კითხვა ძალიან მიყვარს. ცოტა ხნის წინ კაფკას მცირე პროზას ვკითხულობდი. ასეთი სახელი რატომ დაარქვეს, ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ მისი არც ერთი ნაწარმოები, სულ რამდენიმე სიტყვაც რომ იყოს, არ შეიძლება იყოს მცირე. ჩემში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია პატარა მოთხრობამ - "კაკუნი ჭიშკარზე". როცა ჩავამთავრე კითხვა, გული უცნაურად ამიძგერდა, გაოგნებული ვიჯექი და ვფიქრობდი, ასეთი რამ შეიძლება ყველას შეემთხვეს თუ მხოლოდ რჩეულებს?! ნამდვილად რჩეული იყო ეს ბიჭი - უცხო სახლის ჭიშკარზე დაკაკუნება თუ ცელქური ხელის აქნევა დის მიერ საბედისწერო გახდა მისთვის. გოგონა სახლში გაგზავნა კაბის გამოსაცვლელად, იცოდა სხვა შემთხვევაში არ წავიდოდა, რათა გადაერჩინა, თვითონ ჩაბარდა მხედრებს, დამსჯელებს. ისიც იცოდა, მხოლოდ მისი დაჭერა სურდათ. რატომღაც ჩვენი დიდი პოეტი, ნიკოლოზ ბარათაშვილი გამახსენდა, უდანაშაულო ტუსაღი, მისთვის ხომ ეს ცხოვრება საკანი იყო, უჭირდა სუნთქვა. ალბათ ისიც იმავე შეკითხვას დასვამდა, რასაც ამ მოთხრობის მთავარი გმირი, მცირე იმედი მაინც რომ ჰქონოდა, ოდესმე გათავისუფლდებოდა სატუსაღოდან, - შეძლებდა კი ოდესმე საკნის ჰაერის გარდა სხვა ჰაერიც (თავისუფლების ჰაერი) ჩაესუნთქა?
ნიკოლოზ ბარათაშვილი - რაინდი, სუფთა და წმინდა, როგორც წყაროს წყალი. მუდამ მოწყენილი და მოღუშული, რომელიც გაუცხოვებით და მარტოსულობით იტანჯება სერვანტესის დონ კიხოტივით, თუმცა მისი გული სიყვარულით სავსე ზღვაა. არის კი ჩვენს ეპოქაში ასეთი ადამიანების ადგილი? ისევე როგორც მის ეპოქაში არ მოიძებნა მისთვის ალაგი, როგორც გურულები იტყვიან, არ დაფასდა მისი ნიჭი, არ იქნა გამოყენებული მისი პოტენციალი. მისი არ ესმოდათ, ის კაფკას ჭიას მაგონებს "მეტამორფოზიდან", რომელიც თითქოს ჯავშანშია გამოკეტილი, მისი გულის ხმა და სულის კივილი რჩება "ღაღადისად უდაბნოსა შინა" და მხოლოდ მომავალმა თაობებმა გაიგეს, უთანაგრძნეს, იტირეს მასთან ერთად მისი უპასუხო სიყვარული და ბედკრული სამშობლო. სკოლაში ბევრი ვიკამათეთ თემაზე, უყვარდა თუ არა ეკატერინე ჭავჭავაძეს პოეტი, მაგრამ ჩემი, როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა უმრავლესობის ვარაუდია - არა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ დაგიდევდათ ოჯახის და საზოგადოების აზრს და აუცილებლად გაყვებოდა ცოლად ნიკოლოზ ბარათაშვილს, მით უმეტეს, რომ პოეტი მაღალი წრის წარმომადგენელი იყო და არცთუ უსახელო ოჯახიდან. ტატოს ლექსებში ჩაბუდებული ეჭვი და დარდიც ამის დასტურია. სიღარიბე არასოდეს არ ქცეულა დიდი სიყვარულის დაბრკოლებად, ამის მაგალითები მრავლადაა მსოფლიო ისტორიაში. სამეგრელოს მომავალი დედოფალი უფრო კაფკას ხიდს მაგონებს, რომელიც ცნობისმოყვარედ იცქირება, რათა დაინახოს მასზე მიმავალი ადამიანი. დიახ, ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის ეს ულამაზესი ქალი ხიდი იყო, მომავალთან დამაკავშირებელი, მაგრამ ეკატერინემ კაფკას ხიდივით თან ჩაიტანა, თავისი ცხოვრებაც გაწირა და მისიც. ჩემი აზრით, არც ეკატერინე იყო ბედნიერი, მჩქეფარე მდინარემ ისიც წაიღო და იმ ქვებს დაანარცხა, რომელნიც ყოველთვის მშვიდად უცქეროდნენ ქვევიდან, რომლებიც ბედნიერ ცხოვრებას უქადდნენ. ის, რომ პოეტის მუზამ, დიდებულმა ქართველმა ქალმა შემოგვინახა მისი ლექსები, მის განათლებასა და პოეტისადმი უდიდეს პატივისცემაზე მეტყველებს, რაც დასაფასებელი და სამადლობელია ჩვენგან.
