასე მისი ჩემდამი სიყვარული და ერთგულება. დღეში ასჯერ მირეკავს, მკითხულობს, როგორ ხარო, მე კი ხანდახან ვბრაზდები, რა გამიწყალა-მეთქი გული. მახსოვს, ზოგჯერ ისე უდიერად ვეპყრობოდი, ვატერორებდი მასაც და მის ოჯახსაც, დახმარების ნაცვლად.  ახლა საშინლად მწყდება გული, მინდა ჩემი შეცდომები გამოვასწორო, მაგრამ აღარ მაქვს შესაძლებლობები. მინდა მის შვილებს მაინც რამე გავუკეთო. სოფო კარგად ხატავს, სურვილი მაქვს მამუკა ცეცხლაძესთან, რომელიც ჩემი და დათოს კლასელია და ცნობილი მხატვარი, მივიყვანო, იქნებ წარმატების მიღწევაში დაეხმაროს. მიხარია მათთან მისვლა, სანამ დედა ცოცხალი იყო, უფრო ხშირად დავდიოდი, მოხუცს ვნახულობდი, ვსაუბრობდით, ახლა ძირითადად კვირაობით მივდივარ, დათო რომ ვნახო, მხოლოდ ამ დღეს ისვენებს, დანარჩენ დღეებში ყველა სხვაც დაკავებულია, სოფო სკოლაში დადის, სამხატვრო სასწავლებელშიც. ხანდახან მაიას თუ გამოვიჭერ ხოლმე სახლში. ძალიან მიყვარს დათოს შვილებიც. კარგები არიან. ავთო რომ დაიბადა, ცას ვეწიე სიხარულით, პირველი ბიჭი იყო ჩვენს ოჯახში, ძალიან თბილი და კარგი ბავშვი იყო, უაღრესად ჭკვიანი, მაგის ტირილი არ მახსოვს, სულ იღიმებოდა. წლინახევრისამ დაიწყო ლაპარაკი, ოცი ლექსი ისწავლა ზეპირად, თუმცა "რ" ვერ ამბობდა და ვაბრაზებდი, თქვი- მეთქი -  "არარატი", -  "ადადატი", ამბობდა, ვკვდებოდი სიცილით. ორი წლის უკვე გამართულად საუბრობდა, როგორც ბრძენი კაცი. ერთხელ თურმე ის და დედამისი ავტობუსში მსხდარან, პლეხანოვზე რომ გაუვლიათ, ერთ ადგილას წამოუძახებია, აქ "პოლიომელიტს" აწვეთებენო, ცოტა ხნის წინ  სწორედ პოლიომელიტის აცრა გაუკეთეს, მართლაც პირში ჩააწვეთეს რაღაცა წითელი სითხე, დაუმახსოვრებია, სულ ორი წლის იყო, მთელი ავტობუსი ხარხარებდა, ამ ციცქნამ ასეთი რთული სახელი როგორ დაიმახსოვრაო.ახლაც ასეთია. მახარებს ხოლმე, ხან ტელევიზორში გამოჩნდება, ხან დიპლომებს იღებს, როგორც სამაგალითო მუშაკი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. სულ მუშაობს თავაუღებლივ, ალბათ ასეთი ადამიანები რომ არ არსებობდნენ, დაიქცეოდა ჩვენი ქვეყანა. პატარა სულ მემუქრებოდა, "ბოპომპოლო" უნდა გაგიკეთოო, დღემდე ვერ მივხვდი, რა არის ეს "ბოპომპოლო", დღესაც ვეკითხები, იცინის, პასუხი არ აქვს. ხშირად გვაქვს შეხლა-შემოხლა მე და მას ამა თუ იმ საკითხზე, სხვადასხვანაირი წარმოდგენები გვაქვს ამ ცხოვრებაზე, ის ახალგაზრდაა, მე ასაკოვანი კაცი ვარ, არ მიკვირს, ხანდახან ვბრაზდები, რომ მეკამათება, მინდა ყველამ ყველაფერზე თავი დამიქნიოს, მაგრამ ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე, - თუ რამე გწყინს, ცივი წყალი დალიე-მეთქი, - იმას კი გაკვირვებული ვეუბნები, - ბიჯოს, რა ყველაფერი შენ იცი-მეთქი.  - ძალიან მომწონს მისი გადაღებული ფოტოები, ალბათ გამოფენას გააკეთებს. საერთოდ ჩემს ძმიშვილებს შემოქმედებითი ნიჭი აღმოაჩნდათ, რა გასაკვირია, ბიძა და დეიდა მხატვრები ჰყავთ. თვითონ მაია მწერალი და პოეტია.  - ლევანიც ძალიან კარგი ბიჭია, მასაც აქვს მხატვრობის ნიჭი, მაგრამ ხატვა ეზარება. ის მამაჩემს განსაკუთრებულად უყვარდა, აიჩემა, მე მგავსო და როცა იდა მამიდამ გამოაცხადა, ჩემს ერთ ოთახიან ბინას ლევანს ვუტოვებო, ცას ეწია სიხარულით, ყველაფერი მისთვის უნდოდა, დილით სამსახურში ისე არ წავიდოდა, ბავშვს თუ არ ნახავდა, კვირაში ორჯერ დიღმის ბაზარში მიდიოდა ავადმყოფი კაცი, მისთვის ნატურალური რძე რომ მოეტანა სამ-ლიტრიანი ბალონით. ძალიან კარგი ხასიათი აქვს, რბილი და დამთმობი, რაც არ უნდა ვუთხრა, არაფერზე მეკამათება, მხოლოდ ულვაშებში ეღიმება და ყველაფერზე მეთანხმება, არ უნდა მაწყენინოს. თუ რამე მჭირდება, რაც არ უნდა იყოს, მაშინვე აქ გაჩნდება ხოლმე. განსაკუთრებით კომპიუტერთან დაკავშირებით ვაწუხებ, სოფო ხომ მზეა, რომ დავინახავ, შინაგანად ვნათდები, ლამაზი და ჭკვიანია. მოთხრობებს ბავშვობიდან წერს, რამდენიმე ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა კიდეც, კარგად ხატავს, სკოლაშიც კარგი მოსწავლეა. ვამაყობ ჩემი ძმიშვილებით, ღმერთმა ბედნიერი ცხოვრება მისცეს მათ, სულ ამას ვეხვეწები უფალს! არ იფიქროთ რომ ჩემი რძალი მაია დამავიწყდა, მასზე სხვა დროს გესაუბრებით.

ბარბარობას გილოცავთ!

ბარბარობას გილოცავთ,
ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა,
სიკეთით და ლოცვებით
ჩვენკენ მოვაბრუნოთა!
ჯანმრთელებს და ბედნიერთ
არ დაგვეწყოს ცილობა,
გვეხაროს და გველაღოს,
გვქონდეს გულგახსნილობა!



ამაოება ამა ქვეყნისა

გარშემო მთვარე სხივებს დაართავს, -
გამილამაზებს მყუდრო სავანეს,
ერთ დროს დიდებულს, ათაბაგის ცოლს,
ახლა ყორანი მითხრის სამარეს...
ამაოებას ამა ქვეყნისას მხოლოდ ჭკვიანი კაცი აფასებს....

გილოცავთ ბარბარობას!

ბარბარობა დამდგარა,
კაცი ნათელს კვირვობსა, 
გაბრწყინებულ ქვეყანას
მირონი დასდიოდა.
სულ ჯანმრთელად მეყოლეთ,
ვისაც რამე გტკიოდათ,
რაც გინდოდათ, მოგეცეთ,
სულში გედგათ მშვიდობა!
წმინდა ქალწულს ვევედროთ,
ცოდვებისგან განწმენდა,
დავამარცხებთ ავსულსაც,
ვერ წაგვართმევს ამ რწმენას.
ბარბარობას გილოცავთ,
ღრუბლებს მოაქვთ ფიფქები,
სპეტაკ თოვლში განწმენდილთ,
წმინდა დაგვაქვს ფიქრებიც.

მიკვირს, როგორ დავიჯერე

მიკვირს, როგორ დავიჯერე, რომ იცვლება კაცის გული,
თუ ბოროტი უზის გულში, სიკვდილამდე დაღრღნის შური,
როგორც ღვინო ძმრად იქცევა, ეშმაკია მისი მდგმური,
- დაიტოვონ ეგ ეშმაკი, სხვა ეშმაკნიც მხიარული.


Wednesday, December 14, 2016

ნაცნობი ვერხვი

მივაბიჯებდი მე ჩემს ქალაქში, 
როგორც უცხო და სხვა იყო ქუჩა, 
სხვა იყო ხალხი,გულისთქმით ახლით.
მარტოდშთენილი ვიდოდი უბრად,
ანაზდად თითქოს განათდა ირგვლივ,
იმედის სხივმა ხელი დამრია, -
ნაცნობი ვერხვი დავლანდე ნისლში,
იმ ალიონზე,დილაადრიან,
მანაც სიამით დახარა თავი,
სიხარულისგან სიმღერად იქცა...
როგორ შევიცან ზურმუხტის ბავშვი?!
თვალებს დაჰქონდა ქართული მიწა.

დაგილოცავთ ანდრიებს!

დაგილოცავთ ანდრიებს, პატარებს და დიდებსა,
მათი ტურფა ღიმილი ზეცას გააკვირვებსა,
ყველას გააბრწყინებსა, მირონს დაადინებსა,
ღმერთი ლოცავს ზევიდან, თავზე თითებს კიდებსა...

Tuesday, December 13, 2016

მე კი მეწვის და არ მასვენებს...

გარყვნილებას და ხორცის ტკბობას მისცეს თავები,
მე კი მეწვის და არ მასვენებს მუხლისთავები,
თვალებს უბრმავებთ ოქროსა და ვერცხლის ნივთები,
სისხლით ნაწამლნი დატვირთულან ფულზე ფიქრებით.
უღვთობისა და უღმერთობის აგეს ტაძარი, მე კი
ტანჯვით და სულგრძელობით მთები დავძარი,
ჩემთვის დამდგარა მყუდრო ჟამი სულის დიდების,
მათ შემომაცვეს სამოსელი ჯვართამტვირთველის,
ჰეი, უფალო, შემომხედე, როგორც გჩვევია,
გამოაგზავნე რაში შენი ცეცხლის მფრქვევია,
წამებულთ მიეც მოსვენება, მყუდრო სავანე,
ცოდვილი ხედვდეს სამუდამოდ თავის ანარეკლს.






მხოლოდ ჩემი იყოს...

მოდი, გაზაფხული მომიტანე, სულში ამიყვავე ყვავილები,
თავზე დამაბარდნე ალუბლის ხე, თმებზე გადამავლე კოინდარი,
ცხენზე ჩამომჯდარი ჩამოგივლი, მინდა შევასრულო დაპირება,
სხივებს ავკრიფავ და გულს ჩაგიდებ, მხოლოდ დამადევნე გაფიქრება.

დო მინორი

სულში კლავიშებს ათამაშებს ცივი ზამთარი,
თითებზე იის ყვავილები გადათოვლილა...
უსასრულობა ზეცისაკენ ფერხულში მიწვევს, -
ალბათ დო მინორს შეასრულებს ზღვაში თოლია.

მომენატრება!

გვირგვინს დავიწნავ გაზაფხულის, თავზე ვიზომებ,
ნაკადულების ამღერებას გულში ჩავიფშვნი...
მომენატრება ზღვებისა და ცათა  სიშორე,
გრიგალი სულის, - ამოსუნთქვა მძლავრი ქარიშხლის.

სადედამთილოს წუხილი (სახუმარო)

აღარც ლექსის კითხვა უნდათ,
არც სწავლისთვის სცალიათ,
"ძუძუების" სადღეგრძელოს
წარმოთქვამენ ბარე ათს.
სიყვარული ჩვენი ქვეყნის
თურმე არის სირცხვილი,
მთავარია ფული გქონდეს,
თუნდ გათელო გზისპირი.
ამ აზრებით გაზრდილ გოგოს
ბავშვი როგორ მივანდო,
ჩემს შვილს ცოლი სად ვუშოვო,
თუ "ეგ" აქვე ბინადრობს?!
სად წავიდე, ვის მივმართო,
არ ყოფილა ადვილი,
"გარიგებით" ხომ არ ვცადო.
ავისრულო წადილი!

