პაპას ხუთი შვილიშვილი ჰყავდა, უყვარდა პატარები, მათი გულისთვის მთებსაც კი შესძრავდა. შვილიშვილებსაც უყვარდათ პაპა, განსაკუთრებით, პატარა დიტოს. ყველგან თან დაჰყვებოდა მოხუცს, იქნებ რამეში დავჭირდეო. გვიანი შემოდგომა იდგა. გაჭირვეულდა კაცი, ტყეში უნდა წავიდე, შეშა ჩამოვიტანო, რაც მოვიმარაგეთ, არ გვეყოფაო. თანაც უნდოდა, ზამთარში, ბუხრის პირას ჩამომჯდარს, როცა სოფლად სამუშაოები ნაკლებადაა, შვილიშვილებისთვის ხისგან ჭადრაკის ფიგურები გამოეთალა. ამ საქმისთვის მასალის ჩამოტანაც გადაეწყვიტა. პატარა დიტომაც ისურვა, პაპას თან გაჰყოლოდა.
დილაადრიან დაადგნენ გზას. მაღლა-მაღლა მიიწევდა ურემი. დიტოს გასაკუთრებით უხაროდა ის, რომ პაპას მისთვის ჭადრაკის ფიგურები უნდა გამოეთალა, თორემ ეს ძველისძველი თამაში მისთვის უკვე ესწავლებინა წინაპრების ნაქონი ჭადრაკით, რომელიც უკვე გაშავებული და მწყობრიდან გამოსული იყო. გზადაგზა ბიჭი მოსვენებას არ აძლევდა კაცს,
- რომელი ხისგან ითლება ფიგურები? - ისიც პასუხობდა:
- ნებისმიერი ფოთლოვანი ხის გამოყენება შეგვიძლიაო ამ საქმისთვის: ვერხვის, თხილის, არყის, მაგრამ ყველაზე გამძლე მაინც მუხისა და რცხილის გამოვა.
მზე კარგა ამოსული იყო, ტყეში რომ შევიდნენ. პაპამ შეშის მოჭრა დაიწყო, ბიჭმა მივეშველებიო, ფიჩხის შეგროვება გადაწყვიტა. ბილიკი შენიშნა, იმას გავყვები, უსაფრთხო იქნებაო. გზადაგზა ჩამობნელდა, ბიჭი ისე გაერთო მუშაობაში, ვერ შენიშნა, უღრან ტყეში როგორ აღმოჩნდა, მიიხედ-მოიხედა, ვეღარაფერი გაარჩია, შიშისაგან თვალები დაუბნელდა, აღარ იცოდა საით წასულიყო. იქვე კუნძზე ჩამოჯდა. უცებ მის წინ ბიჭუნა აღიმართა.
- ვინა ხარო, - ჰკითხა, - აქ საიდან გაჩნდი? - დიტოს გაეხარდა ადამიანის დანახვა, ალბათ, აქვე ცხოვრობსო, გაიფიქრა და გახარებულმა სახეზე შეხედა. უცხოს თვალების ელვარებამ ცოტა გააკვირვა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია,
- დიტო მქვია, - უპასუხა, - პაპასთან ერთად ამოვედი, შეშას ვჭრით,
- მერე აქ როგორ მოხვდი? - კვლავ ჰკითხა ბიჭმა, - არ იცი, რომ ეს ტყის მეფის სამფლობელოა?!
- არ ვიცოდი, - უპასუხა დიტომ და გაკვირვებულმა თავი გადააქნია, - ასეთი რამ არც გამიგია!
- ჭადრაკის თამაში თუ იცი? - დაეკითხა ბრჭყვიალათვალება,
- ვიცი!, - უპასუხა ბიჭმა, თუმცა შეკითხვა მოულოდნელი იყო მისთვის ამ დაბურულ ტყეში.
- აბა ამას შეხედე, - უთხრა ბრჭყვიალათვალებამ. შარვლის ჯიბიდან სარკე ამოიღო და თვალებთან მიუტანა. დიტომ სარკეში ჩაიხედა და გაქვავდა.
ელოდა პაპა შვილიშვილს, ელოდა, რომ არ გამოჩნდა, იქით გასწია, საითაც ბიჭი წავიდა. ბილიკი შეამჩნია. იმ ბილიკს გაჰყვა, იარა, იარა და ისიც უღრან ტყეს მიადგა. ჩამობნელდა, კაცმა სინათლე დაინახა, იქით წავიდა, გზადაგზა შვილიშვილის სახელს იძახდა, არავინ ეპასუხებოდა. მიადგა ქოხს, ფანჯარაში შეიხედა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და რას ხედავს: ქურქში გამოწყობილი კაცი მაგიდას მისჯდომია და სადილობს, პატარა ბრჭყვიალათვალებიანი ბიჭუნა იქვე ხის კოლოფზე ჭადრაკის ფიგურებით: ეტლით, ლაზიერით, მხედრით, პაიკებითა და მეფით თამაშობს. ამათაც ყვარებიათ ჭადრაკი, დავუძახებ, ვკითხავ, ჩემი დიტო ხომ არ უნახავთო. კარებზე დააკაკუნა, კარები უკბილო დედაბერმა გაუღო, რა ჯოჯოს ჰგავსო, გაიფიქრა კაცმა,

- პატარა ბიჭი ხომ არ გინახავს? - ჰკითხა,
- არა, - უპასუხა უკბილო დედაბერმა და ისე გაიცინა, მოხუცს ტანში გააჟრიალა.- მოდი, ჩემს ბატონს და იმის ვაჟს დაეკითხე, იქნებ იმათმა იცოდნენ რამე.
