თითქოს შენს თვალში იები ჩაქრა,
გაზაფხულს კაბად ხომ არ აჩუქე?
ტუჩმა დაკარგა წითელი ფერი,
ალბათ, ვარდები დაასაჩუქრე.
წამწამთა ჯარი ტყეებად იქცა,
გიშრის თვალები - მელნისფერ ტბებად,
ღაწვი - ფიქალად, თმები კი, თმები...
ველს დასწყობია ოქროსფერ ძნებად,
შენი ცრემლები - წვიმის წვეთია,
რომ ასაზრდოვებს ჩანჩქერებს, წყაროს,
მდინარეები ზღვებს უერთდება
და ოკეანის სიღრმეში ჩქარობს.
შენი ღიმილი მზე არის მწველი,
შენი კბილები - მძივების კონა,
ყელს დაკიდული მარგალიტები,
ცას ვარსკვლავებად რომ დაეკონა.
ანგელოზივით შეისხი ფრთები
და ამ სამყაროს დედად იქეცი,
სიცოცხლის წყაროვ, მფარველო ჩვენო,
ლოცვით, გალობით შენთან ვიქნებით!
No comments:
Post a Comment