Monday, September 30, 2013

ქარმა ჭიუხში იქაროს


წამო, მთისაკენ წავიდეთ,
ქარმა ჭიუხში იქაროს,
არწივმა, კლდეზე გაზრდილმა,
ზღვის ღელვად გადაგვიაროს,
შავმა ღრუბელმა დაგვნიშნოს,
ზეცამ უეცრად იავდროს,
ჯიხვების ჯოგმა ლატალში
ქორწილი გადაგვიხადოს!

წამო, მთებისკენ წავიდეთ!


წამო, მთებისკენ წავიდეთ,
ერთად დავლაშქროთ კლდეები,
არწივმა ჩამოგვიფრინოს,
გული ათრთოლდეს ხელებით,
იჭექოს, ცაი გაიხსნას,
შავ ღრუბელს მოვეფერები,
არ დამატიოს მიწაზე,
ზეცას შევეხო ხელებით.
წამოდი, მთისკენ წავიდეთ,
ბარისთვის არ მემეტები,
ფრთები შევისხათ არწივის,
გადავიფრინოთ ქედები...

შენ ჩემი ხმა ხარ!


შენ ჩემი ხმა ხარ, ჩემი სულისთქმა,
ჩემი ბექთარი, ჩემი საპალნე,
ციდან მოსული გაზაფხული ხარ,
მკერდი გამიპო მაგ სილამაზემ.
ცად ვარსკვლავი ხარ, მანათობელი,
მზე ხარ მწველი და მხურვალე ღამე...
რატომ დადაგე გული სნეული,
სიკვდილს თუ უნდა თან წაეყვანე?!

Sunday, September 29, 2013

ია

სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი,
ერთი პატარა ყვავილი იის,
ციდან მიმზერენ ღმერთის თვალები,
ცვარს დამაპკურებს ვარსკვლავი ცისკრის.
მიწა მათბობს და ძუძუს მაწოვებს,
ყელს დამიკოცნის დედა მშობელი,
გადავეხვევი ჩემს ნაზ დობილებს,
ვარ გაზაფხულის მახარობელი.

უფალო, ვიცი...


ჩემი გზა ვკეცე ფიცით და მტკიცით,
უფალო, ვიცი, არ ვიყავ სწორი, -
ხან მეგონა, რომ სიკეთეს ვთესდი,
ხან ბოროტების დავანთე მორი.
სიყვარულისთვის დაბადებული,
ზოგჯერ უკეთურს ვივლებდი ფიქრებს,
აგიზგიზებულ კოცონში ვწვავდი
ღვთიური მადლით ნაფერებ სიტყვებს.
ბოროტს და ავსულს არ სძინავს, არა,
უნდა კედელთან გაგვიკრას ხელი,
კლდეში ჩაჩეხილ ჯიხვივით ვწევარ
და ღვთის განაჩენს მორჩილად ველი...
ეშმა მიგზავნის თავხედურ წერილს,
მაგრამ ღვთიშობლის მიფარავს კალთა,
ჩემთვის ლოცულობს, სიტყვებით მშველის,
რჩევებსაც მაძლევს მისკენ მიმავალს.

Saturday, September 28, 2013

ვისწავლიდით სიყვარულის ანბანს


მინდა მეცვას ფერიების კაბა,
გაზაფხულის ყვავილების ფერი,
ავირიო ნაკვალევი მთაში,
წყაროს წყალთან დამხვდებოდეს დევი...
ბარის ამბავს ვეტყოდი და ისიც
მოყვებოდა აუხდენელ ზღაპარს,
მერე ერთად მოვივლიდით ტყეებს, -
ვისწავლიდით სიყვარულის ანბანს.

ლექსის კაფია~კომენტარი მაია დიაკონიძეს . ( ფშაურ კილოზე .) 1 . ტრფობისად დევი რას გარგებს , უქმად არ ჰკარგო ხანია ... წყაროს თავს გელოდებიან ბადრ~უსუპ~ამირანია . 2 . გმირთაგან ამაარჩიე , რაად ირთულებ ამბავსაც , შენი რჩეული გასწავლის , იმ სიყვარულის ანბანსაც ! ელგუჯა ციგროშვილი. ქ . თესალონიკი. 26 . 04 . 2021 წელი.

არ ვყვარებივარ ქვეყანად არვის...



