Sunday, June 30, 2013

ყრუ არის დუმილი


ბანალურ ხუმრობას ჰგავს შენი "მიყვარხარ",
სხვა ნაზი სიტყვები -  ქარისთვის მოტივი,
ხან თმები აწეწოს, ხან გული  დაგლიჯოს,
ალვის ხეს დაატყდა თანდათან ტოტები ..
ყრუ არის დუმილი, ღრუბლებით თეთრად თოვს,
სულში კი ვარდების დამდგარა წუხილი,
შენ ყველა იმედი მოკალი სიცივით,
ყვავილთა სიმცირეს რაღაზე უჩივი?!

Wednesday, June 26, 2013

წამოდი, მენდე!


წამოდი, მენდე, ალუბლისფერ მიწას გიჩვენებ,
ნახავ, ყაყაჩოს როგორ გლეჯენ ცივი ქარები,
მერე ყირაზე გადადიან, ქვეყნის სალაღოდ
მთებს დაივლიან, მეც ტყის იას მივედარები...
წამოდი, მენდე, ვარსკვლავიან ზეცას გიჩვენებ,
მთვარემ ხის წვერზე ჩამოკიდა მარგალიტები,
მძივად ავკინძავ, დედამიწას გულზე მოვავლებ,
ათასჯერ გეტყვი "მიყვარხარო" და ავტირდები...
ლამაზად მოთოვს იანვარში, ლურჯ ფიფქებს მივცეთ
ჩვენი გრძნობები ტყვეობაში, როგორც გვჩვევია,
წამოდი, მენდე, ზღვას გაჩვენებ და ზღვისფერ თვალებს,
მთელი სამყარო თავის ფსკერზე დაულექია...

ბედნიერი ვარ?!


ცვილივით ჩამომდნარ ხელებში ჩავბღუჯე
მე ჩემი ოცნება, ჰაერში ვკიდივარ,
ვერც ზეცას მივწვდი და
ვერც დაბლა დავეშვი, -
ქვეყნისთვის ტვირთი ვარ!
აგონიაა, თუ მართლა ჰგონია ვიღაცას,
რომ ბედნიერი ვარ,
გახსნია ჩვენს მიწას სხეულზე წყლულები,
უბედო ერი ვართ!
მავანს ნუ ჰგონია,
სიტყვების ბრახუნით
აიგო ვარძია, ხანძთა და შატბერდი,
ჩვენ კი ამ ომებში, ვნებათა თამაშში,
უაზროდ დავბერდით!
მეგონა,  სიკეთე  ყოველთვის
ამარცხებს ბოროტს და...
არც ასე ყოფილა...
ჭკვიანებს არ სწყალობს
ხელმრუდი ეპოქა,
ფლიდს ინდობს მხოლოდ-ღა!
აგონიაა, თუ მართლა ჰგონიათ,
რომ ბედნიერი ვარ!






Tuesday, June 25, 2013

სიკვდილი


უსუსურობის მოვიდა განცდა,
ყვავილთა მტვერი დაედო ფურცლებს,
ქარი კაკუნით დააფრთხობს დუმილს,
ლურჯად ატყორცნილ სვეტებად უფლის
ჩამოეშვება სიკვდილის ფარდა,
გაძვალტყავებულ სხეულის ნაშთებს
მიაბარებენ მიწას და საფლავს
დაუტოვებენ წარსულის ლანდებს,
სული დამფრთხალი ჩიტივით კრთება,
თითქოს დააჭრეს ლამაზი ფრთები,
ამბიციები დატოვა დაბლა და
ღვთის განაჩენს უმწეოდ ელის.
 

Monday, June 24, 2013

მე მაჟორული გამები მიყვარს

მე მაჟორული გამები მიყვარს,
შენ კი, მინორში ყანის დუღილი,
მე თავანკარა გაზაფხულს ვეტრფი,
შენ შემოდგომის გხიბლავს წუხილი.
ორაგულივით თავგანწირული,
მჩქეფარე ტალღებს შევებრძოლები,
შენ წყლის უბრალო ხმაურიც გაკრთობს, -
როგორ გაფანტავ ღრუბლებს ბრძოლებით?
და მაინც, ჩვენ ეს ცხოვრება გვიყვარს
და ერთმანეთსაც შევეფონებით...

