Monday, October 22, 2012

თეთრი პეპელა


ამუშავდა და ამოძრავდა ფერების ქარგა
და მათი ბედი თვით დიადმა მხატვარმა ქარგა.
ფერი -უფეროს, ფერი -უფეროს, -იძახდა ღმერთი,
ჩაეძინა და ფერი -ფერსა წამოსცდა ერთი.
მაგრამ ღალატმა, ორპირობამ ჩააგდო თესლი,
და ჩამოუშვა მძიმე ფარდა ოხრვის და გესლის,
და ყვავილებით მოჩითული ლამაზი ფარდა,
მარტოობის და უტყვი მზერის მოწამე გახდა.
ფანჯრის თაროზე ნაზ ყვავილსაც გაუქრა ფერი,
ვაჟის სახე კი-პატიებას, შენდობას ელის,
მაგრამ მძიმეა, ოხ, რა მძიმე ღალატის ხელი,
არავინ იცის, რას ამზადებს გონება ხელი,
დაიწკრიალა ლითონმა და გააპო ბნელი,
და გაიყინა ძარღვში სისხლი, ოთახში ფერი,
ამაოების საბურველქვეშ შემოძვრა ნელი
უძირო მღვრიე დარდი წარსულის ფერით,
და გადაიქცა ვაჟის ლოცვა, მისი ვედრება
იმ თეთრ პეპელად, ნაზ ყვავილს რომ გარე ევლება,
მისი სათუთი და უსაზღვროდ ნელი შეხება,
მაგონებს ტალღას ზღვის ნაპირს რომ ეალერსება
და იმ თეთრ ნისლებს, მთის ქედებს რომ ნაზად ედება,
მისი ფარფატი თითოეული მისი შეხება
არის ის ლოცვა, პატიებას რომ შეეხება!

No comments:

Post a Comment