არ ვყვარებივარ ქვეყანად არვის,
ნამდვილი გრძნობით, მე რომ მეგონა
მივწვდი კენწეროს აყრილი ალვის,
ვერ ავცდენივარ თურმე ბექობსაც.
როცა უყვარხარ, ღიმილი გშვენის,
ფიანდაზები გეგება ფეხქვეშ,
ო, რა მწარეა, როცა მიხვდები, -
უსიყვარულოდ დატოვებ ქვეშეთს.
მე შემოდგომის ფოთლებს ავკინძავ
და ატირებულ გულზე დავიფენ,
მიწა დაფარავს იმ ჩემს სამალავს,
სიკვდილის მერე რასაც გავიჩენ.

Thursday, September 26, 2013

შენ კი არ ჩანდი...


მთელი ცხოვრება ვიდექი კართან,
ველოდი, როდის შემოაღებდი,
ძველი სურათი ახალ ტიტრებით,
წინ მეშლებოდა, როგორც კადრები.
შენ კი არ ჩანდი, მზე თვალებს მჭრიდა,
ან იქნებ კარგად ვერა გხედავდი,
იქნებ შენც იდექ დახურულ კართან 
და ფიქრობდი, რომ მე მოვიდოდი...
ასე გავიდა მთელი ცხოვრება,
და ამ ლოდინში გაქრა ზმანებაც,
დღეს შვილიშვილი მოადგა ჭიშკარს,
და გულის ბჭენიც მისთვის გაიხსნა.

დიალოგი ღმერთთან (ჩანახატი)


      ღმერთო, არ ვიცი, როგორ მოგმართო, შენ თუ თქვენ?! მინდა გითხრა შენ, რადგან მუდამ ჩემთან ხარ, ჩემი ხარ, ჩემი სულის ნაწილი ხარ, მაგრამ ამავე დროს თქვენ ხარ, ყველასთვის ხარ და ყველას გულებში გაქვს ადგილი, ყველგან ხარ, შენით ცოცხლობს ყოველი სულდგმული, აი, ისევ შენობით მოგმართე, მაპატიე, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია, შენით ვარსებობ, შენი იმედი მაქვს, ვიცი, რომ არ გამწირავ მე ცოდვილს და მიპატრონებ, სანამ დავაბიჯებ ამ მშვენიერ მიწა-წყალზე, რომელსაც ასე სჭირდება შენი შემწეობა, გადააფარე  წყალობის კალთა ჩვენს სამშობლოს, დაგვლოცე შვილები,  ღმერთო, გვიშველე!

არიან ადამიანები..(ჩანახატი).


     არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს სულში ისე შემოიჭრებიან, არც კი იცი, რატომ და რისთვის! ასეთი იყო თამარაც, მშრალ ხიდზე იდგა და ჭურჭელს ყიდდა. ნათელი სახე ჰქონდა, მშვიდი, მუდამ მომღიმარი. სულ ბოდიშებს იხდიდა, თითქოს დანაშაული ჰქონდა ჩადენილი , თავს იმართლებდა,   სცხვენოდა, არაფერს ყვებოდა თავის ოჯახზე, ერთადერთი რაზეც წუხდა ის იყო, რომ შვილიშვილს ცოლი ვერ მოჰყავსო. რამდენი სითბო იდგა მის თვალებში, კლიენტს გულდაწყვეტილს არ გაუშვებდა, რომც ეზარალა. მიხაროდა მასთან ჩავლა და საუბარი. არასოდეს გამოთქვამდა ცხოვრებით უკმაყოფილებას. ჩემს პატარა სოფოს კამფეტებით უმასპინძლდებოდა, საჩუქრებსაც ჩუქნიდა, წარმოგიდგენიათ, რა ვაჭრობა უნდა ჰქონოდა?! ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ის აქ ხალხთან მოდიოდა, სიყვარული სწყუროდა, ადამიანების სითბო.
        ერთხელაც ჩავიარე მშრალ ხიდზე და მითხრეს თამარა გარდაიცვალაო. თითქოს სიმი ჩამწყდა გულში, ასე სწაფად, ასე მოულოდნელად, არც უავადმყოფია. კეთილი ადამიანი ღმერთმა ტანჯვისათვია ვერ გაიმეტა. ბევრს დააკლდა მისი მომღიმარი სახე, მათ შორის, ჩემს პატარა გოგონასაც. მის ნაჩუქარ ფაიფურის კურდღელს მე და სოფო ძალიან ვუფრთხილდებით. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული!