დავდიოდი ქუჩებში

დავდიოდი ქუჩებში, ძველი ქუდი მეხურა,
სიყვარულით ვხვდებოდი სიყმაწვილის მეგობართ,
აღარ მივსდევ ცვლილებებს, "აიპოდის" ეპოქას,
კვლავ სიონის კარებთან გადავიხდი დღეობას.

Saturday, June 22, 2013

"საქართველო იყიდება ნაწილ-ნაწილ"

"საქართველო იყიდება ნაწილ-ნაწილ",
წეწენ, ჭამენ, ძარღვებიც არ დაუტოვეს,
(ჩვენი "მეტრი" ცაში იპყრობს კილომეტრებს,
ჩვენს მამულს კი, მეტრა-მეტრა მიწას გლეჯენ).
ჯვარზე არის მილურსმნული, როგორც ქრისტე,
სისხლი  მოსდის, მალე გულიც შეწყვეტს ფეთქვას,
ჩვენ კი ვუმზერთ თავჩაღუნულს, ნერვებდაცლილს,
მასაც ვერ ვგრძნობთ, როგორ ვლოკავთ ცეცხლის ენას.
თვალის ჩინიც დაგვკარგვია,  თითქოს გვძინავს,
ვით ღამურებს, მხოლოდ ზოგჯერ გავიღვიძებთ,
ათასს წერენ კონცეფციას, თეორიას,
ევროპაში მატრიცებით გვაფასებენ.
მსოფლიო კი მშვიდად უხდის ეშმას ვალებს,
სისხლის ნაცვლად ფულის მასას გვთავაზობენ,
მავანნი კი, იუდათა  ხელში მყოფნი,
კაცის მოკვლის ოსტატობით ამაყობენ.
ჩვენი ლურჯი ქარაფები, ჩვენი მიწა,
კავკასიის მწვერვალები, ალაზანი,
მეგობრებო, ნუთუ ასე ცოტა ღირს და
ყვავ-ყორნებმა ამოგვთხარონ უნდა თვალი.
ერი კვდება, შვილებს აღარ უნდა დედა,
დედები კი მუცელშივე კლავენ შვილებს,
გაიღვიძე, ჩემო ხალხო, ნუღარ გძინავს,
მსხვერპლად ედვნენ ათასები  ქართულ მიწებს.
ჩვენ თავს ვეძებთ, საშველი კი არსად მოჩანს,
ალბათ მიხვდით, აღარა აქვს ამ ცდას აზრი,
ეკლესია სასიცოცხლო ომში გვიხმობს, -
დავამტკიცოთ, რომ ღირსია საქართველო,
ატარებდეს ქრისტიანი ერის სახელს,
განუყოფელს, ჩვენი კოხტა მიწა-წყლისგან,
აღმოსავლეთ-დასავლეთი ერთი არის,
ზეციდან კი ისმის "ამინ"!

Friday, June 21, 2013

ასე მგონია (გამონათქვამები)

ასე მგონია, ამ საყოველთაო გაჭირვების დროს,
სინდისს და ნამუსს ერთმანეთი შემოეჭამათ.
                                                                             

კაცი, ღვთის წინაშე, თავის უსუსურობაშია დიდი.
           

უსიყვარულოდ სიცოცხლე ჰგავს ქარის მობერვას,
რომელსაც არავინ ელოდება.


მანძილი ჩვენს გულებს შორის სიყვარულით იზომება.


სიყვარულის ენა საერთაშორისო ენაა დედამიწაზე.


ნუთუ იმისთვის გავჩნდით, რომ ერთმანეთი ვატყუოთ?


ყველა შეყვარებული ბედნიერია თავის უბედურებაში.



ადრე დაბადების დღეს მე მილოცავდნენ, ეხლა მე ვულოცავ.


Thursday, June 20, 2013

ნეტავ მზემ თუ იცის?!

