არ მიყვარს მოწყვეტილი ყვავილი
მოწყვეტილი ველს ყვავილი —
ადრე წასულ ბავშვს მაგონებს,
მინდორ-ველში თუ გაივლი,
მის სიმღერას გაიგონებ.
ის სურნელი, მას რომ ახლავს, —
საკმევლის სუნ-შერეული,
ქარს გადააქვს, თითქოს მარხავს,
ჰანგებია შორეული.
ვარდი იყოს, თუნდა ია,
მიაძინებ ხელისგულზე.
სილამაზე თუ მკვდარია,
აღტაცებით რაღად უმზერ.
იქ დატოვე, სადაც ლაღობს,
მოეფეროს მზეც, ღრუბლებიც...
სილამაზე გულებს ალღობს—
შედევრია ის ბუნების.
No comments:
Post a Comment