Tuesday, September 24, 2013

გულს ათასი დარდი გვიკლავს


გულს ათასი დარდი გვიკლავს,
საშველი კი არა ჩანს,
იმედები გაგვიცრუვდა,
პატივს ვცემდით ალიანსს.
ეს მთავრობა რას გვიპირებს,
რეიდებით შევიტყვეთ,
საბჭოეთის დროშებს ვხედავთ,
კომუნიზმის ნაპირებს.
სადღა არის ძიძიგური,
სადღა არის გუბაზი,
ეკას სული გახდომია 
სათუთი და გულნაზი.
მავანთ "შკოდა" არ მოსწონდათ,
"ჰიუნდაებზე" გადასხდნენ,
"ჯიპ"-კარეტით ატარებენ 
დიდებსა და პატარებს.
როგორც ვხედავ მეცნიერი
ისევ არსად არ უნდათ,
ქვეყნის საჭე ჩაიბარეს,
მართვას ჭკუა რად უნდა?!
მოიარეს საფრანგეთი,
იტალია, შვედეთი,
რუჯი კარგი მიუღიათ
ვიღას ახსოვს ჰერეთი.
საჩუქრებიც მოგვიმზადეს,
გული არვის დაგვწყვიტეს,
სკოლის წიგნებს გვირიგებენ,
გვპირდებოდნენ აისებს,
ხმა ჩაიგდო მასმედიამ,
კრიტიკაც ხომ არსად ჩანს,
თითქოს უკვე კომუნიზმში 
შევდგით ფეხი ათმაგად.
გაგვითხოვდა დეპუტატთა
ერთი მცირე ნაწილი,
ქვეყანაზე ფიქრით ალბათ
ნამეტნავად დაღლილი.
ნათესაურ კავშირებით 
ხომ შეავსეს შტატები,
ინტელექტს და პროფესიას
არ სჭირდება პატივი.
"ნაცებს" რაღაც დრო დასჭირდათ
ამ ზომამდე მისვლისთვის,
ამათ უცებ დაამყარეს
სათავისო წესრიგი.
ჩამკვდარია, თითქოს სძინავს,
ეს ცხოვრება ფერადი,
ჩვენთვის არის ნაცრისფერი,
შემოგვაცვდა პერანგი.
მიწა თავზე დაგვაფხრიწეს,
ნაწილ- ნაწილს გვართმევენ,
მალე თბილისამდე მოვლენ,
თუ კი ნებას აძლევენ.
ისევ ისე ჭრიან ტყეებს, 
ისევ ღამე არ გვძინავს,
ტყავგამძვრალი ქართველობა 
ბანკის ვალებს აიტანს?!
გული გვტკივა,საქართველო
ხელთვალშუა ილევა,
რა პასუხი უნდა გავცეთ
ან ჩვენ, ანდა შვილებმა.




Monday, September 23, 2013

შეაჩერეთ შემოდგომა!(სახუმარო)


შეაჩერეთ შემოდგომა,
უკან მოსდევს ზამთარი,
მთებზე მაგრად ჩამოგვითოვს,
სახუმარო არ არის.
ბუხარს შეშა დასჭირდება,
შეშა კიდევ ფულია,
საფულეში გროშიც არ მაქვს,
ჩემი ბედი კრულია.
შეაჩერეთ შემოდგომა!
გამოვტოვოთ ზამთარი!
გაზაფხულმა შეგვიკეროს
ყვავილების საბანი.

Friday, September 20, 2013

ტერენტი გრანელს!


ნაღვლით სავსე ხარ, სევდიანი, მუდამ მდუმარე,
აგკიდებია მიწის სუნი, ზამთრის ფიქრები,
ჩიტივით დაფრთხალ შენს გულისთქმას ვეღარ უწამლე, -
"მიწყივ მუხთალი" წუთისოფლის ბრუნვას მიჰყევი.
მარტოობას და დიდ განსაცდელს შორს წაუხვედი,
მაგრამ ქალაქმაც ცოფიანი შუქით დაგკოდა,
სულს გიხუთავდა მარტოობის მძიმე უღელი...
ცისფერ თვალებში ზეციერის სევდა დაგქონდა.
სასაფლაოზე მისულს, ვიცი, ამედევნები,
მიჭირისუფლებ, ჩემი ცრემლის თანაზიარი,
მჭმუნვარე რაინდს დონ კიხოტის გული გიძგერდა
და მწუხარება გიზიდავდა ათასწლიანი,..
იმ ღამეს წვიმდა, შენი ლანდი ვნახე ჩრდილებში,
შემოსვლა გსურდა, მაგრამ კარი უცებ ჩავრაზე,
მე შემეშინდა, რომ ღვთიური შენი არსება
ვერ იგუებდა წუთისოფლის ბედით დარბაზებს,
მ ე  მ ა პ ა ტ ი ე, მ ე  მ ა პ ა ტ ი ე, მ ე  მ ა პ ა ტ ი ე !

