Monday, September 9, 2013

მალამოდ ღმერთი მიგზავნის ლოცვას


ამარტის ველზე, დაცლილ ძარღვებით,
თითქოს ჩაკეტილ სივრცეებს ვხედავ,
მინდა გავგლიჯო კიბოს მარწუხი, -
შიგნიდან, როგორც მხედარი, მხედნავს.
ოფლით და რწმენით მოვრწყავ ყვავილებს,
რომ ავიხდინო ოცნება ჩემი,
სისხლი მდის, როგორც ვენახს აპრილში,
თვალს მოადგება ცრემლი და მღერის...
მეც ისე ვმღერი, რადგან ხარივით
ამ მხრებზე მადგას სამშობლო მიწა,
მინდა გავწიო, გავიდე ნაპირს,
სად საქართველო ლომივით გრგვინავს,
მაგრამ არ ძალმიძს, თითქოს მონა ვარ,
დაწყვეტილი მაქვს ყოველი ძარღვი,
ამარტის ველზე ვწევარ და ვგმინავ, -
გახსნილ იარებს აყრიან მარილს...
მალამოდ ღმერთი მიგზავნის ლოცვას,
ამირანივით ავიყრი ჯაჭვებს,
შეიმოსება ალგეთის გორა, -
ძუ მგელი ჩვენთვის  ლეკვებსაც დაყრის.

No comments:

Post a Comment