ნეტავ მზემ თუ იცის, შენ რომ მენატრები,
წვიმას ვუმეგობრებ, დარდის ერთგულია,
ცაში გამოვკიდე ჩემი წერილები, -
წყნარად გადაგიშლი ეტრატს ხვეულიანს.
ზღვამაც დაიტირა ეს ყრუ ტკივილები,
თითო წერილიდან სიტყვა აუღია,
თბილად შემომცქერის ზეცა ნისლისფერი, -
ჩემი სიყვარულის ენა გაუგია..
ვწევარ, თითქოს მძინავს, თითქოს არცა მძინავს,
ვხედავ, ღრუბლის ფთილას მთვარე ეფერება,
მინდა, სიტყვა მითხრა, შენი ჩრდილი მედგას,
შენ კი გაღიმებაც აღარ გემეტება.
მზემ ვერ გადმოფინა ოქროს მარმაშები,
ზეცას წყლის წვეთები წვიმად აუწყვია,
ჩემი ცრემლებია, - დიდი მონატრების...
ყველა დიდი წყენა დროჟამს წაუღია...

.

Wednesday, June 19, 2013

არ ვიცი, რა ფერის ზღვა არის...

არ ვიცი, რა ფერის ზღვა არის,
ლურჯია, მწვანე თუ ცისფერი...
ვიცი, რომ თვალები ზღვა არის
და მთელი სამყარო მიცქერის.

ღმერთო, მაპატიე!

ღმერთო, მაპატიე, ხშირად  ვერ ვამბობდი ლოცვებს,
ღმერთო, მაპატიე, მიჭირდა  დამეცვა მარხვა,
ღმერთო, მაპატიე, ეშმა თუ მაცდუნებს ისევ,
ღმერთო, მაპატიე, ბოროტს თუ ჩემს გულში ვმალავ,
ღმერთო, მაპატიე, მძიმეა ცოდვილი სული,
არ ძალმიძს ავწიო, ჩემივე სხეული მძალავს,
ღმერთო, მაპატიე, ვერ შევძელ შემესხა ფრთები, -
ზეცაში მეფრინა... თვალებში დამეტყო დაღლა.

მზე მაჩუქებს ოქროს ეტლს (საბავშვო)

რძისფერ პერანგს ჩამოვიცმევ,
ღრუბელივით ცაში ვივლი,
მზე მაჩუქებს ოქროს ეტლს
ყველა მწვერვალს გადავითვლი,
დალალ, დალალ, დალალ, დივლი,
მყინვარწვერზეც ლაღად ვივლი!
ვარდებს ნაზად გავუღიმებ,
იის ლურჯი ფერის ფურცლებს
ზეცას ღილად გადავაწყობ,
იასამანს ტოლს არ უდებს,
დალალ, დალალ, დალალ, დივლი,
მთელ სამყაროს შემოვივლი!
კაცის გულიც აღტაცების
ჭურჭელშია მოქცეული,
ასეთ დილას რომ შეხედავს
ქუჩებს ლაღად შემოივლის.
დალალ, დალალ, დალალ, დივლი,
მზე და მთვარე ჩვენ გვიღიმის!

Tuesday, June 18, 2013

მეტამორფოზა

მინდა მე მგავდე, მაგრამ არ მგავხარ,
სარკეში გიცქერ, თითქოს არა ხარ,
ვინც უნდა იყო, რაც უნდა იყო!...
ჩემთვის ნამდვილი გამოცანა ხარ!
თვალებში ვხედავ რაღაც უცნაურს,
ბრუნავს ცხოვრება კარუსელივით,
ყვავილებს გვესვრის კლარა ცეტკინი
და ტრიბუნაზე ადის ლენინი...
მე  დავეძებდი წარსულის სახეს,
ვერ კი ვიპოვე!
რძისფერ ბურანში ჩაიძირა ოთახი, სარკე...
ალბათ სამყარომ დამიგო მახე.

Monday, June 17, 2013

მამებო, შვილებს ნუ დატოვებთ!

ბალიშებს ქვემოდან დაწყობილ ნაღველით,
იარით, წყლულებით, ძარღვებში ტკივილით,
ცხოვრების ლიანდაგს თამამად მიყვები,
კბილს კბილზე დააჭერ და უხმო კივილით
ღიმილს დაიხატავ მაგ ლამაზ სახეზე,
თვალები გაგცემენ, სათუთს და ფიქრიანს,
მტრედი მტრედს ელოდი, ოცნებამ გიმუხთლა,
ტყუილად არ დაგარქვეს სახელად ქრისტინა:
ჯვარს ეცვი, სიმწრისგან ცრემლები გცვიოდა,
ლამაზი ხელები ეკლებმა დაჩხვლიტეს,
მაყვლიან ბუჩქებზე გრჩებოდა ფიქრები,
შვილებზე ზრუნვაში  დარდებიც გაფითრდნენ.
ბედმა არ დაგინდო, მარტონი დაგტოვათ,
ის ალბათ ზის ახლა, სიგარეტს აბოლებს,
შენს გულში დახატავ მის სახეს, ნისლიანს
და იტყვი, მამებო, შვილებს ნუ დატოვებთ!