Thursday, September 19, 2013

ახლა ზეიმს უმართავენ ავკაცობას


ჟამთა სრბოლამ გააშიშვლა დარბაზები,
ხავსმა ძველი აკლდამები გადაძოვა...
სადღა არის ქველობა და ჯამბაზები, -
ახლა ზეიმს უმართავენ ავკაცობას.

რატომა ხარ, ასე ხშირად სევდიანი?!


რატომა ხარ, ასე ხშირად სევდიანი?!
ნუთუ ისევ გახსენდება ვარდის ჭკნობა,
მოუხუჭავს კოკორი და დღე მზიანი
მის ნაზ გულში აღარ იწვევს სურვილთნდომას.
კვდება ვარდი, დაიძინებს სამუდამოდ,
სილამაზემ მიატოვა, აღარც ნაღვლობს,
თუმცა გულში სიხარული უმწედ ღვივის, -
მიწას უნდა მიეახლოს სამოსახლოდ.
გაზაფხულზე გამოისხამს წითელ ლალებს,
გამხმარ ყვავილს გადახედავს, როგორც ტოლი,
რადგან იცის, ისიც მალე იფერმჭკნარებს
და წაუვა სილამაზე - ქვეყნის სწორი...
სული არის მხოლოდ დიდი,  მიუვალი,
არ კვდება და არ განიცდის ჟამთა ღელვას,
სილამაზეს ამქვეყნიურს არ აქვს ფასი,
იმქვეყნიურს თავს ადგამენ დიადემას.

მომენდეო, არ ინანებ


მეფერება, მერე როგორ მეფერება,
მზე მანათებს თვალებში და დავიმორცხვე,
მინდა თვალი ავარიდო, დავემალო,
სხივებს ისვრის და არაფერს არ მიგონებს.
ბეჩავ გულში დარდი მაქვს და აღარც მახსოვს,
ბოლოს როდის ვეთამაშე ათინათებს,
მეფერება, ის კი ისევ მეფერება,
ჩამჩურჩულებს, მომენდეო, არ ინანებ.

Wednesday, September 18, 2013

წმინდაო, შუშანიკ!


ვარსქენ პიტიახშსა ცოლი ჰყოლებია დიდებული,
ცა და დედამიწა მას თაყვანცემად მიეახლა.
- შენ, დედოფალო, ოქრო და ვერცხლი უარყავი,
ქრისტეს საოხ, ცრემლით თვალები რომ დაგებანა.
-სამგზის საწყალობელს კრავი სატანჯველად მიუცია,
ხორცი უგლეჯია, ქარში უდენია თმაგაძრცვილი.
- შენ, სანატრელო, ცისკარს სამადლობელს უგზავნიდი,
ღმერთის საპატარძლოს,  ყველა გზაი გქონდა ხსნილი!
- დიდი ერისთავი სპარსეთს შეუერთდა უღმერთოთა,
წმინდა შუშანიკი ქვაზე მტკიცე იყო, მარადქმნილი.
- შენ, ღვთის მხევალო, ჩვენთვის სიკეთე რომ მოგეტანა,
ღვაწლით შეგვმოსე და როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდი.

Tuesday, September 17, 2013

ნოემბერი


ქარი გახედნის ნოემბრის ფოთლებს,
თვალში მოგვაყრის ქვიშიან ნისლებს,
გაავებული დაუვლის ქუჩებს,
ფანჯრის ღრიჭოში სიმღერას უსტვენს.
თითქოს ალერსი სწყურიათ ვერხვებს,
აუზიდნიათ მაღალი  მხრები,
მობუზულია პატარა  ჩიტი,
ბუნების ეშხით ვეღარა მღერის.
მთაში კი წვიმა პანაშვიდს მართავს,
მიწას ცრემლები ახრჩობს და სტკივა,
ვეღარ შეკერავს ყვავილთა ფარდაგს, -
მის გულისპირზე სიცივეს სძინავს.

Monday, September 16, 2013

ჩემს სამშობლოს!