Monday, December 12, 2016

ახალი წლის ღამეს ველი

თავს მევლება ლურჯი ზეცა, ზამთარს უჩანს კალთები,
ახალი წლის ღამეს ველი, ბავშვობაში დარჩენილს,
ვითამაშებ ნაძვის ხესთან, შემოვძახებ სიმღერებს,
წითელ-ყვითელ ბრჭყვიალებში მამას ვხედავ, ვიჯერებ,
რომ ახდება ოცნებები, დღეს თუ არა, ოდესღაც,
რომ სიცივე, ყინვა, სუსხი დროზე ადრე  მორჩება,
რომ კაცის ძე დაამარცხებს ბოროტს, დათესს სიკეთეს,
დაგილოცავთ ღმერთი ოჯახს, მამულს კიდით კიდემდე.





Sunday, December 11, 2016

ანდროს ისტორიებიდან (დიდება ნატაშას!)

    ქალისადმი პატივისცემის გამოხატვა ჩვენს ოჯახში წესად იყო ქცეული. ჩემი დიდი ბაბუა, დიმიტრი ჭელიძე, სტუმრად მიიწვიეს აზნაურის ოჯახში, რომელსაც მეუღლესთან ერთად ეწვია. ასეთი თავშეყრის ადგილებზე ცოლის გარეშე არ დადიოდა. მართალია, თვითონ  გლეხი იყო, მაგრამ რჩეული. როცა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი საქართველოში ჩამოვიდა, მას გამოჩენილი ქართველები დაახვედრეს, მათ შორის, გლეხებიც. იმ სიაში მოხვდა ბაბუაჩემიც, ჰოდა, მიიწვიეს სტუმრები სუფრასთან, ბაბუაჩემი საპატიო ადგილას დასვეს, ქალბატონ ნადიას კი სხვაგან მიუჩინეს ადგილი, ამაზე დიმიტრი ძალიან გაბრაზებულა, ეს ფაქტი დიდ შეურცხყოფად მიუჩნევია და სუფრა დაუტოვებია. ცოლს დიდ პატივს სცემდა, ბატონობით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და როცა ახალგაზრდა რძალი შემოსულა მათ ოჯახში, თვრამეტიოდე წლის ულამაზესი გოგონა, ხიდისთაველი ზინა ლომთათიძე, არც მაშინ უღალატია თავისი პრინციპებისთვის, თავზე ევლებოდა რძალს, სხვის შვილს რამე არ ეწყინოსო და როცა მისი მეუღლე დედამთილობას გამოიჩენდა ხოლმე და გოგონას გაუბრაზდებოდა, თვითონ მოეფერებოდა, დაამშვიდებდა, თანაც ხუმრობით ეტყოდა, - დაბერდა და ახლა ხომ ვერ გავშვებ სახლიდანო?! -  მინდა მის სხვა დადებით თვისებებზეც გავამახვილო ყურადღება. განათლებული კაცი გახლდათ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეც. კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი  პეტრე ჟღენტი პირადად იცნობდა ჩემს დიდ ბაბუას, ხშირად იტყოდა ხოლმე მის შესახებ, - მეფედ დასასმელი კაცი იყოო - ამით, რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო ნათქვამი. გამოირჩეოდა კარგი შესახედაობით, ვაჟკაცური თვისებებით და რაც მთავარია, ჭკუითა და აღზრდით. როგორც მისი რძალი, ზინა, მე და ჩემი ძმაც ზინას ვეძახით, იმდენად ახლობელი ადამიანია ჩვენთვის, იტყოდა, - დიდებული კაცი იყო, ნაკლს ვერ უნახავდიო. - გერმანლებთან მუშაობდა ბათუმში. რამდენიმე უცხო ენა იცოდა, კარგი მეურნე იყო, იმ დროისათვის კარგად გამართული სახლ-კარი ჰქონდა, ბევრი ვერ დაიკვეხნიდა ამით, მისი აშენებული ას წელზე მეტი ხნის სახლი დღესაც დგას სოფელ ბახვში, თუმცა შემდეგმა თაობებმა ვეღარ გავუწიეთ მოვლა-პატრონობა და ახალიც ვერაფერი შევმატეთ მის გაკეთებულს. მახსოვს ბავშვობაში, როცა იქ ჩავდიოდით, ანტიკვარული ნივთები მხვდებოდა თვალში, უძველესი სარკე, გერმანული ლამფები, ძველი ზანდუკები, ხალიჩები, გერმანული ჭურჭელი. ჩემმა რძალმა, მაიამ, ერთხელ გაოცებით წარმოთქვა, ქათმებსაც კი გერმანული თეფშები უდგათ წყლის დასალევადო, რა თქმა უნდა, უკვე გაბზარული ან კიდემოტეხილი, კომუნისტების დროს სოფელში მათი ფასი არავინ იცოდა. ბაბუაჩემიც, ანდრეი დიმიტრიჩი, დიდი სისათუთით ექცეოდა თავის გარშემო ქალებს, თავის დებს, მარუსას და გალინას, რძალს- ზინაიდას, მეუღლეს, ნინა სოლომონოვნას, რომელსაც დაშორდა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ მისდამი პატივისცემა არასოდეს დაუკარგავს. კვირა-დღე მასთან ერთად ეწვეოდა ხოლმე კინო-თეატრებს, ყველა საქმეში ცდილობდა დახმარებოდა. მამაც მუდმივად იმსახურებდა ქალების ყურადღებას თავისი გალანტურობითა და ჯენტლმენური საქციელით. ახლა იტყვით, კარგი, ეს შენი წინაპრები და შენ რას გვეტყვი შენს თავზეო და მართალიც იქნებით. რომ იტყვიან, ბუნება შვილებზე ისვენებსო,  მართალი ყოფილა. მე ისეთი ნამდვილად ვერ გამოვედი, როგორც ისინი. ცოტა კი არა შეიძლება ძალიანაც ფეთქებადი და აღგზნებული ხასიათი გამომყვა, რის გამოც, ხშირად მიწყენინებია გარშემო მყოფი ქალებისათვის, ცოლისთვის, დედისთვის, შვილისთვის, რძლისთვის თუ სხვათათვის, რისთვისაც მინდა ყველა ქალს ბოდიში მოვუხადო, მაგრამ სხვებს ნამდვილად არ ვპატიობდი ქალის მიმართ უდიერ და უპატივცემულო საქციელს საზოგადოებაში. შენს სახლში რაც გინდა ის აკეთე, რა თქმა უნდა, არ ვლაპარაკობ ძალადობაზე, ეს ჩემთვის მიუღებელია სახლშიც და გარეთაც, თუმცა ზოგჯერ ადამიანი აფექტის მდგომარეობაში რას არ ჩაიდენს, მე კი ეს აფექტი ხშირადაც მემართებოდა,  მაგრამ სხვების თანდასწრებით, კეთილი ინებე და ეთიკა დაიცავი! აი, ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი მთელი ჩემი ცხოვრება.
        ერთხელ მახსოვს,  ნატასთან, მაშინ ჩემი მეუღლე არ იყო, და მეგობარ ბიჭებთან ერთად ქუჩაში მივდიოდი, ქუჩის მეორე მხარეს ნატას დაქალი ია მიეშურებოდა გეპეისკენ ჯგუფელ გოგონასთან ერთად. გვერდზე ბიჭებმა ჩაუარეს, ორნი იყვნენ.
უცებ გოგოებმა ტირილით გადმოირბინეს ქუჩა და ჩვენ მოგვადგნენ საშველად. თურმე იმ ახალგაზრდა ყმაწვილებს  შეურაცხყოფა მიუყენებინათ მათთვის, უწმაწური სიტყვებით გამასპინძლებოდნენ. საშინლად გავბრაზდი, ერთი იმ ყმაწვილთაგანი ისედაც არ მეპიტნავებოდა, ადრეც მქონდა მასთან შეხლა-შემოხლა, გავიქეცით ბიჭები, დავეწიეთ და შავი დღე ვაყარეთ ამ უსაქციელობის გამო, ვთხოვეთ გოგონებისთვის ბოდიში მოეხადათ, უარი განაცხადეს, ატყდა ჩხუბი და აყალმაყალი. მეორე დღესაც გაგრძელდა გარჩევები. იმ ყმაწვილმა თავისი მეგობრები მოგვიყვანა, შეხლა-შემოხლის დროს ერთმა მათგანმა დანა დამარტყა სახეში, ლოყაში მომხვდა და ჭრილობა გადამეხსნა. სისხლმა იფეთქა, საავადმყოფოში გამიკერეს. პოლიციაც ჩაერია საქმეში, მაგრამ მე სასტიკი უარი განვაცხადე იმ ბიჭების დასმენაზე და საქმე მიჩქმალეს, ამისთვის მამას თავისი მაღალჩინოსანი მეგობრების გამოყენებაც კი დასჭირდა, აბა, "ჩამშვები" ხომ არ გავხდებოდი, მაშინდელი მენტალიტეტი სულ სხვა იყო. ის ყმაწვილი კი, როგორც მოგვიანებით გავიგე, რაღაცა დანაშაულის გამო სიკვდილით დაესაჯათ, დახვრიტეს, - ნეტა, რა ჩაიდინა ასეთი?!  - ხშირად ვფიქრობ.
         არც ერთი ქალი არ იმსახურებს ცუდ მოპყრობას, ჩემი აზრით, უნდა გავუგოთ მათ და გავუფრთხილდეთ. ჩემი მეგობრის,  ლევანის, დედა - ლია დეიდა,  ჩემი დიდი მეგობარია, ავად არის, მაგრამ მთელ ოჯახს მაინც ის უვლის, ოჯახის ყველა წევრის დარდი, მისი დარდია. ხშირად დავდივარ მის სანახავად, ის თავის სატკივარს მიზიარებს, მე - ჩემსას, თუ ვერ ვნახე, ტელეფონით ვეკონტაქტებით ერთმანეთს. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, სხვისი დარდის თანაზიარი და გულშემატკივარი  რომ ხარ!
      ქალები ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ, დედა, მამიდა, ნინა ბებია და მარუსა -ბაბუდა, ზინა - უსაყვარლესი და თბილი ადამიანი, ბახვი ჩემთვის ყოველთვის მასთან ასოცირდება,  დიანა, მამაჩემის ბიძაშვილი, მასთანაც ვმეგობრობ, ერთად გაზრდილები ვართ, ვაჟკაცი ქალია, ჭეშმარიტი წარმომადგენელი ჩვენი გვარის, ჩემი რძალი, მაია, და რაც მთავარია, ჩემი ნატა და ჩემი ქალიშვილი - ნინო. ვერ ვიტან, როცა ნატა სადმე სხვაგან არის წასული, მინდა სულ ჩემს გვერდზე იჯდეს და თვალებში მიყუროს, ხანდახან კია არა, ხშირად ვურეკავ, ვეკითხები,  სად ხარ-მეთქი - ბრაზდება, მაგრამ რას იზამს, ცოტა უნდა მომითმინოს. ორი კვირა იყო წასული ეგვიპტეში სამსახურის გამო, გამიჭირდა მის გარეშე, მისი ჩამოსვლის დღისთვის ტრანსპარანტები დავამზადე, წარწერებით, -ურა, ვაშა, ნატაშას! ან კიდევ, - დიდება, ნატაშას!- ამ ტრანსპარანტებითა და ბუშტებით მოვრთე მთელი სახლი, მინდოდა გამეხარებინა, სიტყვებიც შეცდომებით დავწერე, უფრო სასაცილო რომ ყოფილიყო. მე მგონი გავახარე კიდევაც, ფოტოზეც აღვბეჭდე მისი ბედნიერი სახე. მინდა ყველა ქალი გახარებული და ბედნიერი იყოს!