ზაფხული (საბავშვო)


ხოდაბუნზე თავთუხები მზემ ალერსით გათანგა,
აქ ყაყაჩო  სიცხისაგან გააწითლა თაკარამ,
მზესუმზირამ თვალი ჭყიტა და ყვავილი გაშალა,
მთებს და ველებს ეს ზაფხული მიულოცა პატარამ.
დაგვიმწიფდი ქართლის მზეო და ზაფხული გვახარე,
ზღვაზე უნდა ბანაობა დიდებსაც და პატარებს,
ფერად-ფერად ნაჭრებისგან ჩვენი მიწა აკინძე
და საომრად ნუ გაიწვევ გვირილებს და ნარცისებს.

Saturday, June 15, 2013

სანთლებს დავანთებთ

- ნეტავ რა დაგვრჩა?! - არაფერი, ლოცვების გარდა,
სული ტყვე არის მატერიის, ღმერთისკენ ილტვის,
შემოგვაღამდა, ცოდვებს ისევ ვამატებთ ცოდვებს,
მერე კი, როგორც უცოდველი კრავები, ვტირით.
გვინდა, რომ ბნელში ჩვენი წილი სინათლე გვერგოს,
სანთლებს დავანთებთ, სიყვარულის მივიღებთ ზიარს,
საკმევლის სუნი გზამკვლევია ამ ქვეყნის მრევლის, -
ღვთიური მადლით დავამშვენებთ ცისკიდურს მზიანს.
.

Friday, June 14, 2013

შავი მანტია შემოიცვი

ფიქრის სამოსი ამოვიცვი სისხამ დილაზე,
ყვავები ისე გათამამდნენ, ლექსებს ყვებიან,
არ დამაძინა უთავბოლო ერთურთის ქებამ,
გულის რევამდე ზიზღის გრძნობა ისევ მეწვია.
თუ ყვავი არ ხარ, საქებარიც, ალბათ, არა ხარ,
კარგად მღეროდე, ცოტა არის, უნდა ჩხაოდე,
შავი მანტია შემოიცვი, ტონი შეუწყვე,
გვირგვინს მოისხამ და ატარე საიქაომდე.

წვიმს და.. (მინიმა)

წვიმს და წყალი იჩქარის, დაედინოს მდინარეს,
წარმართების გორაზე გამიღიმებს ღიღილო,
კვალს გავყვები ჩინარის, მივადგები მინარეთს,
ჭის კარს მივუკაკუნებ, ცას მოვწყვიტავ  ღილკილოს.

Thursday, June 13, 2013

მომავლის ქარს


რატომ მითხარი, მიყვარხარო, წარსულის დღეო?
მინდა მომცილდე, თავისუფლად დავბერო ფილტვი,
ჟამგადასული ბერიკაცის ღიმილით მითვლი
შენს აღტაცებას და სიბილწით ტუჩები გითრთის.
დარჩი იმ სკივრში, სადაც იყავ ამდენი ხანი,
მინდა დეკემბრის ქარს მივანდო მომავლის ფიქრი .

Wednesday, June 12, 2013

ძარღვებში ტკივილი


ძარღვებში ტკივილი, გულამდე მისული,
წყლის პირას ოდა და პატარა ფიცრული,
ჭალები, ტევრები, ცვრიანი ველები,
ხეების ზეცისკენ გაწვდილი ხელები....
ეკალა, ბებიას ხელებით ნაზელი,
ბაბუას ცხენი და "ურმული" ნამღერი,
ბუხართან ცეცხლის პირს ნათქვამი ზღაპარი,
რომელიც ამ ღამით სიზმრებში დავფალი.