ჩემი გულის სიფრიფანა ნაჭუჭი ხარ,
საძოვარი, გაფენილი მაღლა მთაში,
ყვავილებით მობიბინე მწვანე მდელო,
ცივი წყარო, ზევით კლდიდან მოწანწკარე.
შენ გედი ხარ, ტრფობისათვის გაჩენილი,
ცის ტატნობზე მოკაშკაშე ბადრი მთვარე,
ლურჯი ცა ხარ, ლოცვასავით გაფრენილი,
ვარსკვლავი ხარ, კამკამა და მოელვარე.
ჩემო სულო, გამოვაღებ გულის კარებს,
ბნელი ღამეც ოდესმე ხომ გათენდება?!
ალგეთიდან ჩამოივლის თბილი ქარი,
მზის ამოსვლის დიდებული ჟამი დგება.

Saturday, September 14, 2013

წმინდა შუშანიკს!


წმინდა შუშანიკს!

ნასათუთებო რტოო ვაზისა,
სულმნათო დედა, წმინდა შუშანიკ,
გედინებოდა ცრემლი მდინარედ,
წყეულ ავაზაკს როცა ებარე.
მტარვალმა გგლიჯა სათუთი ხორცი,
ამოგიშანთა კანი ნაფერი,
გახდი ყვავილი სამოთხის ბაღის, -
შენი კურთხევის გვადგას ნათელი.
ღვთის  წყალობა ხარ, მხევალო უფლის,
პურის ყანა ხარ, ოქროს თავთავი,
რომლითაც დღესაც საზრდოობს ერი, -
წინ გვხვდება შენი ნაამაგარი.
შენი შვილები ისევე ვმღერით,
უწყვეტ გალობით აღვავლენთ ლოცვას,
ცის დედოფალო, მწყემსი ხარ ჩვენი, -
შენს მრევლს ყოველდღე ზეციდან ლოცავ.
14.09.2013 წელი


ქეთევან დედოფალს

ქეთევან დედოფალს!

მინდა ასგზის გიგალობო, დედოფალო,
ცას სწვდებოდეს შენთა შვილთა დანამღერი,
ერი შენი ისევ ცოცხლობს, ისევ ხარობს,
შენ ხარ ჩვენი სულისთქმა და გადამრჩენი.
შენს სხეულზე ურჯულოსაც უტირია,
ცრემლი მოსწყდა შაჰ-აბასის რჩეულ ვარდებს,
შირაზს ახლაც ცეცხლისფერი აისია,
სისასტიკეს სათნოება დაამარცხებს.
გაიღიმე, ჩემო ტკბილო დედოფალო,
შენს თვალებში ისევ ვხედავ სევდის ჩრდილებს,
საქართველოს თავს ღრუბელი დასდგომია,
ყვავ-ყორნები შესევია აკაციებს.
მაგრამ ვიცი, ქრისტეს რწმენა გადაგვარჩენს,
დაშანთული მკერდით ლოცავ ერის შვილებს,
გაიღიმე, ცის და მიწის დედოფალო,
საკმევლის სუნს გამოვატან ნატანჯ ფიქრებს.
14.092013 წელი

Thursday, September 12, 2013

ცდუნების მსხვერპლი გახდა ადამი


გველმა ჩაიცვა სამოსი იის,
მელნისფერ თვალთა მოგვავლო შუქი,
კაცთა დავტოვეთ სამოთხის ბაღი
და შევიმოსეთ მცურავის ქურქით.
ახლაც გამოდი, მოგვნუსხე მზერით,
ხალებიანი ჭრელი ნატურით,
მოვიხიბლები შენი ფერებით
(სინდისის ქენჯნას გვერდს ვერ ავუვლი).
ცდუნების მსხვერპლი გახდა ადამი,
ახლაც თვალებში ოქრო ბრჭყვიალებს...
ამოხვალ მაღლა, გაიზმორები
და შეგვაშფოთებ ადამიანებს.

Tuesday, September 10, 2013

ფირუზისფერო ჩემო სამშობლოვ!


ფირუზისფერო ჩემო სამშობლოვ,
ზარდახშასავით განძით სავსეო,
ლალისფერ მზით ხარ განათებული, -
ზურმუხტველებით გაიხარეო.
იაგუნდებად დაგსხმია მთები,
ქარვისფერ ყურძენს ვერ იტევს ზვრები,
სისხლი, დაღვრილი ათასი წლების,
ახლაც ანათებს შინდის ტოტს გზნებით.