Thursday, December 8, 2016

ანდროს ისტორიებიდან (სასტუმრო "ივერიაში")

   როგორც არაერთხელ აღვნიშნე, დიდი შარისთავი ვიყავი. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ პრობლემა თავიდან აიცილონ, მე კი ვცდილობდი, პრობლემაში გავხვეულიყავი და ჩემი ახლობლებიც გამეხვია. მეგონა ყველაზე ძლიერი ვიყავი ამ ქვეყნაზე და ვერავინ და ვერაფერი დამამარცხებდა. მერე ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ ასე არ არის და არც უნდა იყოს. ჩვენ ღვთის განგების ქვეშ ვიმყოფებით და ჩვენი უწესო საქციელით თავს ვიმძიმებთ ცოდვებით, მაგრამ ახალგაზრდას ეს არ ესმის, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა - ქალამნად. ჩემი აზრით, ბავშვების რელიგიური აღზრდა აუცილებელია, რათა ისინი და ჩვენი თავიც დავიცვათ გარემოს უარყოფითი გავლენისგან, მაგრამ ჩვენს ახალგაზრდობაში ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, ათესტურ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, მართალია ყველა ოჯახში იღებებოდა კვერცხები, ვინათლებოდით, ღვთის შეწევნით, სულიწმინდის ნათელი კი გვაკლდა გულებში თითოეულ ჩვენგანს. არ ვიცი, რისი ბრალი იყო, დალევა და გამოთრობა გვეამაყებოდა და გვქონდა გაჩაღებული სმა -ჭამა, შევიკრიბებოდით ბიჭები, დავდებდით, ვისაც რისი საშუალება გვქონდა მატერიალურად და ვგულაობდით ბარ-რესტორნებში. მშობლებიც გვათამამებდნენ, ფულის გარეშე სახლიდან როგორ გამოგვიშვებდნენ?! რამე დაგვაკლდებოდა და სასწრაფოდ სახლში ვრეკავდით, - ფული გაგვიმზადეთ, ამდენი და ამდენი არ გვყოფნისო. -  მოკლედ დიდ ტერორში გვყავდა ჩვენი ახლობლები. მახსოვს ერთხელ მე და ჩემი ძმა ბიჭებთან ერთად სასტუმრო "ივერიას" ვესტუმრეთ, რესტორანში კარგად ვიქეიფეთ თუმცა ფული დაგვაკლდა, იცით ალბათ, მაშინ როგორ ანგარიშობდნენ ნაჭამ-ნასმის ღირებულებას, ბევრი ვიკამათეთ კიდეც ოფოციანტებთან, ამდენი არ გვიჭამია და არ დაგვილევიაო, მაგრამ ჩვენ მთვრალებს ვინ დაგვიჯერებდა  და "ზალოგში" რაღაცა დაგვატოვებინეს, ისე იქიდან არ გამოგვიშვეს, რომელიც მერე ერთ-ერთი ჩვენგანის მშობელმა გამოისყიდა. სმა ჯერ შამპანიურით დავიწყეთ, მერე არაყზე გადავედით, გვინდოდა დავმთვრალიყავით და მართლაც, საშინლად გამომტყვრალები გამოვბორიალდით გარეთ. ასეთი რა ნაზავი ჩავისხით პირში, არ მახსოვს, მაგრამ გამოვედით თუ არა, ერთი მეგობარი გადაგვერია, გაახსენდა რომ მშობლები ერთმანეთთან გაცილებული ჰყავდა, რას ჰქვია, მამაჩემმა დედაჩემი მიატოვაო, გაიხადა მამამისის ნაყიდი ძვირფასი ტყავის "პლაშჩი", როგორც მაშინ უწოდებდნენ, ჯერ კბილებით ლამის დაღრღნა, მერე ერთი ფეხი ბორტს დააბიჯა, ხელებით დაეჯაჯგურა და დიდი ბრძოლის შემდეგ შუაზე გადახია. ესეც არ აკმარა, შუაზე გადახეულს იქვე, სასტუმროს უკან რომ ხრამია, იქ გადაუძახა. როგორ არ ვაკავებდით, ვერაფერს გავხდით, ისეთი ღონე მისცემოდა. საშინლად შევწუხდით და გადავწყვიტეთ პლაშჩის ეს დიდებული ნაშთები ხრამიდან ამოგვეტანა, რომ დათოს, ასე ერქვა ჩვენს მეგობარს, დედა არ გაბრაზებოდა. ინიციატივა თავის თავზე აიღო ჩემმა ძმამ და ზაზამ, ჩვენმა კიდევ ერთმა იქ მყოფმა მეგობარმა, საშინელ სიბნელეში ცოცვა-ცოცვით ჩავიდნენ დაბლა, როგორც იქნა იპოვეს, რასაც ეძებდნენ ასანთის და "ზაჟიგალკის" დახმარებით და ალაფით ხელდამშვენებულნი ტრიუმფატორებივით წარსდგნენ ჩვენ წინაშე. - ეს ისევ ამოიტანეთო?!  და  ისევ გადასაყრელად იქაჩებოდა დათო, მაგრამ აღარ დავანებეთ დანაშაულის ჩადენა. (დედამისს რომ არ ენახა, ნაგლეჯები მეორე დღესვე მკერავთან წავიღეთ, მაგრამ მისი სრული აღდგენა ვეღარ მოხერხდა და ორბორტიანი ერთ ბორტიანად გადაკეთდა.)  ამის მერე, არც რესტორანში შეხლა-შემოხლამ, არც მეგობრის უსაქციელობამ არ გაგვიფუჭა გუნება-განწყობა, სიმღერ-სიმღერით გამოვუყევით გზას პლეხანოვისაკენ, ვხუმრობდით, ვღლაბუცობდით, მოკლედ მშვენივრად ვერთობოდით, გზაზე შემოგვხვდა ერთი ნაცნობი, გვარად, ვალიევი, სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ მახსოვს, რაზე დავიწყე ჩხუბი და ეს საწყალი კაცი ფეხქვეშ გავიგდე, მეცნენ მეგობრები, ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან, მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ პლეხანოველი ნაცნობების, მათ შორის,  აწ განსვენებული გია ჯიბლაძის, რომელიც ვალიევის მეზობელი იყო,  გამოძახებაც გახდა საჭირო ჩვენს შესარიგებლად და დასაშოშმინებლად. გალეწილებმა გზა განვაგრძეთ, ნელ-ნელა დავიფანტეთ, ყველამ თავის სახლს მიაშურა, ამასობაში ზაზას კიდევ უფრო მოეკიდა სასმელი და მისი სახლში მიყვანის პატივი მე და ჩემს ძმას გვერგო, მივედით,  ზარი დავრეკეთ და ზაზა კარებზე მივაყუდეთ, ფეხზე ვეღარ დგებოდა, ჩვენ თვითონ სიცილით გამოვიქეცით, მისიანებს შენიშვნა რომ არ მოეცათ. ახლა მიკვირს, რა გასართობს ვნახულობდით ამ ყოველივეში. ბათუმში მივდიოდით, ბაკურიანში  ლენინგრადსა თუ მოსკოვში, ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, სასტუმროდანაც არ გამოვდიოდით, ან ნომერში ვსვამდით, ან იქვე რესტორანში. რა პლიაჟი, რა თოვლი, რა ერმიტაჟი, არაფერი არ გვაინტერესებდა.

ახალი წლის ღამე

პრობლემების გუდას თან ვატარებ მუდამ,
თანაც ყველა ზამთარს ზედ კრიზისი ახლავს.
პირს მოვუხსნი გუდას, ამოვუშვებ გუნდად,
ძველს გავატან ყველას, მოვიტოვებ მდევარს.
წელს კი ახალს, ახლის რწმენით უნდა დავხვდე,
ახალ სურვილების და ოცნების მაცნეს,
გადავუხსნი კარებს, იმედივით ფართეს,
ჩამორეკავს ზარებს, ააჟღერებს თარებს,
ახალი წლის ღამე!



.

დეკემბრის ქარი (საბავშვო)

სიყვარულის ხასიათზე გავიღვიძე დღეს, 
მეგობარი ფეისბუკში დიდ მოკითხვას მწერს,
თუმც ქარია დეკემბერის, მინას ვაჭყლეტ ცხვირს,
რომ ახლოდან დავინახო თოვლი, თვალებს მჭრის.

მიყვარს ცივი დეკემბერი

მიყვარს დილა, ზამთრის სუსხი,
დეკემბერის ავლა-დავლა,
სიცივესაც ვუძლებ, თუკი,
სიყვარულის სითბო მახლავს,
გამიღიმებს მზე ღრუბლიდან,
სულ ცოტათი მაძლევს იმედს,
მთიდან მოდის ცივი ქარი,
თითქოს მიკრავს გახსნილ თითებს.
მაგრამ მაინც არ ვნებდები,
შენი გულის სითბო მახლავს,
მიყვარს ცივი დეკემბერი,
სიყვარულის ავლა-დავლა.
ბეღურების გადაფრენა და 
მარხილი ფაფუკ თოვლში,
გახსენება მზიან დღეთა
მატანინებს დარდს და ლოდინს.
ბარდნის ველზე თეთრ ყვავილებს,
ჩრდილები ჩანს თოვლზე შორი,
ნაძვებს თექა შემოუსხამთ,
აღარ სცივათ მათაც მგონი.
მე კი სულსაც ამოვიღებ,
რომ დაგლანდო ჩემო შორით,
არც სიცივე შემაწუხებს,
აღარც ყინვა, აღარც თოვლი.

Wednesday, December 7, 2016

სამშობლოს ჯარისკაცი (მოთხრობა, ავტორი: სოფიო ჭელიძე)

   პატარა გოგონას ია ჰქვია. დედაც ჰყავს, მამაც, ბებიაც და ბაბუაც. ბებიას ყოველთვის ნამცხვრები მოაქვს გოგონასათვის, ნამცხვრებს დათუნიების ფორმა აქვს, ძალიან მოსწონს, ტორტიც მოსწონს, ბებიას გამომცხვარი, ყვავილებითა და პეპლებით მორთული, დაბადების დღეზე მოართმევს ხოლმე. ბაბუასთან ერთად ზოოპარკში დადის, იქ გაიცნო გარეული ცხოველები. განსაკუთრებით ერთ მარტორქას დაუმეგობრდა. ლიზი ჰქვია. მოსწონს, იმიტომ რომ არავის უყვარს, - უშნოაო,  - ყველა იძახის, - რა საშინელი და საზიზღარიაო, რა სლიპინა კანი აქვსო, - იას კი ეცოდება, ასე რომ ლაპარაკობენ მასზე, თორემ შესაცოდი რა აქვს?! განსაკუთრებით იმიტომ მოსწონს, რომ მტაცებელი არ არის! როცა ზოოპარკში მიდის, ყოველთვის მიაქვს მისთვის რამდენიმე ვაშლი, ისიც მირთმეულს სიამოვნებით ატკბარუნებს, თან კეთილი თვალებით შესცქერის გოგონას, თითქოს მადლობას ეუბნება. ლიზის მამა ჯარისკაცია. ავღანეთში მსახურობს, ნამდვილი ვაჟკაცია. ლიზი ყოველ დღე სწერს მამას წერილებს, დედა ერთ დიდ წერილს დაწერს ხოლმე, მაგრამ იმდენს წერს, იმდენს... რამდენიმე თვის წინ მამა ავღანეთიდან ჩამოვიდა, ოჰ, როგორ უხაროდა იას მამასთან  ყოფნა, მამამ ბევრი საჩუქრები ჩამოუტანა და ქუდი აჩუქა, ნამდვილი ჯარისკაცის ქუდი, უბრალო კი არა, ქართული დროშით. მამა ისევ შორეულ ქვეყანაში დაბრუნდა, დედამ უთხრა, -  შვებულება ჰქონდაო. - ძალიან დაწყდა გული იას. ღამ-ღამობით, როცა დაწვება თავის ქუნქულა ლოგინში, ღმერთს სთხოვს, კარგად უმყოფოს მამა, დედა, ბებია, ბაბუა. იცის, რომ ასეა საჭირო, ბებია სულ ამას ეუბნება, დედა კი ხშირად ტირის და მამაზე არ ლაპარაკობს. როცა ბინდი გადაეკვრება ხოლმე გოგონას თვალებს, სიზმრების ფერია ესტუმრება, ეკითხება,-  რა გინდა დაგესიზმროსო, - ისიც ეუბნება - მამაო,  - მამა ენატრება ყველაზე ძალიან, მართლაც ხშირად ესიზმრება მამა, მინდორში დგანან ერთად და ტრიალებენ, მათ გარშემო ბევრი-ბევრი პეპელაა. ხანდახან მარტორქაც ესიზმრება ხოლმე. კეთილად უღიმის. იმ ღამესაც, მამა რომ ჩამოვიდა, მარტორქა დაესიზმრა. ერთ ღამეს სიზმარი ნახა, მამა წყვდიადიდან უწვდის ხელს, ეპოტინება, ვერ ჩასჭიდა. იამ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა. იმ დღეს ოჯახში მამის გარდაცვალების ამბავი მოვიდა. იმ ღამის მერე სიზმრების ფერიას სთხოვა, სიზმარი აღარ მანახოო. ასეც იყო, სანამ ერთ ღამეს, მისდა გასაკვირად, ისევ მარტორქა არ დაესიზმრა, კეთილი თვალებით უყურებდა. დილით, ადრე,  გაჩნდა პატარა გიორგი, დედას მუცლიდან საკეისროთი ამოიყვანეს. უყურებს ია პატარა ძმას და უკვირს, -  როგორ ჰგავსო მამას?  - მისი შვილია და აბა ვის უნდა ჰგავდესო?! - ცრემლნარევი ღიმილით  ეუბნება დედა. ახლა ბაბუა, ია და გიორგი ერთად დადიან ზოოპარკში. მამასავით ვაჟკაცი ბიჭია გიორგი, დააბოტებს გალიებს შორის, მასაც იასავით ძალიან მოსწონს ცხოველები, განსაკუთრებით მარტორქა. ვაშლის ნაჭერს გადაუგდებს ხოლმე პატარა ხელებით. იამ ძმას მამას ნაჩუქარი ქუდიც აჩუქა, უნდა მამასავით სამშობლოს ჯარისკაცი გაიზარდოს.