მავთულხლართებში გაიჭედა ჩვენი ეპოქა


მავთულხლართებში გაიჭედა ჩვენი ეპოქა,
მრავლისმთქმელი და მრავლისმეტყველი,
მტერმა თვალებში შეგვჩხირა ჩექმა, -
შეშინებულნი შამბში შევძვერით.
სხვათა ლოდინში ჩამოგვეხა  ტანზე სამოსი,
უსუსურობა მოვიგდეთ მხრებზე,
ნუთუ ეს არის ჩვენი პასუხი
ატირებული დედების ცრემლზე?!
სულით და ხორცით, ვაგლახ, შიშველი,
დგას დღეს ქართველი ამარტის ველზე,
და... თუ, პირში აქვს ცოტა საჭმელი,
მავთულხლართები ჰკიდია ფეხზე.

იქ, სადაც მაჩუქე წითელი ვარდი


იქ, სადაც მაჩუქე წითელი ვარდი,
სიჩუმე დგას და არავის აცლის,
წაართვას მეფობის უფლება დუმილს,
მას შემდეგ ცხოვრება მიმზადებს წუხილს.
ყვავილმა დაკარგა სიცოცხლის ფერი
და შავი, მიწაში გულისსწორს  ელის,
მეფობის უფლება წაერთვა დუმილს,
"მიყვარხარ"-ეს სიტყვა ზღვის ხმაურს უდრის.

Monday, June 10, 2013

გალაქტიონს!


ვიცი, არავინ მელოდება დახურულ კართან,
ნაღრძობი სული აედევნა სიონის ზარებს,
უ..უ..-ო მოისმა და წაიღო ჰანგები ქარმა,
ჩემი სხეული დაძონძილი ჩვარივით მადევს.
ლურჯი ტყეები ლიბრგადაკრულ თვალებში სახლობს,
ყვავილთა ჯარი ჩემს ფიქრებში გრძნობების ტყვეა,
ნამთვრალევ ღრუბლებს აუკინძავთ მძივები ცაზე...
უ..უ..ო გაისმის და ცის ნამი ცისკიდურს სწყდება.

ჩვენი დროების ვარ შვილობილი


ჩვენი დროების ვარ შვილობილი, -
მთელი სამყარო საშველად მიხმობს,
ალბატროსი ვარ, ზღვის შვილი მქვია,
უფსკრულის თავზე ვნარნარებ თითქოს.
სალამურივით ვკვნესოდე, მინდა,
დაქანცულ მგზავრთან ვიყოფდე ბინას,
ანთებულ გულებს ვუწყობდე ჰანგებს,
მივესალბუნო საყვარელ მიწას.
მაგრამ ვინ მომცა ამისი ნება?
უფსკრულის თავზე ვტივტივებ თითქოს,
ალბატროსი ვარ, ზღვის შვილი მქვია
და უსასრულო სივრცეებს ვიპყრობ.

Saturday, June 8, 2013

მინდა ...


მინდა, ვიცურო ფერთა მორევში,
როგორც დავრიშმა, ვიარო ყველგან,
მინდა, სიცოცხლის ყველა სისხლძარღვი
ჩემში გაიხსნას, ფეთქავდეს ერთად,
მინდა, ვარდებად იდგეს მაისი,
სოსნის ღიმილში თვრებოდეს მთვარე
და ალანძული ყაყაჩოს გულში
კვლავ იძინებდეს მდუმარე ღამე,
მინდა, ინათოს დილამ და მზემაც,
ცვიოდეს ცვარი, შხაპუნა წვიმა,
მე,  გახვეული ფრთათეთრ ბურუსში,
ჩოქვით ვლოცავდე ამ ქვეყნის მიწას.

Thursday, June 6, 2013

პატიმრის დღიურიდან


სარკმელთან ორნი დავრჩით
და ზამთრის პეიზაჟს ვუყურებთ,
ვიყავით ბევრნი, ახლა ორნი ვართ.
სახეებს ვეღარ ვარჩევთ,
ნეტავ, რისი ბრალია,
ასეთი უსახურია გარეთ ყველაფერი,
თუ ჩვენ დაგვაკლდა თვალში?
სენტიმენტალურები გავხდით,
ეს ცხოვრება გვატირებს,
ამას წინ ბიჭების ამბავი
მოვისმინეთ ტელევიზორში,
ცრემლებს ვეღარ ვიკავებდით,
კაცმა არ უნდა იტიროს!
სარკმელთან ჩვენ ორნი დავრჩით,
ნეტავ სად არიან სხვები?
თუ გარეთ არიან,
ღმერთმა დაულოცოთ გზები,
წასულების ცხონება იყოს.
სარკმელთან ჩვენ ორნი დავრჩით...