განა სიყვარულს არა აქვს ძალა?


განა სიყვარულს არა აქვს ძალა,
რომ ცის კარები შეაღოს უმალ?!
ჩვენს ურყევ სულში შენა ხარ მხოლოდ,
ამიტომ კრძალვით ვუჩოქებთ უფალს.
გვინდა ფრთოსნების ნაზი ბუმბულით
მოგეალერსოს დილის ნიავი,
შენა ხარ ღმერთი ყველა ქართველის,
შენა ხარ გრემი და განთიადი.
შენა ხარ ბაღში თეთრი სუმბული,
ისეთი სუფთა, ისეთი წმინდა,
ჩვენი ალერსი, სათუთი, ნაზი,
ვიცი, რომ მაინც ძალიან გტკივა.
დაგვიმორჩილა ბოროტმა ძალამ
და ჩვენს ოცნებებს დააჭრა ფრთები,
"სისხლი სისხლის წილ", "კბილი კბილის წილ",
ის სიტყვებია, რომლებიც გვესმის,
მაგრამ ზეცაში რეკენ ზარები,
ჩანგის სიმები გაიბა ფრთხილად,
ზღვა გამარჯვების, დიად ნათელის,
ვიცით, მიწაზეც დაიდებს ბინას.

უჩემობის სინანული


შენი სიცოცხლე და შენი გაღიმება,
ვიცი, სხვაგვარია, მუდამ მენატრები,
შენთვის მიწერია ყველა ლექსები და
ზეცამ მიწილადა თავის ფერადები.
შენი სამალავი მთვარემ მაპოვნინა,
ვარსკვლავს გამოვართვი სხივთა თაიგული,
მინდა გავანათო შენი სამყოფელი,
იგრძნო უჩემობის დიდი სინანული.

ჩვენი წიგნი - ბიბლია


ლურჯ ცაზე მოჩანს ასო მხატვრული,
ასო მხედრული, ასო მთავრული,
დაბერავს სიო, დაჰკრავს დაფდაფებს,
ასოებს ციმციმ აათამაშებს,
დააწყობს სიტყვებს, შეუნთებს ფიქრებს,
შავი ღრუბელი ნელნელა იკლებს,
კვლავ გაცოცხლდება წარსული ჩვენი, -
მატიანენი მრავალი წლების,
ცოტნე, თამარი, დავითი, ნინო,
მტერთან საომრად ხელახლა გვიხმობს,
იარაღი კი წიგნია ჩვენი,
რწმენით სამყაროს მომავლის მშენი!

Monday, September 9, 2013

ისე შორსა ხარ, როგორც რომ ღმერთი!


ისე შორსა ხარ, ისე შორს ხარ, როგორც რომ ღმერთი!
აგონიაში ამ სამყაროს სივრცეებს ვითვლი...
გამოგედევნე, მინდა სუნთქვა შევიგრძნო შენი...
მითხარ სადა ხარ, სად გეძებო იდუმალ ხიბლით.
ზღვის ფსკერზე ვნახე უამრავი თვალ-მარგალიტი,
ზეცას კამკამა მზის სხივების ედგა ნათელი,
რეკდნენ ზარები და მათ ხმაში შენი ხმა მეცნო,
დედის ნანინას აბა როგორ ვერ მოვაგნებდი?!
შენ ის ზარი ხარ, ჯერ კიდევ რომ რეკავს სიონში,
სვეტიცხოველში, გრემში, ხობში და ისევ გვიხმობს.
გამოგედევნე, უფსკრულებშიც შენი ხმა მესმის,
მინდვრის ყვავილიც, ნიშნად ტრფობის, თავს მიკრავს თითქოს,
შენი სუნთქვაა, რომ მაცოცხლებს, ისევ და ისევ,
"მე შენ მიყვარხარ!"- არ მბეზრდება და შველას ვითხოვ.

ქრისტეს სისხლია თუ ყაყაჩოა!