ვეღარ მათბობ, მზეო!

ჩამოზამთრდა ისევ, მომემატა დარდი,
ვეღარ ვიკრებ თითებს, ფერი ადევთ ანწლის,
სულსაც მზერა უჭირს, ათოვს, როგორც უწინ,
ვეღარ მათბობ , მზეო, რომ მათბობდი გუშინ.

Tuesday, December 6, 2016

ის ზღაპარი სადღა არის?!

ჩემო ციცინათელებო!
მიყვარხართ და მენატრებით, ჩემო ციცინათელებო.
ბავშვობას რომ მინათებდით, ახლა უკვე სად გეძებოთ,
დეკებერი გვიკრავს ღილებს, პირს გვითბუნებს იანვარი,
გავხედავ და გამოვხედავ,- ის ზღაპარი სადღა არის?!
სადღა არის გაზაფხული, ყვავილების რია-რია,
მოიწყინეს ბეღურებმა და ფოთლებიც უხმოდ ყრია,
აუწურავთ მხრები იფნებს, არ ელიან მზეს და ნიავს,
მთები თოვლით დაფარულან, ამაყ თავებს დარდით ხრიან.
მაინც მინდა, რომ ჩემს გულში ყვავილობდეს ნაზი ია,
უიმედოდ გადაქანცულს მესმას მერცხლის ტია-ტია,
აიწეწოს მთაში ნისლი, დამინამოს სახე წვიმამ,
ჩამომბანოს თვალზე ცრემლი, შევეგებო მზიან დილას.
მიყვარხართ და მენატრებით, ჩემო ციცინათელებო.
ბავშვობას რომ მინათებდით, ახლა უკვე სად გეძებოთ,
მაგრამ ვიცი, დღეს თუ არა, ასრულდება ის ზღაპარი
და ღრუბლებში მოცურავეს გამეხსნება ზეცის კარი.
მაია დიაკონიძე
6.12.2016 წელი

მინდა ღრუბლად შემოგიცვა

მინდა ღრუბლად შემოგიცვა
და გატარო სუსტი მხრებით,
ყოველ დილას გაპკურებდი ცვარს,
დაგყნოსდი დიდი ვნებით,
ჩემთვის მზეც ხარ, უძინარი,
მთვარეც, ვარდიც, იაც, ლურჯი,
ზღაპარი ხარ ბავშვობიდან,
იტყვის ენა, თუ გინდ მუნჯი.

მწუხრის საბანი

გადავიფარე მწუხრის საბანი,
არ მინდა ჩანდეს ჩემი სხეული,
ვეღარ დავმალე ხელის თითები, -
თეთრი სადაფი და ბროწეული.

ანდროს ისტორიებიდან (ჩემი ცოლის დაქალები)

   მებუკეზე მინდა მოგიყვეთ. ის ჩემი ერთ-ერთი უახლოვესი მეგობარია. ალბათ ოცი წლისა ვიქნებოდი, რომ გავიცანი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ორივე ვსწავლობდით. მან გამაცნო ჩემი მეუღლე ნატალიაც და ამის შემდეგ 35-36 წელია, რაც ერთმანეთთან ვახლობლობთ. ხანდახან კამათიც მოგვსვლია, უკმაყოფილებაც, მაგრამ ია ისეთი ღვთისნიერი და მომთმენი ადამიანია, მე თვითონ მიკვირს, როგორ მიტანს. ძალიან უყვარს ცხოველები, მათი აქტიური დამცველია, თავის სადარბაზოში მცხოვრებ ყველა კატას ის აჭმევს და ასაზრდოებს ხორციელადაც და სულიერადაც,. ხანდახან ხუმრობით ამბობს, ალბათ წარსულ ცხოვრებაში ძაღლი ან კატა ვიყავიო, იმდენად უყვარს ცხოველები. მათ დანახვაზე ცრემლები ადგება თვალზე. არ შეუძლია არ მოეფეროს და ორიოდე ტკბილი სიტყვა არ უთხრას. ჩვენი კატა ფეფო ჩვენს სახლში რომ აღმოჩნდა, მისი დამსახურებაცაა. წარმოიდგინეთ ასეთ ადამიანს როგორ უყვარს თვითონ ადამიანები, არავისზე ცუდს არ იტყვის, არავის გაკიცხავს, არავის გააკრიტიკებს, მოკლედ ასეთ კეთილშობილ ადამიანს ჩვენს დროში იშვიათად შეხვდებით, მუდამ ოპტიმიზმითაა სავსე და ღვთის დიდი იმედი აქვს. ია და ნატა ბავშვობის მეგობრები არიან, კლასელები. უერთმანეთოდ არ ჭამდნენ, არ იძინებდნენ, ნატას სახლშიც ხშირი სტუმარი იყო და ნადეჟდა ივანოვნა თავის ქალიშვილს და მას ერთმანეთისგან არ არჩევდა. ერთმანეთის ყველა საიდუმლო იცოდნენ. ჩემს მიმართ დიდი სიმპათია დაებადა, როგორც კი გამიცნო. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა?!ახალგაზრდობაში ძალიან გალანტური და ზრდილობიანი ვიყავი, განსაკუთრებით ქალებთან. შესაბამისად დიდ მოწონებასაც ვიმსახურებდი. მისი დაქალი მაკოვკინა იმასაც კი ამბობდა, ბედნიერი იქნება ის ქალი, ანდროს რომ ცოლად გაყვებაო. ამიტომაც დროს ხომ არ დაკარგავდა ჩვენი ია და გადაწყვიტა ჩემთვის ნატა გაეცნო, მისთვის ხომ ყველაფერი საუკეთესო უნდოდა, ყველაფერი უკუღმა კი დატრიალდა და ჩემნაირი მოუსვენარი, ამბიციური და ბობოქარი ადამიანი შეახვედრა თავის მეგობარს. მე მგონი აქამდე ნანობს ამ ამბავს, რა შარში გავყავი თავიო. ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარია, მეც ნატასთან ერთად დიდი სიხარულით ველოდები ხოლმე მის გამოჩენას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემთან ხელცარიელი არ მოდის,  აუცილებლად ტკბილეული მოაქვს, უფრო კეთილი რომ გავხდე და რამე ცუდი არ ვთქვა ვინმეს მისამართით. მწყინს როცა იგვიანებს მოსვლას, იმასაც თავისი საქმეები აქვს, ისიც დაკავებულია. მხატვარია, უჭკვიანესი და უნიჭიერესი გოგოა, თავის ხელით იკერავს და იქსოვს ტანსაცმელს, კარგი გემოვნება აქვს. ჩემს შვილებთანაც მეგობრობს, ძალიან უყვარს ნინოსაც და დიმიტრისაც. დიმიტრის ნათლიაც ის არის. ბავშვები პატარები რომ ჰყავდათ, დაქალები ხშირად ერთად დადიოდნენ ხოლმე დასასვენებლად, ხან თეთრიწყაროში, ხან ცხვარიჭამიაში, ხან შოვში და ა. შ. ხანდახან ჩემი რძალი, მაიაც, შეუერთდებოდა მათ. ისინიც დამეგობრდნენ. იას ბიჭი -  ივიკო ჩემი ძმისშილის, სოფიკოს, ნათლიაა, მოკლედ, დიდი ნათლი-მირონი გვაკავშირებს ამ ადამიანთან მთელ ჩვენს ოჯახს. სანამ შვილი ეყოლებოდა, განსაკუთრებულად უყვარდა პატარა ნინო, მსუქანი და თბილი. ნატა  მოფერებით იაკოშას ეძახის, ერთმანეთს ხშირად ურეკავენ და ელაპარაკებიან. ხდება, ერთმანეთზე განაწყენდებიან კიდევაც, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს. აუცილებლად შერიგდებიან, მათ უკან ხომ ბევრი ტკბილი და საოცარი მოგონება დგას თუ ჩემს თავს არ ჩავთვლი, იმიტომ რომ არც თბილი ვარ და არც ტკბილი, ხანდახან მწარეც ვარ და ყელზეც ვადგები ხოლმე ზოგ-ზოგიერთს. ძალიან მიყვარს, როცა ნატა სუფრას შლის თავის დაბადების დღეზე, მე მგონი არც ერთი არ გამომიტოვებია. არასოდეს  ვაკლდები ამ ზეიმს, ამ დღეს ხომ ჩემი საყვარელი ქალი დაიბადა, ზოგჯერ ნატა მეტყვის, - დაგვანებე თავი, ქალები ჩვენთვის დავსხდებით, ვილაპარაკებთო, - მაგრამ მე არ ვნებდები, ყურადღების ცენტრში მიყვარს ყოფნა და ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებ, თან, მით უმეტეს, ამდენ ლამაზ ქალს როცა ვხედავ ერთად, ნატა, ჩემი დედოფალია, რა თქმა უნდა, კონკურსის გარეშეა, ია, ჩემი რძალი მაია, იას და ნატას კლასელი, ინა რამიშვილი, ულამაზესი მწვანეთვალება ქალბატონი, მათი დაქალი, იანა, ინას მეგობარი, თეთრი თაფლისფერთვალება ბესტია და ასე შემდეგ. ვარდივით ვიფურჩქნები მათ შორის და განა შემიძლია ასეთი სიამოვნება მოვიკლო?! ვიფრქვევი ბგერებად, სიტყვებად, ისტორიებად, ანეგდოტებად, ზოგი მოსწონთ, ზოგიც ალბათ არა, მაგრამ მე ვარ თამადა და პირველი სიტყვა მე მეთქმის. ყველაზე მეტად ჩემი რძალი მაია მეპაექრება და მეკამათება ხოლმე, გულში ვბრაზდები, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო, მინდა დავამტკიცო, რომ მე ვარ კაცი და მე უფრო ჭკვიანი ვარ, მაგრამ ზოგჯერ უკანდახევაც მიწევს, რაც სულაც არ მომწონს. ჩემი ცოლის დაქალებს ვეძახი ამ გოგოებს, ჩემთვის მარად ახალგაზრდებს და ღმერთმა არ მომიშალოს მათი ფეხი ჩემს ოჯახში!

Monday, December 5, 2016

ანდროს ისტორიებიდან (დიმიტრი)

