Wednesday, May 7, 2025

არ მიღალატოს

 არ მიღალატოს

მინდა რომ ვნახო რომი, პარიზი,
თუმცა ვერ გავცდი აგერ წიფლიანს,
ვუყურებ ჩემს თავს რაღაც ამრეზით,
ამქვეყნად მგონი ტყუილად მივლია.
ვერც ჩემს სამშობლოს მივეცი რამე,
ჯიბეში მიდევს ორი შაური,
უკვე მითვლიან სიცოცხლის წამებს,
გულში ისევ მაქვს აურზაური.
ვეღარ დაწყნარდა ქვეყანა ჩვენი,
ვარდს ყვავი აზის ბულბულის ნაცვლად,
ამ სამოთხეში, ჩემი გაჩენით,
მე ევა ისევ დავეძებ ადამს.
არ დავუკარგო მინდა ედემი,
უკვდავების წყლით აკურთხა ღმერთმა,
და სასტიკ ცოდვებს ავცდე, ვეცდები,
არ მიღალატოს ლექსების ფრთებმა.
მაია დიაკონიძე
7.05.2025 წელი

No comments:

Post a Comment