კვალში გუთნისდედას მივყვებოდი,
ხნულში მარცვალი რომ ჩამეყარა,
მერე ბელტებს შორის გაბნეული
დიდი სიყვარულით გამეხარა.
ხანძთას დავედევნე მამა გრიგოლს,
კალთებს ანაფორის თაყვანს ვცემდი,
გულზე ოქრომკერდით დაქარგული,
უკან მომძახოდნენ სანახები...
დიდი რუსთაველი კანდელს ანთებს,
მეფობს პოეზიის ჩუქურთმებში,
სანთელს სიდიადით აფერადებს
ყოფის ლაბირინთთა უკუნეთში.
მათ ფიქრს საოცარი მადლი ახლავს,
სიტყვას - სხვანაირი ზარ-ზეიმი,
ჩვენ ვერ მოვერიეთ ყინვას მტარვალს,
ზამთრის ველებზე ვართ დარჩენილი.
ფერი დაჰკარგვია თითქოს ყანებს,
ზეცას წართმევია თითქოს ძალა,
მაინც არ ნებდება ნაკადული, -
კვალში ჩასდგომია თითო ბალახს.
ქარმა ააღელვა ხოდაბუნი,
ალბათ უფალია, ნიშანს გვაძლევს, -
ქრისტეს სისხლია თუ ყაყაჩოა,
ბედკრულ საქართველოს გადაარჩენს!

მალამოდ ღმერთი მიგზავნის ლოცვას


ამარტის ველზე, დაცლილ ძარღვებით,
თითქოს ჩაკეტილ სივრცეებს ვხედავ,
მინდა გავგლიჯო კიბოს მარწუხი, -
შიგნიდან, როგორც მხედარი, მხედნავს.
ოფლით და რწმენით მოვრწყავ ყვავილებს,
რომ ავიხდინო ოცნება ჩემი,
სისხლი მდის, როგორც ვენახს აპრილში,
თვალს მოადგება ცრემლი და მღერის...
მეც ისე ვმღერი, რადგან ხარივით
ამ მხრებზე მადგას სამშობლო მიწა,
მინდა გავწიო, გავიდე ნაპირს,
სად საქართველო ლომივით გრგვინავს,
მაგრამ არ ძალმიძს, თითქოს მონა ვარ,
დაწყვეტილი მაქვს ყოველი ძარღვი,
ამარტის ველზე ვწევარ და ვგმინავ, -
გახსნილ იარებს აყრიან მარილს...
მალამოდ ღმერთი მიგზავნის ლოცვას,
ამირანივით ავიყრი ჯაჭვებს,
შეიმოსება ალგეთის გორა, -
ძუ მგელი ჩვენთვის  ლეკვებსაც დაყრის.

ღმერთო, აკურთხე!


ღმერთო, აკურთხე ქართლისა მრევლი,
შენი დიდება ოდით რომ ახლავს,
შემოაბრუნე ურწმუნო რწმენით,
ვაზის რტოსავით იცქიროს მაღლა.
აღარ დასძალოს მავნემ, ეშმაკმა,
სიტყვა დაიწყოს ხსენებით უფლის
და გზა აკვნიდან კუბოს კარამდე
განვლოს ტვირთულმა ლოცვების თუნგით.
ღმერთო, იდიდოს შენმა სახელმა,
ამ დალოცვილი სამოთხის კართან,
გადააფარე წყალობის კალთა
ჩვენს საქართველოს,  იცოცხლოს მარად!

Sunday, September 8, 2013

იისფერ თვალებში


იისფერ თვალებში ვკითხულობ ნაწერებს,
ფეხდაფეხ მივყვები ამოყრილ თარიღებს,
ფიქრებში შევხვდები გათელილ ნაპირებს,
ტირიფებს, მდინარის ნაპირზე აყრილებს,
შენს სუნთქვას შევიგრძნობ, გრძნეული ალივით
ვეცდები, სიმღერით გული რომ გაგილხო
და მერე გათელილ ოცნების ნაპირებს
სევდით და ნაღველით ხელახლა დავიპყრობ.

გზას გადავხედავ - არ მომწონს


გზას გადავხედავ - არ მომწონს,
თითქოს ნისლებმა გააქრო,
მზის სხივებს ჩაუმუხლიათ, -
დღე გაუწირავს საავდროდ.
ცას ვეღარ მისწვდა არწივი, -
წყვდიადმა მხარი მოსტეხა,
მშველელს ელიან კლდეები,
ნისლი ძევთ ფიქრისოდენა..
ვაგლახ, საშველიც არა ჩანს, -
ბნელმა მზის შუქი დაახშო...
ბარტყებს, წყვდიადში გაზრდილებს,
როგორღა ველაპარაკო?!

ბედნიერი ვარ უმიზეზოდ...