  მას მერე რაც შვილი შეეძინა, ჩემ ბიჭს, დიმიტრის ვეღარ ვცნობ, ანათებს შიგნიდანაც და გარედანაც. მის გულში მზე დაინთო, ასე ვიყავი მეც, როცა თვითონ დიმიტრი გამიჩნდა. ჩემს გულშიც უზარმაზარი მზე დაინთო, რომელიც შიგნიდანაც მათბობდა და გარედანაც. არეული დრო იყო. 90-იანი წლები, საყოველთაო გაჭირვებას მოეცვა ჩვენი ქვეყანა. მეშინოდა ბავშვის გაზრდის პასუხისმგებლობა ამეღო თავზე, ერთი ხომ უკვე გვყავდა მე და ჩემს მეუღლეს. მაგრამ დედაჩემმა კატეგორიული უარი განაცხადა, ნატას ბავშვი მოეცილებინა. ასე გაჩნდა ჩვენი დიმიტრი, რითვისაც ძალიან მადლობელი ვარ ღმერთისაც და დედაჩემისაც. ბავშვები ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან პატარებთან მეგობრობა მიჭირს, გამონაკლისი ჩემი შვილიშვილი ანდრიაა. მე და ის ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და თითქოს ერთმანეთის გვესმის, იმიტომ რომ ერთი ჯიშის და ერთი გენისა ვართ. პატარა დიმიტრი ყველას აოცებდა თავისი ჭკუა-გონებით. 5 თვისა იყო, ნატას ბავშვი მაიასთვის, ჩემი რძლისთვის, დაეტოვებინა, სკოლიდან ნინოს წამოსაყვანად წასულიყო, მაშინ ჩვენ კიდევ დედაჩემთან და ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ვცხოვრობდით, საკმაოდ დაეგვიანებინა სახლში მოსვლა, როცა გამოცხადდა, დიმიტრის ზედ აღარც შეუხედავს დედამისისთვის, ისეთი ნაწყენი დარჩენილა, ძლივს შეირიგა ეს პატარა ბიჭი. გაგვიკვირდა, ასეთ ციცქნას რამდენი ესმოდა. ბიცოლამისი განსაკუთრებით უყვარდა, მის კალთაში მხოლოდ მისი ადგილი იყო, შვილებსაც კი არ აკარებდა, ხანდახან ცოტა ჩაიჩოჩებდა, ლევანსაც მისცემდა დაჯდომის უფლებას, ისიც ხომ პატარა იყო, მასზე წლით და ხუთი თვით უფროსი. ბიცოლამისიც ყოველთვის აღნიშნავდა, ბევრ ბავშვთან მქონია საქმე,  მაგრამ ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი იშვიათად მინახავსო, პატარა მოაზროვნე იყო, გონებამახვილი  და იუმორით სავსე. ცოტა ენას უკიდებდა, მისი საუბარი სასაცილო და საინტერესოც იყო. ბიცოლამისს ეძხდა: -  ბისსს! ც-ს მაგივრად ს-ს ამბობდა.ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი, სულ  დარბოდა, მარტო მისი ყურება დაღლიდა ადამიანს. სიცელქისგან ხან იქით გადახტებოდა, ხან - აქეთ,  ამის გამო ხან რას იტკენდა, ხან - რას. ერთხელ ვედროს წამოსდო ფეხი და მდუღარე წყალი გადაივლო, ამის მერე ბევრი მკურნალობა დასჭირდა საწყალ ბავშვს, ტკივილებსაც ვაჟკაცურად ებრძოდა, მაინც ჩერქეზის სისხლი ურევია. ბაბუამისი, საიდ მურადინოვიჩი, ხომ მისი ყველაზე დიდი მეგობარი და სულიერი მამა იყო. წამოიზარდა დიმიტრი და ძალიან დავუახლოვდი, სკოლაში ხშირად მიბარებდნენ, ცუდი მოსწრება და დასწრება აქვსო, არ ვუბრაზდებოდი, ჩემი თავი მახსენდებოდა. შენიშვნებსაც იშვიათად ვაძლევდი, არ იმსახურებდა, ჩემზე ბევრად წესიერი და ჭკვიანი ბავშვი იყო, ძალიან ნიჭიერიც.თავის ბიძაშვილებთან ინგლისური ლაპარაკიც ისწავლა, სულ ერთი წელი ემზადებოდა და უნივერსიტეტში ჯავახიშვილში მოხვდა, იურიდიულზე, 70 პროცენტიანი გრანტიც აიღო, სხვა ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, მაგრამ დიმიტრი დიმიტრია და მას ვერ შეცვლი. სწავლა ეზარებოდა და თავი დაანება. ამის გამო ბევრს ვნერვიულობდი, მაგრამ ვიფიქრე, გაუშვი, ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს-მეთქი. "ჟილკიანი" გამოდგა, ბავშვობიდან კალათბურთი უყვარდა, ყველა კალათბურთელის ბიოგრაფია ლამისაა ზეპირად იცის, უნდოდა კალათბურთელი გამხდარიყო, ფიზიკურმა მომზადებამ უმტყუნა, ხერხემალი, მუხლები ასტკივდა, თუმცა მაღალი კი იყო, თამაში ვერ შეძლო. არ მოეშვა, არ დანებდა და ახლა, ჩემი გულის გასახარად, კალათბურთს ასწავლის ბავშვებს ფაჩულიას საკალათბურთო სკოლაში. ბავშვობიდან უყვარდა პატარები, სულ ამბობდა, რომ გავიზრდები, ბევრი შვილები მეყოლებაო. თავისი შვილიც განსაკუთრებულად უყვარს, მკერდზე დაიწვენს და არიან ასე გაყუჩებული მამა-შვილი. მშურს მისი, ახლა ვფიქრობ, ნეტა მეც მკერდთან ახლოს მყოლოდა-მეთქი ჩემი პატარები, ნინო და დიმიტრი. მუდმივად არეული ვიყავი, დაძაბული, ბავშვებისთვის თითქოს დრო არ მქონდა, როცა ამაზე დიდი საქმე ქვეყნად არ არსებობს, ისუნთქო შენს შვილებთან ერთად, დაიღალო მათი სიყვარულით, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს გვიან მივხვდი და ეს ყველაფერი ჩემმა დიმიტრიმ დამანახა. მშრომელი გამოდგა. წინსვლის გხებს ეძებს, უნდა რომ გამახაროს, პირველ რიგში მე მიყვება ხოლმე ყველაფერს ახალსა და პერსპექტიულს, მე კი ზოგჯერ სულ ტყუილუბრალოდ ვუჯავრდები, მასაც და ნინოსაც, მერე ვნანობ, მაგრამ ისეთი ბავშვები არიან, ადვილად მპატიობენ. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები, ვიმსახურებ კი ასეთ შვილებს?! ქართული ანდაზაა, შვილი მტრულად გაზარდე, მოყვარედ გამოგადგებაო. მეც ამ პრინციპს მივსდევდი და მივსდევ, მაგრამ როცა მათზე ვსაყვედურობ, ჩემი რძალი მაია მეკითხება, -  შენ მაგ პრინციპით ხომ არ გზრდიდნენ, სიყვარულში და ფერებაში ხარ გაზრდილი და შვილების მიმართ ასეთი მომთხოვნი რაზე ხარო?! -  ვიბნევი ხოლმე. -  მინდა უკეთესები იყვნენ-მეთქი, ეს ხომ ყველა მშობლის ოცნებაა. - მაგაზე კარგები რაღა უნდა გაზრდილიყვნენო, - მეუბნება ჩემი რძალი, მეც გავყუჩდები ხოლმე, მიხარია ჩემს შვილებს რომ აქებენ. გიხარია როცა შენი გაზრდილი ხე დაფესვიანდება, ნაყოფს გამოიღებს. დიმიტრი ალბათ კალათბურთელთა მრავალ თაობას გაზრდის, იმიტომ რომ ამის უნარი და სურვილი აქვს, მათ შორის წარმატებულებიც იქნებიან და დიმიტრი თავისი გაზრდილებით იამაყებს, ისინი - თავიანთი მასწავლებლით. პატარა ანდრიაც ძალიან დიდი ადამიანი გაიზრდება, კოჭებში ეტყობა, იმიტომ რომ ისიც პატარა მზეა, გარშემომყოფებს ისიც უთბობს გულს და სულს. რუსული საბავშვო სიმღერა გამახსენდა: - დაე, მუდამ იყოს მზე! დაე, მუდამ იყოს ცა! დაე, მუდამ იყოს დედა! დაე, მუდამ ვიყო მე! დავამატებდი, დაე, მუდამ იყოს ზღვა! ღელვის და მოძრაობის გარეშე ხომ ცხოვრება არ არის, მეც ხომ მუდამ ზღვასავით ვღელავ, მაგრამ უნდა მაპატიოთ, ჩემო მეგობრებო, ხანდახან ზღვაც ნებდება და ჩუმდება!

ანდროს ისტორიებიდან (ჩემი ქალიშვილი ნინო)

