Tuesday, November 6, 2012

იმედი ხვალის

ქარი ბობოქრობს და საშველად ზღვის ტალღებს უხმობს,
კუპრმა და ჭუჭყმა ამოავსო ცის კიდობანი,
გაშავდა ზეცა, ჭექა-ქუხილს არ უჩანს ბოლო,
ელვამ გაჰკრა და წინ გამოჩნდა თეთრი ფრეგატი.
ამაყად მრბოლი ევლებოდა ზემოდან ზვირთებს,
აპობდა ტალღას,თოლიებთან ეძებდა ბინას,
ის საომარი ყიჟინაც კი ყურებში მიდგას...
თითქოს ბრძოლაში ახვედრებდა მტერს გულის ფიცარს.
დაბნელდა ისევ, კვლავ ჩამოწვა ღამის წყვდიადი,
შიშით ვეძებდი, ნუთუ გაქრა, გაუჩნდა ბზარი,
უძირო ჭაში დასამარდა თეთრი ოცნება
ყველა ჩვენგანის,თითოეულის, ქალის თუ კაცის...
ვინც ამ ცხოვრებას უმკლავდება, მორევში ბრუნავს,
უნდა გადარჩეს და შორიდან შესცქერის ნაპირს.
განათდა ზეცა, კვლავ გამოჩნდა თეთრი ფრეგატი,
და მასთან ერთად ცოცხალია იმედი ხვალის,
ოცნება კაცის, ვინც ცხოვრების ქარცეცხლში ბრუნავს,
უნდა გადარჩეს და უეჭველად მიაღწევს ნაპირს!




No comments:

Post a Comment