ფშატის ძირში ვარ ჩამომჯდარი,
თვალს მიკრავს ვაშლი,
წითელი, როგორც ყაყაჩო და
ელვარებს მზეზე,
საიდუმლოა ეს კავშირი
ვით მირქმა ბავშვის,
მე კი ფიქრებში ამ კავშირის
მიზეზებს ვეძებ...
ბედნიერი ვარ უმიზეზოდ
და ხელებს გავშლი...

რა ჯობია მზეს და ზღვას


რა ჯობია მზეს და ზღვას,
როცა ფიქრი არა გკლავს,
როცა აღარ ელი ბევრს,
ამ ცხოვრებას უხრი ქედს,
რა ჯობია მზეს და ზღვას?!

ოცნების დილა


ოცნების დილამ მომახარა მზე და პალმები,
ზღვამ შემოდგომის პესიმიზმი თითქმის გამიქრო,
შევცქერი ტალღებს, ერთმანეთთან ნაალერსალებს,
ლურჯ საიდუმლო სამყოფელში... და მეც ვხალისობ.
სხეულს ეკვრება წყლის უსაზღვროდ ნაზი წვეთები,
კენჭებს და ქვიშას ფეხის ტერფებს ისევ დავაყრდნობ,
უკიდეგანო სივრცისა ვარ ახლა მფლობელი, -
ის არის იგი, ვისაც ვიცი, ფიქრებს გავანდობ.

Friday, September 6, 2013

ცას შეჰყეფს ძაღლი


ცას შეჰყეფს ძაღლი,
ითხოვს შველას,
აფრენს ვედრებას,
ჩვენ კი ძეთ კაცის,
რა გვიჭირს, რომ არ გვემეტება,
ზევით ავწიოთ ეს ხელები უკეთურობის
და ორი სიტყვით ვუთხრათ უფალს:
- ღმერთო, შემინდე, ამ უძლურების!

აღმოსავლეთის შევაღე კარი...


აღმოსავლეთის შევაღე კარი, -
მნათობს გავანდე ფიქრი და აზრი,
მონუსხულივით განვაგრძე გზები
და უფლის კალთას მივენდე  გზნებით.
შევთხოვე: - ღმერთო, მომეცი ძალა,
რადგან ცოდვები ისევე მძალავს,
თითქოს გველი მყავს ჩაწნული თმებში,
ადამის ვაშლი მიჭირავს ხელში...
უზენაესმა ღიმილით მითხრა:
- შვილო, ამქვეყნად ღვთიური სიტყვა
დასაბამიდან სამყაროს ითქვა...
ის გადაგარჩენს ბოროტის ქმნისგან!

Thursday, September 5, 2013

წმინდა ნინოს(მეორე ნაწილი)

ნინოო...იძახოდა მოლაღური,
ვარდის ბუჩქის ტოტზე შემომჯდარი,
ეკალს ცრემლის წვეთი დასდენოდა,
ქრისტეს სისხლი იყო, ჩვენთვის მკვდარის.
მთიდან გადმოყარა თოვლის ფიფქი
ქარმა, სათნოებით დაბორკილმა,
ზეცამ გამოსახა ნინოს ჯვარი, -
შუქი გადმოფინა სულიწმინდამ.
ნინოო...მოსძახოდნენ სანახები,
მცხეთას მიილტვოდა მარტოსული,
წმინდა ყვავილების კიდობნიდან
ღმერთმა გვისახსოვრა თაიგული!

წმინდა ნინოს (პირველი ნაწილი)

ფერო ფერთაო,
ვარდის სადარო,
შენს ლამაზ სახეს
რა შევადარო?
წმინდა დედაო,
მხსნელო ქართველთა,
ეკალო, რისხვავ,
ურწმუნო მრევლის,
შენს ამაგს, სიბრძნეს,
შენს მოთმინებას,
შენს შემართებას,
მარადჟამს ველით!
გამოვატარეთ საუკუნეებს
შენი ჯვარი და სახება შენი,
ეხლა კი გვიჭირს,თვალი მოგვავლე
და გადმოგვხედე სათუთი მზერით!
წმინდა ქალწულო, უსათნოესო,
ვაზის რტონი რომ გიპყრია ხელში,
ქართლის დიდების შენ ხარ მოსურნე,
შენ ააყვავე მამული ჩვენი!
კვირტადქცეული საქართველოა,
ღვთივკურთხეული ამაყი ერით,
ჩვენ მუშაკნი ვართ სამოთხის ბაღის
და მზის ამოსვლას ვენახში ვხვდებით!