    ნინო ჩვენს ოჯახში პირველი შვილიშვილი იყო, პირველი გამონათება, პირველი სიხარული. ალბათ იმას ახსნა არაა საჭირო, რას ნიშნავს ადამიანისთვის პირველი შვილის დაბადება. მაშინ ექოსკოპია არ იყო, ბავშვის სქესს ვერ იგებდნენ და დიდი ამბით ველოდით, გოგო დაიბადებოდა თუ ბიჭი, მართალია ჩემთვის სულერთი იყო, მთავარია, ჯანმრთელი ყოფილიყო. ბავშვი რომ დაიბადა, მამაჩემს ნერვიულობისგან ცხვირიდან სისხლი წასკდა, წნევიანი კაცი იყო, კარგად მენიშნა, ჯიგარი გოგო დაიბადა-მეთქი. მართლაც, ვაჟკაცური ხასიათის ქალიშვილი მყავს, ბიჭებს ტოლს არ უდებს. დედაჩემი ცას ეწია სიხარულით, გოგოს მონატრებული იყო, ქალიშვილი არ ჰყავდა, ამიტომ თავისი სინაზე და სიყვარული ნინოზე გადაიტანა და მთელი ცხოვრება არ განელებია. ნინო ბებიაჩემის, ნინა სოლომონოვნას, საპატივცემულოდ დავარქვით. ბავშვობიდან თბილი და მოსიყვარულე გოგო იყო. ახლა უფრო მკაცრი ხასიათი გაუხდა, ალბათ ცხოვრებისეული სირთულეების გამო. ჩემი ნინუცა ბუთხუზა გოგო იყო, ჭამა ძალიან უყვარდა, სტუმრად სადაც არ უნდა წაეყვანათ, აუცილებლად საჭმელს მოითხოვდა. მე თვითონ მოფერებით რატომღაც "ბასურა" შევარქვი. ძალიან უყვარდა "მაკაკუ", მაკარონს ასე ეძახდა, ხელით ჭამაც მალე ისწავლა, სულ რამდენიმე თვისამ, თავის თავს თვითონ ანებივრებდა ნაირ-ნაირი საჭმელებით, განსაკუთრებით ჩიჩია უყვარდა და ისე მადიანად მიირთმევდა, ნერწყვი წამოგივიდოდა პირიდან. ძალიან ენერგიული და ხალისიანი იყო. ჩიკორივით ბზრიალ-ტრიალა.ისე ჩქარა დარბოდა ხოლმე ეს მსუქანი ბავშვი, გვეშინოდა ცხვირპირი არ დაემტვრია, ველოსიპედის ტარებაც მალე ისწავლა, რატომღაც "მოკოკოს" ეძახდა, ალბათ მოტოციკლეტს თუ ამსგავსებდა, საერთოდ თავისი ლექსიკონი ჰქონდა და ყველა საგანს თავის სახელს არქმევდა. წლინახევრამდე ძუძუს ჭამდა, ნატამ ძლივს გადააჩვია, დეკრეტიდან სამსახურში უნდა გასულიყო და სხვა გზა არ ჰქონდა. ამისთვის ნადეჟდა ივანოვნას მიაბარა ერთი დღით, რადგან დედაჩემმა უარი განაცხადა მის დატოვებაზე, მის ტანჯვას ვერ ვუყურებო. ქალბატონმა ნადიამ შვილის ხათრით  გაუძლო  წამებას, მაგრამ საწყალს თვითონაც ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა თურმე შვილიშვილთან ერთად. დაძინება არ უყვარდა, ბებიამისს, ქეთოს, ამის გამო ძალიან აწვალებდა და სისხლს უშრობდა სანამ ბავშვს დააძინებდა, თვითონ ჩაეძინებოდა ხოლმე. რამდენჯერმე შევესწარით, ნინო არხეინად თამაშობდა თავის საწოლში, ბებიამისს კი გულიანად ეძინა გვერდზე ლოგინში. ბავშვობაში მწარე ენისა იყო ჩემი გოგო. ამის გამო მახსოვს ბიცოლამისმა, მაიამ, ხუმრობით უთხრა, -ეგეთი ენის პატრონს, რომ გაიზრდები, ცოლად ვინ წაგიყვანსო?!", ამან უპასუხა, -შენ როგორსაც გაყევი, ისეთს მაინც გავყვებიო. -მაშინ  ბევრი ვიცინეთ. დათომ რომ ცოლი მოიყვანა, ნინო წლინახევრისა იქნებოდა, დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ ბიცოლამისს და ჩვენს გოგოს, სულ მაია, მაიას გაიძახოდა. უიმისოდ საჭმელსაც არ ჭამდა, მითუმეტეს, რომ იმ დროს ნატა სამსახურში გავიდა და რომ იტყვიან, ბავშვი მაიას, ჩემს რძალს, მიეკედლა. ფეხმძიმე ქალს სულ მუცელზე ეჯდა ხოლმე. დედაჩემი რძალს ეტყოდა, ნუ ათამამებ, თორემ ბავშვი რომ გეყოლება, იეჭვიანებსო, ასეც მოხდა, ათუკა რომ დაიბადა, ხან თითს ტაკებდა თვალში, ხან ქოჩრით ითრევდა, მაგრამ ბავშვის გაბრაზების უფლება მაიას არ ჰქონდა, ჩემს მშობლებს ძალიან სწყინდათ, ნინო ხომ ღმერთი იყო მათთვის. გარეგნობით, მე მგავდა და მგავს, რომ დაინახავდნენ ჩემი ნაცნობები, მის გვერდზე რომც არ ვმგარიყავი, მაშინვე ხვდებოდნენ, ჩემი ქალიშვილი რომ იყო, თუმცა ჩემგან განსხვავებით მალე ჩამოუყალიბდა პასუხისმგებლობის გრძნობა. როცა დიმიტრი გაჩნდა, მალევე აიღო მასზე შეფობა, რადგან ჩვენ ძირითად ოჯახს გამოვეყავით და სხვაგან გადავედით საცხოვრებლად. ნატას ბავშვზე დამხმარე აღარ ჰყავდა, ბიჭი უკვე წლინახევრისა იყო, მართალია დედაჩემი მოდიოდა ხოლმე ჩვენთან, ხან ბავშვები თავისთან მიჰყავდა, მაგრამ ნინოს პასუხისმგებლობა მაინც გაიზარდა ძმის მიმართ და დღემდე არ კლებულობს. მახსოვს ერთხელ მაიამ წაიყვანა ოთხივე ბავშვი გამოფენაზე, თავისი ორი და ჩემი ორი. გამოფენის ბაღში აუზია, სწორედ მასთან თამაშობდნენ თურმე ბიჭები, დიმიტრის რატომღაც თავმა სძლია და გადავარდა წყალში, სანამ ბიჭები ამას შეამჩნევდნენ, ავთო გვერდზე ედგა, მაგრამ სხვაგან იყურებოდა და მაიამაც სანამ იქ მიირბინა, ნინო შორიდან გამოქანდა, ყველას დაასწრო, ბავშვს თმებში ხელი სტაცა და აუზიდან ამოიყვანა, ვერავინ ვერ მოასწრო გონს მოსვლა, ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. სკოლაშიც თავისზე უმცროსი ბიძაშვილების და ძმის დიდი დამცველი და ქომაგი იყო, მისი შიშით იმათ ხმას ვინ გასცემდა?! როცა მუშაობა დაიწყო, სულ 21 წლისა იყო, მუდამ ცდილობდა ძმას დახმარებოდა, გული არ დაწყდესო, კალათბურთიდან თურქეთში ე. წ. "ზბორებზეც" გაუშვა, დიმიტრი მაშინ ალბათ 15 წლისა იქნებოდა. ცდილობდა სწავლაშიც ხელი შეეწყო, მაგრამ ვაჟბატონმა სწავლა არ ისურვა, თუმცა დღეს თავისთვის სასურველ პროფესიას მოჰკიდა ხელი, ბავშვებს ავარჯიშებს ფაჩულიას საკალათბურთო სკოლაში, მიხარია მისი წარმატებები. სწავლას რა თავში იხლის ადამიანი, თუ თავისი სამუშაო არ უყვარს?! ნინოს დედამისი, დიმიტრი და მისი ოჯახი მთელ ქვეყანას ურჩევნია, ამიტომ მათი გულისთვის ნებისმიერ ადამიანს დაუპირისპირდება. დედაჩემსაც, თავის გამზრდელ ბებიასაც, კი არ ანებებდა რძალზე საყვედური ეთქვა. ჩემთანაც ხშირად ამის გამო შემოდის დაპირისპირებაში. ყოველთვის დედამისის მხარეს იჭერს. რის გამოც მისი ხასიათით ხანდახან უკმაყოფილოც ვრჩები, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ მე მგავს, მეც დედაჩემის გულისთვის ყველას გავუწევდი წინააღმდეგობას, თვით ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი. ზოგჯერ ჩემს წარსულ უსაქციელობას შემახსენებს ხოლმე და გულს მტკენს, მაგრამ მისიც მესმის. პატარა გოგოს ავკიდე ოჯახის რჩენის ტვირთი, ვალებითაა გავსებული მათ შორის, ჩემთვის აღებული ვალებითაც. მე კი რაღაც წვრილმანებზე ვბუზღუნებ და რაღაცას მოვითხოვ. მართალია მეც ძალიან მათამამებს და მიფრთხილდება, იცის, ტკბილეული მიყვარს და სახლში მის გარეშე არ შემოვა, ყოველთვის მირეკავს, რამე ხომ არ მოგიტანოო, ამას ძალიან ვაფასებ, ასევე მის თავდადებას თავისი ძმის და მისი შვილის, პატარა ანდრიუშას, მიმართ.  მახსენდება ჩემი დაპირისპირება მშობლებთან, ძმასთან, მუდმივად რაღაცას ვთხოვდი, მეტიც, კი არ ვთხოვდი, მოვითხოვდი! რა უნდა გაეკეთებინათ ჩემს ხანში შესულ მშობლებს ან სამშვილიან ძმას? მიხმარების ნაცვლად, აქეთ ველოდი დახმარებას. ნინო ამაზეც მიმითითებს ხოლმე, მკაცრია და შეუვალი. მომწონს, რომ თავს არავის დააჩაგვრინებს, ყველას საკადრის პასუხს გასცემს, მაგრამ ეს დიდი შინაგანი ძალისხმევის ფასად უჯდება. მერე გული ამოუჯდება ხოლმე და სხვებმა რომ არ დაინახონ, პატარა ბავშვივით ტირის ცხარე ცრემლებით. ოჯახში შემომტანიც ეგ არის და ყველაფრის მომწესრიგებელიც. რამე თუ გაფუჭდა, სასწრაფოდ ხელოსნებს იძახებს და აკეთებინებს, სხვის იმედზე არასოდეს არ არის. კაცი ვერ გააკეთებს ამდენს, რამდენსაც ის აკეთებს. ცხოვრებამ გამობრძმიდა. ამაში, რა თქმა უნდა, სამსახურმაც შეუწყო ხელი. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, ესე იგი ძალიან უყვართ ჩემი ხითხითა და კისკისა გოგო, ყველას გამგებია და გვერდში მდგომი, ამიტომაც სხვებიც ყოველთვის გვერდში უდგანან, ინგა, ნინო, ელენე და სხვები. ბავშვობიდან ერთად არიან, მე ყველა ძალიან მიყვარს, მისი ძველი მეგობრებიც და ახალშეძენილებიც, მომწონს მათთან საუბარი, ანეგდოტებს ვუყვები,  ჩემს ისტორიებს, ვახალისებ და მეც ვხალისობ. ახალგაზრდული ენერგიით ვივსები. ნინოს სამსახურშიც ძალიან დიდ პატივს სცემენ, რაც ძალიან მიხარია. ჩემი გოგო ამაყობს კიდევაც თავისი ხასიათით, ამბობს: - მამა გურული მყავს, დედა - ჩერქეზი, ბებია - ვანელიო და რა გასაკვირია, ასეთი რომ ვარო, - ღმერთმა დიდხანს კარგად მიმყოფოს მისი თავი ჩვენი ოჯახის იმედად და ქვეყნის გასახარად! გული მწყდება, რომ ჯერ თავისი ბუდე ვერ გაიკეთა, მაგრამ ღმერთს ხშირად ვთხოვ კარგი ბედ-იღბალი მისცეს, იმედია შეისმენს ჩემს ლოცვას!

Sunday, December 4, 2016

ანდროს ისტორიებიდან ( ჩემი სიდედრი - ნადეჟდა ივანოვნა)

   ერთადერთი ქალის სურათი, რომელიც თან დამქონდა, ჩემი სიდედრი იყო. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ ყველას გაეგო, არსებობს კარგი სიდედრებიც, თორემ ისეთი იმიჯი აქვთ მთელ მსოფლიოში, თითქოს კაციჭამიები იყვნენ. წარმოიდგინეთ ხალხის სახეები, ჩემი სიდედრის ფოტოს რომ დავაძრობდი ხოლმე გულის ჯიბიდან. ნადეჟდა ივანოვნა, ასე ვეძახდი მას, 19-20 წლისამ გავიცანი, მანამდე, ვიდრე მე და ნატა შევუღლდებოდით. თავიდანვე მოვიხიბლე ამ ქალის დადებითი თვისებებით. ეს უნაზესი რუსი ქალბატონი მალაკანი რუსების ოჯახიდან იყო. დედამისი ნიუ-იორკში, ამერიკაში, იყო დაბადებული, 16 წლამდე იქ ცხოვრობდა, მერე ოჯახი თურქეთში გადმოსახლდა, რაღაცა კომერციას აწარმოებდა, იქიდან საქართველოში ჩამოსულან, ამ დროს ის დასაქცევი ოქტომბრის რევოლუციაც მომხდარა, საქართველოშიც ყველაფერი აირია, რამდენიმე წელში აქაც შემოსულან წითელარმიელები და მათი ოჯახი უკან ვეღარ დაბრუნებულა. მამამისი საქართველოში გადმოსახლებული მალაკნების შთამომავალი იყო. წყვილი შეუღლდა და შეუდგა ოჯახურ ცხოვრებას. შესანიშნავი ადამიანები იყვნენ, თბილი, უბოროტო, მშრომელი. ნატას ბაბუას თავისი დასასაფლავებელი ფული და კუბოც, თვითონ გამოთალა თავის ხელით, ჰქონდა გამზადებული, არავინ შევაწუხოო. მძიმე ცხოვრება გადაიტანეს, მტვირთავ მუშებადაც კი უხდებოდათ ცხოვრება, თავი რომ გაეტანთ. ბატონ ივანეს მკაცრი ხასიათი ჰქონდა, თავის ქალიშვილებს, ნადიას და ანიჩკას და ვაჟს, ვასიას, ასე ეძახოდა, არ ანებივრებდა. შვილებიც უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მამას, ერთადერთი რამ, რაშიც ქალბატონი ნადეჟდა მამას არ დაემორჩილა, მისი არჩევანი იყო გათხოვების საქმეში. მაშინ ისინი ახლანდელი სამტრედიის ქუჩის ბოლოში ცხოვრობდნენ ბარაკებში, ახლა იქ თექვსმეტსართულიანი სახლები დგას. მეზობლად ცხოვრობდა ჩერქეზი ყმაწვილი კაცი, საიდ მურადინოვიჩი, ერთმანეთი უგონოდ შეუყვარდათ. ბატონი საიდი ულამაზესი ჭაბუკი გახლდათ, კაცებზე ასე არ ამბობენ, მაგრამ ვაჟკაცური სილამაზე ჰქონდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა მარლონ ბრანდოს თუ ჟან მარეს, ჰოდა, 16 წლის გოგონა ამ სილამაზის და ვაჟკაცობის წინაშე როგორ არ დაიხევდა უკან?! ნადიას ქალაქ თბილისის 116-ე სკოლა ოქროს მედალზე ჰქონდა დამთავრებული, წინ დიდი მომავალი ელოდა, მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა, მიატოვა მშობლები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ, ჩერქეზ კაცს გაჰყოლოდა ცოლად და შეიქმნა ერთი ტკბილი თბილისური ოჯახი, სტუმართმოყვარე და სიყვარულით სავსე. ნადიას დედამთილი ბელორუსი იყო, მისმა მეუღლემ საქართველოში ვერ გაძლო და კავკასიის მთებს დაუბრუნდა. ქალბატონი სტახანოველი მუშა იყო, მედალი გმირობისთვის თვით საჭოთა კავშირის ცეკას პირველმა მდივანმა მოსკოვში პირადად გადასცა. შრომაში გამობრძმედილ ქალს მკაცრი და მძიმე ხასიათი ჰქონდა. ნადიას მასთან შეგუებამაც მოუწია, მაგრამ რომ იტყვიან, სიყვარული მთებს აბრუნებს, და ვერაფერმა დააშორა წყვილი. ორი შვილი შეეძინათ, ტყუპები, ჩემი ნატალია და თემური, მოფერებით ტიმას ეძახიან. ნატას ნამდვილი სახელი კი მარიამია, ბებიას საპატივცემულად დაარქვეს, მაგრამ რატომღაც არ მოსწონებია ეს სახელი და ნატალი შეირქვა. ნატას სწავლა უყვარდა, ტიმა ცოტა ზარმაცი გამოდგა, თუმცა და-ძმას დიდი მუსიკალური ნიჭი ჰქონდა, ნატა შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე, მუსიკალური ათწლედიც დაამთავრა, ტიმა კი   -გიტარაზე, ამიტომ მათ ოჯახში მუდმივად მხიარულება იყო, ჯერ მათი კლასელებით იყო სავსე სახლი, მერე ნატას ინსტიტუტის მეგობრებით.  საბჭოთა პერიოდში ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა, ქალბატონ ნადიას კარგი ანაზღაურება ჰქონდა, მართალია, საიდ მურადინოვიჩი ახალგაზრდობიდან ავადმყოფობდა, რის გამოც ფიზიკური შრომა უჭირდა, მეუღლე არასოდეს აგრძნობინებდა თავს დამნაშავედ ამის გამო. ასეთ შეხმატკილებულ ცოლ-ქმარს იშვიათად ნახავდა ადამიანი და ეს დიდი სიყვარული მათ სიცოცხლისის ბოლომდე შეინარჩუნეს. მშურდა კიდეც ჩემი სიმამრის, რომ ასე უშურველად, უნაზესად უყვარდა ის მეუღლეს. სულ ვფიქრობდი, ნეტა ნატასაც ასე თუ ვეყვარები-მეთქი სიკვდილამდე?! თვითონ ავადმყოფი სიცოცხლის ბოლო წლებშიც თავდადებით უვლიდა თავის მეუღლეს, ხანდახან მხოლოდ ჩემს ვაჟს, დიმიტრის მოიხმარდა ხოლმე. დიმიტრის ბაბუა განსაკუთრებით უყვარდა, დიდი მეგობრები იყვნენ. უდიდესი სიყვარული დატოვეს ამ ადამიანებმა ჩემს გულში. საიდ მურადინოვიჩს ცოტა მძიმე ხასიათი ჰქონდა, მაინც ჩერქეზი კაცი იყო, მაგრამ ნატას ხათრით ცდილობდა ჩემთან თავისი ხასიათი არ გამოემჟღავნებინა. საუკეთესო მოსაუბრე იყო, ბევრს კითხულობდა, კარგად იცოდა ისტორია, არაფერი ერჩივნა ელაპარაკა ჩერქეზი ხალხის ბედზე. ქალბატონი ნადია ჩემი მეორე დედა გახდა ჩემი და ნატას ქორწინების მერე. იშვიათად მინახავს სიძე ვინმეს ასე ყვარებოდა, ჩემი ნათესავებიც ძალიან უყვარდა, ყველას პატივს სცემდა, მისგან საჩუქარი და ტკბილი სიტყვა არავის აკლდა, დედაჩემთან დაქალობდა კიდეც. მე და ისიც კარგი მეგობრები ვიყავით, საერთოდ ძალიან მიყვარს ასაკოვან ადამიანებთან, განსაკუთრებით ქალებთან, ურთიერთობა. ისინი ხომ ფაქიზი სულის ადამიანები არიან. ჩხუბი და კამათი ქალბატონ ნადიას არ უყვარდა, ყოველთვის მომრიგებელ-მოსამართლის როლში გამოდიოდა. ნამდვილი სიყვარულის ბუშტი ჰქონდა მკერდში გულის მაგივრად და ამ დიად გრძნობას უშურველად გასცემდა გარშემო. ნატას მეგობრებიც ხშირად სტუმრობდნენ ჩვენთან, უხაროდათ მისი დანახვა. ბევრი წელი ერთად მოგვიწია ცხოვრება, ის ჩემი ცოლის მარჯვენა ხელი და დამხმარე იყო, ჩემი შვილების გამზრდელი, განსაკუთრებით დიდი ამაგი ჰქონდა დიმიტრიზე. გაჭირვების პერიოდში, 90- იან წლებში მისი დახმარებით გაგვქონდა თავი. მახსოვს, მერვე სართულზე ვცხოვრობდით, სამსახურიდან დაღლილ-დაქანცული მოასკდებოდა კიბეებს, ლიფტი ხშირად არ მუშაობდა და ჩემს შვილებს საჭმელს მოუტანდა. განა შეიძლება არ დააფასო მისი ამაგი და ერთგულება?! იმ პერიოდში საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო მთელი მისი ნათესაობა რუსეთში გადაიხვეწა, მან კი ნატა ვერ მიატოვა. ერთი პერიოდი ნატას ძმა - თემურიც წასული იყო რუსეთში, მაგრამ ჩერქეზმა კაცმა ვერ გაძლო იქ, ისევ საქართველოს დაუბრუნდა და ამ დუხჭირ ცხოვრებას უძლებს. როცა ჩემი სიდედრი გარდაიცვალა, ძალიან გამიჭირდა მის გარეშე ცხოვრება, სითბო მომაკლდა, ყურადღება. რაც გინდა ავად ყოფილიყო, სუფრას მაინც გამიწყობდა და დამაპურებდა ბარტყივით, ნატა მთელი დღე მუშაობდა. მისი გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ მეც ავად გავხდი, საავადმყოფოში თვე-ნახევარი ვებრძოდი სიკვდილს, გულში ვფიქრობდი, რა სალაპარაკო მიეცემა-მეთქი ხალხს, სიდედრს გადაყვაო?! გადავრჩი, იმისთვის, რომ მისი და ყველა წასულების სულები მოვიხსენიო სანამ ცოცხალი ვარ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ისინი!