ნიკოლოზ ბარათაშვილი ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელია, რომელსაც უჭირს გაუგოს თავისი სოციალური ფენის წარმომადგენლებს, მათი ფუქსავატობა მისთვის მიუღებელია, მაგრამ არ ძალუძს მათთან დაშორება, რადგან მათთან ერთად არის გაზრდილი, მათ წიაღში გაუტარებია ბავშვობა, ახლა ის დაუქანცავს ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილებს, ბოროტ სულს ესაუბრება, რომელიც ბედნიერ ცხოვრებას ჰპირდებოდა და იმედები გაუცრუა, ცდილობს თავისგან განდევნოს იგი, ეძებს ახალს, ხელჩასაჭიდს, რისთვისაც ღირს ცხოვრება. სწორედ ასეთად ესახება მას ხალხის და ქვეყნის სამსახური, რომელსაც უნდა მისდიო, თუ ქვეყნად მოხვედი და კაცი გქვია. "ვპოვე ტაძარში" პოეტი უიმედოდ დარჩენილ მეუდაბნოეს მაგონებს, ფეხშიშველი, ყარიბი, თავის სახლ-კარს მოწყვეტილი ჭაბუკი უდაბნოს ქვიშაში მიიკვლევს გზას, მისთვის ეს ცოდვებისგან განწმენდის გზაა, მან კარგად იცის რომ ამ გზით მრავალმა იარა, რათა ცხოვრების მიზანი და არსი დაენახა. ტყუილად არ ათქმევინებს თავის "ალქიმიკოსში" მელქისედეკს პაოლო კოელიო: "როცა რაღაც ძალიან გსურს, მთელი ქვეყნიერება დაგეხმარება მის მოსაპოვებლად". უდაბნოში სვლა ეს ქრისტეს გზაა, სწორედ იქ პოულობს პოეტიც ტაძარს, რომელიც ლამპარით არის განათებული, მაგრამ მისთვის ისიც ქრება, რადგან უიმედობას და ურწმუნობას დაუსადგურებია მის გულში. ტაძარი მისთვის თითქოს მირაჟია, საბოლოოდ ის ხვდება, რომ არ შეიძლება იცხოვრო ცრუ იმედებით, ცხოვრების გზა ეს მოქმედებაა, დაბრკოლებების გადალახვა, თუ კი მე-20 საუკუნის უდიდესი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ფარსმან სპარსის გამზრდელს ათქმევინებს "დიდოსტატის მარჯვენაში": "ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო", რითაც პრაქტიკულობას გვასწავლის, ნიკოლოზ ბარათაშვილი პირიქით, დაბრკოლებებით სავსე გზას ირჩევს და მერანს მოუწოდებს, არ დაინდოს, არ შეიცოდოს თავისი მხედარი, ის ყველაფრისთვის მზადაა, რათა გზა გაიკაფოს ცხოვრებაში, იგი ბედისწერასთან მებრძოლი რაინდია, როგორც პაოლო კოელიოს "ალქიმიკოსის" გმირს, მასაც უდაბნო მიახვედრებს, სად უნდა ეძიოს თავისი ცხოვრების მიზანი, რომელიც მისთვის სიცოცხლეზე მეტია. - ხალხის და ერის სამსახურში დგომა, მოძმისთვის გზის გაადვილება, ქრისტეს მცნებებით სიარული.
ამას წინათ მე და დედა რაჭაში წავედით, ცხრაჯვარზე ავედით, იქიდან გადავიხედე, საქართველოს ველ-მინდვრებს ცისფერი ცა გადახურვოდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის "ცისა ფერს" გამახსენდა, ვიგრძენი კავშირი მარადიულობასთან, უსასრულობასთან, უკვდავებასთან, რომელიც ამ ლექსის ყველა სტრიქონში იკითხება. წინა დღეს ლევან ბერძენიშვილის სიტყვები მოვისმინე რადიოში, გალაქტიონ ტაბიძეს თავისი ერთ-ერთი რვეულის ყდაზე ეწერაო: რომანტიკოსების პირველი კლასის მოსწავლე, ის სწორედ ნიკოლოზ ბარათაშვილის მოსწავლედ თვლიდა თავსო, გამეღიმა, როცა ამ ორი გენიოსის სულიერი კავშირი დავინახე: ცხრა ჯვარიც თითქოს ტყუილად არ ასვეტილიყო ჩემ წინაშე, ცხრა მთა, ცხრა ზღვა მინდვრებისა, ცხრა ცა მიღიმოდა.
ზოგჯერ არის, რომ ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინვე ჩემი ხელჩანთის პატარა ჯიბიდან გაცრეცილ, ოთხადმოკეცილ ქაღალდს ამოვიღებ ხოლმე, ფრთხილად გავშლი და ზედ ჩემი ხელით გადაწერილ ნიკოლოზ ბარათაშვილის "მერანს" ვკითხულობ. ნელ-ნელა ძალები მემატება, ჩემს წარმოდგენაში ჯერ ცოცვას ვიწყებ, მერე მივფორთხავ, წელში ვსწორდები, მივაბიჯებ, ტემპს ვუმატებ, მერე გავრბივარ, ბოლოს მივფრინავ ამ სამყაროს უკიდეგანო სივრცეებში, იმიტომ რომ მთელი ქვეყნიერება ჩემია, ჩემთვის არ არის დაბრკოლებები, ვხვდები, რომ ყველა სიძნელეს დავძლევ, გადავლახავ და აუცილებლად გავიმარჯვებ. ჩემი მეგობრები მახსენდება. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდები იმედით გავყურებთ მომავალს და აუცილებლად ჩვენს კვალს დავტოვებთ მსოფლიო ისტორიაში, იმიტომ რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის სულიერი და ფიზიკური შვილები ვართ, მისი შთამომავლები და გულზე გვაწერია: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება."

ძალიან ლამაზად, ფერწერულად აღწერთ გარემოებას !
ReplyDeleteგაიხარეთ