შევიდა პაპა სახლში, თან ფიქრობს, ბატონყმობა დიდი ხანია გადავარდა და ნეტავ, რა ბატონზე მელაპარაკება ეს ქალიო. სტუმარისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. კაცმა თვითონ დაიწყო საუბარი, ჯერ მიესალმა მასპინძლებს, მერე შვილიშვილის ამბავი იკითხა.
- შენ იმ ბიჭის პაპა არა ხარ, ჭადრაკის თამაში რომ იცის? - ჰკითხა ბრჭყვიალათვალება ბიჭმა.
- კი, - უპასუხა კაცმა, თან გაეხარდა, სცოდნია ჩემი დიტოს ამბავიო.
- აბა აქ ჩაიხედე, - უთხრა პატარამ და ჯიბიდან ამოღებული სარკე მიუტანა თვალებთან. უკანასკნელს ის იყო სარკეში უნდა ჩაეხედა, რომ ყურებში ჩაესმა ხმა,
- არ ჩაიხედო! - შეწუხდა მოხუცი, სარკე ხელით გაწია და ოთახი მოათვალიერა, ნეტავ, ეს ხმა საიდან მოდისო. უცებ კუთხეში შვილიშვილი დაინახა, გაქვავებული, მხოლოდ თვალებიდან გამომავალი სხივი იძლეოდა იმედს, რომ ცოცხალი იყო.
- რა გიქნიათ, ჩემი ბიჭისთვის, თქვე უღმერთოებოო! - დაიძახა პაპამ და შვილიშვილისკენ გაიწია. უცებ შემოცვივდნენ მელიის ქურქებში გამოწყობილი პატარა კაცუნები და მოხუცებული შეკრეს.
- ეხ, თქვე ჭინკებო, დამაცადეთ ერთი, რა გიქნათ, - გაიძახოდა კაცი, მაგრამ ვერც ხელებს ანძრევდა და ვერც ფეხებს. ასე შეკრული კიდევ დიდხანს იწვა ოთახის კუთხეში, სანამ მასპინძელი სადილობას არ მორჩა. შემდეგ მან ჭინკებს უბრძანა, სტუმარი მის წინ დაესვათ, აათვალიერ-ჩამოათვალიერა მოხუცებული და ჰკითხა: \
- ჭადრაკის თამაში თუ იცი?
- კი, - ამაყად უთხრა პაპამ. ტყის კაცმა საუბარი განაგრძო:
- თუ აქ დარჩება შენი ბიჭი, ჩემს ბიჭთან იმეგობრებს, ჭადრაკს ითამაშებენ, კარგად გაერთობიან, მაგრამ რადგან ასე გინდა შვილიშვილის წაყვანა, ჭადრაკი მეთამაშე და თუ მომიგებ, ბიჭს დაგიბრუნებო. - გაუკვირდა პაპას, ნეტავ, ტყის მეფეს ჭადრაკი ვინ ასწავლაო, ტყის მეფე რომ იყო, ამას კი მიხვდა, თავისი პაპის მონაყოლიდან ახსოვდა: ერთხელ უღრან ტყეში მოვხვდი და იქ ტყის მეფე გავიცანიო. მერე ისიც გაახსენდა, ჭადრაკის თამაში ვასწავლე და მიტომ გამომიშვაო. ასე იმართლებდა თავს ერთი თვით დაკარგული. ულვაშებში ჩაეცინა, ახლა ეს მე როგორ მაჯობებს, პაპაჩემმა კი ასწავლა ჭადრაკის თამაში, მაგრამ მეც ხომ იმან მასწავლაო.
გაიმართა მატჩი, ხან პაპამ მოიგო თამაში, ხან - ტყის მეფემ. თანაბრად იბრძოდნენ. მაინც ტყის მეფეა, ნიჭიერი ყოფილაო, ფიქრობდა პაპა. ერთი პარტია დარჩენოდათ, ვინც მოიგებდა, ის რჩებოდა გამარჯვებული.
- მხედრით ითამაშე! - ისევ ჩაესმა ყურებში უჩინარის ხმა,
- ახლა ლაზიერით, - ხმა ყველა სვლას კარნახობდა და აი, სანუკვარი შამათიც.
- ამ სვლებით, ხომ ის კაცი თამაშობდა, მე რომ ჭადრაკი მასწავლა, - წამოიძახა ტყის მეფემ.
- მე იმის შვილიშვილი ვარ, - უთხრა კაცმა. გაიხარა მასპინძელმა. შვილს უბრძანა, პატარა დიტო გაეთავისუფლებინა. მალე ბიჭი პაპას ჩაეხუტა.
ასე გაიცნეს დიტომ და პაპამ ტყის მეფე და მისი შვილი. მასპინძლებმა ტყის ბოლომდე მიაცილეს სტუმრები. პაპა-შვილიშვილმა ეს ამბავი საიდუმლოდ შეინახეს. ასე გადაარჩინა ჭადრაკის თამაშის ცოდნამ ისინი გასაჭირს.
უცხო სიტყვები:
ჯოჯო, ჭინკა, ტყის მეფე - ზღაპრული პერსონაჟები, ტყის ბინადარნი
ჭადრაკი - ძველისძველი, ახლაც პოპულარული გონებრივ-ინტელექტუალური თამაში
მეფე, ლაზიერი, ეტლი, მხედარი, პაიკი - ჭადრაკის სათამაშო ფიგურები
პარტია - ერთი ხელი ჭადრაკის თამაში
შამათი - მეფეს აღარ აქვს თავდაცვის საშუალება, წაგება

No comments:
Post a Comment