Saturday, December 3, 2016

ანდროს ისტორიებიდან (სისხლის ყივილი)

    წელს 14 ივლისს 56 წლის გავხდი, ძალიან ვამაყობ, რომ ამ დღეს დაიბადა ორი დიდი ქართველი მწერალი, ვაჟა-ფშაველა და ნოდარ დუმბაძე. მაინცდამაინც იმ დღეს კბილი ამომვარდა, სისხლით ამევსო პირი. ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "სისხლის ყივილი" გამახსენდა. მეც ვიგრძენი სისხლის ყივილი, მშობლების სახეები წარმოვიდგინე.  ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც წინაპართა საფლავებზე არ უნდა დაიმარხოს, ბევრჯერ გამიგონია, ნეტა, დედაჩემის გულზე დამასაფლავა, ან ნეტა, მამაჩემის გულზე დამასაფლავაო. ამას მაინც ძირითადად ასაკოვანი ხალხისგან გაიგონებ, თორემ ახალგაზრდისთვის სულერთია სად დაასაფლავებენ, რაც ასაკში შედიხარ უფრო ხშირად იხსენებ მშობლებს და გულიც წინაპართა საფლავებისკენ მიგიწევს, კარგი იყო ხალხი ერთ სოფელში რომ ცხოვრობდა, საგვარეულო სასაფლაოები იყო და წინაპართა ენერგიით გაჟღენთილი მიწა კვებავდა მომავალ თაობებს, ძალას მატებდა. თაობები იზრდებოდა იმ მიწაზე, იბადებოდნენ, კვდებოდნენ, ისევ იქ იმარხებოდნენ, მამა-პაპათა გვერდზე. დღეს ყველაფერი შეიცვალა, ხალხი სოფლებიდან დაიძრა. ზოგი სად გადაიკარგა, ზოგი სად. დარჩა უპატრონო საფლავები, ბალახმა გადაუარა მიწას. მოგვტირიან, მაგრამ ჩვენ არ გვესმის მათი ტკივილი, გული გაგვხევებია და გაგვქვავებია. დროის უქონლობის თუ გულგრილობის გამო წელიწადში რამდენჯერმე თუ ვეწვევთ სასაფლაოებს, ძირითადად, აღდგომას და გვგონია ჩვენი ვალი მოვიხადეთ. მიცვალებულ მშობლებს ჩვენს საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს ვმარხავთ, შორს წასვლა რომ არ დაგვჭირდეს, არც არის გასაკვირი, სულ სხვა ცხოვრება დადგა, დუხჭირი და არაფრისმთქმელი. მამაჩემი 66 წლის გარდაიცვალა, დიდებული ადამიანი იყო, რჩეულთა შორის რჩეული, არ არსებობს კაცი, რომელიც მას იცნობდა და დიდი სიყვარულით არ გაეხსენებინოს, სიკეთით სავსე იყო,  ნამდვილი რაინდი, სერვანტესის დო კიხოტს მაგონებდა, მახსოვს, ტირილის გარეშე ვერ უყურებდა მელოდრამას. ჩემს რძალს, მაიასაც ასეთი მგრძნობიარე ხასიათი აქვს, ერთი-ორჯერ შევამჩნიე, რაიმე ფილმს უყურებდნენ და ორივეს ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდათ ცრემლები. მაიასგან არ გამკვირვებია, ქალია, მამაჩემისა კი გამიკვირდა, ეს ვაჟკაცი კაცი, რა მგრძნობიარე ყოფილა-მეთქი., დედაჩემი 87 წლის ხდებოდა, რომ გარდაიცვალა, უაღრესად ენერგიული და თავისებური პიროვნება გახლდათ. რამდენი წლისაც არ უნდა იყოს მშობელი, ყოველთვის გული გწყდება, მათ გახსენებაზე ძარღვებში ჟრუანტელი გივლის, სისხლის ჩქროლას გრძნობ, რომელსაც ახსნას ვერ მოუძებნი.. დიღმის სასფლაოზე დავასაფლავეთ ორივე, მამაჩემი დედამისის გვერდზე წევს, ალბათ ბედნიერია. მამაიდაჩემიც იქ არის დასაფლავებული, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. ბაბუაჩემი, ანდრეი დიმიტრიჩი, თავის მშობლებთან დავასაფლავეთ ბახვში, ასე უნდოდა, მათ გახსენებაზე ნაღველი შემომაწვა, ცუდად მენიშნა კბილის ამოვარდნა, ვიფიქრე, ნეტავ ჩემი მშობლები  თავისთან ხომ არ მეძახიან-მეთქი. წელს თუ გადავრჩი, მერე მალე აღარ მოვკვდები , გავიფიქრე და ღმერთს პატიება შევთხოვე ჩემ მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის.

Friday, December 2, 2016

ანდროს ისტორიებიდან (მე და ჩემი ძმა დათო)