არ მითხრა...


არ მითხრა, ისევ მოთოვსო ძლიერ, -
თოვლმა ჩახერგა სავალი გზები.
მინდა, გადავწვდე გაყინულ ქედებს,
შენთან მოვფრინდე ჯვარცმულის რწმენით.
სიკვდილს ეძებდა შენი სხეული
უკანასკნელად რომ გნახე შარშან,
სისხლიან ხელებს მადებდი მხრებზე
და უთავბოლოს ყვებოდი ზღაპარს.
თოვლმა ჩახერგა შენამდე გზები,
ჩატეხილ ხიდზე დუმილი დარჩა...


Wednesday, June 5, 2013

შენ


დუმილში გახსნილ ჩაის მივირთმევთ
და მზეს ვუყურებთ, როგორც დინამიტს,
შენ გაზეთს გაშლი, მე კი - წერილებს,
ასჯერ, ათასჯერ გადაკითხულებს.
პოლიტიკური ამბების გზამკვლევს
ფერმკრთალ სახეზე ღიმილი გიკრთის,
მეათასეჯერ "ვამარცხებთ" რუსებს,
მე კი - ლიმონით ვაზავებ ბისკვიტს.
ისევ ოცნებობ ნახო კორიდა,
სისხლისფერ ხარებს დააჭრა რქები,
ერთად გავივლით ყველა ბილიკებს, -
მე შენს მეგობრად ბოლომდე ვრჩები.

Tuesday, June 4, 2013

მინდა, რომ ლექსმა შემაჟრიალოს

მინდა, რომ ლექსმა შემაჟრიალოს,
შემაზანზაროს, გულით მატიროს,
ჩემი გრძნობები გაიზიაროს,
არ მაპატიოს, არ ჩამატიოს
ერთ მუჭში, ქარად გადამაქციოს,
ცაზე ვარსკვლავად შემომაფრქვიოს,
ვარდის ფურცლებად გაშლილ ბაღნარში
ნაზ სხივად ღამე რომ გავათიო.

დამჩნევია ჩვენს თვალებს დაღლა

თუნუქის სუნი  შერევია ასფალტს და მიწას,
თხრიან ბალახებს, ამზადებენ კუბოს და საფლავს
და უჰაერო ქალაქების ქუჩა-ბილიკით ავყავართ მაღლა,
სად უკეთ ვხედავთ, დამჩნევია ჩვენს თვალებს დაღლა.

Monday, June 3, 2013

გარეთ ნიღბების ზეიმი არის


თითქოს ნაჭუჭში ვარ ჩაკეტილი, -
ვაწყდები კედლებს და სუნთქვა მიჭირს,
დახურულ სივრცეს თვალებით ვიჭერ
და მოლოდინში ღამეებს ვითვლი.
აკვნის არტახებს გადაჩვეულმა
მინდა გავტეხო ცარცის ნაჭუჭი,
მკლავებს უღონოდ კედლისკენ ვიშვერ, -
უსამართლობის შედგა აღლუმი.
გარეთ ნიღბების ზეიმი არის,
მკერდში ტკივილი უჩუმრად კვდება,
ტანჯული სული გაარღვევს კედლებს,
სიცოცხლის ძალა შეარყევს ნებას.

Sunday, June 2, 2013

გურულ სატრფოს! (სიმღერა)


გურიიდან შენ ღიმილი მომაგებე,
გამიცინე შენი ბროლის კბილებით,
დაგიჯერო, შენი ტრფობა გადამარჩენს,
თუ ამ წელსაც უიმედოდ ვიქნები?
ვითომ, ვითომ, მიყვარხარო, მეუბნები,
ვითომ, ვითომ, უჩემობა გაწვალებს,
ვითომ, როცა აყვავდება ალუბლები,
იმ დროისთვის საპატარძლოდ მამაზადებ,
ვითომ, ვითომ, რატომ უნდა დაგიჯერო,
ვითომ ჩემი სიყვარული გწყურია,
მალე მოვა, მობრძანდება გაზაფხული,
და ჩვენს ქორწილს გადაიხდის გურია.