Friday, May 23, 2025

ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები", ავტ. ელგუჯა ციგროშვილი


ციკლიდან: ,,კუნწულა ლექსები"

უფალს ედრება, ვინც ჩემზე ზრუნავს,
და თუ მე ვზრუნავ, უფალს ვედრები,
მთელი სამყარო ამ ღერძზე ბრუნავს,
სიყვარულის და არა ყვედრების.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 19.05. 2023 წელი
ღმერთო, მალოცე და მამარხულე,
მადლი და პურ-ღვინო დამიძველე,
კვირტი გამიფურჩქნე სამამულე,
მოდგმა და მონაგარი გამიგრძელე.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 23.01. 2022 წელი
ცხვარიც იმას ფიქრობს, როგორმე გამგელდეს,
არც ,,სამარიტელობენ", არც ისე ქველობენ,
ათასი მინდიაც ვერ შეჭამს ამდენ გველს,
ისე მასიურად გველობენ!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 27.08. 2018 წელი
,,არ გათეთრდება ყორანი",
ფუჭია ყველა მცდელობა,
და ,,გულშავობას" ვერ ფარავს
თეთრ წვერით პირნათელობა.
ელგუჯა ციგროშვილი
22.01. 2018 წელი
ხან დროს სიოვ, სუსტო ნიავქარო,
ზოგჯერ გრიგალივით ბობოქარო,
ციდან ჩამოსულო ვარდის ცვარო,
მიწიერს რას უნდა შეგადარო?!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 1. 09. 2021 წელი
------------------------------
როცა რიჟრაჟის სამოსს იცვამს ცის კაბადონი,
კარს მომდგარ დილას უღიმის და თავსაც იწონებს,
თვალებში შევცქერთ სიყვარულით ერთმანეთს ორნი,
მთელ ღამეს ერთურთს რომ ვუცვლიდით ლამაზ სტრიქონებს.
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 4.06. 2012 წელი

No comments:

Post a Comment