    მე და ჩემი ძმა დათო ტყუპები ვართ, მე ათი წუთით ადრე დავიბადე, მაგრამ იმ ათ წუთში მოვასწარი წონის აკრეფაც და ხმისაც, მაგრამ ჭკუით კი ნამდვილად ჩემმა ძმამ მაჯობა. ის პროფესორი და დოქტორია, მე კი ინსტიტუტიც ძლივს დავამთავრე. თურმე ისე ომახიანად ვყვიროდი და ვტიროდი, მშობლებს სულ ხელში ვეჭირე, ერთხელ მამაჩემს, რომ გავეჩერებინე, აკვანი ზურგზე შემოუდგამს და ისე დარბოდა სახლის გარშემო. ძუძუსაც გამეტებით ვჭამდი, აბა, ერთი არ მოეცათ! საწყალ დათოს თურმე აღარ ყოფნიდა რძე და ოთხი თვიდან ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანეს, იწვა თავის ლოგინში წყნარად და აბა ვინ  მიაქცევდა ყურადღებას?! სამაგიეროდ მე დიდ პატივში ვიყავი, ერთს დავიღრიალებდი და მთლი ოჯახი ფეხზე იდგა: მამაჩემი, დედაჩემი, იდა მამიდა, ნინა ბებია, ანდრო ბაბუა, მარუსა ბებია -  მამაჩემის მამიდა და კიდევ სხვა ნათესავები. ყველა ჩვენს სამსახურში იყო, ჩვენი ავად გახდომის ძალიან ეშინოდათ, რადგან მანამდე ჩვენს მშობლებს  შვილი, ბიჭი,  დაეღუპათ ფილტვების ანთებით, 4-5 თვის ასაკში, იმ ღამეს მამაჩემს ღმერთისთვის უთხოვია, ტყუპი შვილები მომეციო და აუხდა კიდეც სურვილი,ჰოდა წარმოიდგინეთ, ჩვენზე რა დაფეთებულები იქნებოდნენ, აგვიყვანეს ძიძები, გადიები, ექიმები ყოველ დღე გვაკითხავდნენ და ჩვენს ჯანმრთელობას ამოწმებდნენ. წელიწადში ორ-სამ აგარაკს გვიცვლიდნენ, აუცილებლად მივდიოდით მთაშიც, ზღვაზეც.  ჩვენს გადასაყვანად შავ ვოლგას ქირაობდა ბაბუაჩემი, უკანა სკამებზე ჩემთვის აწყობდნენ ლოგინს, ანდრო მგზავრობას ვერ იტანს, გული არ აერიოსო და ასე დაწოლილი კომფორტულად ვმგზავრობდი. ჭამა იცოცხლე მიყვარდა და დათოზე ბევრად დიდი ვიყავი ტანად, ამიტომ ყოველთვის ვჩაგრავდი, დათვივით დავტორავდი ხოლმე, აბა, პატარას რა მესმოდა?! მაგრამ მერე ჩვევაში გადამივიდა და არც დიდობაში ვაკლებდი ხელს. მარტო არასოდეს გვტოვებდნენ, ამ დიდმა ბელმა ამ თაგვივით ბავშვს არაფერი ატკინოსო. ნინა ბებიას, რატომღაც მე უფრო ვუყვარდი და რაც არ უნდა დამეშავებინა, არაფერს მეტყოდა, დათოს კი - პირიქით, სჯიდა ხოლმე. დედას ეს ძალიან სწყინდა, მაგრამ დედამთილს საყვედურს როგორ ეტყოდა?! მარუსა ბებიასაც ჩემკენ უფრო ჰქონდა გული, ამიტომ მამიდამ და ანდრო ბაბუამ დათოზე აიღეს შეფობა, არ დაგვეჩაგროსო. სწავლისკენ სწრაფვა რომ შეამჩნიეს, მთლად გადაირივნენ, ორივე სწავლული ადამიანი იყო, ამიტომ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ კარგი განათლება მიგვეღო. რა თქმა უნდა, არფერში გვარჩევდნენ, ერთად მიგვიყვანეს ინგლისურზე, შვიდი წელი ვიარეთ, მაგრამ შემმოწმებელი არავინ გვყავდა და სამი  თუ ოთხი სიტყვა, რაც იქ ვისწავლე იყო:, "ჰუ იზ ჯონს მაზერ?" დათო უფრო მოწადინებული ბავშვი იყო, გიტარაზეც დაიწყო სიარული, გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ მე დავცინოდი, ამიტომაც ცოტა ხანში თავი დაანება. მამიდა ხშირად გვატარებდა თეატრში სპექტაკლებზე, ოპერისა და ბალეტის თეატრსაც ხშირად ვსტუმრობდით ხოლმე, მაგრამ "არა შეჯდა მწყერი ხესა" და რომ გავიზარდეთ, ქუდს თუ შეგვიგდებდნენ, ალბათ გამოსატანად შევიდოდით. მამამ გერმანული პიანინოც გვიყიდა, იქნებ დაკვრა ისწავლოთო, მაგრამ ყურიც არ შეგვიბარტყუნებია, საათობით პიანინოზე ხელების ტყაპუნს ნამდვილად არ ვაპირებდით, სამაგიეროდ მოწევა ცხრა წლის ასაკში დავიწყე. ვიღაცამ დედაჩემს ამბავი მიუტანა, შენი ბუთხუზა ბიჭი სიგარეტს ეწეოდაო, დედაჩემმა ვერ დაიჯერა, მაგრამ ერთხელ თვითონ გამომიჭირა და საშინლად მცემა, რაზეც ბაბუასგან საყვედური მიიღო, ეგ აღზრდის მეთოდი არ არისო. დათოს სიგარეტის მოწევა 19 წლამდე არ დაუწყია, მშობლების და ბაბუასი ერიდებოდა, განსაკუთრებით ბაბუასი, ანდრეი დიმიტრიჩი რას იტყვისო და ამ ამბავს დიდხანს საგულდაგულოდ მალავდა. ბაბუა ისე გარდაიცვალა, რომ ვერც გაიგო ამის შესახებ. მაგრამ რომ დაიწყო, სანამ ინფარქტი არ მიიღო 56 წლის ასაკში არ მოეშვა, დღე და ღამე უწკლაპუნებდა, როგორც დედაჩემი იტყოდა, ორი "პაჩკა" არ ყოფნიდა დღეში. მე და ჩემს ძმას მუდმივად რთული და დაძაბული ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. მე მისი ქცევა და ხასიათი არ მომწონდა და იმას ჩემი, ძალიან განსვავებული ადამიანები  ვიყავით და ვართ. სკოლაში და სტუდენტობის პერიოდში სულ უკან დამდევდა, რამე შარში არ გაყოს თავიო, თავის ჭკუით მაკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინსტიტუტებში ვსწავლობდით. ახლა ვხვდები რომ ჩემი სიყვარულით აკეთებდა ამას, მე კი არ ვაფასებდი მის ჩემდამი ერთგულებას და თავდადებას. ყოველთვის ერთ ოთახში გვეძინა ხოლმე ძმებს, მაგრამ იმას ღამით მუსიკის მოსმენა უყვარდა, მაშინ მოგეხსენებათ ყურსასმენები არ იყო, მამამ იაპონური მაგნიტოფონი გვიყიდა, რადიოსთან ერთად. ასეთი ძალიან ცოტას თუ ჰქონდა თბილისში. ჰოდა, ტვინი მქონდა წაღებული "ამერიკის ხმითა" და "აბბათი", მე ძილი მიყვარდა და ვინც ძილში ხელს შემიშლიდა, ჩემი პირველი მტერი იყო. წავკინკლავდებოდით, დავწვებოდით ცალ-ცალკე ოთახებში, მაგრამ უერთმანეთოდ მაინც ვერ ვძლებდით და ისევ იწყებოდა ჩემი ტანჯვა. მართალია, ხანდახან ტყუილუბრალოდაც ხვდებოდა ჩემგან ჩემს ძმას, მაგრამ სამაგიეროდ ჩემი შიშით უბატონოდ ხმას არავინ სცემდა. მაგის პრეროგატივა მხოლოდ მე მქონდა. მართალია, ცოლები რომ მოვიყვანეთ, დედაჩვენი და მამიდაჩვენი ჩვენს ჩხუბს რძლებს აბრალებდნენ ხოლმე, მანამდე არასოდეს ჩხუბობდნენო, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ იყო. მერე ჩვენმა ცოლებმა ამის ამსახველი დოკუმენტური მასალაც ჩაიგდეს ხელში.  რუსთავი 2-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მამა ჩვენს იტალიურ ეზოში ცხოვრობდა, ფოტო და კინომოყვარული იყო, იმ დროს ჩვენს ეზოში ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა. სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა ხასიათის ადამიანები გვერდიგვერდ ვცხოვრობდით სიამტკბილობაში, ერთმანეთის გასაჭირი ვიცოდით და ერთმანეთს ვეხმარებოდით კიდეც. ამის შესახებ ფილმიც გადაიღო, ჩვენი ოჯახის ცხოვრების კადრებიც მოხვდა შიგ.  ჩვენ, მე და დათო, პატარები ვართ დაფიქსირებული. სახლში რომ მოვიტანეთ ეს კასეტა, მთელი ოჯახი დავსხედით და მოვემზადეთ მის საყურებლად, მაშინ მამიდაჩემიც ცოცხალი იყო, დედაჩემიც. დაიწყო ფილმი, ჩანს მე როგორ ვუბათქუნებ დათოს, მოკლედ ერთი-ორი ჩავაზილე, ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო, რაც ფილმის ნახვის შემდეგ თქვა დედაჩემმა, - ხედავთ, ერთმანეთი როგორ უყვარდათ, სულ არ ჩხუბობდნენო! როცა ნატამ და მაიამ გაოცებულებმა კითხვით მომზირალი თვალებით გადახედეს, უპასუხა, ეგ ჩხუბი სიყვარულით იყოო.

ანდროს ისტორიებიდან (ჩემი შვილიშვილი - ანდრიუში)

   მთელ ქვეყანაში ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემი შვილიშვილი, პატარა ანდრო. მიკვირს, რით დავიმსახურე ასეთი ბედნიერება?! მიხარია, ჩემი სახელი რომ დაარქვეს, თუმცა ცოტა სახეშეცლილი - ანდრია! ცხონებულ ბაბუაჩემსაც ანდრო ერქვა, ანდრეი დიმიტრიჩს ეძახოდნენ, ჩვენი პატარა ანდროც ანდრეი დიმიტრიჩია. მამიდაჩემი, იდა, მე და ჩემს ტყუპისცალ ძმას, დათოს გვეძახდა ჩემი მზე, მთვარე და ვარსკვლავებიო! მაშინ მიკვირდა ასეთი მეტაფორებით მეტყველება, მაგრამ  ახლა მეც ასევე  ვუწოდებ ჩემს შვილიშვილს: ჩემი მზე, მთვარე და ვარსკვლავები და ნამდვილად არ ვამეტებ. დედაჩემი, ქეთევან სევერიანეს ასული, ჭკუას კარგავდა შვილიშვილებზე, იშვიათად გაუჯავრდებოდა, რაც არ უნდა გაეკეთებინათ, ჩვენთან, შვილებთან,  შედარებით მკაცრი იყო, მაგრამ ალბათ არასაკმარისად, მე რომ ასეთი უნიათი გავიზარდე, შვილიშვილისთვის საჩუქარიც ვერ მიყიდია, ის ამბობდა, არ ვიცი ვისი სიტყვებია, შვილი მშობლის გულია, შვილიშვილი - გულის გულიო. ნამდვილად ასე ყოფილა! დიდხანს ველოდით შვილიშვილის გაჩენას მე და ნატა, თავიდან დიმიტრი და მისი მეუღლე, თამუნა თითქოს არ ჩქარობდნენ ამ საკითხის გადაწყვეტას და როცა გავიგე, ჩვენი რძალი ფეხმძიმედ იყო, ცას ვეწიე სიხარულით, ყოველ დღე ღმერთს მადლობას ვუხდიდი ასეთი საჩუქარისთვის.არ ვიმჩნევდი, მაგრამ თამუნას მშობიარობაზეც ძალიან ვიღელვე და ვინერვიულე, რომ დაქორწინდნენ, დედაჩემი მეუბნებოდა, ეს პატარა გოგო ბავშვს როგორ გააჩენსო?! მაგრამ ყველას აჯობა, 3 კილოგრამი და 700 გრამი დაიბადა ჩვენი ბიჭი, თანაც 2 კვირით ადრე ამშობიარეს, კლინიკის მთავარ ექიმს, გაგუასაც კი შეეშინდა, ეს ბავშვი ისე სწრაფად იზრდება, მერე მართლა გაუჭირდება გაჩენაო. თამუნა ფეხმძიმობის ბოლო დღემდე მანქანას ატარებდა, ისეთი ყოჩაღია, მე კი შიშისგან ჩემი მემართებოდა ხოლმე, მაგრამ ახალგაზრდებს ჩვენი სატკივარი არ ესმით და ჩვენ - მათი, ასე დაუწესებია ბუნებას, თითქმის ყოველდღე დავდივარ დიღომში ბავშვის სანახავად. ძირითადად, ფეხით, შორი გზა არ არის, ბიჭი ძალიან მომწონს, რომ იტყვიან, - კაი ტიპია! მეუბნებიან, შენ და შენს ძმას გგავთო პატარაობაში, მაგრამ მე ამ მსგავსებას ვერ ვხედავ, უფრო თამუნას ჰგავს. ნატა რძალთან გადასახლდა, მოხმარება ჭირდება. მეც მჭირდება მოვლა და ქალის ხელი, მიჭირს ნატას გარეშე ცხოვრება, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებ, ის ხომ ჩემთვის ყველაზე ძვირფას არსებას უვლის, ჩვენს ანდრიუშის, როგორც თვითონ ეძახის. მეც ასე მეძახის, ამიტომ ეს ამბავი კიდევ უფრო მსიამოვნებს. ვმღერი, ვცეკვავ ჩვენს პატარა ბიჭთან, თავიდან გაკვირვებული მიყურებდა ხოლმე, მაკვირდებოდა, ალბათ ფიქრობდა, ვინ არის ეს მომღიმარი თავმოტვლეპილი კაციო, ახლა გულიანად იცინის, მეც ვიცინი მის სიცილზე, მგონია, სიცოცხლე მემატება, აღარ მინდა სიკვდილი, მაგრამ თუ მაინც გარდავიცვალე, მეცოდინება, რომ ჩემი ნაწილი დარჩა ამ ქვეყანაზე.

მე გადავხაზე ყველა ტკივილი!

მე გადავხაზე ყველა ტკივილი,
მინდა, გათენდეს დილა ლამაზი, -
შემომეგებოს ჩიტი ჟივილით,
გულში დამენთოს ლალი ათასი.

მატკინეს, მაგრამ არ წავშალე მათი სახელი,

მატკინეს, მაგრამ არ წავშალე მათი სახელი, 
ლახვარი ჩამცეს, თუმცა რაღა საკითხავია,
საქართველოსაც აღარ დარჩა ხმების გამცემი,
ჩემი გული კი, რა ხანია უკვე მკვდარია.



სამყაროს თითქოს დაადეს ლუქი

სამყაროს თითქოს დაადეს ლუქი
და ვიძირებით უღვთო ჭაობში...
მხოლოდ შენს გულში ეძებე შუქი
სიბინძურიდან ქვეყნის გამოხსნის.
ათას სანთლებად დანთებულ გულებს
დავადებთ ქართულ ჭირნახულ ურემს,
გავკვალავთ გზას და ღვთისაკენ მავალს
ათას ანგელოზს ჩვენს შორის ვნახავთ.

ლექსი - ტირილი

მინდა დავწერო ლექსი - მოთქმა, ლექსი - ტირილი,
ვიღას ადარდებს ჩვენი ქვეყნის დარდი, ტკივილი...
უნდათ აივსონ ჯიბეები განძით, დოლარით,
დარჩა სამშობლო უპოვარი... დგას მათხოვარი.
გადმოზნექილა ვაზის ძირი, თავს ხრის მიწამდე,
კაცს ეხვეწება: - "გადაგარჩენ, ისევ მიწამე!"
- იალაღებზე ახლა სხვათა ცხვარი ბალახობს,
საკუთარ თავს და ჩვენს საფიცარს რადგან ვღალატობთ.